USD 2.7064
EUR 3.1321
RUB 3.3255
Tbilisi
ლოგიკა vs სულიწმინდა, მედიცინა vs სასწაული
Date:  8436

პანდემიას რომ გვერდს ვერ ავუქცევდით, ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ კორონავირუსის წინააღმდეგ  ფრონტი თუ  ღმერთისა და ღვთაებრივი საიდუმლოს არსებობა-არარსებობის  საკითხის გარშემო  სამკვდრო-სასიცოცხლო პოლემიკაში გადავიდოდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი.  

შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მოკიდებული  ქართული ეკლესია არასოდეს  ყოფილა ისეთი მასირებული კრიტიკის სამიზნე, როგორც დღეს. სავარაუდოდ, მომავალ სოციოლოგიურ კვლევებში ეკლესიის რეიტინგის ვარდნას უნდა ველოდოთ.

სააგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, როცა ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვის მიუხედავად  ეკლესიამ  თავისი განჩინებით არ გააუქმა ღვთისმსახურება და  ზიარების ძველი წესიც  ძალაში დატოვა (თუმცა აღსანიშნავია, რომ  ეკლესიამ გაიზიარა  რეკომენდირებული უსაფრთხოების ზომები -მორწმუნეთა დაშორიშორება დადგენილ დისტანციაზე, დეზინფექციის უზრუნველყოფა, რიგ შემთხვევებში  ღვთისმსახურებმა მორწმუნეებს ზიარების სახლში მიღების პრაქტიკა შესთავაზეს). ეკლესიის პოზიციის მიმართ კრიტიკამ პიკს მიაღწია არგუმენტებით:  მრევლს იყენებს ბიოლოგიურ იარაღად  და ღმერთის სახელით  სასიკვდილოდ სწირავს. ამასთანავე  გამოცხადდა, რომ ეს პოზიცია არა მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისითაა გაუმართლებელი, არამედ ადამიანების სიცოცხლის სასწორზე შეგდებით „ჩვენ ღმერთს ვცდით“,  რაც   სახარებისეულადაც  მიუღებელი და დაუშვებელია.

ერთი სიტყვით, ეკლესიის პოზიცია ანტიჰუმანურად და არაქრისტიანულად გამოცხადდა.

არაზუსტია მთავარ სამიზნედ ეკლესიის შერჩევა.

ცოტა შორიდან და თვალსაჩინოებით დავიწყებ.

წარმოიდგინეთ,  რომ ბავშვები თამაშობენ,  მაგალითად,  ომობანას,   თამაშისას უსაფრთხო სათამაშოებს იყენებენ-პლასტმასის თოფებითა და ხმლებით „ვითომ-ვითომ“ მტრებს „ვითომ-ვითომ“ ებრძვიან.

ყველაფერი რიგზეა.

ბავშვები უნდა თამაშობდნენ-წარმოსახვით როლებს ირგებდნენ და ფანტაზიას გასაქანს აძლევდნენ,  ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობა და ჩვენგან მოსაწონი საქციელია,  ამიტომ არათუ  თამაშს არ ვუშლით, ვაქებთ კიდეც.

მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ბავშვებმა  წარმოსახვით  კიარა, ნამდვილ მტრებად მიიღეს ერთმანეთი და პლასტმასის იარაღებით კიარა, ქვებით, ჯოხებით, დანებით  ან სულაც  ცეცხლსასროლი იარაღით დაერივნენ „ნამდვილ მოწინააღმდეგეებს“.

ვუბრაზდებით და   ვაწყვეტინებთ სახიფათო თამაშს.

ეკლესიის კრიტიკოსი რაციონალისტების თვალში  ზიარება ფორმალური,  ყოველგვარ ღვთაებრივ  შინაარსსმოკლებული ცრუმორწმუნე ადამიანების ფანტაზის თამაშია „ვითომ-ვითომ“, მაგრამ სრულიად უწყინარი და ამიტომ მისაღები რიტუალური ქცევა, როგორც ბავშვებისათვის პლასტმასის უსაფრთხო სათამაშოებით ომობანას თამაში. მაგრამ როგორც კი აღმოჩნდა,  რომ ამ  უწყინარი ცერემონიალით  ცდუნებული ადამიანები  უბრალოდ თავიანთ ჭიას კი არ ახარებდნენ თურმე, არამედ   იგი ჩვენი ჯანმრთელობისათვის   საფრთხისშემცველ აქტად  შეიძლება  აქციონ,   პირგამეხებულები ვუპირისპირდებით  სწორედ ამ შეუვალ რწმენას, რომელსაც აქამდე ვიწყნარებდით და ვახალისებდით კიდეც (დავაზუსტოთ: მორწმუნეთა შეკრების აკრძალვისა  და ზიარების წესის გაუქმების თხოვნით ეკლესიისთვის მხოლოდ ე. წ. კრიტიკოს რაციონალისტებს არ მიუმართავთ. ცალკეული ღვთისმსახურებისა  და მორწმუნე მრევლის  ნაწილიც იგივე აზრზე დგას. მაგალითად, გუშინ გამოქვეყნდა გიგი უგულავას ღია წერილი პატრიარქისადმი, რომელშიც  მის უწმინდესობას ტაძრებში ღვთისმსახურების შეწყვეტისაკენ მოუწოდებს.  მანამდე გამოქვეყნდა ცალკეული მღვდლებისა და თეოლოგების განმარტება საპატრიარქოს განჩინებაზე).

ის, რაც თამაში გვეგონა, თავშექცევა  თუ მისტიფიკაცია, აღმოჩნდა ცოცხალი რწმენა.

არ დათმო კი არა, ჩვენ შეგვეშალა, რადგან არასწორი მოლოდინი გვქონდა.

