USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ლიმონათების გენიოსის პასუხი "კოკა კოლას"
дата:  2469

1952 წელს აშშ-ის პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს სტალინისთვის 100 ბოთლი "კოკა-კოლა" გამოუგზავნია. სტალინს პოლიტბიუროს წევრები შეუკრებია და სასმელით გამასპინძლებია. პარტიული ლიდერები აღფრთოვანებული დარჩენილან მისი გემოთი. გადაწყდა, რომ საპასუხო საჩუქრად ამერიკაში "კოკა-კოლაზე" ბევრად გემრიელი გაზირებული სასმელი გაეგზავნათ. ახალი, ყველასგან განსხვავებული სიროფის შესაქმნელად მოსკოვში 83 წლის მიტროფანე ლაღიძე გამოიძახეს. იმ დროისათვის "ლიმონათების გენიოსს" უკვე ასზე მეტი რეცეპტი ჰქონდა შექმნილი. მიტროფანეს ლიმონათს ამერიკაში ისეთი ფურორი მოუხდენია, რომ ტრუმენი ამერიკაში მისი შეტანით დაინტერესებულა. საბჭოთა კავშირში ამ გაცვლას "ჩვენი პასუხი "კოკა-კოლას" უწოდეს.

ცნობილი ფაქტია ისიც, რომ "ლაღიძის წყლებით" მოხიბლულმა ფრანკლინ რუზველტმა იალტის კონფერენციის შემდეგ 2 ათასი ბოთლი ქართული უალკოჰოლო სასმელი გაიყოლა სამშობლოში.

ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ბრენდის – „ლაღიძის წყლების“ ისტორია
 
ბავშვობა არსად მიდის. ის ჩვენთან რჩება თავისი ფერებით, ბგერებით, სურნელებით… თბილისური ეზო, სადაც მე დავიბადე, ხუთიოდე წლის წინ გაასწორეს მიწასთან, მაგრამ ჩემი მეხსიერებიდან ვერ ამოშალეს. იქ ისევ ისე გდია მთელი ეზოს ბავშვებისთვის საერთო „სამაკატი“, კაცები უზარმაზარი ლამფის შუქზე ისევ ისე თამაშობენ დომინოს, დილაობითაც ისევ ისე გვიფრთხობს ძილს მემაწვნის ძახილი, დასვენების დღეებში კი ისევ ისე მივდივართ სასეირნოდ რუსთაველის პროსპექტზე.
 
არცერთი სეირნობა არ მთავრდება ტრადიციული ხაჭაპურისა (რომლის არომატიც კილომეტრის იქით იგრძნობა) და უგემრიელესი „ლაღიძის წყლის“ გარეშე. ყველას გვიყვარს შოკოლადისა და ნაღების, ლიმონის, ფორთოხლის, ტარხუნის, მსხლის წყლები — ვერც მთელ ასორტიმენტს ჩამოთვლი კაცი და ვერც იმ სიამოვნებას გადმოსცემ სიტყვით, რომელსაც სასმელის თავზე მომდგარი ჰაეროვანი ქაფი და ტუჩებზე გაზის ბუშტუკების სკდომა განიჭებს…
 
„ლაღიძის წყლები“ ჩვენთვის ისეთივე საკულტო ადგილი იყო, როგორიც „მაკდონალდსია“ დღევანდელი ბავშვებისთვის, ოღონდ ერთი განსხვავებით: „მაკდონალდსი“ მთელ დანარჩენ მსოფლიოსთან გაერთიანებს, „ლაღიძე“ კი პირიქით, როგორც ნამდვილი თბილისელის ერთგვარი გენეტიკური კოდი, ეროვნულ იდენტურობას უსვამდა ხაზს.
 
გინდა იყო ლამაზი? დალიე ლაღიძის წყალი!
 
საყვარელი ბრენდის ისტორია, რომლის სახელიც კარგა ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს, ქუთაისში იწყება. გაღარიბებული ჭოლეველი აზნაურის შვილი, 14 წლის მოკრძალებული და შრომისმოყვარე ბიჭი მიტროფანე ლაღიძე ერთ დღეს კოკოჩაშვილისა და ივანიცკის აფთიაქში მივიდა და თანაშემწედ აყვანა სთხოვა. აიყვანეს.
 
