USD 2.7203
EUR 3.2029
RUB 3.4550
თბილისი
მაკა მახარაძე - მე ფეხბურთის მიმართ განსაკუთრებული ემოციები არასდროს მქონია. მას შემდეგ შემიყვარდა ფეხბურთი, რაც კვარა „გამოჩნდა“
თარიღი:  1483

ევროპის  ჩემპიონატზე ქართველი ფეხბურთელების წარმატებამ და დიდმა საფეხბურთო ეიფორიამ ძალიან ბევრ ადამიანს  გაახსენა  ლეგენდარული კოტე მახარაძე და მისი ისტორიული ფრაზა, რომელიც ათეული წლების შემდეგაც  ფეხბურთის მოყვარულებს 1981 წლის 13 მაისის  მატჩს და „დინამოს“ დიდ გამარჯვებას ახსენებს.   

იმ ადამიანთ შორის, რომელთაც  ქართული ფეხბურთის ისტორიაში დიდი კვალი დატოვეს დამსახურებულად არის კოტე მახარაძე.   სპორტი და მით უფრო ფეხბურთი იყო მისი  ოჯახის წევრების დიდი გატაცებაც.  ერთადერთი გამონაკლისი კოტე მახარაძის ქალიშვილი მაკა მახარაძე აღმოჩნდა, რომელიც სტადიონზე ნამყოფიც კი არ იყო - მან  ცხოვრება  პროფესიულ ბალეტს დაუკავშირა  და წლების განმავლობაში  ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი იყო.  

ცნობილი მშობლების, კოტე მახარაძის და მედეა ჩახავას ოჯახური ისტორიები, პირადი ცხოვრების გამოწვევები და  ტკივილი, დაკავშირებული უფროს ძმასთან,  თემურ ჩხეიძესთან  -  მაკა მახარაძე  წარსულის ისტორიებს იხსენებს.         

 მაკა მახარაძე:  ის, რომ ამ დღეებში ძალიან ბევრ ადამიანს გაახსენდა კოტე მახარაძე, ძალიან მახარებს, თუმცა  გული მწყდება, რომ ამ დიდ  გამარჯვებას  ვერ მოესწრო  კოტე, ვერ მოესწრო  ჩემი ძმა თემური, რომელიც ფეხბურთის საოცარი ფანატი იყო.  ჩვენი ოჯახი ყოველთვის  იყო დაკავშირებული ფეხბურთთან -  მამა, ჩემი  ძმები, დედაჩემი გიჟდებოდნენ  სპორტზე, განსაკუთრებით ფეხბურთზე, დედა სტადიონზეც დადიოდა ხოლმე. ღამ-ღამობით კი  ჩოგბურთის თამაშებს უყურებდა.  მამა ცოცხლობდა ქართული სპორტით, განსაკუთრებით ფეხბურთით, თუმცა  თავიდან იყო კალათბურთი. კოტე   კალათბურთელი იყო, „დინამოს“  ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონებიც გახდნენ. 1958 წელს, როდესაც ჩვენები ეთამაშებოდნენ  ამერიკელებს, საჭირო გახდა რეპორტაჟის წაყვანა რუსულად. მაშინ მარტო ეროსი მანჯგალაძეს მიჰყავდა სპორტული  თამაშები. ეროსი და მამა ახლო  მეგობრები იყვნენ.  ეროსის უთქვამს, აბა კოტეს მიაკითხეთ, კალათბურთიც გადასარევად იცის და რუსულიცო. ამ ამბავმა გადაწყვიტა მამას ბედი - ამ საკალათბურთო მატჩის შემდეგ გახდა სპორტული  კომენტატორი, წლები  მიჰყავდა თამაშები სპორტის თითქმის ყველა სახეობაში, ერთადერთი რაც უჭირდა იყო კრივი. ამბობდა, არ ვიცი ეს სპორტი, როგორ ვილაპარაკოო, თუმცა სხვა არავინ იყო და კრივის ჩემპიონატების წაყვანაც უწევდა. 

ფეხბურთი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის არსებობდა. როდესაც  პატარები ვიყავით,  მამა მიდიოდა ხოლმე ჩემპიონატებზე და ოლიმპიურ თამაშებზე, ეს ჩვენთვისაც დღესასწაული იყო, გვიხაროდა იმის გამო, რომ საჩუქრებს ჩამოგვიტანდა. მაშინ აქ ყველაფერი დეფიციტში იყო, არაფერი იშოვებოდა,ამიტომაც დედას წასვლა გასტროლებზე და მამას წასვლა ჩემპიონატებზე, ჩვენთვის ზეიმი იყო.  

