თუ დანიელსონის მეორე მედიაციაც უშედეგოდ დასრულდა, თუ ოპოზიციამ განაგრძო რადიკალური დღის წესრიგის მიყოლა, ხოლო მმართველმა ძალამ არ გადადგა შემხვედრი ნაბიჯები, ასოცირების დღის წესრიგს რეალურად პრობლემა შეექმნება, - აცხადებს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი.
ბოძაშვილის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მიშელის ვიზიტის შემდეგ ბრიუსელში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის შეჩერებაზეც დაიწყეს საუბარი.
„დღის წესრიგი მუშავდება და დგება ბრიუსელში, ევროკომისიაში და მისი განხორციელების ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს ევროკომისია. შესაბამისად, დღის წესრიგის განხორციელების დაყოვნება პრაქტიკული თვალსაზრისით ასოცირების შეთანხმების შეჩერებაა. ეს ბუნებრივია, იქნება უაღრესად მძიმე დარტყმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისთვის. ამიტომაც, გარდა სხვა ეროვნული პრობლემებისა, პოლიტიკურმა ძალებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ მედიაცია წარმატებით დასრულდეს. წარმატებაში კი იგულისხმება შემდეგი: ოპოზიციურმა პარტიებმა უარი უნდა თქვან რადიკალურ მოთხოვნებზე, პრინციპზე - ან ყველაფერი ან არაფერი და მედიაციის შედეგად მიღებული სამოქმედო გეგმის საფუძველზე შევიდნენ პარლამენტში. მედიაციისას, მათ ფოკუსირება უნდა ამოხდინონ 2 მთავარ საკითხზე - იუსტიციის საბჭოს რეფორმირება და რეალური საარჩევნო რეფორმა. მხოლოდ ამ ორ საკითხში მათ ექნებათ ევროპისა და ამერიკის სრული მხარდაჭერა. დანარჩენი საკითხები, როგორიც არის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, სრულიად საფუძველს მოკლებულია და ამ საკითხზე გაჯიუტება შედეგს ვერ მოიტანს და ეს იქნება ხელოვნურად ასოცირების დღის წესრიგის ჩაგდების პროვოცირება და შესაბამისად, რუსული დღის წესრიგის გატარება.
ამავე დროს, მმართველმა პარტიამ, რეალურად უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემისა და საარჩევნო რეფორმა და მოახდინოს იუსტიციის საბჭოში წარმოდგენილ ძალთა დეცენტრალიზაცია/გადანაწილება. ამ საკითხზე კომპრომისი არ იქნება არც ამერიკის და არც ევროპის მხრიდან. ეს საკითხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი საკითხი, რომლის მოუგვარებლობა აფერხებს ყველაფერს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ყველა პარტიამ უნდა მოახდინოს საკუთარ ინდივიდუალურ დღის წესრიგიდან დისტანცირება ამ საკითხის მოგვარებისათვის“,- განაცხადა ბოძაშვილმა.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/