USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
Tbilisi
ლიბანი - როგორ აღმოჩნდა ახლო აღმოსავლეთის მოწინავე ქვეყანა კოლაფსის პირას
Date:  

"ვფიქრობ, ერაყში ინტერვენციის დროს ჩვენ ბოლომდე არ ვიცოდით, თუ რამდენად ღრმად აქვს ფესვები გადგმული სექტარიანულ დაყოფას ახლო აღმოსვლეთში, ჩვენ ეს არ გვესმოდა". – ეს სიტყვები ალჟირსა და სირიაში აშშ-ს ყოფილ ელჩს, რობერტ ფორდს ეკუთვნის. მართლაც, თუ შესაძლებელია პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონის ერთი წინადადებით დახასიათება, ეს სწორედ სექტარიანულ დაყოფას უნდა ეხებოდეს. - აკა ზარქუა.

სექტარიანულობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ლიბანში, სადაც კონფესიალურობა მთელი პოლიტიკური სისტემის ქვაკუთხედი და მოქალაქეთა ცხოვრების ყველა ასპექტის განმსაზღვრელია. წინა კვირას, ქვეყნის დედაქალაქში მომხდარმა აფეთქებამ მთელი მსოფლიოს ყურადღება ლიბანისკენ მიაპყრო. აფეთქების შედეგადაც გარდაიცვალა 135, დაშავდა ათასობით და თავშესაფრის გარეშე დარჩა 300 ათასამდე ადამიანი.

აფეთქებაზე საუბრისას, რეგიონის სპეციალისტები ხშირად ამბობენ, რომ ამგვარი ტრაგიკული შემთხვევისთვის უფრო ცუდი დრო რთულად წარმოსადგენია. საქმე ისაა, რომ ლიბანი შემთხვევამდეც, თავისი ტრაგიკული ისტორიის საზომითაც, განსაკუთრებით მძიმე პერიოდს გადიოდა. გასული წლის ბოლოს ქვეყანაში კიდევ ერთი რევოლუცია მოხდა, მთავრობა სუსტი და დისფუნქციურია, უკვე თებერვალში ქვეყანამ საგარეო ვალზე დეფოლტი გამოაცხადა, ბოლო თვეებში ნაციონალური ვალუტა 80%-ით გაუფასურდა, ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისია.

ერთ დროს ახლო აღმოსავლეთის მოწინავე და ყველაზე წარმატებული ქვეყანა უფსკრულის პირას დგას. უკვე ათწლეულებია, ლიბანი პერმანენტული კრიზისის პირობებში ცხოვრობს.

დღეს ახლო აღმოსავლეთის 5 სახელმწიფო, სხვადასხვა ფორმით, ეგზისტენციალურ კრიზისს განიცდის - იემენმა, სირიამ, ერაყმა და ლიბიამ ბოლო წლებში აჯანყებების, სამოქალაქო ომების, უცხოური ჩარევებისა და რეგიონალური, ე. წ. პროქსი ომების ქარცეცხლი გამოიარეს, თუმცა ლიბანის კრიზისი განსხვავებულია და, ძირითადად, შიდა ფაქტორებით არის განპირობებული. ერთადერთი პოლიტიკური სისტემა, რომელიც ქვეყანას გამოუცდია, კოლაფსის პირასაა და, შეიძლება, საბოლოოდ განადგურდეს.

პრობლემის სათავე - საიქს-პიკოს შეთანხმება

 

მარცხნივ ფრანცუა ჟორჟ პიკო, მარჯვნივ მარკ საიქსი
ფოტო: https://www.telegraph.co.uk

 

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, რეგიონის სპეციალისტების უმრავლესობა პრობლემების სათავედ სწორედ საიქს-პიკოს შეთანხმებას ასახელებს. 1916 წელს ფრანგი და ბრიტანელი ჩინოვნიკების, ფრანცუა ჟორჟ პიკოსა და მარკ საიქსის მიერ გაფორმებული შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში გავლენის სფეროების გაყოფას გულისხმობდა.

საიდუმლო შეთანხმებით, პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ოსმალური იმპერიის ტერიტორია ბრიტანეთისა და საფრანგეთის გავლენის სფეროებად დაიყო. საიქს-პიკოს შეთანხმებამ საფუძველი დაუდო ახალი გარიგებების, შეთანხმებებისა და ზავების პროცესს, რომელიც 9 წელი გაგრძელდა და ოსმალეთის კარკასისგან თანამედროვე ახლო აღმოსავლეთი ჩამოაყალიბა. თანამედროვე საზღვრები მცირედით თუ ჰგავს საიქსისა და პიკოს ჩანაფიქრს, თუმცა მათ მიერ შეთანხმებული რუკა კვლავაც რეგიონის პრობლემების მთავარ წყაროდ განიხილება.

ამ გარიგებით, ეთნიკური თუ რელიგიური თავისებურებების გათვალისწინების გარეშე, ახლო აღმოსავლეთის თანამედროვე სახელმწიფოები შეიქმნა. მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის მიჯნაზე, მსოფლიოში დეკოლონიზაციის პროცესი დაიწყო და ამ სახელმწიფოებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს. კოლონიზაციის პროცესში შეიქმნა ახალი სახელმწიფო დროშები, აშენდა სასახლეები, ჩამოყალიბდა ახალი ფინანსური, სამხედრო თუ პოლიტიკური ელიტები, მაგრამ, თუმცა ყოფილ კოლონიებში არ არსებობდა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩრდილოვანი იყო, ხოლო საკანონმდებლო ბაზა ძალიან სუსტი.~

 

ესე გამოიყურებოდა რეგიონის რუქა გავლენის სფეროების დაყოფის შემდეგ
ფოტო: Brittanica.com

 

ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფო იყო ლიბანიც, რომელიც ისტორიკოსების ნაწილის აზრით, სრულიად ხელოვნურ კონსტრუქციას წარმოადგენდა. ამასთანავე, ლიბანი ახლო აღმოსავლეთის ერთგვარი ემბლემაა, სიმბოლო იმისა, თუ რა არის ახლო აღმოსავლეთი, ლიბანი არის რეგიონში არსებული რელიგიების, ეთნოსებისა და სექტების მოზაიკა.

ამგვარი ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება გათვალისწინებულ იქნა პოლიტიკური სისტემის შერჩევისას და სახელმწიფო მოწყობაც სწორედ კონფესიონალურ ნიადაგს დაეფუძნა. დაუწერელი შეთანხმების მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი მარონიტი ქრისტიანისთვის იყო განკუთვნილი. ქრისტიანები მაშინ მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენდნენ, პრემიერის პოსტი სუნიტ მუსლიმებს ერგოთ, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი შიიტი მუსლიმებისთვის იყო განკუთვნილი.

პონცის პოლიტიკური სქემა

 

ლიბანის დამოუკიდებლობის გამოცხადება 1943 წლის 22 ნოემბერი

 

ცხადია, ძალაუფლების ამგვარი დაყოფა, სუსტი სახელმწიფოს მუდმივი პოლიტიკური დესტაბილიზაციისა და ინსტიტუციური კორუფციის რისკებს ქმნიდა. მიუხედავად ამისა, ამგვარმა პოლიტიკურმა სქემამ ლიბანში, ერთგვარად, ძალაუფლების დაყოფისა და სახელმწიფოს შემზღუდავი როლი შეასრულა. ამგვარი სისტემის პირობებში ვერცერთი პოლიტიკური ჯგუფი ვერ ფლობდა გადაწმყვეტ უმრავლესობას, რაც, თავის მხრივ, მცირე პოლიტიკური ჯგუფის ხელში ჭარბი ძალაუფლების კონცენტრირების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებდა.

შედეგად, ლიბანი დროთა განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დინამიურად განვითარებად, სტაბილურ და თავისუფალ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. მაშინ, როდესაც მეზობელ სირიაში 1945 წლიდან 1970 წლამდე 20 სამხედრო გადატრიალება მოხდა, ლიბანი ეკონომიკურად ვითარდებოდა, ქვეყანაში დაცული იყო სიტყვის, გამოხატვისა და სხვა სამოქალაქო თავისუფლებები.

მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ლიბანი ღარიბია ბუნებრივი რესურსებით და რამაც, ლიბანის განვითარებაში დადებითი როლიც შეასრულა. ნავთობის მარაგების არარსებობის პირობებში ლიბანში ჩამოაყალიბდა სერვისებზე ორიენტირებული ეკონომიკა, სადაც დაცული იყო კერძო საკუთრება და კაპიტალი. ქვეყანა გახსნილი იყო უცხოური ინვესტიციებისთვის და რეგიონის ფინანსურ ცენტრად იქცა. ლიბანი გამოირჩეოდა თავისუფალი ცხოვრების წესით და სეკულარიზმის მაღალი ხარისხით.