აფთიაქარები საინტერესო საქმით იყვნენ დაკავებული — გამაგრილებელ სასმელებზე „ჯადოქრობდნენ“, რომლებსაც უცხოეთიდან ჩამოტანილი ესენციებისგან ამზადებდნენ. ბიჭი დიდხანს აკვირდებოდა პროცესს და ერთხელაც ხილის წყლების საკუთარი უნიკალური რეცეპტი შექმნა, რომელიც ნატურალურ პროდუქტებზე იყო დაფუძნებული. ეს 1887 წელს მოხდა. უკვე სამი წლის შემდეგ კი ახალგაზრდა მიტროფანე ლაღიძემ საკუთარი ლიმონათის ქარხანა გახსნა.
 
უალკოჰოლო სასმელების ჩამოსხმის სფეროში ცოდნის შესავსებად მიტროფანე ევროპაში გაემგზავრა. იქ მიღებულ გაკვეთილებს უკვალოდ არ ჩაუვლია: ლიმონათის ჩამოსასხმელად საქართველოში საფრანგეთიდან შუშის ბოთლების შემოტანა დაიწყეს და მომავალი ბრენდისთვის ეტიკეტი შექმნეს. მასზე ჩიხტიკოპიანი ქალი, მიტროფანეს დედა იყო გამოსახული და ჰქონდა წარწერა: „მოითხოვეთ ყველგან.
გემო და სუნი საამური აქვს. გაუფრთხილდით სიყალბეს“. წყლის გამყიდველები კი გაგრილების მსურველებს მაღაზიაში ასე უხმობდნენ: „გინდა იყო ლამაზი? დალიე ლაღიძის წყალი!“
 
ლაღიძის წყლებზე მთელ დასავლეთ საქართველოში ალაპარაკდნენ. 1906 წელს, ქართული ლიტერატურის ორი დედაბოძის — აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის ხელშეწყობით, მიტროფანემ ტფილისში, გოლოვინის პროსპექტზეც (ახლანდელი რუსთაველის გამზირი) გახსნა „ლაღიძის წყლები“.
 
მიტროფანემ ათი წლის შემდეგ ტფილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე სახლი იყიდა, რომელშიც დღემდე ცხოვრობს ლაღიძეების ოჯახი. ქარხანაც იქვე იყო, ახლა რომ კავშირგაბმულობის სახლს ვუწოდებთ ქალაქელები, იმის ადგილზე. მაგრამ 1921 წელს ქარხანა მთლიანად დაიწვა და მიტროფანემ სიროფების დამზადება–ჩამოსხმა საკუთარი სახლის სარდაფში განაგრძო.
 
ექვსი წლის შემდეგ კი საბჭოთა ხელისუფლება მივარდა და მეწარმეს საცხოვრებელი ფართის გაყოფა მოსთხოვა. მარტივად რომ ვთქვათ, ლაღიძეს სარდაფი წაართვეს და იქ ხალხი შეასახლეს. მაშინ მიტროფანემ გადაწყვიტა, თავიდან მოეშორებინა მაღაზია, ფიქრობდა, რომ ბოლშევიკები სარდაფის კონფისკაციით არ დაკმაყოფილდებოდნენ და უფრო შორს წავიდოდნენ. ამიტომ უნდა დაესწრო.
1926 წელს მიტროფანემ მაღაზია სახელმწიფოს გადასცა, ერთი წლის შემდეგ კი მაშინდელი კლარა ცეტკინის ქუჩაზე (დღევანდელი წინამძღვრიშვილის ქუჩა) მდებარე ქარხანა გადასცეს სამართავად. იმ დროის პირობებზე ქარხანა კარგად იყო აღჭურვილი, მოწინავე ტექნოლოგიები გამოიყენებოდა. სწორედ იქ აითვისეს პირველად 1934 წელს ნახშირორჟანგის გაზის წარმოება.
 