მე ფეხბურთის მიმართ განსაკუთრებული ემოციები არასდროს მქონია. მას შემდეგ  შემიყვარდა ფეხბურთი, რაც  კვარა „გამოჩნდა“. იმის მიუხედავად, რომ ბევრი ძალიან კარგი ფეხბურთელი გვყავდა სხვადასხვა პერიოდებში და ისინი მოგვიანებით  პირადადაც გავიცანი, როდესაც კოტეს სახელობის ტურნირებს აწყობდნენ, თამაშობდნენ უკვე, როგორც ვეტერანები, ჩემდა სამარცხვინოდ, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ. სტადიონზეც კი სულ ორჯერ ვარ ნამყოფი, ორჯერვე კინო გადაღების დროს.  ერთხელ მიხეილ მესხის სტადიონზე ვიყავი, მეორედ რამდენიმე წლის წინ პირველად შევდგი ფეხი ბორის პაიჭაძის „დინამოს“ სტადიონზე, ლამის გული გამიჩერდა, მახსოვს  ცრემლები გადმომცვივდა. ყველა ემოცია ერთად დამეუფლა,  გამახსენდა მამა, საოცარი  განცდა მქონდა.

მამა ნიჭიერი კაცი იყო, გამორჩეული მეხსიერება ჰქონდა, თუმცა  ხშირად, როდესაც  ივიკო ჯერ კიდევ პატარა იყო,  მას  ეკითხებოდა ხოლმე ბევრ რამეს. ივიკოს უცხოეთიდან  ჩამოუტანა წიგნი „ოლიმპიური თამაშების ისტორია“. მაშინ ჩვენთან მსგავსი ლიტერატურა არ არსებობდა. რაც არ უნდა ეკითხა  ჩემი ძმისთვის,ვინ, სად, როდის გახდა ჩემპიონი, ივიკოს  ყველაფერზე პასუხი ჰქონდა, რაც მამას ძალიან უხაროდა.  ივიკო კოტეს  პატარობიდან დაჰყვებოდა სტადიონზე, თემურიც ხშირად დადიოდა სტადიონზე.  მამა და ივიკო  ხომ იყვნენ ფეხბურთის მოყვარულები და გულშემატკივრები და  თემური, ალბათ, ორივეს ერთად აღებულს უდრიდა. იმის მიუხედავად, რომ თემურისთვის რეპეტიცია იყო წმინდათაწმინდა, თუ  ფეხბურთი იყო, ყველაფერს გააკეთებდა და  რეპეტიციას გადაიტანდა. 14 ივნისიდან 14 ივლისამდე იყო ხოლმე საფეხბურთო თამაშები. თემური სპექტაკლს რომ დგამდა, ამას ითვალისწინებდა, გამორიცხული იყო პრემიერა საფეხბურთო თამაშებისთვის  დაემთხვია. იმ პერიოდში თეატრები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ხოლმე ფეხბურთში, ამ სპორტით ცხოვრობდა მთელი ქვეყანა და ძალიან მახარებს, რომ ფეხბურთის ეს სიყვარული ისევ დაბრუნდა ჩვენს ხალხში.

-  როგორ გახსოვთ ის მამას განცდები და ემოციები,  რაც „თბილისის“ დინამოს ტრიუმფალურ გამარჯვებას მოჰყვა კარლ ცაისში?   როგორც ცნობილია, მისი  ფრაზა, ნათქვამი  თბილისთან დაკავშირებით,  მოსკოვმა ძალიან ცუდად მიიღო.

- მე უკვე დიდი ვიყავი და მახსოვს ის ემოციები, რაც ჰქონდა მამას, გადარეული იყო ამ გამარჯვებით.  იმ  ფრაზის გამო,  რაც თქვა  კოტემ საქართველოს დედაქალაქთან დაკავშირებით, გარკვეული პრობლემები შეექმნა. მატჩიდან  სამი დღის შემდეგ   დაბრუნდა თბილისში.  მეტხანს შეყოვნება ვერ გაუბედეს,   შენიშვნა მისცეს, რაც მატჩის მსვლელობის დროსაც უთხრეს  ყურში: ეს არის ერთი ქვეყანა, საბჭოთა კავშირიო, ამიტომაც მიაყოლა საქართველოს დედაქალაქს ფრაზა, მთელი ჩვენი ქვეყანა. სხვანაირად შეიძლება ცუდად დამთავრებულიყო ყველაფერი.