1950-დან 1974 წლამდე ლიბანის ეკონომიკა წელიწადში, საშუალოდ, 7%-ით იზრდებოდა, ხოლო ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 2-3%-ს არ აღემატებოდა. ამ დროისთვის ქვეყნის მშპ ერთ სულზე, დაახლოებით, 1 200 დოლარს შეადგენდა, რაც განვითარებადი სახელმწიფოების რიგში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. ლიბანი მეზობლებისგან გამოირჩეოდა წერა-კითხვისა და განათლების მაღალი დონითაც. ქვეყანა ამ პერიოდში რეგიონში ყველაზე კვალიფიური მუშახელის სამშობლო იყო.

სწრაფი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, აქტუალური გახდა თანასწორობის საკითხი, თუმცა არა იმდენად ეკონომიკურ ჭრილში, რამდენადაც პოლიტიკურად. საქმე ის არის, რომ მარონიტი ქრისტიანები ყველაზე ძლიერ ჯგუფს წარმოადგენდნენ. მათ ეკავათ პრეზიდენტის პოსტი, რომელსაც, ბალანსის სისტემის მიუხედავად, ბევრ საკითხში საბოლოო სიტყვა ეკუთვნოდა. ამავდროულად, სწორედ მარონიტები იკავებდნენ პარლამენტში მანდატების ნახევარზე მეტს.

 

წამებულთა მოედანი, ბეირუთი 1970-იანი წლების დასაწყისი

 

ქვეყანაში არსებულ სხვა დომინანტურ სექტებს კი მეტი პოლიტიკური წარმომადგენლობა და მათი ძალაუფლების გაფართოება სურდათ. აქტუალური იყო ეკონომიკური თანასწორობის საკითხიც. საქმე ისაა, რომ ქვეყანაში არსებული ბიზნესების უმრავლესობას სწორედ ქრისტიანები ფლობდნენ, მათი გასაშუალოებული შემოსავალი კი მნიშვნელოვნად აღემატებოდა მუსლიმებისას.

1974 წლისთვის ქვეყნის საშუალო კლასი მოსახლეობის 25%-ს მოიცავდა, 21% მიიჩნეოდა ძალიან მდიდრად ან შედარებით მდიდრად, ხოლო 54% ღარიბად ან შედარებით ღარიბად, მათი უმრავლესობა კი სწორედ მუსლიმები იყვნენ. საბოლოოდ, ლიბანში მყიფე ბალანსის რყევა 1970-იან წლებში დაიწყო.

 

სასტუმრო ექსელსიორი

 

სწორედ 1970 წელს იორდანიის მეფემ, ჰუსიენმა ქვეყნიდან პალესტინელი მიგრანტების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ისტორიაში შავი სექტემბრის სახელით შევიდა. სწორედ შავი სექტემბერი ეწოდებოდა პალესტინურ ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელმაც მიუნხენის ოლიმპიადის ტერაქტი განახორციელა. პალესტინელი მიგრანტები იორდანიაში მას შემდეგ აღმოჩნდნენ, რაც 1967 წელს არაბული სახელმწიფოების კოალიცია ისრაელთან 6 დღიან ომში დამარცხდა.

ომის შედეგად, ისრაელმა ახალი ტერიტორიები შემოიერთა, ხოლო პალესტინელების 12% დევნილობაში აღმოჩნდა. პალესტინელების ყოფა იორდანიაში ადგილობრივ მთავრობასთან შეტაკებებით დასრულდა, რის შედეგადაც დაახლოებით 300 ათასი პალესტინელი ლიბანის ტერიტორიაზე გადავიდა.

სუნიტი დევნილების მრავალრიცხოვანი ჯგუფის შესვლამ ლიბანში ისედაც სუსტი პოლიტიკური სისტემის რყევა გამოიწვია. პალესტინელების გადასახლებით ლიბანში ძალაუფლების ახალი ცენტრი წარმოიშვა, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა ქვეყანაში ძალთა ბალანსი, რაც საბოლოოდ პოლიტიკური სისტემის ნგრევასა და სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ლიბანი - 75

 

წარწერა: ლიბანი ლიბანელებისთვის, ბეირუთი 1975 წელი

 

სამოქალაქო დაპირისპირებას საფუძვლად დაედო მარონიტი ქრისტიანებისა და პალესტინელი დევნილების, კერძოდ, პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის დაპირისპირება. ფიზიკური დაპირისპირება მხარეებს შორის, ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებში, გამყოფი სადემარკაციო ხაზის ირგვლივ წარმოიშვა. 18 იანვარს ლიბანის მარონიტი ქრისტიანების პარტიის, კატაების წევრები სამხრეთით მდებარე პალესტინელების სოფელ კარანტინაში შეიჭრნენ. ფალანგისტებმა ბანაკში ათასზე მეტი ადამიანი მოკლეს.

საპასუხოდ, პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციამ სასაკლაო მოაწყო, ასევე, სამხრეთში მდებარე მარონიტების დასახლებაში, რასაც ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა. ამის შემდეგ ლიბანი სამოქალაქო ომის ფაზაში შევიდა. გაყოფა მოხდა არმიასა და მთავრობაში, ქვეყანა ცენტრალური ხელისუფლების გარეშე დარჩა.

წინააღმდეგობის ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი, ცხადია, უშუალოდ ბეირუთი იყო. ამ დროს ქალაქი დასავლურ მუსლიმურ და აღმოსავლურ ქრისტიანულ ნაწილებად დაიყო. ბექაას ხეობაში და ქვეყნის სამხრეთით, სადაც ტრადიციულად შიიტები ცხოვრობდნენ, ყველაზე გავლენიანი ძალა შიიტი კლერიკოსის, მულა ალ-სადრის მიერ დაარსებული პარტია ამალი იყო. სამოქალაქო კონფლიქტმა ლიბანში 15 წელს გასტანა. ეს იყო ომი, რომელიც მალე გადაიქცა რეგიონის უფრო დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების არენად.

 

აღმოსავლეთ ბეირუთი, აკრაფია 1976 წელი

 

მოგვიანებით, ქრისტიანული ჯგუფები ბაშირ ჟიმაიელის მეთაურობით პარტია ლიბანურ ძალებში გაერთიანდნენ. სუნიტური ორგანიზაციების პოზიციები თავიდან გაიყო, თუმცა მალევე მათი უმრავლესობაც ქრისტიანებს დაუპირისპირდა. კონფლიქტმა არა ეთნიკური, არამედ სექტარიანული, რელიგიური ხასიათი მიიღო. თუმცა მოკავშირეები და მტრები ამ ომში ხშირად და ელვის სისწრაფით იცვლებოდნენ.

მალევე, 1976 წელს, სამოქალაქო კონფლიქტში პირდაპირ ჩაერთო სირია და ლიბანში სამშვიდობო ჯარები შეიყვანა. ამავე წლის შემოდგომაზე სპარსეთის ყურის ქვეყნების მედიაციით გაფორმდა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმება. მოკლე მშვიდობა მხარეებმა დაპირისპირების ახალი ტალღის მოსამზადებლად გამოიყენეს, რის შემდეგაც დაიწყო ე. წ. ასდღიანი ომი.

ლიბანში მიმდინარე სამოქალაქო ომს დროში დაემთხვა ირანის ისლამური რევოლუციაც, რამაც რეგიონზე სეისმური ეფექტი იქონია. ირანის სახით ახალი, დინამიური და რევოლუციური მოთამაშის გაჩენამ თავისი გავლენა იქონია ლიბანზეც - საქმე ისაა, რომ ლიბანის სამხრეთით, შესაბამისად, ისრაელის საზღვართან და ბექაას ხეობაში მოსახლეობის უმრავლესობა შიიტური ისლამის მიმდევარია, ირანი კი მსოფლიოში ერთადერთი შიიტური სახელმწიფოა.

ამ ხელსაყრელი პირობების გათვალისწინებით ირანმა მალევე დაიწყო ისლამური რევოლუციის ექსპორტი, მათ შორის, ლიბანშიც, სადაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებმა შიიტური ტერორისტული ორგანიზაცია - ჰეზბოლა დაარსეს, რაც თარგმანში ალაჰის პარტიას ნიშნავს.

 

ლიბანი 1980-იანი წლები, ჰეზბოლას მებრძოლი აიათოლა ხომეინის გამოსახულების ფონზე

 

ჰეზბოლა დროთა განმავლობაში მოიკრებს ძალებს, მომდევნო ათწლეულებში ორგანიზაცია ირანის ყველაზე წარმატებულ საგარეო პროექტად და ანგარიშგასაწევ რეგიონალურ მოთამაშედ ჩამოყალიბდება. ლიბანის ომში მალევე მოუწია ჩართვა დასავლურ სახელმწიფოებსაც და ქვეყანაში გაეროს ეგიდით რამდენიმე ევროპული ქვეყნისა და აშშ-ს სამხედრო ნაწილები განლაგდა, თუმცა მათი ყოფნა ლიბანში ხანმოკლე აღმოჩნდა.

