შვეიცარიაში 17 წელია ვცხოვრობ.
ჩემი ნამუშევრები და მხატვრობის სტილი საკმაოდ მრავალფეროვანია, დაწყებული პორტრეტებით, დამთავრებული აბსტრაქციებით. შევქმენი ახალი კონცეფცია სახელწოდებით "მოძრავი მხატვრობა" ("Moving Fine Arts").
სანამ აქამდე მოვიდოდი, ძალიან გრძელი გზა გავიარე, სულ ძიებაში ვიყავი. ყველა ჩემს ნამუშევარს საფუძვლად უდევს გარკვეული თემატიკა და ისტორია. პანდემიის პერიოდში შევქმენი ტილო, სახელწოდებით "მოპარული სუნთქვა", ანუ "კორონა", რომელიც ასახავს იმ ადამიანთა სულიერ მდგომარეობას, რომელნიც კოვიდის მსხვერპლნი გახდნენ და იმ განცდას და ტკივილს, რომელიც ამ პანდემიამ კაცობრიობას, კერძოდ ხანდაზმულ ადამიანებს მიაყენა. შექმნილი მაქვს ნამუშევრების სერია სახელწოდებით ,,აქ ჩვენთვის არ არის ადგილი" ("There is no place for us"), რომელიც მსოფლიო მასშტაბით იმ ბავშვების ბედს ასახავს, რომელნიც უსამართლობის მსხვერპლი გახდნენ.
პანდემიის გამო ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გადაიდო, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, წარმატებით ჩატარდა ჩემი გამოფენა ციურიხში (Art International Zurich 2020), სადაც ახალი აბსტრაქტული კოლექცია “მეტამორფოზა” წარვადგინე. ამჟამად ვემზადები ორი მნიშვნელოვანი პროექტისთვის: ერთ-ერთი გახლავთ პერსონალური გამოფენა ბერნის ხელოვნების მუზეუმში, ხოლო მეორე გამოფენა ჩატარდება ცნობილი შვეიცარიელი მოქანდაკის, ჰოუზი ქნეხტის შატოში "Schlössli Rubigen" მისი არაჩვეულებრივი სკულპტურების ფონზე, რაც ჩემთვის დიდი პატივია. ჩემი ნამუშევრები ბევრ კერძო კოლექციაში ინახება, მათ შორის: ესპანეთის მეფის ხუან კარლოს ბურბონის კოლექციაში მადრიდში; ცნობილი შვეიცარელი ბიზნესმენის პეტერ სულცერის, პრინცესა კაროლინ მიურატის, ლიანა ისაკაძის, მურანოს ბროლის ცნობილი კოლექციონერის, პეტერ გრიუნბაუმის და ცნობილი გერმანელი ადვოკატის, იოჰანეს პეტერ აკერმანის კოლექციებში. სახელი ხელოვნებაში დიდ როლს თამაშობს, ამის გარეშე რთულია საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია. არ არის საკმარისი იყო მხოლოდ კარგი მხატვარი. აუცილებელია, აქტიურად იყო ჩაბმული ხელოვნების სფეროში.
საჭიროა მნიშნელოვანი კონტაქტების დამყარება, გამოფენების ხშირი მოწყობა. თუ ხარ წარმატებული მხატვარი, ნიშნავს, რომ შენი ხელოვნება მოსწონთ, ესმით და ყიდულობენ შენს შემოქმედებას და დროთა განმავლობაში აღიარებაც მოდის! წარმატება შენი ხელოვნების დაფასებით იზომება!