კოტეს  მოსკოვში განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ, ალბათ ამიტომაც „აპატიეს“ თბილისის, როგორც საქართველოს დედაქალაქის გამოკვეთილად  ხსენება. მამა  საოცრად ნიჭიერი იყო, მისი მომნუსხავი საუბარი, განათლება, იუმორი,  ნათელი ტვინი, სიყვარულის უნარი ადამიანებში   დიდ ემოციებს და პატივისცემას იწვევდა, აღარაფერს ვიტყვი ქალების დამოკიდებულებაზე მის მიმართ  (იცინის)

 - ერთ-ერთ ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი,  სიყვარულს, რომელიც მთელი ცხოვრება მქონდა, ჩემი  ოჯახის პრიზმიდან ატარებდნენო. რას ნიშნავდა თქვენთვის ამ გამორჩეული ოჯახის შვილობა?    

- ასეთი ოჯახის შვილობა რა თქმა უნდა განსაკუთრებით სასიამოვნო  იყო, თუმცა პატარა ასაკში ამას ვერ ვხვდებოდი. ბავშვობაში მედეაც და კოტეც იყვნენ ჩვეულებრივი მშობლები, რომლებიც მუშაობდნენ თეატრში,კინოში, იყვნენ სახალხო არტისტები, თუმცა  მაშინ ჩვენ ვერ ვხვდებოდით მათ განსაკუთრებულობას. ისინი ერთად თამაშობდნენ თეატრში, თუმცა 1970  წელს როდესაც  ერთმანეთს გაცილდნენ, მამა  რუსთაველის თეატრიდან მარჯანიშვილის თეატრში გადავიდა. ერთად გაუჭირდებოდათ მუშაობა, რადგან თავიდან რთული ურთიერთობა ჰქონდათ, არ ლაპარაკობდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ  ეს გადალახეს,  გადაუარათ წყენამ, მერე და მერე  შეძლეს  ამ ფაქტის დავიწყება.     

ჩვენ შვილებმა უფრო რთულად გადავიტანეთ მათი დაშორება. მეხის გავარდნასავით მოულოდნელი იყო ეს ამბავი. მე ნატოზე ვიყავი ორსულად, სულ ვტიროდი, მძიმედ განვიცდიდი.  მახსოვს, შეკვეთილში ვიყავით, დელეგაცია დელეგაციაზე ჩამოდიოდა, კოტეს და მედიკოს ნათესავების, რუსთაველის თეატრის მსახიობების. ყველა ცდილობდა მათ შერიგებას, მაგრამ არა, გადაწყვიტეს და გათავდა, ორივე ძალიან გაჯიუტდა.  ასე დაინგრა 20 წლის ოჯახი, სიყვარულის საოცარი ისტორია. მამა 5 წლით უფროსი იყო დედაზე, როდესაც შეუღლდნენ  დედა უკვე იყო ვარსკვლავი, კოტე არ იყო ისე ცნობილი, როგორც დედა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია - გადაირივნენ, ისე შეუყვარდათ ერთმანეთი.   ცხოვრებაში ყველაფერი ხდება,  დროთა განმავლობაში რაღაც  იცვლება, თუმცა ჩვენ მათი თანაცხოვრების პერიოდში, არასდროს გვიგრძვნია, რომ დედას და მამას  ურთიერთობა გაუფუჭდათ. დედამ გაბუტვა იცოდა, თუ  ვეტყოდი რამეს და მამიკოს ჰკითხეს ნაცვლად მეტყოდა, მამაშენს ჰკითხე, ეს ნიშნავდა, რომ ცუდად იყო საქმე და დედა გაბუტული იყო (იცინის)   

- თქვენმა ძმამ თემურ ჩხეიძემაც რთულად გადაიტანა მათი დაშორება?   