ჰეზბოლას სახელი მსოფლიომ 1983 წლის 23 ოქტომბერს სწორედ დასავლური სახელმწიფოების სამხედრო ბაზაზე მომხდარი ტერაქტის მეშვეობით გაიგო.

ამ დღეს, ამერიკელი საზღვაო ქვეითების ბაზაზე თვითმკვლელი ტერორისტი მერსედესის მარკის სატვირთო ავტომობილით შევიდა. ავტომობილი ჰგავდა სატვირთოს, რომელიც ბაზას წყლით ამარაგებდა, ამიტომაც ბლოგპოსტები უპრობლემოდ გაიარა. ბაზის ტერიტორიაზე შესვლისთანავე 5 ტონა ტროტილით დატვირთული ავტომობილი პირდაპირ შენობისკენ დაიძრა, ჯარისკაცებმა ცეცხლი დაგვიანებით გახსნეს, რადგანაც სამშვიდობო ჯარებს არ ჰქონდათ უფლება, იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში ჰქონოდათ.

 

ასე გამოიყურებოდა აშშ-ს საზღვაო ქვეითების ბაზა დამანგრეველი აფეთქების შემდეგ

 

შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ანალოგიური შეტევა განხორციელდა ფრანგი ჯარისკაცების ბაზაზე. შედეგად დაიღუპა 241 ამერიკელი, 58 ფრანგი, 6 სამოქალაქო პირი. მალევე ქვეყნის სამხრეთში შექმნილი მდგომარეობს გამო კონფლიქტში პირდაპირ ჩაერთო ისრაელიც. საზღვართან ძლიერდებოდა ჰეზბოლას გავლენა და თავდასხმები ისრაელზე, რასაც ისრაელის მაშინდელმა პრემიერმა მენახიმ ბეგინმა ბიქაას ხეობის ოკუპაციით უპასუხა. მალევე დაიწყო პალესტინელი დევნილებისა და პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის გაძევებაც.

 

პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის სპიკერი აბუ შერიფი, სამუშაო კაბინეტში

 

1982 წლის 23 აგვისტოს ლიბანში პრეზიდენტად ლიბანური ძალების ლიდერს, ბაშირ ჟიმაელს ირჩევენ. ჟიმაელს სამი კვირის შემდეგ 14 სექტემბერს მოკლავენ. ამას მოჰყვება ომები ქვეყნის მთიან ნაწილში. ამ წლებში ომი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს. დაპირისპირების უფრო მძლავრმა ტალღამ 1988 წელს იფეთქა, როდესაც პრეზიდენტმა ამინ ჟიმაელმა - ბაშარის ძმამ პრემიერმინისტრად არა სუნიტი მუსლიმი, არამედ არმიის მარონიტი მეთაური, მიშელ აუნი დანიშნა.

 

ბაშირ ჟიმაელის დაკრძალვა

 

აუნი მალევე იწყებს "გამათავისუფლებელ ომს სირიის წინააღმდეგ". იგი დებს პირობას, რომ ქვეყანას სირიული ბატონობისგან გაათავისუფლებს, თუმცა სირიის მხარდაჭერილი ჯგუფები სირიული არმიის მონაწილეობით ამარცხებენ აუნის ძალებს. აუნი თავს აფარებს საფრანგეთის საელჩოს, მოგვიანებით კი ემიგრაციაში საფრანგეთში გადადის. მიშელ აუნი ქვეყანაში რაფიკ ჰარირის მკვლელობის შემდეგ დაბრუნდება. წარსულის მიუხედავად, იგი მარტივად იპოვის საერთო ენას სირიელებთან. დღეს მიშელ აუნი ლიბანის პრეზიდენტია.

1989 წლის ნოემბერში ყურის ქვეყნების დახმარებით ფორმდება ტაიფის შეთანხმება, რითიც სამოქალაქო ომის დასასრული იწყება. ამ დროიდან მოყოლებული, ლიბანში განსაკუთრებით იზრდება სირიის გავლენა. 1991 წელს ლიბანსა და სირიას შორის ძმობის ხელშეკრულება ფორმდება. ამ შეთანხმებით ლიბანში სირიის გაბატონების პროცესი იწყება. ამას ხელი შეუწყო რეგიონში მიმდინარე სხვა კონფლიქტმაც, 1991 წელს ერაყის დიქტატორმა, სადამ ჰუსეინმა მეზობელი ქუვეითის ოკუპაცია დაიწყო.

 

ლიბანის პარლამენტის წევრი ტაიფის ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ

 

მალევე აშშ-მ ჰუსეინის საწინააღმდეგო კოალიციის მობილიზება დაიწყო, რომელშიც მათ სირიის მხარდაჭერაც სჭირდებოდათ. შედეგად, ჰაფეზ ასადის პოზიციები ლიბანში კიდევ უფრო გაძლიერდა. სამოქალაქო კონფლიქტის დასრულების შემდეგ შენარჩუნდა ტრადიციული პოლიტიკური სტატუს-კვო, მუსლიმების უფლებები კი უმნიშვნელოდ გაიზარდა.

1989 წელს პრეზიდენტად რენე მოავადი არჩიეს, რომელიც ინაუგურაციამდე მოკლეს. მისი ადგილი ელიას ჰრაუიმ დაიკავა, რომელიც პროსირიული პოზიციებით გამოირჩეოდა. 1991 წლის 26 აგვისტოს პარლამენტი იღებს დადგენილებას გენერალური ამნისტიის შესახებ, 1992 წელს ტარდებაპირველი საპრეზიდენტო არჩევნები, 1972 წლის შემდეგ. იქმნება ცენტრალიზებული მთავრობა, რომელიც აკონტროლებს ქვეყნის მთელ ტერიტორიას, ისრაელის მიერ ოკუპირებული სამხრეთის გარდა.

15-წლიან სამოქალაქო კონფლიქტს ლიბანში, სხვადასხვა მონაცემებით, 120 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა. ქვეყანა, რეგიონის ყველაზე მოწინავე სახელმწიფოდან, ერთ-ერთ განადგურებულ სახელმწიფოდ იქცა. რაც მთავარია, სამოქალაქო ომს არ მოჰყოლია ნაციონალური დიალოგი და შეფასება, რის შედეგადაც საზოგადოება კიდევ უფრო დაიყო.

 

გარემოვაჭრე ყიდის პოსტერს, რომელზეც გამოსახულია იგივე ადგილი 1960-იან წლებში, ბეირუთი 1990 წელი

 

ლიბანური ინგლისურენოვანი გაზეთის, დეილი სტარის მთავარმა რედაქტორმა, ჯამილ მრუიმ გამოცემა ნიუ რკერთან სამოქალაქო ომზე საუბრისას განაცხადა, რომ "ლიბანში ომი ყველას ახსოვს, თუმცა მასზე საუბარი არავის სურს." მართლაც, სამოქალაქო კონფლიქტის აჩრდილი დღემდე ნათლად შეიმჩნევა ქვეყნის ცხოვრების თითოეულ ასპექტში.

ლიბანი: სირიის ტყუპისცალი

ლიბანელი ბავშვი ბაშარ და ჰაფეზ ასადის ფოტოებით, პრო-სირიული დემონსტრაცია ბეირუთში

ახლო აღმოსავლეთში ცნობილია გამოთქმა - "როცა სირიაში წვიმს, ლიბანელებმა ქოლგები უნდა გაშალონ." მიიჩნევა, რომ სირია და ლიბანი პოლიტიკური ტყუპები არიან და რაც ხდება ერთ ქვეყანაში, აუცილებლად მეორდება მეზობელ სახელმწიფოში. მართლაც, სირიასა და ლიბანს ბევრი რამ აერთიანებს, ორივე მათგანი ფრანგული კოლონია იყო, ქვეყნები ერთმანეთს სოციალური სტრუქტურითაც ჰგვანან - ლიბანის მსგავსად, სირიაც ძალიან მრავალფეროვანია, როგორც ეთნიკური, ასევე, რელიგიური თვალსაზრისით.

ცხადია, არის განსხვავებებიც, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან სირიაში პოპულარული გახდა ბაასისტური სწავლება, რაც პირდაპირ თარგმანში განახლებას ნიშნავს. ბაასისტური მოძღვრება მალევე იქცა პოლიტიკურ იდეოლოგიად, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი ნაწილი პანარაბიზმის დროშის ქვეშ გააერთიანა. ბაასისტური იდეოლოგია მკვეთრად სეკულარული იყო, ამგვარად, სირია 1950-იან წლებში ეგვიპტის პრეზიდენტის, გამალ აბდელ ნასერის გავლენით ერთიან არაბულ სახელმწიფოში გაერთიანდა.

