USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Tbilisi
ლონდონის საფონდო ბირჟის ასი უმსხვილესი კომპანიის სიას ქართული კომპანია Lion Finance Group PLC-ი დაემატა
Date:  60

ოფიციალურად განახლდა ლონდონის საფონდო ბირჟის ასი უმსხვილესი კომპანიის სია და მას ქართული კომპანია Lion Finance Group PLC-ი დაემატა, რომელიც “საქართველოს ბანკის” მფლობელი ჰოლდინგური კომპანიაა. შედეგად, Lion Finance-ი ოფიციალურად გახდა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიალური FTSE 100-ის ინდექსის შემადგენელი.

ინდექსის შემადგენლობაში არსებული კომპანიების სიის განახლება ყოველკვარტალურად, კომპანიების აქციების ფასის ცვლილების შედეგად ხდება. 2026 წლის 23 მარტიდან FTSE 100 დატოვა ორმა კომპანიამ Easyjet-მა და Hikma Pharmaceuticals-მა, ამ კომპანიების ნაცვლად კი ბირჟის პირველ ასეულში პოზიციები დაიკავა ქართულმა Lion Finance Group PLC-მ და ბრიტანულმა IG Group Holdings-მა.

FTSE 100-ის ინდექსის შემადგენლობაში ფიგურირებენ გლობალური ლიდერები ისეთი სექტორებიდან, როგორიცაა საბანკო-საფინანსო სექტორი (HSBC Holdings, Barclays), ენერგეტიკა (Shell, BP), ფარმაცევტიკა (AstraZeneca, GSK), გარდა ამისა, ინდექსში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს სამთო-მოპოვებით ინდუსტრიას (Rio Tinto, Glencore), სამომხმარებლო საქონლის წარმოებას (Unilever, Reckitt), სატელეკომუნიკაციო სფეროს (Vodafone Group) და სადაზღვევო სექტორს (Prudential, Legal & General), რითეილის სექტორს კი ისეთი კომპანიები წარმოადგენენ, როგორიცაა Burberry Group და Next. სექტორული მრავალფეროვნება და კომპანიების საერთაშორისო მასშტაბები განაპირობებს იმას, რომ FTSE 100-ის შემოსავლების უდიდესი ნაწილი გენერირდება გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ, რაც ინდექსს გლობალური ეკონომიკური ციკლების მიმართ მგრძნობიარეს ხდის.

FTSE 100-ის ინდექსში შესვლა კომპანიებისთვის უდიდესი მიღწევაა და ის მაღალ ნდობას და რეპუტაციას უსვამს ხაზს. ამასთან, ინდექსის მსხვილი ინვესტორები არიან გლობალური საპენსიო ფონდები და სახელმწიფო სუვერენული ფონდები (Sovereign Wealth Funds). მაგალითისთვის, ნორვეგიის სახელმწიფო საპენსიო ფონდი (Norges Bank Investment Management), რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სუვერენული ფონდია, ტრადიციულად ფლობს FTSE 100-ის კომპანიების აქციების მნიშვნელოვან წილს. ასეთი ტიპის ინვესტორები ორიენტირებულნი არიან გრძელვადიან სტაბილურობასა და დივიდენდურ ამონაგებზე, რაც FTSE 100-ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.

ინსტიტუციური ფონდების, მათ შორის ამერიკული საინვესტიციო გიგანტების (BlackRock, Vanguard), აქტიური მონაწილეობა ინდექსის მაღალი ლიკვიდურობის გარანტიაა. როდესაც ინდექსის შემადგენლობაში არსებული კომპანიების სიის განახლება ხდება, გლობალური საინვესტიციო ფონდები ახლოს ადევნებენ თვალს მიმდინარე პროცესებს და საკუთარ კაპიტალს ახალ კომპანიებში აბანდებენ. ინსტიტუციური კაპიტალის მაღალი კონცენტრაცია მიუთითებს იმაზე, რომ FTSE 100 განიხილება როგორც საიმედო პლატფორმა დიდი მოცულობის აქტივების განსათავსებლად, სადაც კორპორატიული მართვის სტანდარტები და ფინანსური გამჭვირვალობა საერთაშორისო მოთხოვნებს შეესაბამება.

აღსანიშნავია, რომ “საქართველოს ბანკი” ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველად 2006 წელს დაილისტა, 2012 წელს კი FTSE 250-ის ინდექსის წევრი გახდა.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way