USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
ლევან გოთუა დისიდენტი და მსოფლიო მასშტაბის მწერალი
Date:  4522

"გახსოვდეს, საქართველოში ყოველი საქმე – ბრძოლაა… შრომაცა და ქეიფიც კი.

ცუდი ისაა – საერთო სიკეთეს ყველაზე მეტი ბრძოლა სჭირდება ჩვენში".
ლევან გოთუა

ცნობილი ქართველი მწერალი ლევან გოთუა იყო 1920-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. ლევან გოთუამ თავისი ცხოვრების საუკეთესო წლები, თითქმის მეოთხედი საუკუნე, ცხოვრების 66 წლიდან 22 წელი სამშობლოსაგან მოწყვეტილმა, პატიმრობაში გაატარა.

ლევან გოთუამ პირველად 15 წლის ასაკში იწვნია “ჩეკისტების” რისხვა – გოთუების თითქმის მთელი ოჯახი ქალიშვილის ქორწილში დააპატიმრეს და შემოწმების შემდეგ მეორე დღესვე გაათავისუფლეს. 1918 წელს, საქართველოში მე-11 წითელი არმიის შემოსვლისას, ლევანი ძმებთან ერთად მოხალისედ ჩაეწერა და ომში წავიდა. თუმცა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო საომრად წასული ბიჭები ერთ კვირაში უკან დააბრუნეს.

საქართველოში შემოსული “წითლების” რეპრესიები გოთუების ოჯახსაც შეეხო, მათ ჩამოართვეს ქონება და სახლის დიდი ნაწილი. მათი მეთვალყურეობა კი მათივე ოჯახში შესახლებულს დაევალა.

1921 წლიდან საქართველოში ეროვნული გამოსვლები დაიწყო. საქართველოს ყოველ კუთხეში გაჩნდა დაჯგუფებები, უნივერსიტეტში დაიწყო სტუდენტთა დიდი გამოსვლები, ახალგაზრდები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას მოითხოვდნენ. ლევანი თავის ძმასთან და თანამოაზრეებთან ერთად ძალზე აქტიურობდა.

არსებული ვითარების გამო ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციები არალეგალურ მუშაობაზე გადავიდნენ. დაიწყო საყოველთაო აჯანყების მომზადება, აჯანყების მიზანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა იყო. საყოველთაო გამოსვლების დაწყების თარიღად 29 აგვისტო დათქვეს, თუმცა აჯანყება გაიცა, რასაც სისხლიანი რეპრესიები მოჰყვა. აჯანყების უშუალო მონაწილეების გარდა, დააპატიმრეს და დახვრიტეს სრულიად უდანაშაულო ხალხი.

1923 წლიდან განსაკუთრებით გაძლიერდა ინტელიგენციის რეპრესიები. ამ წლებში გაჩნდა დასჯის სასტიკი, ახალი მეთოდები – საყოველთაო დახვრეტა საქმის ყოველგვარი განხილვის გარეშე. უკეთეს შემთხვევაში, “სამშობლოს მტრებს” რუსეთის შორეული ჩრდილოეთის შრომა-გასწორების ბანაკებში ასახლებდნენ.

ლევან გოთუა პირველად კომუნისტებმა 19 წლისა აბასთუმანში დაიჭირეს და შვიდი თვე ჰყავდათ ციხეში გამომწყდეული. ქართველი, ოსი, სომეხი ჯალათების სამეულმა დახვრეტა მიუსაჯა, მაგრამ სულზე მიუსწრო ახალციხის მაზრის მილიციის უფროსმა. გამოუშვეს, მაგრამ 1925 წელს სამი წლით ციმბირში გაასახლეს. ისე სწრაფად გააყოლეს ეტაპს, ახლობლებმა ვერც მისი ნახვა და ვერც თბილი ტანსაცმლის შეგზავნა ვერ მოასწრეს. ორი თვე მოსკოვში, ბუტირკის ციხეში ჰყავდათ გამომწყვდეული, მერე სოლოვკის კუნძულებზე უკრეს თავი. იქ ჩაყვანილი ქართველები ბნელ საკანში, მუხლებამდე წყალში, სისხლის სამართლის დამნაშავეებთან შეყარეს. ქართველებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობაც გამოაცხადეს. 30 დღის შემდეგ მიაღწიეს მიზანს, მაგრამ დიდი მსხვერპლის ფასად, მათგან ცოტა თუ გადარჩა.