ამ სახელმწიფომ სულ რამდენიმე წელი იარსება და დამასკოში მომხდარი რიგითი სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაიშალა. პანარაბული გაერთიანებისგან განზე გადგა ლიბანი, რამაც ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. ამ პერიოდის განმავლობაში სირია, ცხადია, ხშირად ცდილობდა მოეხდინა გავლენა მეზობელ ქვეყანაზე, თუმცა ამას ხელს უშუალოდ სირიაში მიმდინარე მოვლენები უშლიდა. 1945 წლიდან 1970 წლამდე სირიაში 20 სამხედრო გადატრიალება მოხდა, მათგან ყველაზე წარმატებული, ცხადია, ბოლო გადატრიალება იყო.

1970 წელს სირიის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა და ახლანდელი პრეზიდენტის მამამ, ჰაფეზ ასადმა მისდამი ლოიალურად განწყობილი არმიის ნაწილების დახმარებით დააპატიმრა მოქმედი პრეზიდენტი და მოწინააღმდეგეები. გადატრიალებამ უსისხლოდ და უხმაუროდ ჩაიარა, რამდენიმე დღეში გამოვიდა ახალი მთავრობის პირველი განკარგულებაც.

 

 

ჰაფეზ ასადი ლატაკიის პორტის მახლობლად, კარდაჰას პროვინციაში დაიბადა, აქ მოსახლეობის უმეტესობა ალავიტურ სექტას განეკუთვნება. ალავიტები ძირითადად სირიის ტერიტორიაზე მცხოვრები უმცირესობაა, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არასდროს მონაწილეობდნენ და, ძირითადად, გლეხები იყვნენ.

ალავიტებმა წარმატების შანსი კოლონიზაციის პერიოდში მიიღეს, ფრანგული მმართველობის დროს დაიწყო ნაციონალური არმიის შექმნა, კოლონიზატორებთან თანამშრომლობაზე და მათ არმიაში გაწევრიანებაზე უარს ამბობდა სუნიტური უმრავლესობა, ხოლო ალავიტებისთვის ეს კარიერის გაკეთების ერთადერთი შანსი იყო. ქვეყნის არმიაში ალავატების მომრავლების შედეგად ჯგუფმა დიდი ძალაუფლება მიიღო და აქტიურად ჩაერთო გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც.

ალავიტების გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რაც, საბოლოოდ, ჰაფეზ ასადის ალავიტური დინასტიის აღზევებით დასრულდა. ჰაფეზ ასადი ამავდროულად პარტია ბაასის ლიდერი იყო, შესაბამისად, მას უწევდა მორიგება სხვა ჯგუფებთანაც, მათ შორის სუნიტურ უმრავლესობასთან და შიიტურ უმცირესობასთანაც.

სწორედ ჰაფეზ ასადის მოსვლის შემდეგ დაიწყო ლიბანისა და სირიის ურთიერთობის ახალი ეტაპი, რომელიც სირიის 30-წლიანი დომინაციით დასრულდება. ასადმა მალევე მოახერხა სხვადასხვა ჯგუფებთან გარიგება და პოლიტიკური ძალაუფლება სრულად დაიქვემდებარა. საბჭოთა კავშირთან კარგი ურთიერთობების ფონზე, მან დაიწყო არმიის გაძლიერება, მარტივად რომ ვთქვათ, სირიაში შედარებით სტაბილური პერიოდი დაიწყო, სწორედ ამ დროს ლიბანში სამოქალაქო ომმა იფეთქა.

ჰაფეზ ასადმა არ გაუშვა შესაძლებლობა, საკუთარი სიტყვა ეთქვა ლიბანში მიმდინარე პროცესებში და გაეზარდა სირიის გავლენა რეგიონზე. ლიბანის კონფლიქტში სირია მალევე ჩაერთო და სხვადასხვა დროს განსხვავებულ ძალებს უჭერდა მხარს. სამოქალაქო ომის ბოლო წლებში სირიის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე მარონიტი ქრისტიანების დაჯგუფებები იყო, თუმცა სირიულმა არმიამ ისინი მალევე დაამარცხა.

საბოლოოდ, ომის მიწურულს სირია ლიბანის პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა, სირიელებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ შიიტურ დაჯგუფებებთან. საქმე ის არის, რომ ალავიტების უმცირესობას სუნიტები დიდად არასდროს სწყალობდნენ. საპირისპიროდ, ისინი მიღებულები იყვნენ ირანში, შესაბამისად ირანის ერთადერთი მოკავშირე არაბულ სამყაროში ყოველთვის სირია იყო.

1991 წელს სირიასა და ლიბანს შორის გაფორმდა ე. წ. ძმობის ხელშეკრულება, ეს იყო პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც სირიამ ლიბანის დამოუკიდებლობა ფორმალურად ცნო. ამის მიუხედავად, ხელშეკრულება გაცილებით მომგებიანი იყო სირიისთვის, ვიდრე ლიბანისთვის. ხელმოწერის დღეს ჰაფეზ ასადმა განაცხადა, რომ შეთანხმება ღმერთის მიერ იყო დადებული. ამ დოკუმენტით ქვეყანაში დაკანონდა სირიის საოკუპაციო ძალების არსებობა. სირიამ ლიბანზე ბატონობა ფორმალურადაც გაიფორმა.

 

მარცხნიდან მარჯვნივ ლიბანის პრეზიდენტი, ელიას ჰრაუი, სირიის პრეზიდენტი, ჰაფეზ ასადი, ლიბანის პარლამენტის თავმჯდომარე ნაბი ბერი, ძმობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია

 

ამ წლების ლიბანში შეუძლებელი იყო, რაიმენაირი პოლიტიკური შეთანხმება სირიელების გარეშე, სირიის როლი ლიბანის ეკონომიკაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამუდმებით იზრდებოდა. სირია აკონტროლებდა ქვეყნის პარლამენტის მნიშვნელოვან ნაწილს, მკაცრად ზედამხედველობდა, ძალოვან უწყებებს, პრეზიდენტის პოსტი ზედიზედ ორჯერ დაიკავეს გამოკვეთილად პროსირიული განწყობების მქონე პოლიტიკოსებმა.

სირიის გავლენას ადგილზე ჰაფეზ ასადის ძველი მეგობარი და სირიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ღაზი ქანააანი ხელმძღვანელობდა. ასადის მსგავსად, ქანაანიც ლატაკიელი ალავიტი იყო და ასადის გაპრეზიდენტების შემდეგ მან რამდენიმე ხელმძღვანელ პოზიციაზე იმუშავა. საბოლოოდ ქანაანი ლიბანში დამკვიდრდა, სადაც სირიის უსაფრთხოების სამსახურს ათწლეულების განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

 

ღაზი ქანაანი და ლიბანის პრემიერმინისტრი, რაფიკ ჰარირი

 

90-იან წლებში ლიბანში ორი დიდი პროცესი მიმდინარეობდა, ერთი მათგანი პოლიტიკურ შეთანხმებას გულისხმობდა, ხოლო მეორე კი ლიბანის ეკონომიკურ აღდგენას. ლიბანში ეკონომიკური აღდგენის პროცესს ბიზნესმენი და ფილანტროპი, რაფიკ ჰარირი ხელმძღვანელობდა. ჰარირიმ თავის ქონება საუდის არაბეთში იშოვა და მალევე პოლიტიკით დაინტერესდა.

ჰარირი სამშობლოში 1980-იანი წლების მეორე ნახევარში დაბრუნდა, იგი საუდის არაბეთის მხარდაჭერით სარგებლობდა და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტაიფის შეთანხმების გაფორმებაში. 1992 წელს ჰარირი პოსტ-ომის პერიოდის პირველ პრემიერად დაინიშნა, დაიწყო ლიბანის ეკონომიკური აღდგენის პროცესი. ჰარირის მეთაურობით შემუშავდა გენერალური სტრატეგია, მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტთან, იზრდებოდა მისი პოპულარობა მოსახლეობაშიც.

საუკუნის მიწურულს სირიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ მოხდა, მათ შორის ავტოავარიაში დაიღუპა ჰაფეზ ასადის უფროსი ვაჟი, ბასილი, რომელიც ქვეყნის მომდევნო პრეზიდენტი უნდა გამხდარიყო. გაუარესდა ჰაფეზ ასადის ჯანმრთელობის მდგომარეობაც და საპრეზიდენტო კანდიდატად ჰაფეზის მეორე ვაჟის, ბაშარის მზადების პროცესი დაიწყო, რომელიც ამ დროისთვის ლონდონში ოფთალმოლოგიას სწავლობდა. ცხადია, ჰაფეზ ასადის რეჟიმის პრობლემებისა და ჰარირის პოპულარობის ზრდასთან ერთად იზრდებოდა სირიელების უკმაყოფილებაც.