ლიმონათის იმპერია
 
იქიდან მოყოლებული, ლაღიძის ცნობილ ქარხანას მისამართი აღარ შეუცვლია… ეზოში უზარმაზარი სასიროფე ცისტერნებია. აქეთ-იქით ვიყურები, ვცდილობ გამოვიცნო, რომელია ის განსაკუთრებული საამქრო, სადაც საბჭოთა ნომენკლატურისთვის ისხმებოდა ლიმონათი. ყველა გენერალურ მდივანს საკუთარი გემოვნებითი უპირატესობები ჰქონდა. გამომგონებელი და მეცენატი მიტროფანე ლაღიძე, რომლის ხელშეწყობითაც აშენდა დასავლეთ საქართველოში პირველი ელექტროსადგური, ტიპოგრაფია, რომელშიც პირველად დაიბეჭდა იმ პერიოდის ქართველი პოეტებისა და პროზაიკოსების წიგნები, ამ ქარხანაში სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა.
ის ყოველდღე შემოდიოდა ამ ფართო ჭიშკარში — მუდამ ჰალსტუხით, პუნქტუალური და ღიმილიანი. კომპლიმენტები ქალბატონებს, ლიქიორები ყველა თანამშრომელს და დახმარება ყველა შეჭირვებულს — ეს მიტროფანე ლაღიძისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო. მის გულუხვობაზე ლეგენდები დადიოდა. ამბობდნენ, გაჭირვებულისთვის უარის თქმა არ შეუძლიაო.
მიტროფანეს შვილიშვილი თორნიკე ლაღიძე ქარხანაში ბაბუის გარდაცვალების წელს მივიდა – 1960-ში. თავდაპირველად მუშა იყო, მერე საამქროს უფროსი გახდა, დღეს კი ქარხნის დირექტორია. რაღა თქმა უნდა, კარიერული კიბის ავლა უფრო სწრაფადაც, რამდენიმე საფეხურის გამოტოვებითაც შეიძლებოდა, ბოლოს და ბოლოს, ბაბუა ქარხნის დირექტორი და საბჭოთა კავშირის კვების მრეწველობის სამინისტროს „გლავფრუქტვოდის“ მთავარი კონსულტანტი იყო, მაგრამ ეს მიტროფანე ლაღიძის შინაგან კოდექსს ეწინააღმდეგებოდა, რომელიც თავიდან არც კი აპირებდა შვილიშვილის ქარხანაში მიღებას.
 
თორნიკე ლაღიძე ღიმილით მხვდება და ხელს მართმევს. ჯდება, მერე უცბად, თითქოს რაღაც გაახსენდაო, მეორე ოთახში გადის და ლიმონისა და მსხლის ლიმონათებით ბრუნდება. ბოთლებს ხსნის, სასმელს მისხამს და მოხერხებულად ჯდება სავარძელში. თითქოს მიტროფანე ლაღიძის დროიდან არსებულ ერთგვარ რიტუალს ასრულებსო. თორნიკე ბიძის საპატივსაცემოდ ჰქვია, რომელმაც საფრანგეთში გაატარა მთელი ცხოვრება.
 
„მიტროფანეს ხუთი შვილი ჰყავდა. ყველაზე უფროსი, თინა მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტზე ექიმად მუშაობდა, ომის მერე კი — მამასთან, ქარხანაში. თინას მოსდევდა ორი ძმა — თორნიკე და ჯუანშერი, რომლებიც მიტროფანემ გერმანიაში გაგზავნა სასწავლებლად. ომი რომ დაიწყო, ძმები ინგლისში გადავიდნენ, მერე კი საფრანგეთში დაფუძნდნენ. ყველაზე უმცროსები ვახტანგი (თორნიკეს მამა) და რამაზი იყვნენ. ევროპაში მცხოვრები ძმებისგან კარგა ხანი არაფერი ისმოდა. მშობლებმა ისიც კი არ იცოდნენ, ცოცხლები იყვნენ თუ მკვდრები. ძმებმა მხოლოდ ბევრი წლის შემდეგღა შეძლეს კავშირზე გამოსვლა. ბაბუა სიცოცხლის ბოლომდე ოცნებობდა მათ ნახვაზე…“
უმცროსმა თორნიკემ უფროსი სეხნია პირველად 1976 წელს იხილა. ბიძამ ბევრჯერ გამოუგზავნა ვიზა ძმიშვილს, მაგრამ თორნიკეს ქვეყნიდან არ უშვებდნენ. დღე, როდესაც უმცროსი თორნიკესთვის რკინის ფარდა აიწია და საფრანგეთში გაფრინდა, ბიძა–ძმიშვილის შეხვედრის პირველი და უკანასკნელი დღე იყო – დილით უფროსი თორნიკე გარდაიცვალა, გულმა ვერ გაუძლო მოზღვავებულ მღელვარებას.
 