1927 წელს ლევანს პატიმრობა თავისუფალი გადასახლებით შეუცვალეს, ოღონდ არ შეეძლო სამშობლოში დაბრუნება და ექვს დიდ ქალაქში დასახლება. ვადის გასვლის შემდეგ კიდევ სამი წელი დაუმატეს. გაწამებულმა გაქცევა გადაწყვიტა, მაგრამ ჭოროხთან ჩეკისტებს ჩაუვარდა ხელში. ისევ ხუთი წლით ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. იმედი მაინც უკიაფებდა: "დრო მოვა და... წარსულო სიცოცხლევ, ხელახლა დაიწყებიო".

ერთხელ ბანაკის პატიმრებს მდინარე ობში ბანაობის ნება მისცეს. წყალმა ლევანი გაალაღა, მოუსვა მხარული, დიდხანს მიცურავდა, რომ მოიხედა, ნაპირი აღარ ჩანდა. ერთი კი იფიქრა, გადავლახავ მდინარეს და გავიქცევიო, მაგრამ მაშინ სამშობლოში ვეღარ დაბრუნდებოდა. უკანვე გამოცურა. ბანაკში ჰგონებიათ, ობში დაიხრჩოო და მისი ტანსაცმელი სხვისთვის მიუციათ. "ურჩი" პატიმარი ერთი კვირა იზოლატორში გამოკეტეს, მერე კი ვიღაცის ჭუჭყიანი ძველმანები მისცეს, მისი ზომის ფეხსაცმელი ვერ უშოვეს და კარგა ხანს ფეხშიშველი დადიოდა.

1937 წლის სექტემბერში დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ თბილისში ცხოვრების ნება მხოლოდ 1938 წელს მისცეს. 1946 წელს, როცა მისი ორი პიესა თბილისის მარჯანიშვილის თეატრში დაიდგა და მისი წიგნები ძალზე პოპულარული გახდა, ანტისაბჭოთა ჯგუფის შექმნა დააბრალეს და ათი წლით ვორკუტაში გადასახლება მიუსაჯეს. მამაცურად დაუდგა ლევანი განსაცდელს. ჯალათებს სულ მატყუარები და მტარვალები ეძახა, - დადგება დრო და საბრალდებო სკამზე თქვენ თვითონ მოხვდებითო. "ეს არ მოხდებაო", - დაუბღავლია შეშინებულ რაფავას და ლევანის ცემა უბრძანებია, - მაინც ვერ გატეხეს, ხელი ვერაფერზე მოაწერინეს.

40-50 გრადუსი ყინვა, თოვლი, ქარბუქი, შიმშილი, არაადამიანური ყოფა, დამცირება - რა ენამ გამოთქვას ის მიწისზედა საზვერეები! წელიწადში მხოლოდ ორი წერილის გამოგზავნის უფლება მისცეს. გაჭაღარავდა ბანაკში: "ბატიას", "დედუშკას" ეძახდნენ. "ჩემი ნაწერები და ჩემი გმირები ყოველთვის ჩემზე ბედნიერები იყვნენ... არ მშურს! ასეთია ბედის შეუვალობა", - სწერდა ახლობლებს. "როცა წერილს ვწერ, თავი საქართველოში მგონია", - ოხრავდა. იქ ჩუმად დაწერა "გმირთა ვარამი". ბანაკის ტერიტორიაზე დაყრილი მორები ქალაქში თავისუფლად მცხოვრებმა ქართველმა იყიდა. სწორედ ამ მორების გულში იდო მისი ხელნაწერი.

ციხის მეგობრებს ძალიან უყვარდათ "ლევან ბერი".

ერთ-ერთი ყოფილი ქართველი პატიმარი, რომელიც მასთან ერთად იყო გადასახლებაში, მერე იხსენებდა: “ორმოცდაათი ქართველი ვიყავით ვორკუტის ბანაკში. მე წერა-კითხვა ძლივს ვიცოდი, მაგრამ ამ ქართველებში ბევრი იყო განათლებული, მათ შორის ერთი ჯაფარიძე, რომელმაც გვითხრა, - ჩვენთან ძალიან დიდი მწერალი იხდის დაუმსახურებელ სასჯელს, როგორმე ვუპატრონოთ ამ კაცს, მივცეთ მუშაობის საშუალებაო.

ყველა ერთხმად დაეთანხმა. მაღაროში ორ თვეში ერთხელ გვიწევდა მის მაგივრად ჩასვლა – იმ დღეს ორ ცვლაში ვმუშაობდით. ლევან გოთუას კი უნდა ეწერა, მაგრამ რაზე? რითი? არც ქაღალდი ჰქონდა, არც საწერ-კალამი. ვისაც რა შეეძლო, ის მოჰქონდა: მუყაოს ნაჭერი, ხის კარის ნატეხი, ფიცრები... მელანი ტექნიკურ სპირტში გაცრილი ქვანახშირის შერევით დაუმზადეს, კალამი გამოუქლიბეს. “გმირთა ვარამის” წერა ამ “ფურცლებზე” დაიწყო...