 

ასადების ოჯახი, მარცხნიდან მარჯვნივ: მაჰერ ასადი, ბაშარ ასადი, ბასილ ასადი, მაჯდ ასადი, ბუშრა ასადი, ანისა მახლუფი და ჰაფეზ ასადი

 

თავის მხრივ, იზრდებოდა სირიის დომინაციითა და სირიელი სამხედროების დიდი ძალაუფლებით უკმაყოფილება უშუალოდ ლიბანშიც. სირიის თითქმის 30-წლიანი დომინაციის დროს მოკლეს სირიისადმი ოპოზიციურად განწყობილი ათეულობით ჟურნალისტი და აქტივისტი, ასეულობით ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

ითვლება, რომ სწორედ სირიელებმა მოკლეს ლიბანის პრეზიდენტი, რენე მოავადი, თუმცა სირიელებთან დაკავშირებული ყველაზე გახმაურებული მკვლელობა 2005 წლის თებერვალში მოხდება.

"ჩვენ ის უნდა მოვიშოროთ, როგორც მოიშორეს რაფიკ ჰარირი"

 

ბაშარ ასადი და რაფიკ ჰარირის ბოლო შეხვედრა 2004 წლის 23 აგვისტო, დამასკო

 

ეს ცნობილი წინადადება საქართველოს მოსახლეობამ 2007 წლის შემოდგომაზე, თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან, ირაკლი ოქრუაშვილისგან მოისმინა. ოქრუაშვილის თქმით, მას მიხეილ სააკაშვილმა მისცა დავალება, ბადრი პატარკაციშვილი რაფიკ ჰარირის მსგავსად "მოეშორებინათ."

რაფიკ ჰარირი ბეირუთის ცენტრალურ უბანში, სასტუმრო სენტ ჯორჯთან ახლოს 2005 წლის 14 თებერვალს მოკლეს. ჰარირის კორტეჟს 1 800 კილოგრამი ტროტილით დატვირთული მიცუბიშის მარკის ავტომობილი შეეჯეხა, რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტი მართავდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 23 ადამიანი. ამ დროისთვის ჰარირი უკვე აღარ იკავებდა პრემიერის პოსტს. ბოლო წლებში ჰარირის ურთიერთობები გაუფუჭდა სირიელებთან.

წინააღმდეგობას მხარეებს შორის რამდენიმე საკითხი ქმნიდა, მათ შორის, ლიბანის მოქმედი პრეზიდენტისთვის, ემილ ლაჰუდისთვის საპრეზიდენტო ვადის არაკონსტიტუციური გახანგრძლივება, რაც სირიისა და, უშუალოდ, ბაშარ ასადის დაჟინებით მოხდა. კიდევ უფრო მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა ლიბანიდან სირიის საოკუპაციო ჯარების გაყვანა.

2000 წელს ჰაფეზ ასადი გარდაიცვალა. მისი პოსტი შვილმა, ბაშარმა დაიკავა. მალევე ალ-ქაიდამ 11 სექტემბრის ტერაქტი განახორციელა, რასაც აშშ-ს ტერორიზმის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი მოჰყვა. ამ მოვლენებმა ახლო აღმოსავლეთში ძალთა ახალი გადალაგება გამოიწვია. 2003 წელს ერაყში ამერიკულ ინტერვენციამდე ცოტა ხნით ადრე დასავლეთის ფოკუსში მოექცა სირიაც. ჯორჯ ბუშმა თავის გამოსვლაში სირია ე. წ. ბოროტების ღერძის წევრად მოიხსენია.

კვალდაკვალ იზრდებოდა საერთაშორისო ზეწოლა სირიაზე ლიბანიდან ჯარების გაყვანის მოთხოვნით. 2004 წლის 2 სექტემბერს გაერომ ლიბანის შესახებ მიიღო დადგენილება N 1559. ორგანიზაციის გადაწყვეტილება სირიას აიძულებდა, დაესრულებინა ლიბანის 30-წლიანი ოკუპაცია. აქამდე ცოტა ხნით ადრე შედგა შეხვედრა რაფიკ ჰარირისა და ბაშარ ასადს შორის. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ასადი ჰარირის რამდენჯერმე დაემუქრა.

"ლაჰუდი მე ვარ, თუ შენ შეეხები ლაჰუდს, მე დავანგრევ ლიბანს". - შეხვედრაზე მყოფი ლიბანელი დრუზების ლიდერის, ვალიდ ჯუმბლატი ცნობით, ამგვარად დაემუქრა ბაშარ ასადი ჰარირის. შეხვედრის დასრულებიდან მალევე ჰარირიმ თანამდებობა დატოვა, თუმცა პოლიტიკური აქტიურობა არ შეუწყვეტია.

 

ასე გამოიყურებოდა რაფიკ ჰარირის სიკვდილის ადილი აფეთქების შემდეგ

 

საგარეო ზეწოლის გარდა, ბაშარ ასადზე საპირისპირო წნეხი ხორციელდებოდა ქვეყნის შიგნიდან და, რაც მთავარია, ოჯახის წევრებისგან. საქმე ის არის, რომ ლიბანზე დომინაცია ასადების ოჯახშიც და მთელ ქვეყანაში ჰაფეზ ასადის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მემკვიდრეობად მიიჩნეოდა. ლიბანიდან ჯარების გამოყვანა ზრდიდა უკმაყოფილების რისკს როგორც მოსახლეობაში, ისე მმართველ ჯგუფებში.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, განსაკუთრებულ წნეხს ბაშარ ასადზე დედამისი, ანისა მახლუფი ახორციელებდა, იგი მოუწოდებდა შვილს, არაფრის ფასად არ დაეთმო ლიბანი. საბოლოოდ სირიას ლიბანის დატოვება მაინც მოუწია, თუმცა საპასუხოდ მათ ჰარირის გარდა, ათეულობით ადამიანი მოკლეს.

ჰარირის მკვლელობის შესახებ ჩატარებულ ყველა გამოძიებაში პირდაპირ გამოიკვეთა სირიული სპეცსამსახურების ხელი, ხოლო ტერაქტის შემსრულებლებად ჰეზბოლას ოთხი წევრი დაასახელეს, რომლებიც დღემდე არ არიან დაპატიმრებულები. ჰარირის მკვლელობის მომზადებაში საუბრობდნენ ღაზი ქანაანის როლზეც, თუმცა ამ დროისთვის ის უკვე სირიაში იმყოფებოდა. ბოლო ინტერვიუში ქანაანმა უარყო ნებისმიერი კავშირი მომხდართან და განაცხადა, რომ ეს, შესაძლოა, მისი ბოლო ინტერვიუ ყოფილიყო. ქანაანი 2005 წელს საკუთარ კაბინეტში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა, თუმცა საუბრობდნენ ქანაანის და ე. წ. ძველი გვარდიის შესაძლო ამბოხზე ბაშარ ასადის წინააღმდეგ.

რაფიკ ჰარირის მკვლელობამ მთელი ქვეყნის მაშტაბით სოციალური მღელვარება გამოიწვია, რის შედეგადაც ლიბანში ე. წ. კედრების რევოლუცია დაიწყო. საპროტესტო მოძრაობა ლიბანში რაფიკ ჰარირის დაკრძალვის დღეს დაიწყო, როდესაც ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი უკანასკნელ გზაზე ათასობით ადამიანმა გააცილა. მოძრაობამ დემოკრატიული ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი რამდენიმე მოთხოვნით გააერთიანა. ყველა მათგანი ლიბანზე სირიის ბატონობის დასასრულს ითხოვდა.

 

კედრების რევოლუცია 2005 წლის 14 მარტი, ბეირუთი წამებულთა მოედანი

 

2005 წლის მარტში პროცესმა სათავე დაუდო დემოკრატიულ ცვლილებებსაც, გადადგა პროსირიულად მიჩნეული ომარ კარამის მთავრობა. 2005 წლის 26 აპრილს ლიბანი უკანასკნელმა სირიელმა ჯარისკაცმა დატოვა - ლიბანში მთავრდებოდა სირიული დომინაცია, თუმცა მხოლოდ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი დემოკრატიის გასამარჯვებლად.

საქმე იმაშია, რომ მარტში, კედრების დემონსტრაციების გარდა, ბეირუთის მთავარ მოედანზე ჰეზბოლას მიერ ორგანიზებული მრავალათასიანი მარშიც გაიმართა. ჰეზბოლა ეწინააღმდეგებოდა ქვეყნიდან სირიის ჯარების გაყვანას, ხოლო ჰარირის მკვლელობაში დამნაშავედ ისრაელს და აშშ-ს ასახელებდა.

თუ 1980-იან წლებში ჰეზბოლა ვითარებას ღამით აკონტროლებდა, უკვე 2000-იანებში ჯგუფის ძალაუფლება ლიბანის დღის ცხოვრებასაც გავრცელდა.

ლიბანი ჰეზბოლას ტყვეობაში

 

ჰეზბოლას დემონსტრაცია ბეირუთში

 

1979 წლის ირანის რევოლუციამ რეგიონში დიდი ცვლილებები გამოიწვია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მოლების ხელისუფლებამ მალევე ამ რევოლუციის ექსპორტი დაიწყო. ერთ-ერთი პირველი და, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ყველაზე წარმატებული პროექტი ამ საქმეში კი სწორედ ალაჰის პარტია აღმოჩნდა.