- თემური არასდროს გამოხატავდა თავის ემოციებს ამ თემაზე, არც საუბრობდა. კოტეს და თემურს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ, 6 წლის იყო თემური, როდესაც დედა და მამა შეუღლდნენ. როდესაც გაირკვა, რომ  დედა ჩემზე ორსულად იყო, კოტე თურმე ამბობდა, აღარ გვინდა ჩვენ შვილი, თემური ხომ გვყავსო. ჩემი გავიტანე და მაინც გავჩნდი (იცინის) შემიძლია ვთქვა, რომ კოტე თემურს უფრო გამორჩეულად ექცეოდა,ვიდრე მე და ივიკოს.გამორჩული იყო თვითონ თემურიც. მიმღები იყო იმ სურვილების, რომელსაც კოტე სთავაზობდა, სულ ასწავლიდა რაღაცეებს, ბევრ დროს ატარებდნენ ერთად.  

ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა სოფიკო ჭიაურელთან, რაც  პირველ რიგში დედაჩემის დამსახურება იყო. დედას რომ არ სდომოდა, ან დაგვენახა, რომ ეს მას აღიზიანებდა, შვილები მისი ნების წინააღმდეგ არ წავიდოდით. როცა მამას დაშორდა, დედა მეუბნებოდა:  სოფიკო არაფერ შუაშია, მას ნურაფერს დავაბრალებთო. მართლაც მამას სოფიკომდე ჰყავდა მეუღლე, რომელიც ასევე არ იყო დამნაშავე  ჩემი მშობლების  დაშორებაში. როგორც ჩანს, რაღაც მთავარი გაქრა და დასრულდა მათ ურთერთობაში. ეს ხდება ცხოვრებაში, ჩემთანაც იგივე არ   განმეორდა?! როდესაც სიყვარული ძალიან მძაფრი და ვნებიანია, ის ალბათ ქრება სანთელივით. ვიღაცას ეს უფრო  იოლად გადააქვს, ვიღაცას  ვერ გადააქვს, ათასში ერთი შემთხვევაა, რომ ძლიერი და ემოციური სიყვარული ბოლომდე გადარჩეს.  

 - კოტე მახარაძე  ქალიშვილთან  მკაცრი მამა არ იქნებოდა. 

 - არა, არც ერთი მშობელი არ ყოფილა მკაცრი. დედას თუ გავაბრაზებდით, იცოდა  წარბის აწევა, გაბუტვა. მამა არასდროს არ იყო მკაცრი. მხოლოდ ერთხელ დამსაჯა დაგვიანებისთვის და  სახლიდან გაშვებით დამემუქრა, ზუსტად ისე, როგორც ის დასაჯა დედამ 12 წლის ასაკში, იმის გამო, რომ თურმე  ვერაზე  დარბოდა და ქუჩებს წრეებს არტყამდა, ცხენოსანი ალექსანდრე ხაინდრავა ვარო.  მამას ის ძალიან უყვარდა, ბებიას დაჰყავდა ყველგან, მათ შორის დოღზე.  ერთხელ მომიყვა, როდესაც პირველად ალექსანდრე ხაინდრავა ცხენზე დავინახე, ისეთი ემოცია მქონდა,  მთელი ცხოვრება ვერ დავივიწყეო. 12 წლის მამა  ხაინდრავას მიბაძვით  პეროვსკაიაზე  წრეებს არტყამდა და ხაინდრავა ვარო- იძახდა.  ბებემ დასაჯა ამისთვის.  უთხრა, წადი სახლიდანო და გამოუტანა ჩემოდანი,მამას  ჩაუწყვია წიგნები, ბურთი და ტანსაცმელი,  წასულა სახლიდან, თუმცა მალე დააბრუნეს. ასეთი ისტორია განმეორდა ჩემთანაც. იმის გამო, რომ სახლში ასვლა დავაგვიანე, მამა სახლიდან გაგდებით დამემუქრა, სიტუაცია ისევ დედამ განმუხტა. მე არასდროს ვიყავი ბეჯითი ბავშვი. თამაში ყველაფერს მერჩია. საოცარი, დიდი ეზო გვქონდა  ბარნოვის ქუჩაზე, ხელოვნების მუშაკთა სახლში. ჩვენს  სადარბაზოში  ცხოვრობდნენ სესილია თაყაიშვილი, ვახტანგ ფალიაშვილი, ანდრია ბალანჩივაძე, ვანდა აბუსერიძე, გუგული თორაძე, ლიანა ასათიანი, მე და ლექსო თორაძე ერთად გავიზარდეთ.  მეორე სადარბაზოში ცხოვრობდნენ ეროსი მანჯგალაძე, მედეა ჯაფარიძე და რეზო თაბუკაშვილი, მიშა თუმანიშვილი, თაზო აფხაიძე. ასეთ ეზოში გაზრდილი ბავშვი, როგორი ვიქნებიდი? ბავშვები დავხტოდით გარეთ, ვთამაშობდით, რის გამოც  ხშირად ვხვდებოდით  სასჯელის ქვეშ, განსაკუთრებით ლექსო, მას ბევრი  სამეცადინო ჰქონდა, საათობით უნდა დაეკრა, ასეთი დავალებები ჩვენ  არც ერთს არ გვქონდა (იცინის)

