USD 2.7428
EUR 2.8772
RUB 2.6387
Tbilisi
«Bloomberg» (აშშ): „სცენარი: რა იქნება, თუ უკრაინასთან ომში ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს?
Date:  

ცნობილი ამერიკული გამოცემა „ბლუმბერგი“ (Bloomberg) აქვეყნებს სტატიას სათაურით „სცენარი: რა იქნება, თუ უკრაინასთან ომში ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს? აშშ და მისი მოკავშირეები შიშობენ, ვაითუ დახმარების გარეშე უკრაინა დამარცხდეს“ (ავტორები - ნატალია დროზდიაკი, პიტერ მარტინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების საკითხში ჩიხური სიტუაციის წარმოქმნის გამო, აშშ და მისი მოკავშირეები იძულებულნი არიან იფიქრონ იმაზე, რაზედაც არ სურდათ ფქირი რუსეთის არმიის შეჭრის პირველი დღეებიდანვე - რა იქნება, თუ პუტინის რუსეთი უკრაინაზე გაიმარჯვებს? უკრაინისთვის პოტენციურად კატასტროფული შედეგების გარდა, ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა დაიწყო „მშვიდი განხილვა“ იმისა, თუ რა მოჰყვება დასავლეთის (ჩათვალე: ნატოს) ინტერესების მარცხს ევროპაში მიმდინარე უდიდეს კონფლიქტში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

კომპეტენტური ექსპერტების თქმით, რომლებიც „საკითხის განხილვის“ საქმის კურსში არიან, რუსეთის [სავარაუდო] გამარჯვებით გამოწვეული ტალღისებური შედეგები მთელ მსოფლიოში გავლენას მოახდენს, განსაკუთრებით კი ეჭვქვეშ დააყენებს აშშ-ის დაპირებების საიმედოობას. ბალტიისპირა ქვეყნებში ჩინოვნიკები უკვე მოუწოდებენ საზოგადოებას მზად იყვნენ შემდეგი ომისთვის, თუ რუსეთის არმია უკრაინასთან ომში გაიმარჯვებს. დისკუსია საკითხიდან - რა იქნება, თუ რუსეთი მათაც თავს დაესხმება - გადაიზარდა კონკრეტული მზადყოფნის განხილვაში იმ შემთხვევისათვის, რომელიც ბოლო დრომდე წარმოუდგენელი იყო. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საჯარო დაპირებების მიუხედავად, რომ ვაშინგტონი ყოფილ საბჭოთა პატარა რესპუბლიკებს რუსეთისაგან დაიცავს, მოსალოდნელი საფრთხის მიმართ ეჭვები და შიშები მატულობს.

უარესი, ვიდრე ავღანეთის შემდეგ

ზემოთხსენებული ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის გამარჯვების შედეგები უფრო ღრმა და ნეგატიური იქნება, ვიდრე ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების წარუმატებელი გამოყვანისა 2021 წელს. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში შეიძლება დონალდ ტრამპმა გაიმარჯვოს [რომელსაც განზრახული აქვს აშშ-ის გამოყვანა მსხვილი სამხედრო ალიანსებიდან (ნატოს ჩათვლით) და ვლადიმერ პუტინთან გარიგების დადება უკრაინასთან მიმართებით], მაშინ ვითარება მართლაც უპრეცედენტო იქნება.

ერთ-ერთი წყარო დარწმუნებულია, რომ რუსეთის გამარჯვება ლტოლვილების დიდი ნაკადის პროვოცირებას მოახდენს, რომლებიც გეზს ევროკავშირის ქვეყნებისაკენ აიღებენ. ბუნებრივია, დამატებით ასი ათასობით უკრაინელი ლტოლვილის მიღებით ევროკავშირის სოციალური სამსახურები არასასურველ და ზედმეტ დატვირთვას მიიღებენ, რაც, თავის მხრივ, წევრ ქვეყნებს შორის დაძაბულობას გაამწვავებს. გარდა ამისა, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროები შეიძლება პარტიზანულ ბრძოლაზე გადავიდნენ, რაც ასევე მადესტაბილიზებელი ფაქტორია ევროკავშირისათვის, რომელიც უკრაინას ესაზღვრება. კიდევ ერთი მომენტი: რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში კრემლის არმია უშუალოდ აღმოჩნდება პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთისა და რუმინეთის საზღვრებთან, შავი ზღვის ჩრდილოეთ აკვატორიაში კი კვლავ რუსეთის სამხედრო ფლოტი გაბატონდება.

ჯო ბაიდენმა რიტორიკა შეცვალა

მზარდი საფრთხის გრძნობა თანდათანობით ლიდერების საჯარო განცხადებებშიც შეიმჩნევა, რომლებიც სულ უფრო მკვეთრ ტონს იძენენ. უკრაინის მოკავშირეები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომლებიც უალტერნატივოდ ჟღერს: „უკრაინას აშშ და ევროკავშირი თუ არ დაეხმარება, მაშინ ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს და უარეს დღეში აღმოვჩნდებით“, - აცხადებდა ირლანდიის პრეზმიერ-მინისტრი ლეო ვარადკარი გასულ კვირას, ევროკავშირის სამიტზე, როცა ვერ გადაწყდა უკრაინისათვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხი (უნგრეთის ვეტოს გამო).

თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გასულ კვირას უკრაინას დახმარებას იმდენ ხანს დაპირდა, „რამდენსაც დასავლეთი შეძლებდა“, რაც რიტორიკულ უკანდახევად შეიძლება ჩაითვალოს მისი წინა დაპირებებიდან - „დაგეხმარებით იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება“. პრეზიდენტის თვალსაზრისის ასეთ ტრანსფორმაციას, ალბათ, კონგრესში რესპუბლიკელთა ხისტი პოზიცია განაპირობებს: ამას წინათ ჯერ წამომადგენელთა პალატაში და შემდეგ სენატში, ვერ მოხერხდა კანონპროექტის მიღება უკრაინისათვის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ.

კიევი იძულებული გახდება მოსკოვს დაეთანხმოს...

მზარდ საზოგადოებრივ სკეპტიციზმს თუ უკრაინის არმიის კონტრშეტევის წარუმატებლობასაც დავუმატებთ, მთელი სიმწვავით დგება საკითხი - რეალურია თუ არა უკრაინის საჯაროდ გაცხადებული მიზანი - რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება? ატლანტიკის ორივე ნაპირზე მატულობს უკრაინის მხარდამჭერთა შეშფოთება იმის გამო, რომ კიევმა შეიძლება დამატებითი ტერიტორიები დაკარგოს, თვით სუვერენიტეტის ჩათვლით.

ევროპელი ჩინოვნიკების აზრით, თუ უკრაინა იარაღს ვერ მიიღებს, რუსეთი, ალბათ, მართლაც შეეცდება ქვეყნის ინფრასტრუქტურის მთლიან დანგრევას. კიევი იძულებული გახდება მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და უსიტყვოდ ხელი მოაწეროს კრემლის მიერ წაყენებულ პირობებს.

წყარო: https://www.bloomberg.com/news/articles/2023-12-19/ukraine-running-out-of-help-has-us-allies-fearing-putin-will-win-the-war

 

world
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „ტრამპმა ისეთი ამერიკა მიიღო, რომელიც რომის იმპერიას ჰგავს დაცემის პერიოდში“

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ტრამპმა ისეთი ამერიკა მიიღო, რომელიც რომის იმპერიას ჰგავს დაცემის პერიოდში“ (ავტორი - ტიმ სტენლი, ისტორიკოსი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

კემბრიჯის უნივერსიტეტის ლექტორი ასეთ ისტორიას ჰყვება: ერთხელ სტუდენტ ქალიშვილისთვის გასაუბრება ჩაუტარებია რომაელ კლასიკოსებზე და, როგორც ხდება ხოლმე, გოგონას ვერაფერი ვერ უთქვამს. ბევრს ეცადა პროფესორი - ხან აქედან მიუდგა, ხან იქიდან, ხან მიანიშნა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ლექტორი შეევედრა - „მითხარი, საერთოდ რაიმე თუ იცი რომაული სამყაროდან, არაფერმა არ დაგაინტერესა?“. პაუზა. სტუდენტი ფიქრობს და ბოლოს გახარებული ამბობს: „გლადიატორი“. ლექტორს იმედი მიეცა, იქნებ რაიმე ვრცლად იცის გლადიატორებზეო და ჰკითხა: „და რამ დაგაინტერესა „გლადიატორში“ - რომის პოლიტიკამ, კულტურამ, საზოგადოებამ?“. „რასელ ქროუმ“, - უპასუხა გოგონამ. ლექტორს უკანასკნელი იმედი გაუქრა...

გასულ კვირას ლონდონში, კინოთეატრ Imax-ში „გლადიატორი II“-ს ვუყურე. ვფიქრობ, მასში რასელ ქროუ რომ არ თამაშობს, ფილმისთვის ძალიან დიდი დანაკლისია, თუმცა რიდლი სკოტმა თავის ქმნილებაში საკუთარი სათქმელი მაინც თქვა.

კრიტიკოსების ნაწილი აღნიშნავს, რომ სიქველი უფრო ნიჰილისტურია, ვიდრე ორიგინალი, რომელიც ეკრანზე 2000 წელს გამოვიდა. პირველ ფილმში ნათქვამი იყო, რომ მარკ ავრელიუსის - იმპერატორისა და ფილოსოფოსის - რომის იმპერიის გარდაქმნის იდეა იმედიანად გამოიყურებოდა, მაგრამ მისი ვაჟის, იმპერატორ კომოდუსის მმართველობის დროს ყველაფერი წყალში ჩაიყარა. მართალია, გენერალ მაქსიმუს დეციმუს მირიდის მსგავს კარგ ადამიანებს სიტუაციის გამოსწორება შეეძლოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.