ჰეზბოლას დაარსება და ერთიანი სტრუქტურის წარმოქმნა 1982 წელს ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთის ნაწილის ოკუპაციას ემთხვევა. სწორედ ამ დროს სამხრეთ ლიბანში აღმოჩნდნენ შიიტი სასულიერო პირები, რომლებმაც რელიგიური განათლება შიიტებისთვის ერთ-ერთ წმინდა ქალაქში, ნაჯაფში მიიღეს. ეს სასულიერო პირები ირანის ისლამური რევოლუციის ლიდერის, აიათოლა ხომეინის შემუშავებული კონცეფციის მიმდევრები იყვნენ, რომელიც ისლამის თეოლოგების მმართველობას გულისხმობდა.

ვილაიეთ ალ ფაკიხ - სწორედ ასე ეწოდება სახელმწიფოს მოწყობის ფუნდამენტურ კონცეფციას, რომელიც მალევე გავრცელდება ლიბანელ შიიტებში. ჰეზბოლას ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებაშიც გადამწყვეტი როლი ირანმა ითამაშა. სირიის თანხმობითა და დახმარებით ამ წლებში ირანიდან ლიბანში რევოლუციის 1 500-მდე გუშაგი ჩავიდა. სწორედ ისლამური რევოლუციის გუშაგთა წევრებმა გაწვრთნეს, შეაიარაღეს და შექმნეს ჰეზბოლა, როგორც ერთიანი სტრუქტურა.

 

ჰეზბოლას დემონსტრაცია, აიათოლა ხომეინის პორტრეტის ფონზე

 

თავდაპირველად ჰეზბოლას დეკლარირებული მიზანი ლიბანში ისრაელის ოკუპაციის დასრულება და ამერიკულ იმპერიალიზმთან ბრძოლა იყო. მალევე ჰეზბოლამ ომის ასიმეტრიული მეთოდების გამოყენება დაიწყო, რაც თვითმკვლელი ტერორისტების შეტევებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას და სამხედრო პირების გატაცებას გულისხმობდა. ეს იყო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტერორიზმის პირველი შემთხვევა. დამკვეთი და სპონსორი კი ახლადშექმნილი ირანის ისლამური რესპუბლიკა იყო.

ჰეზბოლას საკითხზე საუბრისას ისრაელის ყოფილი პრემიერი, ეჰუდ ბარაკი ამბობს - "1982 წელს, ლიბანში ჩვენი ყოფნის დროს, იქ ჰეზბოლა არ არსებობდა, ადგილობრივები და, მათ შორის, შიიტები ჩვენ პალმის რტოებით გვხვდებოდნენ, ჰეზბოლა ჩვენი ოკუპაციის შედეგად გაჩნდა". - ბარაკი მაშინ ისრაელის არმიის ერთ-ერთი მეთაური იყო.

1980-იანი წლების მეორე ნახევარში ჰეზბოლამ, ასიმეტრიული ტაქტიკის გარდა, ომის კონვენციური მეთოდების გამოყენებაც დაიწყო. სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა ორგანიზაციის იერარქიული სტრუქტურა, მუდმივი არმია, რაკეტებისა და სხვა შეიარაღების არსენალი. ლიბანში სამოქალაქო ომის მიწურულს ჰეზბოლამ კიდევ ერთი დიდი გამარჯვება მოიპოვა.

ტაიფის შეთანხმება, კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარის განიარაღებას გულისხმობდა, თუმცა იმ დროს სირიის მიერ კონტროლირებადმა ლიბანის მთავრობამ ჰეზბოლას ნება დართო, არ ჩაებარებინა საკუთარი არსენალი. სირიის ზეწოლის შედეგად ჰეზბოლამ შეინარჩუნა კონტროლი დაკავებულ ტერიტორიებზე - ბექაას ხეობაზე, ქვეყნის სამხრეთის გარკვეულ ნაწილზე და უშუალოდ ბეირუთის გარკვეულ უბნებში.

მომდევნო ათწლეულში დაიწყო პროცესი, რომელიც "ჰეზბოლას ლიბანიზაციის" სახელით არის ცნობილი. 1990-იანი წლების დასაწყისში ჰეზბოლა რევოლუციური ორგანიზაციიდან პოლიტიკურ მოთამაშედ ტრანსფორმირდა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სულ უფრო მზარდ როლს თამაშობდა.

 

ქალების მარში ჰეზბოლას მხარდასაჭერად 2006 წელი, ბეირუთი

 

1992 წელს ჰეზბოლა ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერის, ალი ხამინეის კურთხევით ლიბანის საპარლამენტო არჩევნებში ჩაერთო. დროთა განმავლობაში ჰეზბოლამ უფრო ღრმად გაიდგა ფესვები ლიბანის მოსახლეობაში, თუმცა პარალელურად არ წყვეტდა ტერორისტულ საქმიანობას. მხოლოდ 1990-იან წლებში ჯგუფმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 5 მსხვილი ტერაქტი განახორციელა, რასაც 183 ადამიანი შეეწირა.

2000-იან წლებში ხელისშემლელი ფაქტორების არარსებობისა და რეგიონში ირანის მოძლიერების გათვალისწინებით, ჰეზბოლა იზრდებოდა რიცხვობრივად, ტექნიკურად, რაც ორგანიზაციის პოლიტიკური წონაში გადაითარგმნა. ერაყში ამერიკული ინტერვენციის დაწყების შემდეგ ირანმა ჰეზბოლა ამერიკელებთან საბრძოლველად გამოიყენა. ცნობილია, რომ ჰეზბოლას კურატორი, ყუდსის ბრიგადის მეთაური, ყასემ სოლეიმანი იყო. სწორედ სოლეიმანი აკონტროლებდა ჯგუფის მოქმედებებს როგორც ერაყში, ისე მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც.

ჰეზბოლას გაძლიერებას ისრაელის საზღვარზე მალევე მოჰყვა ე. წ. ლიბანის მეორე ომი, რომელშიც ერთმანეთს ისრაელი და ჰეზბოლა დაუპირისპირდნენ. 2006 წლის 12 ივლისს ისრაელის საზღვრის მახლობლად ჰეზბოლა თავს დაესხა ისრაელის არმიის პატრულს. შეტევის შედეგად დაიღუპა 3 ებრაელი ჯარისკაცი, ხოლო 2 ტყვედ ჩავარდა. ჰეზბოლამ ებრაელი ჯარისკაცების გათავისუფლების სანაცვლოდ ისრაელის მიერ დაპატიმრებული რამდენიმე ტერორისტის გათავისუფლება მოითხოვა, მათ შორის იყო სამირ კუნთარი, რომელიც 1979 წელს, ტერორისტული აქტის დროს, ებრაულ ოჯახში შეიჭრა. კუთნარმა მამა და 4 წლის შვილი მოკლა.

 

ქალი რომელიც სოფლიდან გაქცევას ცდილობს, სამხრეთ ლიბანი, რამეში 2006 წლის ივლისი

 

ჰეზბოლას მოქმედებების საპასუხოდ ისრაელმა დაიწყო ჰეზბოლას სამხედრო ინფრასტრუქტურისა და ლიბანის სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა. მალევე ისრაელის არმია შევიდა ლიბანში, ისრაელმა ლიბანს სახმელეთო და საჰაერო ბლოკადა გამოუცხადა. ისრაელის სახმელეთო ჯარების შესვლისთანავე დაიწყო პარტიზანული ომიც.

ეს კონფლიქტი ისრაელისთვის ბოლო ათწლეულებში წარმოებული სამხედრო კამპანიებიდან ყველაზე რთული აღმოჩნდა, გამორჩეულად მაღალი იყო ებრაელთა დანაკარგებიც, განსაკუთრებით, სახმელეთო შეტაკებებში. კონფლიქტი 34 დღე გაგრძელდა და გაეროს მიერ ინიცირებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით დასრულდა. კონფლიქტის განმავლობაში ლიბანის მხრიდან დაიღუპა 1 300 მდე პირი, ისრაელიდან 165, თავშესაფრის გარეშე დარჩა და დევნილად იქცა მილიონამდე ლიბანელი და 300 ათასამდე ებრაელი.

 

ებრაელი ჯარისკაცებს გაჰყავთ დაჭრილი თანამებრძოლი 2006 წლის აგვისტო

 

ბოლო ებრაელმა ჯარისკაცმა ლიბანი 2006 წლის პირველ ოქტომბერს დატოვა. კონფლიქტი ჰეზბოლას დიდ წარმატებად მოინათლა. სწორედ ეს ომი განიხილება ისრაელსა და ირანს შორის ე. წ. პროქსი ომების პირველ რაუნდად. ლიბანის მეორე ომმა ჰეზბოლას ისრაელთან მებრძოლი მოწინავე ორგანიზაციის იმიჯი შეძინა, რამაც კიდევ უფრო გაამტკიცა ორგანიზაციის პოზიციები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ახლო აღმოსავლეთშიც.

ამგვარად, ისრაელთან წარმატებული ბრძოლა და ებრაული არმიის უკან დახევა ჰეზბოლამ მთლიანად საკუთარ თავზე მიიწერა, რაც შემდგომში პროპაგანდისტული მიზნებით იქნა გამოყენებული. თანამედროვეობის ყველაზე დიდი არაბულ-ებრაული ომის სტრატეგიული ფრით დასრულებამ კიდევ უფრო გაზარდა ჰეზბოლას ამბიციები.

კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება ჰეზბოლამ სირიის სამოქალაქო კონფლიქტის დასაწყისში მიიღო, როდესაც ომში ბაშარ ასადის მხარეს ჩაერთო. მკვლევარების აზრით, რომ არა ჰეზბოლას სახმელეთო ძალები და რუსეთის საჰაერო კომპანია, ასადი ომს მალევე წააგებდა. ჰეზბოლას მეომრები იბრძოდნენ იმ წერტილებში, სადაც ასადის რეჟიმს ყველაზე მეტად უჭირდა, მათ შორის, ჰეზბოლამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ალეპოს გათავისუფლებაში და ისლამური სახელმწიფოს დამარცხებაში. სხვადასხვა მონაცემებით, სირიაში ჰეზბოლას ორი ათასამდე მეომარი მოკვდა.

სირიის კამპანიაში ჩართვით ჰეზბოლამ გაიმდიდრა საომარი გამოცდილება და ამ დროისთვის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი არმიაა. 1980-იანი წლების შემდეგ ჰეზბოლასთვის უმაღლეს ავტორიტეტად კვლავინდებურად ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერი რჩებოდა, თუმცა აიათოლა ხომეინის სიკვდილის შემდეგ ორგანიზაციის ლიდერები სულ უფრო ნაკლებად რეფერირებდნენ მის შემცვლელს, ალი ხამინეის. ვითარება სწორედ 2000-იან წლებში შეიცვალა, როდესაც ირანმა ჰეზბოლას რესტრუქტურიზაციის პროცესი დაასრულა და ორგანიზაციაზე კონტროლი კიდევ უფრო გაიმყარა.

 

ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერი, ალი ხამენეი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და ჰეზბოლას ლიდერი, ჰასან ნასრალა

 

"ყველაფერი, რასაც ჩვენ ვჭამთ, ვსვამთ, ჩვენი შეიარაღება და რაკეტები, ეს ყველაფერი ირანიდან მოდის. სანამ ირანს აქვს ფული, ფული გვექნება ჩვენც". - ამბობს ჰეზბოლას ლიდერი, ჰასან ნასრალა. სხვადასხვა მონაცემით, ირანი ჰეზბოლას ყოველწლიურად 200 მილიონ დოლარით აფინანსებს. ბოლო წლებში ირანისთვის დაწესებულმა სანქციებმა ქვეყნის ეკონომიკა მძიმე კრიზისში შეიყვანა, შესაბამისად, შემცირდა ჰეზბოლას დაფინანსებაც და მათი აქტივობებიც.

დღეისთვის ჰეზბოლა არაბულ სამყაროში მოქმედი ე. წ. წინააღმდეგობის რკალის ყველაზე დიდი ჯგუფია, მიუხედავად იმისა, რომ ყურის სახელმწიფოების უმეტესობამ ჰეზბოლა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. სხვადასხვა მონაცემით მათ განკარგულებაში 20-ათასიანი რეგულარული არმია და დაახლოებით 40-ათასიანი რეზერვია. დაახლოებით იმავე რაოდენობის მებრძოლია განლაგებული სამხრეთ ლიბანსა და სირიაში.

2006 წელს, ისრაელთან ომის შემდეგ 10 წელიწადში, ჰეზბოლას რაკეტებისა და შეიარაღების არსენალი რაოდენობრივად შვიდჯერ გაიზარდა. გაეროში ისრაელის ელჩის, დენი დანონის ცნობით, "ჰეზბოლას მიწისქვეშ იმაზე მეტი რაკეტა აქვს, ვიდრე ნატოს წევრ ევროპულ სახელმწიფოებს მიწის ზევით." ჰეზბოლას საკუთრებაში მყოფ ყველაზე მძლავრ რაკეტებს აქვთ პოტენციალი მიაღწიონ ისრაელის უკიდურესი სამხრეთის ქალაქებამდე.

ჰეზბოლას საწვრთნელი ბანაკები აღარ არის გასაიდუმლოებული, ორგანიზაციას ათეულობით ბანაკი აქვს ბექაას ხეობაში, მათი საქმიანობა აღარ არის ფარული. ჰეზბოლა ფლობს თვალთვალის და კონტროლის ფართო ქსელს როგორც ისრაელის საზღვართან, ასევე, უშუალოდ ლიბანის ტერიტორიაზე. ჰეზბოლას აქვს დაზვერვისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც მაღალი ეფექტურობით მუშაობს.

ირანის მიერ დაარსებული ტერორისტული ორგანიზაცია დღემდე ტაქტიკური თვალსაზრისით სამჯერ გადაჯგუფდა და თითოეული ეტაპის შემდეგ ჯგუფის გავლენა იზრდებოდა. დღეს ჰეზბოლა ლიბანის ყველაზე მძლავრი და დეტერმინირებული პარტიაა, რომელსაც პარლამენტში 13 დეპუტატი ჰყავს და ლიბანის აწ უკვე გადამდგარ მთავრობაში მინისტრის 2 პორტფელს იკავებდა. 2015-2016 წლებში ლიბანში მორიგი პოლიტიკური კრიზისი დაიწყო. ქვეყანას პრეზიდენტი თითქმის 2 წლის განმავლობაში არ ჰყავდა. საბოლოოდ, ჰეზბოლას მხარდაჭერით პოსტი მიშელ აუნმა დაიკავა. დღეის მდგომარეობით, ჰეზბოლას გარეშე ლიბანში პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა უბრალოდ შეუძლებელია. გარკვეული აზრით ჰეზბოლა ყველაზე წარმატებული ტერორისტული ორგანიზაციაა.

ამ წლების განმავლობაში ჰეზბოლამ განავითარა პარალელური სტრუქტურებიც. ალაჰის პარტია ლიბანის მთავრობის შემდეგ სხვადასხვა სოციალური სერვისების უმსხვილესი მომწოდებელია. მთელი ლიბანის მასშტაბით ჰეზბოლა ფლობს რამდენიმე მსხვილ ჰოსპიტალს და ათეულობით საავადმყოფოს. ჰეზბოლა მოსახლეობას აწვდის და აძლევს იმას, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, თუმცა ვერ აკეთებს.

 

ჰეზბოლას სკოლას მოსწავლეები, ფეხქვეშ თელავენ ისრაელის და აშშ-ს დროშას

 

ჯგუფი ზრუნავს დაღუპული მეომრების ოჯახებზე და მათ შვილებზე, ამავდროულად ჰეზბოლა ფლობს საგანმანათლებლო დაწესებულებების მოზრდილ ქსელს. ჯგუფის განკარულებაშია რამდენიმე მსხვილი ტელევიზია და ინტერნეტ-გამოცემაც, მათ შორის, ყოველკვირეული ბეჭდური ჟურნალი, რომელიც 1980-იანი წლებიდან გამოიცემა. ჰეზბოლას ლიდერი მზარდი პოპულარობით სარგებლობს რეგიონში და ამ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსლიმი ლიდერია.

ამ წარმატებების მიუხედავად, არის პრობლემებიც. საქმე ისაა, რომ ჰეზბოლას ამგვარმა სწრაფმა აღზევებამ კიდევ უფრო გაამწვავა სექტარიანული დაყოფა ლიბანში და მთლიანად რეგიონში. განსაკუთრებით მზარდია უკმაყოფილება რეგიონის სუნიტურ ნაწილში, სადაც ჰეზბოლას ჰიზბ შაიტანად მოიხსენიებენ, რაც ეშმაკის პარტიას ნიშნავს.

ახლო აღმოსავლეთის სუნიტურ ნაწილში, წინა წლიდან მოყოლებული, ხშირად იმართება მსხვილი ანტიირანული დემონსტრაციები. გასული წლის დეკემბერში ანტიირანულმა აქციებმა ერაყი მოიცვა, რასაც მთავრობის გადადგომა მოჰყვა. ცხადია, გამონაკლისი არც ლიბანია, სადაც ხალხი სულ უფრო ხშირად გამოდის ჰეზბოლას წინააღმდეგ.

დღეს ჰეზბოლა ლიბანში დაახლოებით იმავე ძალას წარმოადგენს, რასაც სირია გასულ ათწლეულებში. ჰეზბოლას ამგვარი დომინაციის პირობებში შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება. ცხადია, ჰეზბოლა კვლავ დიდი მხარდაჭერით სარგებლობს ლიბანის შიიტურ მოსახლეობაში, თუმცა უკმაყოფილება სულ უფრო მზარდია სუნიტი მუსლიმებისა და ქრისტიანების ნაწილში.

ჰეზბოლათი უკმაყოფილების კარგი მაგალითი იყო 2019 წლის შემოდგომაზე ლიბანში მომხდარი კიდევ ერთი რევოლუცია, რომელსაც პრემიერ საად ჰარირის მთავრობა შეეწირა. თითქმის ერთი წლის წინ კორუფციით, ეკონომიკური გაჭირვებითა და მთავრობის დისფუნქციურობით გადაღლილი ლიბანელები პროტესტმა გააერთიანა, მიუხედავად მათი სექტარიანული კუთვნილებისა.

"მე არ ვარ ერეტიკოსი, მაგრამ შიმშილი არის" - რა ხდება ლიბანში

 

2020 წლის აგვისტოს, ჰასან ნასრალას ჩამოხრჩობის ინსცენირება, ანტისამთავრობო აქცია ბეირუთში

 

ჯერ კიდევ ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებამდე, ქვეყანა პოლიტიკური ეკონომიკური კატასტროფის წინაშე იდგა. კორონავირუსის პანდემიის გამო, დაწესებული შეზღუდვების ფონზე ქვეყნის ფინანსური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა, ხოლო ძალაუფლების განაწილების ბიზანტიურმა სქემამ მთავრობა სრულიად დისფუნქციური გახადა.

ათწლეულების განმავლობაში ინსტიტუციური კორუფციის შედეგად, ცხოვრების დონე და ქვეყნის ეკონომიკა თავისუფალ ვარდნაშია. მსოფლიო ბანკი ჯერ კიდევ პანდემიამდე პროგნოზირებდა, რომ არსებული ეკონომიკური ტენდენციების გაგრძელების შემთხვევაში ლიბანელების 50% სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდებოდა.

გასული წლის ოქტომბერში ბეირუთის ქუჩები მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა, თუმცა საად ჰარირის გადადგომამ ქვეყანაში პოლიტიკური ვაკუუმი შექმნა, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ქვეყნის ეკონომიკური გამოწვევები. უკვე თებერვალში, ლიბანის ახალმა და აწ უკვე ყოფილმა პრემიერმა, ჰასან დიაბიმ უცხოურ ვალზე ქვეყნის დეფოლტი გამოაცხადა.

ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვები პრაქტიკულად ნულს უტოლდება, ოქტომრიდან მოყოლებული ლიბანის ნაციონალური ვალუტა 80%-ით გაუფასურდა. ბანკებმა შეზღუდვები დააწესეს უცხოური ვალუტით ტრანზაქციებზე. კერძოდ შეუძლებელი გახდა უცხოეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების დოლარში განაღდება. ფულადი გზავნილები ლიბანის ეროვნული შემოსავლის უმსხვილესი წყაროა, თუმცა პანდემიის ფონზე ეს მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად შემცირდა.

ლიბანი უკვე აფეთქებამდეც ახალმა საპროტესტო ტალღამ მოიცვა. დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს ცენტრალური ბანკის შენობას. მოქალაქეები, რომლებიც ოდესღაც ქვეყნის საშუალო კლასს წარმოადგენდნენ დღეს საკვების შესაძენად სახელმწიფოს დახმარებას ითხოვენ. სხვადასხვა კვლევებით, ლიბანელების 75% ამ დროისთვის სასწრაფო ფინანსური დახმარების მოლოდინშია. უშუალოდ ბეირუთში შიმშილის რისკის წინაშეა 500 ათასამდე არასრულწლოვანი. ბოლო წლის განმავლობაში ლიბანის ფორმალურ სექტორში უმუშევრობა 35%-ით, ხოლო არაფორმალურ სექტორში 40%-ით გაიზარდა. არნახული ეკონომიკური კრიზისის ფონზე გაიზარდა თვითმკვლელობების რიცხვიც.

ივლისში, ბეირუთის ცენტრალურ ნაწილში, ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ქუჩაზე, 62 წლის ავტობუსის მძღოლმა ელი ელ-ჰაკმა გამვლელების თვალწინ თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა. "მე არ ვარ ერეტიკოსი, მაგრამ შიმშილი არის", — ეწერა მის წინასასიკვდილო ჩანაწერში.

 

ალი ელ-ჰაკის წინასასიკვდილო ჩანაწერი

 

ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს პირველადი მოხმარების პროდუქტების სუბსიდირებას, თუმცა ეს ყოველდღიურად კარგავს აზრს. ქვეყანაში ელექტროენერგიის მძლავრი დეფიციტია, ქვეყნის ზოგ რეგიონს ელექტროენერგია დღეში 20 საათი არ მიეწოდება. "არ იქნება გადამეტებული თუ ვიტყვით, რომ ქვეყანაში ყველაფრის დეფიციტია", — განაცხადა ლიბანის ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, აფეთქების შემდეგ.

ლიბანის კიდევ ერთი დიდი პრობლემა ის არის, რომ აქ ერთ სულზე გადაანგარიშებით მსოფლიოში ყველაზე მეტი მიგრანტი ცხოვრებს. სირიაში ომის დაწყების შემდეგ ლიბანს თავი დაახლოებით მილიონმა სირიელმა მიგრანტმა შეაფარა. კრიზისის გაღრმავების კვალდაკვალ ლიბანის მთავრობამ უკვე მოუწოდა მათ სამშობლოში დაბრუნებისკენ, თუმცა ამან შესაძლოა კიდევ უფრო გააღრმავოს ჰუმანიტარული და პოლიტიკური კრიზისი.

იმ 5 ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენიდან, რასაც ქვეყანა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეყრდნობოდა 4 დღეისთვის კოლაფსის მდგომარეობაშია. ეტაპობრივად ქრება საშუალო კლასი, ძალაუფლების სექტარიანული სისტემა ღრმა დისფუნქციის ფაზაშია, ქრება ლიბანისთვის ტრადიციული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, კრიზისმა თავი იჩინა ქვეყნის არმიაშიც, რომელიც აქამდე სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან შედარებით უკეთ გამოიყურებოდა.

ვფიქრობ, არაფერი გამოხატავს ლიბანის მდგომარეობას უფრო უკეთ, ვიდრე ერთი კვირის წინ მომხდარი აფეთქება. ფაქტი, რომ სახელმწიფო 2,700 ტონა ფეთქებად საშიშ ნივთიერებას, ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პორტში, უყურადღებოდ ნახევრად დანგრეულ საწყობში 7 წელი ინახავდა უკვე მეტყველებს იმ ტრაგიკულ არაკომპოტენტურობაზე, რაც ქვეყანაშია გამეფებული.

ამ არნახული გასაჭირისა და ტრაგედიის ფონზე, ცხადია ლიბანის სამოქალაქო ჯგუფები და ჩვეულებრივი მოსახლეობა სამართლიანობას და ცვლილებებს მოითხოვს, ამას უკვე შეეწირა მთავრობა და ქვეყანამ კიდევ ერთხელ შეაბიჯა ძალაუფლების ვაკუუმში. დასავლური სახელმწიფოები, რომლებმაც ლიბანი წარსულში არაერთხელ გადაარჩინეს ამჯერად პოლიტიკურ რეფორმებს და სრულად კორუმპირებული სახელმწიფო სექტორს ფუნდამენტურ გარდაქმნას ითხოვენ.

 

საპროტესტო აქცია ლიბანის დედაქალაქში 2020 წლის 11 ივნისი

 

ცხადია, ამ პირობებში ლიბანისთვის გაწეული დახმარება ახალი მსუყე ლუკმა იქნება იმ პოლიტიკური და ფინანსური ჯგუფებისთვის, რომლებმაც ლიბანი ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს. მარტივად, რომ ვთქვათ ქვეყნის ამ ჭაობიდან ამოსაყვანად საჭიროა ფუნდამენტური პოლიტიკური და სოციალური გარდაქმნა, რაც ჰეზბოლას ჰეგემონიის პირობებში რთულად წარმოსადგენია.

მიუხედევად ყველაფრისა ბოლო ათწლეულებში ლიბანმა და ამ ქვეყნის მოსახლეობამ რამდენიმეჯერ შეძლო ყველაზე რთული მდგომარეობიდან გამოსვლა. ქვეყანამ გამოიარა 15-წლიანი სამოქალაქო ომი, რის შემდეგაც უცხოური ჰეგემონიისა და დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების ბრძოლის ველად გადაიქცა, ლიბანმა მრავალჯერ მოიკრიბა ძალები პრეზიდენტებისა თუ პრემიერებისა მკვლელობის შემდეგ, გადაიტანა ორი რევოლუცია, სირიული და ებრაული ოკუპაცია.

სწორედ ამ ტრაგიკული ისტორიის გათვალისწინებით ჯერ კიდევ არის იმედი, რომ ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქება, ახალი, განსხვავებული ლიბანის წინაპირობა გახდება

წყარო:https://tabula.ge/

 
analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way