 - რა თვისებები გამოგყვათ მშობლებისგან? რომელს უფრო ჰგავხართ?

- მე ორივე მშობელს  დავემსგავსე. მამას უფრო გარეგნობით: ერთნაირი სხეული, მშრალი კანი, ხელები, შუბლზე ნაოჭებიც კი მისნაირად   მაქვს (იცინის) დედას უფრო ხასიათით დავემსგავსე, მამაც ძალიან კეთილმოსურნე იყო, ვერ იტანდა უსამართლობას, მაგრამ დედას სიყვარულის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა,ეს ჩვენ ყველა შვილს გადმოგვყვა, განსაკუთრებით ქალებს - უზომო სიყვარული და სითბო ადამიანების,  ბავშვების მიმართ. ხასიათის მნიშვნელოვანი საერთო თვისება, რითიც ორივეს ვგავარ,  უბრალოებაა. არც ერთს არანაირი „ვარსკვლავური“ არაფერი სჭირდა (იცინის) დედა ძალიან თავშეკავებული ქალი იყო. მაშინ არ იყო ამდენი სამოსი,  იქიდან გამომდინარე, რომ  ყველას თვალი მისკენ იყო მიმართული, თვითონ უწევდა ტანსაცმელზე ზრუნვა, რაღაცეებს  გადააკეთებდა ხოლმე. თმა თუ ჰქონდა შესაღები, წაიკრავდა თავზე  ჩალმას და ასე გადიოდა გარეთ. ჩამოკონწიალებული საყურეები უყვარდა, რაც ამ ბოლო დროს მეც შემიყვარდა. შინაგანი ემოციებით ვგავარ დედას, ცხოვრების  გზაც რაღაცნაირად ერთნაირად გამოგვივიდა - მე რომ ვფიქრობდი, რომ მე არ დამემართებოდა ის,  რაც მოხდა მის პირად ცხოვრებაში, თურმე  ვცდებოდი. ისეთ დროს დავშორდით მე და ჩემი მეუღლე,  ამას ვერავინ წარმოიდგენდა.  

- დედას და მამას მეგობრების,  ცნობილი ხელოვანების გარემოცვაში გაიზარდეთ, როგორი მოგონებები შემოგრჩათ ამ ლეგენდარულ ადამიანებთან?

- ეს იყო საოცარი ხალხი, მათ ჰქონდათ არაჩვეულებრივი ურთიერთობები,  თუმცა მაშინ ამ ადამიანების ჩვენს  სახლში სტუმრობა, ჩვეულებრივი რამ იყო და  ვერ ვხვდებოდით, რა მასშტაბის ადამიანები  იყვნენ.  ვიხოცებოდით სიცილით მათ იუმორზე, ხუმრობებზე, ამ მხრივ რამაზ ჩხიკვაძე იყო გამორჩეული. როდესაც დედა 55 წლის გახდა, თეატრში გადაუხადეს იუბილე. საღამოს  ჩვენს სახლში გაიშალა დიდი სუფრა. დედამ თვითონ მოამზადა ყველაფერი. მედიკო კარგი დიასახლისი იყო, სულ მიკვირს როგორ ახერხებდა და ასწრებდა ამდენს. სამ შვილს არაფერი დაგვკლებია მისგან,  იმის მიუხედვად, რომ ძალიან დაკავებული იყო, როგორც მსახიობი, სახლშიც ყველაფერს თვითონ აკეთებდა. სახლში გვყავდა დამხმარე, მაგრამ თვითონ უყვარდა საქმის კეთება, განსაკუთრებით დაუთოვება, საჭმლის მომზადება, დახმარებას მხოლოდ კარტოფილის, ხახვის, მწვანილის დაფცქვნა -  გასუფთავებაში ითხოვდა, დანარჩენს ყველაფერს თვითონ, თავისი ხელით აკეთებდა. დაბადების დღის სუფრისთვისაც ყველაფერი თვითონ გაამზადა. გაიკეთა წინსაფარი და დატრიალდა. იმ საღამოს ჩვენს სახლში საოცრება ხდებოდა. რამაზ ჩხიკვაძე იყო თამადა, ჯანსუღ კახიძე - მოადგილე.  ძალიან ბევრი იმხიარულეს, იხუმრეს, იმღერეს. ბოლოს  სკამებზე ავიდნენ, ელდარ შენგელაია ლამის სკამიდან გადმოვარდა, ეს  იყო  ხალისიანი საღამო, რომელიც ძალიან ლამაზ მოგონებად  დამრჩა.

