ახალგაზრდა მკვლევარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ლექტორი ლევან ლორთქიფანიძე 2019 წლის 20 ივნისს და შემდგომ განვითარებულ პროცესებს აფასებს. გთავაზობთ მის მოსაზრებას უცვლელად.
"20 ივნისი საშინელი დღე იყო, ერთი წლის შემდეგაც ძველ აზრზე ვრჩები:
ოფიციალურ სტრუქტურებში ყველამ კარგად იცოდა, რომ 2019 წლის ივნისში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი თბილისში ჩამოდიოდა და საქართველოს პარლამენტის დარბაზში სხდომის თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო.
ნუთუ არც უსაფრთხოების სამსახურში, არც პარლამენტის ბიუროსა თუ აპარატში, არც მართმადიდებლური ორგანიზაციის ქართულ დელეგაციაში, არც საგარეო საქმეთა სამინისტროში არავის გაუჩნდა მარტივი კითხვა - რა შეიძლება მოჰყვეს რუსი დეპუტატის, საქართველოს მტრის ჩვენი ქვეყნის პარლამენტის პრეზიდიუმში დაბრძანებას? ნუთუ ამხელა სახელმწიფო სტრუქტურებში ერთი გავლენიანი პირიც კი არ აღმოჩნდა, რომელიც ივარაუდებდა, რომ გავრილობის სხდომას არეულობა მოჰყვებოდა? ნუთუ რომელიმე სასტუმროს დარბაზის დაქირავების წინადადება არავინ წამოაყენა?
20 ივნისს გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების უამრავ რგოლში ვერ აზროვნებენ და ქვეყანაში არეულობების თავიდან აცილება არ შეუძლიათ! ეს უპასუხისმგებლობა და დანაშაულია! ერთ რგოლს რომ ემუშავა, უბედურებას თავიდან ავიცილებდით!
შეცდომის აღიარებას და გადადგომას ვაჟკაცობა სჭირდება. ირაკლი კობახიძეს შეეშინდა, არ გადადგა, გააჭიანურა გადაწყვეტილების მიღება და უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა სამუდამოდ შელახა. კობახიძე სიცოცხლის ბოლომდე ცოდვებით გაიტანჯება.
რა საჭირო იყო მომიტინგეთა დაშლა რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლით, არაპროპორციული ძალით? ხომ შეიძლებოდა გაცილებით უფრო მოწესრიგებულად, რეანიმაციებისა და თვალების დათხრის გარეშე დაეშალათ დემონსტრაცია! შეიძლებოდა! ვერ მოახერხეს არაპროფესიონალიზმისა და ცივსისხლიანობის გამო! სხვათა შორის, მაშინ შს მინისტრი გახარია იყო!!!!
დღეს კი დაზარალებულებს დაზარალებულის სტატუსს ამადლიან.
ოპოზიციონერი ლიდერი თუ ფიქრობს, რომ მის გადაწყვეტილებას "პრორუსული და ანტიდემოკრატიული, ყველაფერზე წამსვლელი" ხელისუფლების მხრიდან ადამიანების დარბევა და დასახიჩრება შეიძლება მოჰყვეს, მან ყველაფერი უნდა გააკეთოს თავისი მხარდამჭერების ჯანმრთელობის დასაცავად. ყველამ იცოდა, რომ პარლამენტში შეჭრის მცდელობას ცეცხლითა და მახვილით აღკვეთდა პოლიცია, მაგრამ მათ წარბიც არ შეუხრიათ... რიგმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეგნებულად მოაწყვეს პროვოკაცია, შეგნებულად გაწირეს ადამიანები დამიზნებით მსროლელი პოლიციელების იარაღისთვის, რათა პოლიტიკური ქულები დაეგროვებინათ. ისინი თავიანთ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან... ვინც მათ წილს ვერ ამჩნევს, პოლიტიკის აზრზე არ არის ან ხალხის სიცოცხლის სასწორზე შემგდები პოლიტიკოსების მიმდევარია;"- წერს ლევან ლორთქიფანიძე
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.