ამერიკა, როგორიც 2000 წლის 11 სექტემბრამდე [იგულისხმება მომხდარი ტერაქტების თარიღი] არსებობდა, შეიძლება იმდროინდელ რომად ჩავთვალოთ, როცა იმპერიის ხელისუფლების გეგმები „დიდი იმედების მომცემი“ იყო. ფილმში მარკ ავრელიუსის მმართველობიდან ორი ათეული წლის შემდეგ „გლადიატორი II“-ის სლოგანი გახდა „რომი უნდა დაეცეს“ - იმიტომ, რომ იმპერია შიგნიდან დალპა და გარდაქმნას საჭიროებდა. რომს მართავენ ტყუპი ძმები - იმპერატორები სეპტიმიუს გეტა და სეპტიმუს კარაკალა, ისინი გაუთავებლად ომობენ ბარბაროსებთან და რომის მოსახლეობას სპორტის სასტიკი სახეობით ართობენ, კონსულად კი მაიმუნს ნიშნავენ. იმპერატორების გარემოცვა, თანამედროვე გაგებით, ზელიბერალურია...

დღევანდელი ამერიკელი კონსერვატორები (ჩათვალე - რესპუბლიკელები) თვლიან, რომ ამერიკა ბოლო წლებში ლიბერალური რომის მიერ დაშვებულ შეცდომებს იმეორებს.

ნაციონალისტები მიუთითებენ, რომ ლიბერალურმა რომმა თავშესაფარი მისცა გოთებს (ბარბაროსებს), რომლებმაც საბოლოო ჯამში იმპერია გაძარცვეს და დაანგრიეს; ქრისტიანები რომაელ ლიბერალებს სექსუალურ თავაშვებულობაში ადანაშაულებენ, ხოლო მკაცრი ინდივიდუალისტები - საომარი სულის დაკარგვაში. „რომი დაეცა იმიტომ, რომ რომაელებმა რომაელების გაჩენა და აღზრდა შეწყვიტეს“, - თქვა ამას წინათ ილონ მასკმა ინტერვიუში. ტრადიციულად, მდიდრულ საზოგადოებაში უფრო ცოტა ბავშვი იბადება, რაც ამ საზოგადოების ელიტას აიძულებს სამუშაო ძალის იმპორტი განახორციელოს და დაქირავებულების იმედად იყოს. ამგვარ საზოგადოებაში ცენტრალური ადგილი უჭირავს კულტურული თვითმკვლელობის იდეას. ყველა დროის საზოგადოებებში ხდება ომები და ეპიდემიები, მაგრამ ძლიერებს ყველაფერს უძლებენ, სუსტები კი კრახს განიცდიან.

ამერიკას ერთი მუჭა არისტოკრატიული ოჯახები მართავენ. დონალდ ტრამპს, ისევე როგორც იულიუს კეისარს (ცეზარს), ხელისუფლებაში მოსვლა დიდწილად იმიტომაც სურდა, რომ თავისი ხელშეუხებლობა შეენარჩუნებინა და პატიმრობა თავიდან აეცილებინა. ერთი შეხედვით, თითქოსდა არაკეთილშობილური ქცევაა, მაგრამ ასე აკეთებდნენ ხალხები და პოლიტიკოსები ყველა დროში.

დონალდ ტრამპის ლოზუნგი - „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“ - ეხმიანება როგორც მარკ ავრელიუსისა და გენერალ მაქსიმუს დეციმუსის („გლადიატორი - I“) ოცნებას, ასევე მაქსიმუსის ვაჟის ლუციუსის („გლადიატორი II“) სურვილს - რომისათვის ძველი დიდების დაბრუნების შესახებ.

საბოლოო ჯამში, „გლადიატორი II“ არ იძლევა პასუხებს იმ პრობლემებზე, რომლებიც მასშია ნაჩვენები. მართალია, დაგმობილია კოლიზეუმის არენაზე მიმდინარე ბრძოლები, მაგრამ ახლო რაკურსით ვხედავთ გლადიატორების ყველა ტრამვას, შეტაკებაში მიღებულს. რიდლი სკოტი სიქველში კვლავ იმეორებს ინგლისურ-ამერიკულ რწმენას ღმერთივით პიროვნების მიმართ, მაგრამ ხალხის ცხოვრება ნაკლებად არის წარმოჩენილი. ფილმში არსად არავინ ლაპარაკობს მონების მდგომარეობაზე, დევნილ ებრაელებზე თუ ქრისტიანებზე, მთავარ გმირს ლუციუსს არ აქვს შედგენილი გეგმა რომში რესპუბლიკური მმართველობის აღსადგენად. ლუციუსი მხოლოდ დადებითი გმირის როლს ასრულებს, მას ხალხი მაინცდამაინც არ აინტერესებს - იმიტომ, რომ იგი იმპერატორის შთამომავალია.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2024/11/24/trump-america-rome-gladiator-lawfare-concubines/

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way