USD 2.7091
EUR 3.1461
RUB 3.3584
Tbilisi
ლევილის ქართული ფესტივალის მეშვიდე კვირა საზეიმოდ გაიხსნა
Date:  
ლევილის ისტორიულ მამულში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ლევილის ქართული ფესტივალი საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით გრძელდება.
6 ივლისს, მეშვიდე საფესტივალო კვირას, მაყურებლის წინაშე წარდგნენ ფოლკლორის ეროვნული გუნდი, რომელმაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები შეასრულა და მამა დავითის ტაძრის მგალობელთა გუნდი. აღსანიშნავია, რომ ფოლკლორის ეროვნული გუნდი ფოლკლორის ეროვნული ცენტრის დირექტორის, გიორგი დონაძის, ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით შარშან შეიქმნა და ეს მათი პირველი გასტროლი და პირველი კონცერტია.
ღონისძიება ქორეოგრაფიული ანსამბლ „ბათუმის“ სოლო კონცერტით დასრულდა.
სტუმრებმა ნახეს სამტრედიისა და დმანისის თეატრების ერთობლივი სპექტაკლი „12 განრისხებული მამაკაცი“ (რეჟისორი გიორგი სიხარულიძე). კოპროდუქცია სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრის დირექტორ ვეფხია ნადირაძისა და დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ გიორგი სიხარულიძის ერთობლივი მუშაობით შეიქმნა.
ქართველმა ხელბურთელებმა ქეთი ვენეცკიმ და მარიამ ჩავჩიძემ ფესტივალის სტუმრებისათვის საჩვენებელი თამაში გამართეს. შეხვედრები გაიმართა მოჭიდავეებთან, რომლებმაც მასტერკლასი ჩაატარეს და სტუმრებს საბრძოლო ხელოვნების საინტერესო ილეთები უჩვენეს.
ლევილის ქართული ფესტივალი განაგრძობს როგორც ქართველი, ისე უცხოელი მაყურებლის დაინტერესებას და დიდ მოწონებასაც იმსახურებს.
როგორც ცნობილია, 24 მაისიდან 14 ივლისამდე ყოველ შაბათ-კვირას ლევილის მამული ქართულ ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი მეორედ იმართება და წინა წლისგან განსხვავებით, გაზრდილია როგორც ხანგრძლივობა, ისე - მონაწილეთა რაოდენობა. წელს პირველად ლევილის მამულში განსაკუთრებით მასშტაბურად აღინიშნა 26 მაისი. ყოველკვირეულად ფესტივალს არაერთი უცხოელი თუ საფრანგეთის მოქალაქე სტუმრობს. ღონისძიებების სტუმრებს შორის არიან საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები.
წლევანდელ ფესტივალში ორი თვის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებს 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი, რომელთა შორის არიან ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები სხვადასხვა რეგიონიდან, მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები თუ შემოქმედებითი ჯგუფები. სპორტის არაერთ სახეობაში (რაგბი, ფეხბურთი, ფარიკაობა, ჭადრაკი, ქართული საბრძოლო ხელოვნება) იმართება შეჯიბრებები თუ საჩვენებელი ორთაბრძოლები. ფესტივალში პირველად მონაწილეობენ ხის ოსტატები, მწერლები და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები.
მნიშვნელოვანია, რომ ლევილის ისტორიულმა მამულმა წელს პირველად უმასპინძლა სამხატვრო აკადემიის ქანდაკების მიმართულების მაგისტრატურისა და საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს. შვიდი სტუდენტი რამდენიმე კვირის განმავლობაში სტუმრობდა კულტურის სამინისტროს მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფუძნებულ პირველ შემოქმედებით რეზიდენციას და მათ მიერ იქ შექმნილი ნამუშევრები მამულის პარკში სამუდამოდ განთავსდა.
ინფორმაციისთვის: ქართული ფესტივალის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და შპს „ჯეოვაინ თრეიდინგი“.
economics
2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8 პროცენტით ნაკლები) 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.0 პროცენტით ნაკლები).

საქსტატის განმარტებით, ნებართვების 70 პროცენტზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 45.3 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 10.8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 9.8 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 6.7 პროცენტი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.

„აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 475.2 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7 პროცენტით მეტი) 2 452 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6 პროცენტით ნაკლები). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 34.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.7 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 9.1 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე“, - აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
ეთანხმებით თუ არა მთავრობის გადადგომის მოთხოვნას?
Vote
By the way