1951 წელს ვიღაცამ მოუტანა “პრავდისა” თუ “იზვესტიის” შეკვრები ურიკით და გაზეთის არშიებზე შეუდგა წერას...

1953 წელს, სტალინის გარდაცვალების მერე, ბანაკში ქაღალდის შოვნა შესაძლებელი გახდა”. დიდმა მწერალმა მთელი ნაშრომი გადაწერა.

მწერლობისთვის რომ თავი არ დაენებინებია, მან ხერხს მიმართა: ელექტრიკოსობა შეისწავლა და მაღალი ძაბვის მონტიორად მოეწყო მაღაროში. შევიდოდა სატრანსფორმატორო სადგურში, ჩაწვებოდა ტრანსფორმატორის გვერდით ამოთხრილ ორმოში, დაიდგამდა სანთელს და წერდა. ზედამხედველები შიშით ვერ ბედავდნენ იქ შესვლას, რადგან ლევანმა კარზე თავის ქალა დაახატა და ქვეშ მიაწერა: “სასიკვდილოა”. სწორედ ამ პერიოდში დაწერა ლევან გოთუამ პიესა “სამსახეობა რაინდისა” და დაიწყო “გმირთა ვარამზე” მუშაობა.

მაღაროში გათხარა სამალავი, რომელშიც ნაწერებს ინახავდა. ბანაკიდან მათი გამოტანა დიდ სიძნელეებთან და რისკთან იყო დაკავშირებული. თუმცა ვორკუტაში მცხოვრები პატიმრობამოხდილი ქართველების დახმარებით ამას მაინც ახერხებდა. ზოგჯერ ჩანაწერები ფურცელ-ფურცელ გამოჰქონდათ ბანაკიდან. მაგრამ მერე განიზრახეს დიდი მოცულობით გამოეტანათ. ამისათვის ასეთი ხერხი მოიფიქრეს. მაღაროების გასამაგრებლად მოჰქონდათ მორები. ზოგიერთი “პრარაბი” ამ მორებს მოსახლეობას მიჰყიდიდა ხოლმე. ლევანის ხელნაწერისათვის ასეთ მორებში სამალავი გააკეთეს – ამოჭრეს, ფურცლები ჩადეს, ზედ ისევ მორის ნაჭრები დააფარეს და ტალახით შეგოზეს. შემდეგ ეს ხე-ტყე ერთ-ერთმა ქართველმა შეისყიდა, სახლში რომ მიიტანა, ცოლი აუტყდა – კაცო ეს მორები რაღად გინდოდა, ნახე რამდენი გვაქვსო. ის კაცი შესაფერის დროს ელოდა, რომ ხელნაწერი სამალავიდან შეუმჩნევლად ამოეღო, ამასობაში ცოლმა, რომელმაც არაფერი იცოდა, მორებს გაყიდვა დაუპირა. შეიძლება ითქვას, რომ “გმირთა ვარამის” ორიგინალი სულზე გადარჩა.

მერე ხელნაწერი მორებში ჩამალეს და ძლივს გამოიტანეს ბანაკიდან. ასე დაიწერა ქართველების არა ერთი თაობის აღმზრდელი რომანის – “გმირთა ვარამის” პირველი ნაწილი. ამ ისტორიის მოსმენისას შეიძლება ითქვას, რომ “გმირთა ვარამი” ქართველების კოლექტიური ეროვნული თვითშგნებისა ნაყოფია. ასე უყვართ ქართველებს ლიტერატურა, ქართველი მწერლები და საქართველო!

სამშობლოში სტალინის სიკვდილის შემდეგღა დაბრუნდა...

შორეული ციმბირისა და იმიერპოლარეთის ციხეებში სამშობლოზე ფიქრი არ ასვენებდა, გულდარდიანად წერდა: “ეს ვერ გამიგია, სამშობლო იმიტომ მიყვარს, რომ ასე შორსა ვარ, თუ იმიტომ ვარ ასე შორს, რომ ასე ძლიერად მიყვარს სამშობლო”.

1960 წლის 25 აპრილს საქართველოს სსრ პროკურორის მოადგილემ, იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველმა ა. გიგაურმა გრიფით “სრულიად საიდუმლოდ” პროტესტით მიმართა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის უმაღლეს სასამართლოს და ლევან გოთუას რეაბილიტაცია მოითხოვა – დანაშაულის დაუმტკიცებლობის გამო.