წყლის ნოსტალგია
 
ისტორიულმა ბრენდმა, რომელიც ტფილისის განუყოფელ ნაწილად იქცა, აყვავების პერიოდებიც გამოიარა – ნატურალური ინგრედიენტების არომატით აღფრთოვანებულმა ფრანკლინ რუზველტმა იალტის კონფერენციის შემდეგ 2 ათასი ბოთლი „ლაღიძის წყალი“ გაიყოლა თან, — და სრული ჩავარდნისაც: ოდესღაც, ეკონომიკური კრიზისისა თუ ზოგიერთი თანამშრომლის არაკეთილსინდისიერების გამო (სიროფებს აკლებდნენ სასმელს) ცნობილ ლიმონათზე მოთხოვნა ჯერ დაეცა, მერე კი საერთოდაც გაქრა.
 
მხოლოდ ბოლო წლებშიღა გამოჩნდა ქალაქში კაფეები წარწერით „ლაღიძის წყლები“. თუმცა არც ერთ მათგანს, იმასაც კი, რომელიც ოდესღაც მიტროფანე ლაღიძის კუთვნილ სარდაფშია გახსნილი, არანაირი კავშირი არ აქვს თავად ლაღიძეების ოჯახთან. ისინი უბრალოდ ლაღიძის ქარხნისგან ყიდულობენ გაზირებული სასმელის დასამზადებელ სიროფებს.
 
თორნიკე ლაღიძის თქმით, ბრენდის ნამდვილი აღდგენა ის იქნებოდა, რომ ისტორიული კაფე გახსნილიყო — სწორედ ის, რომელიც თავად მიტროფანემ დააარსა. ოჯახმა არაერთხელ მიმართა მთავრობას თხოვნით, მიეცათ 1926 წელს მიტროფანე ლაღიძის მიერ სახელმწიფოსთვის საჩუქრად გადაცემული შენობის შესყიდვის უფლება, რომელიც 2007 წელს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა და, არაერთხელ გაყიდვის შემდეგ, საბოლოოდ ბანკის საკუთრება გახდა. ამჟამინდელმა მთავრობამ ტფილისური ოაზისის აღდგენის პირობა კი დადო, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როგორც ეს ჩვეულებისამებრ ხდება, დაპირება დაივიწყეს.
 
„ჩემმა განსვენებულმა მეგობარმა, მსახიობმა ოთარ მეღვინეთუხუცესმა ბიძინა ივანიშვილთან საუბარში ახსენა როგორღაც ეს იდეა. მასაც თითქოს რაღაც პირობა მიუცია. ბევრი მეუბნება, მიდით, ბატონო თორნიკე, დაელაპარაკეთ, მიაწექითო… მაგრამ ეტყობა ისეთი ძლიერი არ ვარ. ძალიან მერიდება, რომ ვინმეს რამე ვთხოვო, დავაძალო…“ — საკუთარი თავის მიმართ საყვედურით ამბობს ბატონი თორნიკე და უნებურად წუთის წინ მის მიერვე მოყოლილი ისტორია მახსენდება მიტროფანეს ცხოვრებიდან.
 
