საბჭოთა ოკუპაციის საკითხზე მსჯელობისას ყოველთვის დიდი ქართველი რევოლუციონერი - ვლასა მგელაძე მახსენდება.
ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარების შემდეგ ის საქართველოში დარჩა და წელიწადზე მეტ ხანს აპროტესტებდა დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობას.
მაშინდელ საქართველოში მას ყველა იცნობდა, ამიტომ შეფარვით გადაადგილდებოდა თბილისში. როგორც კი შანსი მიეცემოდა, უცებ ავარდებოდა ბორდიურზე, დახლზე და სპონტანურ საპროტესტო აქციებს ატარებდა. ხალხი უმალვე შემოერტყმებოდა გარს დამფუძნებელი კრების საყვარელ დეპუტატსა და სწორუპოვარ მჭევრმეტყველს, რომელიც ოკუპაციის საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოდიოდა. ჩეკას გამოჩენისთანავე, თბილისის მაცხოვრებლები ეხმარებოდნენ ვლასას შენიღბვასა და გაქცევაში.
სისხლი გაუშრო მილიციელებს, ნამუსი მოწმინდა წინააღმდეგობის უნარის არმქონე ადამიანებს, რამდენიმე წამით იმედის ნაპერწკალი დაუბრუნა შეშინებულ გულებს და ერთი წლის განმავლობაში ყოველ ნაბიჯზე შეახსენებდა ბოლშევიკებს დანარჩენი საქართველოს პოზიციას.
1924 წელსაც ფრონტის წინა ხაზზე იდგა და მხოლოდ დიდი მარცხის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში.