USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
მამუკა გიორგაძე - მე ის მახსოვს, როდესაც ყველა ამაყები ერთად ვიყავით და არა ის, როდესაც ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდით.
Date:  2595

„თბილისი პოსტი“ გთავაზობთ ინტერვიუს „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარესთან მამუკა გიორგაძესთან.

მამუკა გიორგაძე 70-80 იანი წლების ქართული პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებასა და იმ პოლიტიკურ ლიდერებზე საუბრობს, რომელთაც საქართველოს უახლესი ისტორია შექმნეს. თავად ოთხ ათეულ წელზე მეტია ქართული პოლიტიკის ავანგარდშია, კარგად იცის ის ისტორიები, რაც საჯაროდაც არის ცნობილი და ისიც, რაც პოლიტიკის მძიმე კულისებს მიღმა დარჩა.

- საქართველოს უახლესი წარსულის  ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის  მონაწილე ხართ, როგორია თქვენი თაობის როლი 80 -იანი წლების პოლიტიკური გარემოს  ჩამოყალიბებაში?

 - 45 წელია, პირდაპირ თუ არაპირდაპირ ამ პროცესების მონაწილე ვარ. 15-16 წლის, ვეკუას სახელობის 42-ე  სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობაში ჩავერთე. ჩვენს თაობას შეეძლო საქართველო აეყვანა უმაღლეს სიმაღლეზე, ნიჭით, ცოდნით, გამოცდილებით, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაზე დიდი დარტყმა ჩვენს თაობაზე მოხდა. ეს ის თაობაა, რომელმაც იბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, იომა აფხაზეთში, ცხინვალში. ჩვენი თაობის ნიჭი და შემართება არ დაიხარჯა ქვეყნის აღმშენებლობაზე, რაც ძალიან სამწუხაროა. გამორჩეული, ძალიან ძლიერი ლიდერები გვყავდა. ასეთი იყო გიორგი ჭანტურია, ლიდერი და ჩვენი თაობის ინტერესების გამომხატველი, გია პოლიტიკისთვის იყო დაბადებული, რომ დაცლოდა დღეს საქართველო იქნებოდა სამაგალითო ქვეყანა მთელ მსოფლიოში და გვექნებოდა ჯანსაღი პოლიტიკური გარემო. ჩვენმა თაობამ დაუდო საფუძველი პოლიტიკური გამოცოცხლების ყველა იმ პროცესს, რაც მაშინ ხდებოდა.

ამ თაობის დისიდენტები ერთმანეთს  ძირითადად დაუკავშირდა სიონის საპატრიარქო ტაძარში, ეს ის პერიოდია, როდესაც მოხდა მისი უწმინდესობის  აღსაყდრება, სწორედ მაშინ დავინტერესდით ეკლესიით და საქართველოს მომავლით. ჩვენ ყველამ გამონაკლისების გარდა თავი მოვიყარეთ სიონის ეზოში. ზოგი მისი უწმინდესობის სტიქაროსანი გავხდით, ზოგი მრევლი, ზოგი შეიძლება არც  ცხოვრობდა ეკლესიური ცხოვრებით, მაგრამ მაინც მოდიოდა სიონში, რადგან იქ ხედავდა ქართული თავისუფალი აზრის გამოსახატავ სივრცეს, სადაც ნელ-ნელა დაიწურა და ჩამოყალიბდა ქართული პოლიტიკური სპექტრი.

ამ წლებში სირთულეც ბევრი იყო და წარმატებაც. ქართული პოლიტიკური ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო 1977 წლიდან, იქამდე იყო ქართული პოლიტიკური აზროვნების განადგურება. ეს დაიწყო 1921 წლიდან. ბოლშევიკები, რა თქმა უნდა ვერ იტანდნენ თავისუფალ, საღ, განსხვავებულ აზრს, შემდგარი პიროვნებების არსებობას, შესაბამისად გაანადგურეს ეს ადამიანები. ამის შემდეგ მხოლოდ ერთეულები ბედავდნენ ქართული ეროვნული პოზიციების დაცვას და გამოხატვას - მუსტაფა შელია, მერაბ კოსტავა, გურამ დოჩანაშვილი,ზვიად გამსახურდია, ვოვა სიხარულიძე და სხვები. რომლებიც უფრო ინდივიდუალურად იბრძოდნენ საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის.ჩვენი  თაობის დისიდენტთა პოლიტიკური მასწავლებელი იყო ელისაბედ ქავთარაძე, 70-იან წლებში, როდესაც დაიწყო დისიდენტების დაპატიმრებები, ახალგაზრდა თაობამ დაიწყო ორგანიზებული ბრძოლა საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ.  

- როგორ ჩამოყალიბდა პოლიტიკური სპექტრი და რატომ ვერ მოვახერხეთ პოლიტიკური  გარემოს სწორად განვითარება?

- ჩვენი თაობის ქართული პოლიტიკური სპექტრი სწორედ ეროვნული მოძრაობიდან იღებს  სათავეს. ჩვენ აღვადგინეთ ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულება, რადგან თავისი იდეოლოგიით და ღირებულებათა სისტემით სწორედ ეს მიმართულება იყო ჩვენს სულში, შემდეგ უკვე ეროვნული მოძრაობის განვითარებასთან ერთად ჩამოაყალიბდა სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებები. ყველა პარტიას ჰქონდა  თავისი სახე, თავისი მიმართულება, ჰყავდა თავისი ლიდერი: თამრიკო ჩხეიძე, ირაკლი წერეთელი, ნოდარ ნათაძე, ზვიად გამსახურდია.ნოდარ ნათაძე, შენგელაია. ყველა პარტია სისტემურად იმ ფორმით არ იყო ჩამოყალიბებული, როგორც არის მიღებული მთელ მსოფლიოში, მაგრამ პარტიული ცხოვრება სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა.ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, იდეოლოგიურად და სტრუქტურულად ყველაზე უფრო ჩამოყალიბებული იყო ჩვენი პარტია. მიუხედავად  პარტიებს და ლიდერებს შორის ჭიდილისა და დაპირისპირებისა, ვითარდებოდა ჯანსაღი პოლიტიკუი, პოლიტიკური სპექტრის სტრუქტურიზაცია, დისიდენტური მოძრაობა ეროვნულ განმათავისუფლებეელ მოძრაობაში იყო გადასული, უკვე დადგა ეტაპი, როდესაც ეროვნულ განათავისუფლებელი მოძრაობა უნდა გადასულიყო პოლიტიკურ მოძრაობაში.

სამწუხაროდ, პარტიული საქმიანობის განვითარებას არ მიეცა შესაბამისი გასაქანი 90-იანი წლების დასაწყისში განვითარებული პროცესების გამო, როდესაც რევანშისტულმა კომუნისტურმა ძალებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პარტია გაეხადათ სალანძღავ სიტყვად, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ არ მიგვეღო ლუსტრავიის კანონი და აგენტურა არ გაგვეყვანა პოლიტიკური სივრციდან. ამის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ პოლიტიკური ინფრასტრუქტურის ნაცვლად გვაქვს კლანები, რომელთაც სახელად ჰქვია პარტიები, თუმცა არაფერი აქვს საერთო ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესთან. აგერ უკვე 30 წელიწადია ჩვენ ფაქტობრივად ვიმყოფებით ამ კლანების ერთმანეთთან ურთიერთობის რკვევის ფაზაში, ამ კლანებში გადანაწილდა აგენტურა,ავატიურისტები, თაღლითები, ძალაუფლებისთვის მებრძოლნი, რასაც არაფერი აქვს საერთო იდეისთვის, ღირებულებებისთვის,საქართვლოსთვის ბრძოლასთან.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ეს პრობლემა მოაგვარეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებით. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ საქართველოში ამერიკის ელჩი მართავს ქვეყანს, ხშირად ვსვავთ შეკითხვას, რა გაგვიკეთა დასავლეთმა? ამ მოსაზრებებზე მარტივია პასუხი აღმოსავლეთ ევროპის  ქვეყნების მაგალითზე. ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა  თუ პოლონეთმა პირველი ნაბიჯი, რაც გადადგეს დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე ეს იყო ლუსტრაციის კანონი, ამას მოჰყვა ხელისუფლებაში პოლიტიკური ინფრასტრუქტურის დამკვიდრების საკითხი, ხელისუფლების დანაწილების, არჩევითობის საკითხის მოგვარება და ჯანსაღი კონკურენციის დაშვება. ეს ჩვენთან ვერ მოხერხდა, და საქართველო დარჩა მართვის საბჭოთა მახინჯ სისტემაში, სწორედ ამიტომ ვართ ამ მდგომარეობაში. დღეს პოლიტიკა არის ძალაუფლებისთვის, ხელისუფლებისთვის, გავლენებისთვის ბრძოლა, რაც საკუთარი კეთილდღეობის მოსაწყობად სჭირდებათ მავანთ, ამისი გამოხატულებაა ის რაც ხდება დღეს ჩვენს აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში. ამ ადამიანებს არ უცხოვრიათ პოლიტიკური ცხოვრებით და შინაგანად არ არიან მზად ქვეყნის ინტერესების დასაცავად.

 ჩვენი ქვეყნის მთავარი რესურსი არის უნიჭიერესი ადამიანები, საბჭოთა ცხოვრების წესმა დაგვაკარგინა ნებელობა. რატომ ებრძიან დღეს ეკლესიას? იმიტომ რომ ეკლესია არის თავისუფალი პიროვნებების ჩამოყალიბების ადგილი. დღეს გვაქვს დეფიციტი პიროვნებების, რომლებიც აიღებენ თავის თავზე პასუხისმგებლობას და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას წარმართავენ.

სწორედ ამ მიზნით მონაწილეობს „სახალხო პარტია“ საპარლამენტო არჩევნებში. უნდა  დამთავრდეს მონოპოლიზირებული სისტემა. საზოგადოებას შეუძლია შეფასოს ჩემი ნათქვამი - რა იყო კანონმდებლობაში  სანამ „სახალხო პარტია“ იყო პარლამენტში, იმის მიუხედავად რომ უმცირესობაში ვიყავით და რა ხდება ამ 20 წელიწადში, რაც  „სახალხო პარტია“ პარლამენტში აღარაა. დამკვიდრდა მონოპოლიზირებულის სისტემა საქართველოს პოლიტიკაში, უკვე  20 წელია პარლამენტში არ განხილულა აფხაზეთის საკითხი. ბოლოს „სახალხო პარტიიდან“ პარლამენტში იყო საშა ჯიქია,აცხონოს ღმერთმა. ის პარლამენტის უხუცესი წევრი იყო და წესით მას უნდა გაეხსნა ახალშეკრებილი პარლამენტის სხდომა, მაგრამ საშა ჯიქიას სხდომა არ გაახსნევინეს. სამწუხაროდ, დღეს არ ჩანს ლიდერები, როგორებიც ყავდა პოლიტიკას 80 იან წლებში. ღირსეული ადამიანები არიან საქართველოში, მაგრამ მონოპოლიზირებულმა სისტემამ ჩაკლა ისინი. ადამიანების მცირე ჯგუფმა უნდა გაარღვიოს ეს მონოპოლიზირებული სისტემა, რომ ქვეყანა განვითარების გზით წავიდეს.

რაც შეეხება დღეს მოქმედი ხელისუფლების წინამორბედებს, ედუარდ შევარდნაძე დიდი დიაპაზონის ადამიანი იყო, ამისი უარყოფა შეუძლებელია, მაგრამ „შეჭმული“ ჰყავდა საბჭოთა სისტემას. პოლიტიკური ხრიკების დიდოსტატი სულით ხორცამდე „ბოლშევიკი“ იყო და ბოლომდე ვერ აცნობიერებდა დამოუკიდებლობას, როგორც ღირებულებას. ერთმანეთის მიმართ მიუღებლობა გვქონდა და ორივე ვგრძნობდით, რომ ჩვენი თანამშრომლობა შეუძლებელი ხდებოდა, იმიტომ რომ საკითხებისადმი  ჩვენი დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავებული იყო.

დაახლოებით ასეთი გამოვიდა ჩემი და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობაც. ჩვენ გვქონდა შეხვედრებიც,საუბრებიც, როდესაც აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონცეფცია მივიღეთ დრამატული სპექტაკლი განვითარდა. ბრძოლით, კონსესუსით, დაპირისპირებით, შერიგებით. ეს იყო სამუშაო პოლიტიკური პროცესი. ჩვენ შევთანხმდით, პარლამენტის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, თუმცა შემდეგ მისი საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგა. იყო შემთხვევა: მივიღეთ დადგენილება - თუ ვინიცობაა ერთ თვეში არ მოგვარდებოდა საკითხები, საქართველო დატოვებდა სნგ-ს, ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს  და „საკანონმდებლო მაცნეში“ მოულოდნელად გამოქვეყნდა  შეცვლილი ტექსტი. ქართულ პოლიტიკაში პარტნიორებთან ურთიერთობა ძალიან რთულია. არც იმას დავფარავ, რომ სააკაშვილი „მოქკავშირის“ სხვა ლიდერებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებად ცდილობდა „გადაგდებას“, თუმცაღა ქართულ პოლიტიკაში სიტყვას პოლიტიკაში ფასი არ აქვს.

- რა განსაზღვრა  თქვენს ცხოვრებაში  ჯერ კიდევ  პატარა ასაკიდან მის უწმინდესობასთან ურთიერთობამ?   

- მისმა უწმინდესობამ განსაზღვრა ჩემი და ჩემი მეგობრების არა მარტო ღირებულებათა სისტემა, რწმენის საკითხი, მან განსაზღვრა მთლიანად ჩვენი ცხოვრება. 15 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ვნახე სიონში. ის ჯერ კიდევ  მიტროპოლიტი იყო. ჩვენი თაობის ახალგაზრდებისთვის ის იყო სხივი, რომელსაც ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდით, ჯერ კიდევ  წარმოდგენა არ გვქონდა მის სიღრმეზე და სიმაღლზე, მაგრამ შინაგანად ვგრძნობდით, რომ რაღაც ახალი მოხდა, როდესაც ის აირჩიეს პატრიარქად.

მე მახსოვს მისი აღსაყდრების დღე სვეტიცხოველში,სადაც თითოეული ჩვენგანი წავედით იმ განცდით, რომ მარტო შენ იპოვე გამოსავალი და ნათელი, ამ განცდით სვეტიცხოველში ათასობით ადამიანი იყო მისული. შესვლა სპეციალური საშვებით იყო, მაგრამ იმდენი ხალხი მივიდა იმ დღეს სვეტიცხოველში, საშვების გამოყენებამ აზრი დაკარგა. მე იმ დროიდან გავხდი მისი უმწინდესობის მრევლი, როდესაც მის წირვებს 20 ადამიანი ესწრებოდა. ახლა როდესაც ეკლესიაზე შემოტევები გახშირდა, სამწუხაროა, რომ არ გვაძლევენ  პასუხის გაცემის საშუალებას იმ ადამიანებს, ვისაც შეგვიძლია პასუხის გაცემაც და წინააღმდეგობის გაწევაც. ის სიბინძურე რაც ხორციელდება ეკლესიის მიმართ, არ უნდა რჩებოდეს უპასუხოდ. ჩვენ ვისაც ძალიან მრავალი წელია გვაქვს ურთიერთობა მის უწმინდესობასთან, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ თითოეული შეხვედრა დიდი მადლის და სიბრძნის მომცემია.

-თქვენ  ახლო ურთიერთობა  გქონდათ ლიდერებთან, რომლებიც ქართული პოლიტიკის ბოლო ოთხი  ათეული წლის ისტორიას ქმნიდნენ, მათ შორის ბევრი თქვენი ახლო მეგობარიც იყო.  