„მიტროფანეს ხშირად უწევდა მოსკოვში ჩასვლა. ერთხელაც სტალინს, რომელსაც კარგად იცნობდა, როგორღაც უთქვამს მისთვის, რას დარბიხარ წინ და უკან, მოსკოვში გადმოდი საცხოვრებლადო. ამაზე მიტროფანეს უპასუხია, არა, ვერ გადმოვალ, ოჯახი მყავს, შვილიშვილს ვზრდიო. დაუყრია კითხვები, შენ რატომ ზრდი, მამა სად არისო? ჰოდა, ბაბუაც იძულებული გამხდარა ეთქვა, რომ შვილი, ანუ მამაჩემი, 37–ში დაუპატიმრეს და უკვე მეორე წელი მიდიოდა, რაც ციხეში იყო, რადგან პოლიტიკურ ლიდერებზე რაღაც უთქვამს მოურიდებლად. მიტროფანესა და სტალინის საუბრისას კაბინეტში ბერია შესულა. მასაც ძალიან კარგად სცნობია ბაბუაჩემი — ლავრენტი პავლოვიჩის მეუღლე მამიდაჩემ თინას კლასელი ყოფილა. სტალინს ბერიასთვის დაუვალებია საკითხში გარკვევა… და ორი თვის შემდეგ მამა ციხიდან გაათავისუფლეს. თუმცა უკვე ძალიან ავად იყო და ამ ქვეყნიდან ადრე წავიდა“, — ოხვრით ამბობს ბატონი თორნიკე.
როგორც ვატყობ, სამსახურებრივი და საზოგადოებრივი მდგომარეობის პირადი მიზნებისთვის ვერგამოყენება ლაღიძეთა საგვარეულო თვისებაა — ჩვენი სინამდვილისთვის იშვიათი თვისება.
 
გამოუცხადებელი ნაძლევის ქრონიკა: კოკა–კოლა VS ლაღიძე
 
1952 წელს აშშ–ის პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს სტალინისთვის 100 ბოთლი „კოკა–კოლა“ გამოუგზავნია. სტალინს პოლიტბიუროს წევრები შეუკრებია და სასმელით გამასპინძლებია. პარტიული ლიდერები აღფრთოვანებული დარჩენილან მისი გემოთი. გადაწყდა, რომ საპასუხო საჩუქრად ამერიკაში „კოკა–კოლაზე“ ბევრად გემრიელი გაზირებული სასმელი გაეგზავნათ.
 
ახალი, ყველასგან განსხვავებული სიროფის შესაქმნელად მოსკოვში 83 წლის მიტროფანე ლაღიძე გამოიძახეს. იმ დროისათვის „ლიმონათების გენიოსს“ უკვე ასზე მეტი რეცეპტი ჰქონდა შექმნილი. მიტროფანეს ლიმონათს ამერიკაში ისეთი ფურორი მოუხდენია, რომ ტრუმენი ამერიკაში მისი შეტანით დაინტერესებულა. საბჭოთა კავშირში ამ გაცვლას „ჩვენი პასუხი „კოკა–კოლას“ უწოდეს. ამერიკული პასუხი მრავალი წლის გასვლის შემდეგ მივიღეთ, როცა საქართველოში ამერიკული სასმელის წარმოება დაიწყეს, ხოლო თემურ ჭყონიას მთავარ ტექნოლოგად და მოადგილედ, კომპანიის ვიცე–პრეზიდენტად ბატონი თორნიკეს ვაჟი, დიდი მიტროფანეს შვილთაშვილი ვახტანგ ლაღიძე დანიშნეს. მოდი და ნუ გაგახსენდება ფრთიანი ფრაზა კინოფილმიდან: ღმერთს იუმორის გრძნობა აქვს!
 
ამბობენ, მომავალი ახალ თაობას ეკუთვნისო. ის კი „პეპსის“ ან „კოლას“ კი არ ირჩევს, არამედ „ლაღიძეს“. თორნიკე ლაღიძის შვილიშვილი უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სახელოვანი ბაბუის ქარხანაში მივიდა. ვინ იცის, იქნებ ეს იქცეს ძველი ბრენდის ახალ სტარტად და გასულ ასწლეულში ორ მსოფლიო ბრენდს შორის დადებული გაუხმაურებელი სანაძლეო ქართული სასმელის გამარჯვებით დასრულდეს…
 
 
 
 
 
общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати