USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
«Blitz» (ბანგლადეში): „საქართველო აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან ზეწოლას განიცდის“
дата:  170

ბანგლადეშის გაზეთ „ბლიცის“ (Blitz - იბეჭდება დაკაში 2003 წლიდან) 30 სექტემბერის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან ზეწოლას განიცდის“ (ავტორი - ანანდ შარმა), რომელშიც გადმოცემულია საქართველოს დღევანდელი საშინაო და საგარეოპოლიტიკური მდგომარეობა, განხილულია დასავლეთთან ურთიერთობის ასპექტები და პრობლემატიკა წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ბოლო თვეებში საქართველოს სახელმწიფო, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდებარეობს, დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარე გეოპოლიტიკური ბრძოლის ცენტრში აღმოჩნდა. აშშ და ევროკავშირი პატარა ქვეყანაზე მძაფრ პოლიტიკურ ზეწოლას ახდენენ. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე, ბრიუსელი და ვაშინგტონი თავის უკმაყოფილებას გამოხატავენ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიმართ, რომელიც მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ არის ჩამოყალიბებული. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება დემოკრატიული პრინციპებით არის არჩეული და მთავრობაც შესაბამისად შექმნილი, მმართველმა პარტიამ არ ისურვა რუსეთის მიმართ ისეთი კურსის გატარება, როგორიც მისგან დასავლეთმა მოითხოვა, ამიტომ ქვეყანა სანქციების დაწესების საფრთხის წინაშე დადგა. ამერიკა და ევროკავშირი ცდილობენ საქართველოზე დიპლომატიური ზეწოლა განახორციელონ და პოლიტიკური კურსი შეაცვლევინონ. ერთ-ერთი ასეთი მუქარაა ლიბერალური სავიზო რეჟიმის გაუქმება, ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შეჩერება და ა.შ.

ოფიციალური მიზეზი, რომელიც ამ მუქარების უკან დგას, არის ის, რომ საქართველო თურმე დემოკრატიულ ნორმებს არღვევს, არასწორ კანონებს იღებს... თუმცა რეალურად სულ სხვა გარემოებები არსებობს: საქართველოს ხელისუფლება, მართვის გარკვეული არასრულყოფილების მიუხედავად, მთლიანობაში დემოკრატიულ ძირითად ნორმებს მაინც იცავს. საკვანძო საკითხი აქ დემოკრატია კი არ არის, არამედ გეოპოლიტიკა. უკრაინისაგან განსხვავებით (რომელსაც დემოკრატიის სერიოზული დარღვევები აქვს და რომელსაც ბრიუსელი მაინც აქებს და ადიდებს), საქართველომ უარი თქვა ანტირუსული პოზიციის დაკავებაზე, რის გამოც, საბოლოო ჯამში, ქვეყანა ევროკავშირის რისხვის ქვეშ მოექცა. ბრიუსელი დაუმორჩილებელი ქვეყნების მიმართ, რომლებიც მის გეოპოლიტიკურ ინტერესებს არ ეთანხმებიან, კვლავ იყენებს დასჯის ისეთ მეთოდებს, როგორებიცაა უვიზო რეჟიმის შეჩერება ან გაუქმება, აგრეთვე პოლიტიკურ-ეკონომიკური სანქციები.

მართალია, ევროკავშირის ლიდერების რიტორიკა საქართველოს მიმართ თითქოსდა დემოკრატიის პრინციპების დაცვას ემსახურება, მაგრამ სინამდვილეში მათი მოქმედება ქვეყნის საშინაო საქმებში -  საარჩევნო პროცესში - ჩარევის ტოლფასია.  ქართველი ამომრჩეველისათვის ევროკავშირის გზავნილის მიზანი ნათელია: „მოიშორეთ თავიდან თქვენი მთავრობა, თორემ პრობლემები შეგექმნებათ“. ასეთი სახის საგარეო-პოლიტიკური ზეწოლა საქართველოს სუვერენიტეტს და სტაბილურობას ძირის გამოთხრით ემუქრება. ფაქტიურად, ევროკავშირი ღიად და დაუფარავად ახორციელებს დაშინების პოლიტიკას.

საქართველოს დიდი ხნის ისტორია აქვს იმისა, თუ როგორ ერევა დასავლეთი ქვეყნის საშინაო საქმეებში. 2003 წელს ქვეყანამ „ვარდების რევოლუცია“ გადაიტანა - მმართველი რეჟიმის ცვლა, რომელიც დასავლეთის მიერ იყო ინიცირებული და რომელმაც, საბოლოო ჯამში საქართველო რუსეთთან 2008 წლის ომამდე მიიყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი ხშირად აცხადებს ქართული დემოკრატიისადმი მხარდაჭერას, რეალობაში მის მოქმედებას პირიქითი, ნეგატიური ხასიათი აქვს. ევროკავშირის ბოლოდროინდელი მუქარები საქართველოს საშინაო პოლიტიკაში დასავლეთის ფართო ჩარევის მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს - ბრიუსელს ფართო სქემა აქვს შემუშავებული, რომლის რეალიზების შედეგად ქვეყანაში შეიძლება სახიფათო მოვლენები განვითარდეს.

ევროკავშირი ერთადერთი დასავლელი სუბიექტი არ არის, რომელიც საქართველოზე ზეწოლას ახდენს. ზემოთ უკვე ვახსენეთ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო აძლიერებს ქვეყნის პოლიტიკურ ლანდშაფტზე თავის გავლენას. ბოლო თვის განმავლობაში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა იმ მოტივით, რომ თითქოსდა საქართველოს პარლამენტი ანტიდემოკრატიულ კანონებს იღებს, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მიმართ სანქციები შემოიღო და ქვეყანას დახმარება შეუმცირა. ვაშინგტონი თავის მოქმედებას იმით ხსნის, რომ საქართველო თავის კანონმდებლობას ვითომდა რუსეთის კანონმდებლობას უთავსებს. მაგალითისათვის თეთრი სახლი და კონგრესი ასახელებენ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი მტკიცებით, კრემლის ანალოგიური სამართლებრივი აქტის ასლს წარმოადგენს და ისევე როგორც რუსეთში, საქართველოშიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ავიწროვებს. სინამდვილეში ქართული კანონი უფრო მეტად ამერიკულ ანალოგიურ კანონს ჰგავს (FARA - უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ), ვიდრე რუსულს, ოღონდ უფრო ლოიალურია და ნკლებად მკაცრი.

აშშ-ის ანტიქართულ რიტორიკაში უშუალოდ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩაერთო. ამას წინათ მან ერთი მხრივ, საქართველოს სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა გამოხატა, მაგრამ მეორე მხრივ, მის სიტყვებში ფარული მუქარებიც იგრძნობოდა: „თუ ევროატლანტიკურ კურსს არ გააგრძელებთ, რაც მოგივათ, თქვენს თავს დააბრალეთ“. ეს არის კლასიკური მაგალითი რეალური ამერიკული დიპლომატიისა, როცა სუვერენიტეტისადმი „მხარდაჭერა“ რიგი პირობების შესრულებასთან არის დაკავშირებული. 

როგორც ევროკავშირის შემთხვევაში, საქართველოზე აშშ-ის ზეწოლაც გეოპოლიტიკური მოსაზრებებით არის ნაკარნახევი. რადგანაც თბილისი მთლიანად არ იზიარებს დასავლეთის ანტირუსულ პოზიციას, ამიტომ ქვეყანა ხელისუფლების შეცვლის მცდელობის სამიზნე გახდა. ვაშინგტონი დიდი ხანია მხარს უჭერს „ფერად რევოლუციებს“ იმ ქვეყნებში, რომლებიც მას ეურჩებიან და თამაშის ამერიკულ წესებს არ იცავენ - ამ მხრივ არც საქართველო არ არის გამონაკლისი. 26 ოქტომბრის არჩევნების წინ აშშ-ის მიერ მიღებული სანქციებიც სწორედ ოპოზიციის მხარდაჭერას ემსახურება, რათა მმართველ პარტიას ძირი გამოუთხაროს და კრახი განიცადოს.

დასავლეთის ანტიქართული კამპანიის საფუძველს ვაშინგტონისა და ბრიუსელის რუსოფობიური პოლიტიკა წარმოადგენს. ამერიკამაც და ევროკავშირმაც ნათლად მიანიშნეს პარტნიორ ქვეყნებს (მათ შორის საქართველოსაც), რომ მათაც იგივე კურსი უნდა გაატარონ კრემლის მიმართ, მოსალოდნელი შიდაპოლიტიკური შედეგების მიუხედავად. უკრაინა ამის მკაფიო მაგალითია. ამ ქვეყანას დემოკრატიული მართვის უამრავი ნაკლოვანება აქვს, მაგრამ კიევი მაინც იღებს დასავლეთის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას - მთავარია, ხელისუფლება ანტირუსულ პოლიტიკას ატარებდეს.