- მე და გია ჭანტურია ერთად გავიზარდეთ, მე 15 წლის ვიყავი, ის 17 წლის იყო, როდესაც ერთმანეთი გავიცანით. თითქმის 20 წელი გავატარეთ ერთად. გია  ლიზიკო ქავთარაძის მეზობელი იყო. მეზობლებს როგორც სჩვევიათ, გიას დედა  თუ სადმე მიდიოდა ლიზიკოს უტოვებდა ხოლმე ბავშვს, ფიქრობდა, თან რუსულში ამეცადინებსო. ლიზიკო 28 წელი იჯდა რუსეთის ციხეში და რუსული კარგად იცოდა. გიას გაუმართლა, რომ ლიზიკო ყავდა მეზობელი, რუსული ვერა, მაგრამ პოლიტიკა კი ისწავლა. ჩვენ ერთმანეთთან ლიზიკომ დაგვაკავშირა, შემდეგ უკვე სიონში დავმეგობრდით. ვიღაცამ შეიძლება სუბიექტივიზმში დამდოს ბრალი, მაგრამ გია გამორჩეული ლიდერი იყო, ის პოლიტიკისთვის იყო დაბადებული. ნებისმიერ რამეს, რასაც კი შეხედავდა, ეს როგორ და რაში გამოადგება საქართველოს, ამაზე ფიქრს იწყებდა.

გიას  პირადი ცხოვრება ვერ აეწყო, იმიტომ  რომ ის მხოლოდ პოლიტიკით ცხოვრობდა, რის გამოც ბევრი ვერ იგებდა  მის სიმაღლეს და სიღრმეს,  ბევრ მისთვის საყვარელ ადამიანთან პრობლემებიც კი შეიქმნა სწორედ იმიტომ, რომ გია სახელმწიფოებრივი პოლიტიკური სიმაღლიდან უყურებდა მოვლენებს. ჩვენ თავისუფლები ვიყავით და შეგვეძლო ნებისმიერი სახელი დაგვერქმია ჩვენი ორგანიზაციისთვის, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ ის რომელთანაც გვქონდა საერთო იდეოლოგია და ღირებულებები. ასეთი იყო ძველი ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ჩვენი ხედვა ერთმანეთს ემთხვეოდა, ამიტომ ავიღეთ ეს სახელი და გადავწყვიტეთ არა ახლის შექმნა, არამედ ძველი პარტიის აღდგენა. გიას არ ჰქონია სურვილი საკუთარი თავის წარმოჩინების, თუმცა მან შეძლო თავისი დიდი ისტორიის შექმნა.  

მერაბ კოსტავასთან 1977 წლამდე არ მქონდა ურთიერთობა, მასზე ასაკით პატარა ვიყავი. მერაბ  კოსტავა სხვა სიდიდის ადამიანი იყო. ის  არ იყო პოლიტიკოსი, ის იყო ზნეობრივი დროშა. ის საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ერის სიმბოლო გახდა. მერაბ კოსტავამ თავის თავზე აიღო ურთულესი მისია და დაამტკიცა, რომ თვით უსასტიკესი  რეჟიმის პირობებში და დიდი ოჯახური ტრაგედიების დროსაც კი შეიძლება მუდამ  იყო კაცი და დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები. მერაბი არავის აგრძნობინებდა, რომ უზარმაზარი ტრაგედია ჰქონდა გავლილი. ის სხვა მოვლენაა საქართველოს ისტორიაში, ის არ იყო დამაორგანიზებელი პროცესების, რაც არის პოლიტიკოსის თვისება, ან რომელიმე იდეოლოგიის განმამტკიცებელი და ფუძემდებელი, მერაბი იყო შთაგონების წყარო, ის იდგა ყველაზე და ყველაფერზე ზევით, ამის მიუხედავად, პირად ურთიერთობებში იყო უბრალო. ალბათ ბევრს აქვს ნანახი კადრები, როგორ ეუბნება ახალგაზრდა გოგონა ნოემბრის მიტინგზე მერაბს, შენზე ნაკლებად მიყვარს მე საქართველო? მერაბი ხმას არ სცემს, ერთ რამეს ეხვეწება, ქვეყნისთვის თვითშეწირვის უფლება დამიტოვეთო.

