USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
ლევან ბოძაშვილი ღვინის ბლოკჩეინ კონსორციუმის დამფუძნებელი - ქართული ღვინო ციფრულ სივრცეში
თარიღი:  1653

ქართული ღვინის მსოფლიო ბაზარზე გატანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას გააძლიერებს. რა ხდება მაშინ, როდესაც ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტში ტექნოლოგიები, კერძოდ — ბლოკჩეინი და ტოკენიზაცია ერთვება?

ლევან ბოძაშვილი ღვინის ბლოკჩეინ კონსორციუმის დამფუძნებელი და ბლოკჩეინ ბიზნესის კონსულტანტია. ის dev.ge-სთან ქართული ღვინის ტოკენიზაციის მომავალზე საუბრობს.

ღვინის ტოკენიზაცია გულისხმობს მის გაყიდვას ბლოკჩეინ პლატფორმებზე — ვაჭრობას კრიპტოვალუტით. ასევე — NFT-ის გამოშვებას და ფიზიკური აქტივისთვის ციფრული აქტივის მინიჭებას.

ხარისხის ბლოკჩეინზე დაყვანა უზრუნველყოფს ბლოკჩეინის მიერ კონტროლს, დაცულობის, ხარისხის, დოკუმენტების უზრუნველყოფას და ა.შ 

რას ემსახურება ღვინის ტოკენიზაცია

ლევან ბოძაშვილი ხაზს უსვამს, რომ ქართული ღვინის წინაშე ყოველთვის იდგა ხარისხის პრობლემა. ამასთან შევხვდებით გაყალბების პრობლემებსაც.

მისი თქმით, პრობლემაა ღვინის ძალიან დაბალი ფასიც, რაც მისი ხარისხიდან და საექსპორტო ქვეყნებიდან გამომდინარეობს. დღეს ქართული ღვინის ექსპორტის 65% ძირითადად რუსეთზე, ყაზახეთსა და სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე გადის.

ლევან ბოძაშვილის თქმით, ბლოკჩეინი საშუალებას გვაძლევს, მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში ქართული ღვინის ხარისხი და ფასი გავზარდოთ.

«ახლა ქართული ღვინის მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 30%-ია პრემიუმ ხარისხი. ჩვენ ვაკეთებთ ამ პრემიუმ ხარისხის ტოკენიზაციას». 

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ის ვერ უწევს კონკურენციას ისეთ დიდ ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ჩილე — ისინი მილიარდებს ხარჯავენ ქვეყნის ღვინის რეკლამირებაში.

ლევან ბოძაშვილის თქმით, საქართველოს ამის საშუალება არ აქვს, ამიტომ ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ოცეულში მუდმივად მე-17, მე-18 ადგილებს იკავებს. ბლოკჩეინი კი ამ პრობლემის დაძლევის საშუალებას მოგვცემს. 

 «იმიტომ შეიქმნა ბლოკჩეინ კონსორციუმი, რომ, ყველა მეღვინეს შეეძლოს, მიიღოს ისეთი ტექნოლოგიური საშუალებები, რომლებიც მათ პრობლემებს გადაუწყვეტთ. ეს არის ექსპორტსა და ბაზრებზე წვდომა დანახარჯების გარეშე. მარკეტინგი, ხარისიხის დადასტურება ბლოკჩეინზე, გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველყოფა ერთ სისტემაში, ერთი ქუდის ქვეშ, დემოკრატიულად. სარგებლის მიღების ძალიან  მარტივი გზა კრიპტოვალუტების მეშვეობით». — ამბობს ლევან ბოძაშვილი.

ბლოკჩეინი მეღვინეობას აძლევს საშუალებას, რომ ღვინის გაყიდვის დროს ამ ღვინის ფასი მიიღოს მანამ, სანამ პროდუქტი ფიზიკურად  ტრანსპორტირდება. ასევე, იძლევა საშუალებას, მოხდეს ღვინის ექსპორტი და წვდომა მსოფლიოს ყველა ქვეყნის ყველა ბაზარზე. 

 «ჩვენ ყველა ეს სქემა უკვე შევქმენით, შესაბამისი პარტნიორობები უკვე დადასტურებულია, ერთადერთი, რაც ახლა დარჩა არის მეღვინეობების ჩართვა და კონსორციუმში შემოყვანა, რაც ნებაყოფლობითი და უფასო პროცესია.» — ამბობს ლევან ბოძაშვილი.

მეღვინეობებს შეეძლებათ ალგორითმული წევრობა, რაც გულისხმობს კონსორციუმის ტოკენების შესყიდვას სიმბოლურ ფასად, ანუ მეწილეობას კონსორციუმში.

 «რაც მეტს შეისყიდი, მით მეტი წილი გაქვს მოგებიდან». — ამბობს ლევან ბოძაშვილი. 

მისივე თქმით, მომავალში კრიპტოსესხების გაცემა იგეგმება. 

 «ეს არის ძალიან იაფი სესხები, დეცენტრალიზებული ფინანსები მეღვინეობისთვის 0.5-1%-ით. მისი გადახდაც რეალიზებული ღვინიდან ხდება. პრაქტიკულად, მეღვინეობები არაფერს არ იხდიან და არც კარგავენ. პირიქით, იგებენ და ამავე დროს, ხდება მათი ღვინის ხარისხის ამაღლების დადასტურება ბლოკჩეინით». 

ღვინის ხარისხის ამაღლებაში არა ფიზიკური ღვინის ხარისხის გაუმჯობესება, არამედ მსოფლიო ბაზარზე მისი ცნობადობის გაზრდა იგულისხმება.

 «ფიზიკურად შეუძლებელია ბლოკჩეინის გაყალბება. დღეს ყველა ენდობა ბლოკჩეინს, როგორც ბიზნესის გადატანის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას. მომდევნო 2-4 წელიწადში პრაქტიკულად აღარ დარჩება რეალური აქტივები, რომლებიც არ იქნება ტოკენიზებული. ინვესტიციები განხორციელდება ტოკენიზაციაში. 2023 წელი ტოკენიზაციის წლადაა გამოცხადებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ხდება ყველაფრის მასიური ტოკენიზაცია». — ამბობს ლევან ბოძაშვილი.

ტოკენიზაცია არის მატერიალური ან არამატერიალური მნიშვნელობის მქონე ნივთების ციფრულ ტოკენებად გადაქცევის პროცესი. მატერიალური აქტივები, როგორიცაა უძრავი ქონება, აქციები ან ხელოვნების ნიმუშები, შეიძლება იყოს ტოკენიზებული. ანალოგიურად, არამატერიალური აქტივები, როგორიცაა ხმის მიცემის უფლება და ლოიალობის ქულები, ასევე შეიძლება იყოს ტოკენიზებული.

ღვინის ბლოკჩეინ კონსორციუმის საქართველოში შექმნის მიზეზი საქართველოს «ღვინის სამშობლოს» ტიტულია. საქართველო ბლოკჩეინზე დატანილი «ოქროს სტანდარტი» უნდა გახდეს.

«ჩვენ ამისთვის დავიქირავეთ სპეციალურად იტალიელი, ფრანგი და ესპანელი სომელიეები, რომლებმაც თავიანთი ქვეყნების მაგალითზე შესაბამისი სტანდარტები  შეადგინეს. საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება ჩვენ უკვე ავიღეთ და გადავიტანეთ ჩვენს კონსორციუმში». — აცხადებს ლევან ბოძაშვილი.

ამ გლობალური ქსელის ნაწილია Wiva ტოკენი, ხოლო საქართველოსთვის იგეგმება გლობალური «ქვევრი ტოკენის» შექმნა.

 «ქვევრის ღვინო არის ქართული ღვინის ნიშა. ამიტომ, სწორედ ეს ნიშა უნდა იყოს ასახული ტოკენში თავისი შესაბამისი დასახელებით. საავტორო უფლებები, სამარკო ნიშნები — უკვე ყველაფერი დარეგისტრირებული გვაქვს. როგორც კი მეღვინეობები გამოთქვამენ მზადყოფნას და უკვე არაერთმა გამოთქვა სურვილი, რომ შემოუერთდეს ამ  ყველაფერს, მაშინვე ჩვენ ერთ კონკრეტულ დღეს გამოვცემთ ამ ტოკენებს». — ამბობს ლევან ბოძაშვილი.

ტოკენების შესყიდვა ნებისმიერ შეეძლება. არ აქვს მნიშვნელობა მეღვინე არის, თუ არა. შესაბამისად, ტოკენები საზოგადოებას საშუალებას მისცემს, ქართული ღვინის ინდუსტრიის მეწილეებად იქცნენ.

 «ტოკენი ნიშნავს იმას, რომ თქვენ მიიღებთ შესაბამის მოგებიან დივიდენდს. მაგალითად, თუ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც უყვარს ღვინო, შეისყიდის ტოკენს, მას შეეძლება, რომ მუდმივად, ყოველთვიურად ან ყოველწლიურად, მიიღოს შესაბამისი დივიდენდი. რეალურად, ტოკენიზაცია საშუალებას გვაძლევს, მთლიანი ღვინის ინდუსტრიაში ჩვენვე, ინდივიდუალურად გავხდეთ ინვესტორები, განვავითაროთ ინდუსტრია და ექსპორტის ზრდასთან ერთად მივიღოთ დივიდენდი». 

ლევან ბოძაშვილის პროგნოზით, იმ მოდელით და გეგმებით, რომლებიც მათ აქვთ და რომლებმაც გაიარა ისეთი დიდი კომპანიების აუდიტი, როგორიცაა დელოიტი და სხვა. ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდა 320 მილიონ აშშ დოლარამდეა შესაძლებელი. ამჟამად ღვინის ექსპორტის წლიური მაჩვენებელი 107 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

 «აქ მხოლოდ კრიპტობაზარზეა საუბარი და არა არსებულ ბაზარზე. მეღვინეობები, რომლებიც ახლა ყიდიან  ღვინოს, ისევ  ჩვეულებრივად გაყიდიან, ჩვენ მათ დამატებით ბაზრებს ვუხსნით, მეორადი კაპიტალის ბაზრებს. როდესაც NFT იყიდება, რეალური ღვინის ფასს ორმაგდება. ეს არის ძალიან მომგებიანი როგორც მეურნეობებისთვის, ასევე თვითონ მყიდველისთვისაც, რომელსაც შეუძლია NFT გადაყიდვის საშუალებად გამოიყენოს. ერთი NFT რამდენჯერმე გაყიდოს და მიიღოს მოგება. ეს თვით ინვესტირებადი აქტივია». 

ამჟამად ღვინის ინდუსტრია ნახევარ ტრილიონადაა შეფასებული, მსოფლიოში 450 მილიარდ აჭარბებს. ეს მაჩვენებელი გასული წლიდან $100-მილიარდიან ზრდას გვიჩვენებს.

 «საკმაოდ მომგებიანია და საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო არ უნდა ჩამორჩეს ამას, როგორც ბაზრების ათვისებაში, ასევე ღვინის ხარისხსა და ფასში». — გვეუბნება ლევან ბოძაშვილი. 

პროექტის გარშემო ტექნიკური სამუშაოები 2022 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ლევან ბოძაშვილის თქმით, ფაქტობრივად მზადაა საქართველოსთვის შექმნილი ღვინის ბაზარი. ამჟამად მეღვინეობებთან მოლაპარაკება და მათი კონსორციუმში ჩართვის პროცესი მიმდინარეობს.

 https://dev.ge

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.