საქართველოს სსრ უმაღლესმა სასამართლომ პროტესტი დააკმაყოფილა და რეაბილიტირებული 55 წლის მწერალი საქართველოში დაბრუნდა. გადაწყვიტა ქალაქგარეთ დასახლებულიყო, რომ მუშაობისათვის მეტი დრო ჰქონოდა. ლევან გოთუა არმაზში დასახლდა დაცოლშვილდა და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. მას არ უყვარდა განვლილი უმძიმესი ცხოვრების გახსენება, სასწაულს მიაწერდა სამშობლოში დაბრუნებას და საკუთარი ნაწერების გადარჩენას.

საქართველოს სიყვარულმა ყველა სიძნელე გადაალახვინა: ,,სად არ მათრიეს, სად არ გადამაგდეს, სად არ მაწვალეს. ყველაფერს რომ ჩავყევი და გავიხსენე, თვითონ განვცვიფრდი, ნუთუ ყოველი მე მხვდა წილად. . . ჩემს თავზე მძიმე ზღაპარმა გადაიარა. ერთი ადამიანისთვის ეს ბევრზე ბევრია გადასატანად და დაუჯერებელიც!.”

უმეტეს დროს არმაზში ატარებდა. ძალიან უყვარდა იქაურობა. მწერლის და თამარ გოთუა იგონებს: ”ყოველ შემოდგომაზე, როდესაც იქ ვიყავით, დილით თავზე დაგვადგებოდა და დაგვძახებდა: “ეჰეჰეი, გაიღვიძეთ, შეხედეთ…” და გვაჩვენებდა შიო მღვიმის ნაკრძალიდან მტკვრის ნაპირზე ჩამოსულ ირმებს. მდინარეში ცურავდა, თევზაობდა… ჩვენი სახლის მოპირდაპირე მხარეს, მდინარის გადაღმა იყო ბარგიყარიას მთა (გადმოცემით აქ წინათ გზა ყოფილა. ამ ადგილას თურმე ზედმეტ ბარგს ყრიდნენ. ამიტომ ჰქვია ასეთი სახელი). ლევანმა დაიწყო იქ გამოქვაბულის გამოთხრა ისეთი ჩანაფიქრით, რომ უძველესი ხელნაწერების მუზეუმი გაეკეთებინა. ამ გამოქვაბულისაკენ ჩვენი სახლის მხრიდან საცალფეხო ხიდი უნდა გადაეგდო. უდიდესი ენთუზიაზმით აგროვებდა ხელნაწერებს, გამოქვაბულს საკუთარი ხელით თხრიდა, ხიდის პალოებიც მოიტანეს და დაასვეს… ლევანს ალპინიზმი იტაცებდა, ბევრი მწვერვალი დაიპყრო, მთელი საქართველო ფეხით ჰქონდა შემოვლილი, უსახელო ქვაბულები და ციხეკოშკები აღმოჩენილი. არმაზის ხეობა ხომ ხუთი თითივით იცოდა. მარტო კი არ დადიოდა, ჩვენც აგვიკიდებდა და ისე… ეს წლები ძალიან კარგი იყო. ამდენი ტანჯვა-წვალების შემდეგ თავი ზღაპარში გვეგონა. მოვიდა აღიარება, მატერიალურადაც გავიმართეთ. თითქმის ყოველთვის კარგ ხასიათზე იყო. ძალიან გულუხვი იყო ჩვენს მიმართ, გვანებივრებდა, თითქოს უნდოდა გადატანილი გაჭირვება აენაზღაურებინა. ვიზედაც ხელი მიუწვდებოდა, ყველას ეხმარებოდა – ესახელებოდა და უხაროდა.”

ყოველ ეროვნულ საქმეს ლევან გოთუა განსაკუთრებული სიყვარულითა და აღფრთოვანებით ეკიდებოდა. ისტორიული ძეგლების დაცვა თავის სასიცოცხლო საქმედ მიაჩნდა. დადიოდა ტყესა და ღრეში, იკვლევდა, პოპულარიზაციას უწევდა მივიწყებულ ნაშთებს, მათ პატრონობას ცდილობდა. მისი რედაქტორობით გამოვიდა კრებული “ძეგლის მეგობარი”, მანვე ჩაუყარა საფუძველი “გრემქალაქობას”, რომელიც მსგავსი დღეობებისა თუ დღესასწაულების ნიმუშად იქცა.

მისთვის საქართველო იყო საქმე, სიტყვა, სიცოცხლეზე მეტიც. ამიტომ იყო, ქართველ მეფეთა უძველეს ნაფუძარზე – არმაზში რომ სახლობდა. ამიტომ დაიკრძალა იქვე 1973 წლის თებერვალში. ამიტომ იყო, საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით მცხეთის სამთავროს ეზოში რომ გადაასვენეს 2005 წლის 15 დეკემბერს.

 

analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way