ძალიან საინტერესო ადამიანი იყო ზვიად გამსახურდია. მისი პრეზიდენტობა არ იყო დადებითი მოვლენა, მაგრამ როგორ შემიძლია არ ავღნიშნო ის, რისთვისაც დადო თავი ზვიად გამსახურდიამ? მან თავი დადო, რომ არ მომდარიყო საქართველოს დაყოფა, დაშლა - დაქუცმაცება. საქართველოში კონფედერაციული მოწყობის დამკვიდრება.ზვიადმა რთული გზა გაიარა. სად იყო ის ხალხი, ვინც შემდეგ ზვიადისტის სტატუსით სხვადასხვა ძალებში გადანაწილებული საერთო ეროვნული თანხმობის პროცესს აფერხებენ, როდესაც საპატიმროდან გამოშვების შემდეგ ზვიადი ქუჩაში ვერ გამოდიოდა, როცა მრევლთან გართულებული ურთიერთობის გამო ტაძარში ვერ დადიოდა.ანდა სამეგრელოს ტყეში მარტო იმყოფებოდა. როდესაც ვსაუბრობთ ძველ დისიდენტებზე, მათი უმეტესობა მოწამეობრივად აღესრულა. გია,მერაბი, ზვიადი, მარიამ  ბაღდავაძე, რომელიც 20 წელი ლოგინად იყო მიჯაჭვული - ეს ხალხი ქმნიდა იმ ისტორიას, რაზედაც ყოველთვის იდგება ჩვენი ქვეყანა.

- როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ლიდერებს ერთმანეთთან? იყო თუ არა მათ  შორის ჭიდილი პირველობისთვის?

- მათ ერთმანეთის მიმართ დიდი პატივისცემა ჰქონდათ. ჩვენ ერთი ცხოვრება გავიარეთ - საერთო შეცდომებით, გამარჯვებებით, სადაც ერთის წარმატება ყველას წარმატება იყო, ერთის მარცხი - ყველას მარცხი. იმის მიუხედავად, რომ ხანდახან რთულდებოდა ურთიერთობები მაგრამ იმის დავიწყება როგორ შეიძლება, რაც გააკეთა თითოეულმა ამ ქვეყნისთვის?! 

„პერსტროიკამდელი“ დისიდენტობა, სანამ სასიცოცხლოდ საშიში იყო დისიდენტობა და შემდეგომი პერიოდის დისიდენტობა, განსხვავდება ერთმანეთისგან. 1985 წლამდე დედაჩემი რომ გაიგებდა დამაპატიმრეს, კმაყოფილი იყო, ცოცხალი მაინც არისო. ჩვენ იმდენი განსაცდელი გავიარეთ იმ წლებში, რომ ამიტომაც გვაქვს დღემდე ერთმანეთის მიმართ სხვანაირი სიყვარული. აცხონოს ღმერთმა მარიკა ბაღდავაძე, ლუიზა შაკიაშვილი, ზურა ცინცაძე, გურამ გოგბაიძე ... დღეს რომ თამრიკო ჩხეიძეს, ნანა კაკაბაძეს, ირაკლი წერეთელს დავინახავ, იმ წლებში ვბრუნდები, როგორ შეიძლება დავივიწყო ის სითბო და სიყვარული, რაც გვაკავშირებდა. ჩვენ ერთმანეთს  ძალას ვმატებდით, ვამხნევებდით, ვუკიჟინებდით, ვებრძოლოთ, არ შეგვეშინდეს. ჩვენ ერთი სისხლი და ხორცი ვიყავით, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს ჩვენი ხედვები თამრიკოს ერთგულებაზე ქვეყნის მიმართ თავს დავდებ, ნანა კაკაბაძე სიცოცხლეს მირჩევნია. მისი ოჯახის სითბოს რა დამავიწყებს. მაშინდელი ამოცანები დღეს შეიძლება ღიმილისმომგვრელი იყოს - გეორგიევსკის ტრაქტატის საწინააღმდეგო მანიფესტაციაში 100 კაცამდე შევიკრიბეთ. ავთო ანთიძე ჩვენ შორის ყველაზე მაღალი იყო, პლაკატი მას დავაჭერინეთ, მე როგორც რაგბისტი წინ დავდექი, რომ პოლიციისთვის როგორმე 2 წუთი მაინც გაგვეძლო და პლაკატი გაშლილი ყოფილიყო. როგორ შეიძლება ამის დავიწყება?! მე ის მახსოვს, როდესაც ყველა ამაყები ერთად ვიყავით და არა ის, როდესაც ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდით.  

თამარ გუნია

 

 

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way