გვეგონა ნელთბილი რწმენა, მოთხოვნილება გვქონდა ნელთბილ რწმენაზე და დაგვიხვდა შეუვალი რწმენა და  ნება, რომელზეც არ ჭრის სამედიცინო შეგონებები.

არ ჭრის შეგონებები  იმაზე, რომ ჩვენმა ეკლესიამ უნდა შეიცვალოს თავისი პოზიცია, როცა ართუ სხვა აღმსარებლობის, სხვა ქვეყნების მართლმადიდებელმა ეკლესიებმაც კი დააკორექტირეს  თავიანთი მიდგომა.

დიდი ხანია მოაზროვნე კაცობრიობა შეთანხმდა იმაზე, რომ სარწმუნოება მეცნიერება არ არის, მსოფლმხედველობაა, მსოფლმხედველობა მეცნიერულად დასაბუთებადი არ არის, ის არჩევანია.

ქართულ ეკლესიას დღემდე არასოდეს აურჩევია ყოფილიყო დემოკრატიული, წარმომადგენლობითი ინსტიტუცია, რომელიც მოქმედებს ხალხის, მრევლის აზრის გათვალისწინებითა და კარნახით. ქართული ეკლესია ყოველთვის იყო ორთოდოქსული.

ეკლესია თანმიმდევრულია თავის დოგმატზმში, ხოლო სახელმწიფოს პოზიცია არ არის თანმიმდევრული, წინააღმდეგობრივია.

ისევ შორიდან მოვუვლი.

ქმარს (ცოლს) რომ გაშორდეთ, რომელთანაც ჯვარი გაქვთ დაწერილი, მაგრამ ხელი არ გქონიათ მოწერილი, გექნებათ თუ არა საერთო ქონებიდან წილის მოთხოვნის უფლება.

რასაკვირველია არა. ასეთი უფლება წარმოიშობა მხოლოდ რეგისტრირებული სამოქალაქო ქორწინების საფუძველზე. ჯვარდაწერილ, მაგრამ ხელმოუწერელ ყოფილ მეუღლესთან ქონებრივ დავას ვერ წამოიწყებთ.

ნაკურთხი მანქანით, ტარების მოწმობის გარეშე, შეძლებთ თუ არა მანქანით სარგებლობას

არა, რასაკვირველია, დაჯარიმდებით.

მიეცეს კეისარს კეისრისა კი არადა, კეისარმა კეისრის საქმე უნდა აკეთოს.

ეროვნულ დარგობრივ პოლიტიკას, მათ შორის ჯანდაცვის სფეროს პოლიტიკას შეიმუშავებს და ატარებს სახელმწიფო. დარგობრივ რეგულაციებს-აკრძალვებსა თუ ნებართვებს -აწესებს სახელმწიფო და მასვე ევალება აღსრულებაზე კონტროლი. განა ეკლესიის საქმეა ეროვნული ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავება და მისი გატარება?! ეკლესია, რომელიც ზიარებას სულისა და ხორცის საკურნებელ ღვთაებრივ მისტერიად განიხილავს,  თვლის, რომ ზიარებისას  ინფიცირების რისკი კი არ ჩნდება, პირიქით, სულიწმინდის საიდუმლო  მადლი აუვნებელყოფს ინფიცირების საფრთხეს.

რა გვეთქმის სახელმწიფოზე, რომელიც, ერთის მხრივ,  წვეთოვანი გზით ინფექციის გავრცელების რისკებზე  გვაზღვევს, მეორეს მხრივ, უსაფრთხოდ მიიჩნევს საზიარებელი საერთო კოვზის  გამოყენებას და მასში ინფექციის გადამტან წყაროს ვერ ხედავს.

ეკლესიის ფიცი და ბოლო ერთია: ღვთაებრივი საიდუმლო აუქმებს მედიცინის კანონებს.

სახელმწიფოს რაც შეეხება, მისი ფიცი კი გვწამს, მაგრამ ბოლო გვაკვირვებს.

 თან ხშირად გვაკვირვებს.

მაგ: საპატრიარქოს გადაწყვეტილებით თბილისის ქუჩები მამაოებმა აკურთხეს(თბილისი რა მოსატანია, მამაოებმა მუსულმანებით დასახლებული მარნეულის ქუჩებიც აკურთხეს), მერე ნაკურთხ ქუჩებში ქალაქის მერიამ სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა, ბოლოს დეზინფიცირებულ ქალაქს მეუფემ შემოუფრინა სამოქალაქო ავიაციის ვერტმფრენით და დალოცა.

არ გაკვირვებთ?!

ავტორი: ნანა თოფურიძე

economics
საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება

საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება. შეღავათები ეხება სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულ პირებს, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მიერ ფასიანი ქაღალდებიდან მიღებულ შემოსავალს, არასტაციონარულ ვაჭრობას და უძრავი ქონების მიწოდების დაბეგვრას და სხვა.

მთავრობამ პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარუდგინა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის/საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება. ამასთან, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასებისთვის ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის შეღავათი.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის მოქმედი საშემოსავლო შეღავათი, რომლის მიხედვით, არ იბეგრება საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.

კანონის პროექტით, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განაგრძობს მოქმედებას თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება წესი, რომლის თანახმად, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოს მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში მისი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საინვესტიციო ოქროს მიწოდებისა და იმპორტის ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებას.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გრძელდება საგადასახადო შეღავათი, რომლის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია სსკ-ის შესაბამისი მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული ყველა პირობა.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე შენარჩუნებული იქნება საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის გამოთვლის არსებული წესი, რაც გულისხმობს, რომ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის მთავარ კომპონენტს - საქონლის საბაჟო ღირებულებას დაემატება საქართველოში კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, გარდა დღგ-ისა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way