 - მსახიობების ოჯახში გაზრდილმა კინოს და თეატრს ბალეტი რატომ ამჯობინეთ?

 - მე ძალიან მიყვარდა ბალეტი. ბალეტი თუ არ გიყვარს, ვერ გაუძლებ იმ არანორნალურ დატვირთვას და თავგანწირვას, რაც მას სჭირდება.   ისე გამოვიდა, რომ პროფესიაში მე ვერ გავწირე თავი ისე, უფრო ოჯახმა გადამწონა, რადგან  ჩემთვის ოჯახი იყო უპირველესი. ჯერ დედასთან ერთად ვცხოვრობდით, მერე გავიყავით. არ მყავდა დამხმარე. ხანდახან  ჩემს ძმას თემურს მიყავდა ხოლმე ნატო საბავშვო  ბაღში,  შვილებს  ბევრი რამ  სჭირდებოდათ, რაც მოვაკელი ჩემს საქმეს, თუმცა ეს  თითქოს ავინაზღაურე, როდესაც ჩემი  სტუდია გავაკეთე. ერთადერთი ოცნება, რაც მაქვს და იქნებ ოდესმე ავისრულო, რომ ჩემი სტუდია იყოს უფასო, რაც  ბევრ საკითხთან არის დაკავშირებული და იოლი არაა. როდესაც თემურმა სამეფო უბნის თეატრში სახელოსნო გახსნა, კატეგორიულად მოითხოვა, რომ უფასო უნდა ყოფილიყო. ბალეტი სხვა პრინციპია, მიზანიც სხვა ჰქონდა სახელოსნოს და სხვა - ბალეტის სტუდიას. ერთხელ იხუმრა:ფულს ართმევ ბავშვბსო?! ისე შევწუხდი ამ კითხვით, თვითონაც იცოდა, რომ ჩემგან ბიზნეს ვუმენი ვერ დადგებოდა, ჯერ კიდევ ბანკის ვალს ვიხდი.  ჩვენი ოჯახიდან ბუღალტერია ყოველთვის  შორს იყო. თემურს წლები ვუმალავდი, რომ კრედიტი მქონდა აღებული, რადგან ვიცოდი, რომ ამაზე ძალიან ინერვილებდა, მერე სადღაც მოკრა ყური, მე ვუთხარი, დეტალებს არ გეტყვი, აღარ დაგეძინება -მეთქი (იცინის)  ჩვენ საოცარი და-ძმობა გვქონდა. იმ პერიპეტიების მიუხედავად, რაც გავიარეთ, ჩვენი ოჯახი იყო ერთიანი, შეკრული. ძალიან მძიმე იყო როდესაც ჩვენი ოჯახის დიდი ბოძი, თემური გამოგვეცალა, გვეგონა, დავიქეცით.   მასზე საუბარიც კი უზარმაზარ ტკივილს მაყენებს, ვერაფრით შევეგუეთ მის გარეშე ცხოვრებას, საოცრად გვაკლია თემური თავისი სიკეთით, სიყვარულით. მშობლების დაკარგვა მძიმეა, მაგრამ იცი, რომ ეს კანონზომიერია, ძმის სიკვდილი კი  საშინელი გადასატანი. სულ ვოცნებობდი, ნეტავ პირველი მე წავიდე ჩემი ძმებიდან, რომ ეს ტკივილი არ გადავიტანო -მეთქი, მაგრამ ასე არ მოხდა. თემური იყო კეთილშობილების მაგალითი, რაც არც მშობლებისგან გვაკლდა, მაგრამ თემური იყო გამორჩეულად საუკეთესო.

- გაქვთ ოჯახური ტრადიციები, რასაც დღემდე ინარჩუნებთ?

- განსაკუთრებული არაფერი, თუ არ ჩავთვლით დღესასწაულებს, მაგალითად  ახალი წლის შეხვედრებს, როდესაც ვცდილობთ ყველა ერთად ვიყოთ. ძალიან გვიყვარდა  შეკრება თემურთან, ძირითადად აღდგომის დღესასწაულზე, წლები ვიცავდით ამ ტრადიციას, უამრავი ფოტო გვაქვს იმ დღეებიდან შემორჩენილი. მამაჩემის დედა ბარბარე ვეკუა იცავდა ხოლმე აღდგომის ტრადიციებს,  წითელ კვერცხებსაც კი ღებავდა, რასაც მაშინ ბევრი ვერ ბედავდა.    

- მრავალი წელია ცხოვრობთ სახლში, რომელიც ნატო ვაჩნაძეს  და ნიკოლოზ შენგელაიას ეკუთვნოდათ,  როგორ გახდით ამ სახლის მეპატრონეები?

 - ეს სრულიად  შემთხვევით მოხდა. ჩვენ ვეძებდით ბინას  და  აღმოვაჩინეთ, რომ ეს სახლი იყიდებოდა. იმ პერიოდში სახლი არ გვქონდა.  ნატოს  ორი სურვილი ჰქონდა, სახლს ჰქონოდა თუნდაც 10 მეტრის ზომის ეზო და ხედი. როდესაც ამ სახლში მიიყვანათ მაკლერმა,  ნახეს წარწერა ბარიელიფზე: ნატო და ნიკოლოზი და მაშინვე გადაწყდა ეს ამბავი.  აღარც ეზოზე უფიქრიათ,   არც ხედზე. ასე მოვხვდით ამ ბინაში, როდესაც აქ გადმოვედით, არ გვქონია გაუცხოება, თითქოს სულ აქ ვცხოვრობდით.  როდესაც  პირველად სოფიკო მოვიდა ჩვენთან, რომელიც ახალგაზრდობაში ამ სახლში ბევრჯერ იყო ნამყოფი, გვითხრა: ყველაფერი ისევ ისეა, თითქმის არაფერი გაქვთ  შეცვლილიო, თუმცა რა თქმა უნდა მერე და მერე ბევრი რამ შევცვალეთ, მაგრამ ოთახების წყობა, უცვლელია. რამდენიმე წლის წინ სახლზე ახალი მემორიალური დაფა დაამაგრეს. ელდარ შენგელაია იყო სტუმრებს შორის, დაგვიძახა ელდარმა და მიკროფონის ჩართვა გვთხოვა. სახლში შემოვიპატიჟე. დაათვალიერა ყველაფერი.იმდენად ცუდად გახდა, ვეღარ გაჩერდა, ემოციური იყო მისთვის აქ, ბავშვობის სახლშუ  „დაბრუნება“.  

- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მეტად   წლებთან ერთად? 

- წლებს არ ვაქცევ ყურადღებას, მხოლოდ  მაშინ მახსენდება ასაკი, როდესაც სკამიდან ვდგები  (იცინის)  ისე  გადავირიე  და იმდენად  მინდოდა ტატუს გაკეთება,  70 წლის ასაკში გავიკეთე ტატუ, იქამდე  რატომღაც მრცხვენოდა. ბოლო დროს ძალიან  შემიყვარდა ფეხბურთი. დღეს რაც ყველაზე მეტად  მახარებს, ის  რომ ვცხოვრობ ჩემს შვილთან ნატოსთან, ნიკუშასთან და მანუსთან  ერთად. მინდა, რომ ჯანმრთელად ვიყო, ცოტა ხერხემლის პრობლემები მაქვს, მაგრამ არ ვიმჩნევ. წლებს მოაქვს სიმშვიდე -  როცა არავის არაფერს აბრალებ, არ იხედები წარსულში. მე ასე ვარ,  იმის მიუხედავად, რომ ბევრი გასახედი მაქვს, რა აზრი აქვს უკან ყურებას?! იგივეს ვეუბნები ჩემს  მეგობრებსაც. უკან ყურება ადამიანს  გამუხრუჭებს, სიცოცხლის ხალისი და სიყვარული ყველაფერში შეიძლება იპოვო, ამისთვის უკან ყურება სულაც  არაა საჭირო (იცინის)    

 თამუნა ნიჟარაძე  

ანალიტიკა
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.