საქართველომ უარი განაცხადა ასეთ თამაშში მონაწილეობაზე. პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც შორს დგას რუსეთი მარიონეტობისაგან, მხარს უჭერს უფრო პრაგმატულ მიდგომებს მოსკოვთან დამოკიდებულებაში. ასეთმა პოლიტიკამ გამოიწვია უთანხმოება დასავლეთთან, რომელიც რუსოფობიური დღის წესრიგის სრულ დაცვას ითხოვს. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნები საქართველოს მომავლისათვის კრიტიკულ მომენტად უნდა ჩაითვალოს - დასავლეთს სურს ქვეყნის სათავეში მორჩილი ხელისუფლება მოიყვანოს, რომელიც ყველა მოთხოვნას უსიტყვოდ შეასრულებს. (...)

საქართველოში შექმნილი სიტუაცია ქრესტომათიული მაგალითია იმისა, თუ როგორ პოლიტიკას ახორციელებს დასავლეთი დაუმორჩილებელი ქვეყნების მიმართ. როცა ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობა უარს აცხადებს ბრიუსელისა და ვაშინგტონის მიერ დადგენილი წესების შესრულებას, „ძლიერთა ამა სოფლისას“ პირველი ნაბიჯია დიპლომატიური ზეწოლის მოხდენა სუსტებზე. თუ ისინი დიპლომატიურ ზეწოლას გაუძლებენ, მაშინ მომდევნო ნაბიჯი იქნება მკაცრი ეკონომიკური სანქციების შემოღება, რომელთა მეშვეობითაც ისჯება მთავრობაც და უფრო მეტად მოსახლეობა, რომელიც მხარს უჭერს თავიანთ „ანტიდასავლურ ხელისფლებას“. რასაკვირველია, თუ უვიზი რეჟიმი და სხვა შეღავათ-დახმარებები გაუქმდება, მოსახლეობამ შეიძლება რისხვა საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართოს და არჩევნებში მას მხარი აღარ დაუჭიროს. და თუ ეს მეთოდიც არ იმუშავებს, მაშინ დასავლეთის მესამე ნაბიჯია „ფერადი რევოლუციის“ ინიცირება, რადგანაც ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, ყველა ქუჩაში საპროტესტო აქციებზე გამოდის.

დღეს საქართველოში ასეთი სიტუაციაა: დასავლეთის ძლიერი ზეწოლის მიუხდავად, ქვეყნის მთავრობა უკან არ იხევს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მუქარებს „იაფფასიანი შანტაჟი“ უწოდა , ხოლო აშშ გააფრთხილა, რომ ვაშინგტონის პოლიტიკა საქართველოს მიმართ „კრიტიკულ წერტილამდე“ მივიდა. ოფიციალურმა თბილისმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ ის ნებას არ მისცემს დასავლელ სახელმწიფოებს საშინაო პოლიტიკის გატარება უკარნახონ, თუნდაც დიპლომატიური იზოლაციისა და  ეკონომიკური სანქციების გამოცხადებით.

საქართველოს წინააღმდეგობა საშინაო პოლიტიკაში უცხოური ჩარევისადმი იმის ნიშანია, რომ ქვეყანა მზადაა დაიცვას სუვერენიტეტი და ქართული დემოკრატია. შეძლებს თუ არა საქართველო  დასავლეთის მძლავრი მექანიზმისადმი წინააღმდეგობის გაწევას და დაუშვებს თუ არა რეჟიმის შეცვლას, ეს ახლო მომავალში გაირკვევა, თუმცა ამ ეტაპზე თბილისი მტკიცედ დგას.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას:

საქართველო საპარლამენტო არჩევნების სამზადისშია, ფსონები ისეთი მაღალია, როგორც არასდროს. აშშ და ევროკავშირი ყველაფერს აკეთებენ, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინონ, ქართველი ამომრჩევლის მიმართ იყენებენ მუქარას, შანტაჟს, სანქციებს და პოლიტიკურ ზეწოლას, მაგრამ ქართველი ხალხი ამ მუქარებს წინააღმდეგობას უწევს, როგორც არაერთხელ მომხდარა მის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. დადგება დრო, როცა დასავლეთის შანტაჟი და ჩარევები შესუსტდება, გამოიფიტება და საქართველო ისეთ ქვეყნად გადაიქცევა, რომელიც ყველა სახელმწიფოსთან თანასწორ ურთიერთობას განავითარებს, უარს იტყვის ყოველგვარ ზეწოლაზე და შიდა საქმეებში ჩარევაზე. და თუ მართლაც ასე მოხდება, ეს იქნება მანიშნებელი დასავლური ელიტის მორიგი მარცხისა, რომელიც ვერ აცნობიერებს იმას, რომ სუვერენიტეტი პრივილეგია არ არის, რომლის გაუქმება შეიძლება. სუვერენიტეტის მიმართ ყველამ პატივისცემა უნდა გამოხატოს.

წყარო: https://weeklyblitz.net/2024/09/30/georgia-faces-pressure-from-the-eu-and-us/

мир
«Bloomberg» (აშშ): „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“

„როგორც ჩანს, წლევანდელი ზამთარი, შარშანდელ თბილთან შედარებით, ამჯერად უფრო ცივი იქნება. უკვე ისე აცივდა, რომ ევროპის გაზსაცავები სწრაფად ცარიელდება“, - ნათქვამია ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „ბლუმბერგის“ (Bloomberg) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“ (ავტორები - ანა შირიაევსკა და პრისცილა აზევედო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შარშან ევროპაში უჩვეულოდ თბილი ზამთარი იყო და რუსული გაზის შეწყვეტის მიუხედავად, გაზსაცავებში ჩატვირთული საწვავი ევროპელებმა გაზაფხულამდე იმყოფინეს, პლის გამონახეს დამატებითი ალტერნატიული წყაროებიც... მაგრამ ახლა, როცა პროგნოზით თანდათანობით აცივდება, გაზის ფასები უკვე მატულობს და უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენითაც ევროპა გაზს ვეღარ მიიღებს, ექსპერტების თქმით, ენერგეტიკული კრიზისის წინამძღვრები აშკარად ისევ იქმნება. არადა, ევროპა ჯერაც ვერ გამოსულა მთლიანად ორი წლის წინანდელი შოკისაგან, როცა ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი „ცას სწვდებოდა“.

რა თქმა უნდა, გაზის წლევანდელი ფასები 2022 წლის რეკორდულ ფასებზე მცირეა, მაგრამ მატება მაინც საგრძნობია, ანუ მოსახლეობის კეთილდრეობა მცირდება, ცხოვრების დონე ეცემა და მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობა უარესდება.

ზამთრის ყველაზე ცივ თვეებში გაზსაცავები მაშველი რგოლის როლს ასრულებენ, მაგრამ ნოემბრის სიცივეების გამო მოსახლეობაში გაზზე მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა. გარდა ამისა, ევროპაში ქარის ელექტროსადგურები ძირითადად უქმად დგანან, რადგან ქარის სიჩქარე დაბალია. შესაბამისად, მატულობს გაძვირებული გაზის გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, რაც ბუნებრივია, ელექტროდენის ფასს ზრდის.

დღეისათვის რუსული გაზით - უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის მეშვეობით -  ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა სარგებლობს, მათ შორის სლოვაკეთი და უნგრეთი. უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული სტრანზიტოს შეთანხმების ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება. კიევი აცხადებს, რომ კონტრაქტს აღარ გაახლებს. უნგრეთსა და სლოვაკეთს ენერგეტიკული უზრუნველყოფას საფრთხე ემუქრება.

ცივი ზამთრის გამო ცუდ დღეში ჩავარდება გერმანიაც. 2022 წელს ბერლინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზი თავისი გაზსაცავებისათვის მსოფლიო ბაზარზე რეკორდული ფასებით ეყიდა, თუმცა ამჟამად სხვა სიტუაციაა. გაზზე მაღალი ფასების გამო ბევრი ქარხანა წარმოებას ამცირებს ან სულაც ჩერდება. გამოდის, რომ მესამე წელია ევროპის უდიდესი ეკონომიკა, ენერგონედლეულის უკმარისობის გამო, ზეწოლას განიცდის.  გერმანიაში კი თუ სიტუაცია გაუარესდება, ეს ნიშნავს, რომ კრიზისის ვირუსი სხვა ქვეყნებსაც გადაედება.  თებერვალში დაგეგმილი ბუნდესტაგის არჩევნები შეიძლება მწვავე ეკონომიკური პრობლემების ფონზე ჩატარდეს.

ცივ ზამთარში ენერგიის დეფიციტი ძნელი გადასატანია, ასეთ სიტუაციებში მოსახლეობისადმი მოწოდებები ხარჯვის შემცირება-დაზოგვაზე საქმეს არ შველის: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ევროპელებს ამ ზამთარს ბედი აღარ გაუღიმებთ და ამიტომ იძულებულნი იქნებიან მეტი ძვირადღირებული თხევადი გაზის იმპორტი მოახდინონ, პარალელურად კი აზიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ჩინეთთან მიმართებით კონკურენტუნარიანობაც შეინარჩუნონ, რაც ერთობ რთულ ამოცანას წარმოადგენს.

წყარო: https://www.bloomberg.com/news/articles/2024-11-23/europe-is-already-facing-its-next-energy-crisis?srnd=phx-politics

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати