USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
თბილისი
ლევან ბოძაშვილი - კავკასიური კვანძი იხსნება და არა საქართველოს სასარგებლოდ
თარიღი:  1172

გთავაზობთ საგარეო საქმეთა მინისტრისა და უშიშროებისა საბჭოს მდივნის ყოფილ მოადგილეს, ლევან ბოძაშვილს მოსაზრებებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე საომარ მოქმდებზე, მის სავარაუდო შედეგებსა და იმაზე თუ როგორ აისახება ჩვენს სამეზობლოში მიმდინარე პროცესები საქართველოზე.

"- ბატონო ლევან, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 27 სექტემბერს დაწყებული საომარი მომედებები გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის შუამავლობით დაპირისპირებული მხარეების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ ხელი მოაწერეს განცხადებას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და ტყვეთა გაცვლას ითვალისწინებდა.

როგორც ომის დროს ხდება ხოლმე, დაპირიპირებული მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაციები გარდა იმისა, რომ წინააღმდეგობრივია, სრული სურათის წარმოდგენა ჭირს. როგორადაც არ უნდა იყოს, აშკარაა, რომ უკანასკნელ დღეებში აზერბაიჯანულ მხარეს აქვს წარმატებები საკმაოდ გრძელი ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთებზე.

მათ აღებული აქვთ სტრატეგიული მნიშვნელობის დასახლება გადრუტი და სხვა დასახლებული პუნქტები. სომხური წყარობითაც ცხადია, რომ სომხური ქვედანაყოფები ტოვებენ მნიშვნელოვან პოზიციებს და ახალ პოზიციებს იკავებენ ყარაბაღის სიღმეში.

დღეის მონაცემებით რა ვითარებაა ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის დაპირისპირების ფრონტის ხაზზე?

- დღევანდელი მონაცემებით ქალაქი ფიზულიც დაიკავა აზერბაიჯანულმა მხარემ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბაქო გაჩერდება და არ გააგრძელებს სამხედრო სვლას მთიანი ყარაბახის სრულად დასაკავებლად. ეს არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ თურქეთის ინტერესებშიცაა და ეს ინტერესები ნათლად იკვეთება პრეზიდენტ ალიევის განცხადებაში, რომ ომის შემდგომ რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური ვითარება იქნება.

ამ განცხადებით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რამდენიმე სტრატეგიული და დიპლომატიური მინიშნება გააკეთა. პირველი მინიშნება მოიცავს იმას, რომ რეგიონში გაძლიერდება თურქეთის გავლენა და რუსეთის პოზიციები შესუსტდება. ეს ორმაგი დატვირთვის განცხადებაა, ერთის მხრივ რუსეთის გაფრთხილება, რომ აზერბაიჯანი მყარად დგას თავის პოზიციაზე და მეორე მხრივ, რომ თურქული სტრატეგიული მიზანი - შეკრას დიდი თურქული რკალი კავკასია-ცენტრალური აზიის მიმართულებით, რეალობას უახლოვდება.

მეორე მინიშნება გულისხმობს, რომ რეგიონის ლიდერისა და სამხერთკავკასიული სატრანზიტო ცენტრის ფუნქცია სწორედ აზერბაიჯანის მიზანი და განაცხადია. ორივე ზემოაღნიშნულის განხორციელება საქართველოსთვის სახელმწიფოებრივად ფუნქციონალური დასუსტების ხარჯზე მოხდება, ვგულიხმობ იმ გეოპოლიტიკურ როლს რომელსაც ჩვენი ქვეყანა რეგიონში უნდა ასრულებდეს და მისი სტრატეგიული ფუნქციის მთავარი ღერძია.

კავკასიური კვანძი იხსნება და არა საქართველოს სასარგებლოდ, ხოლო სომხეთის მომავალი სრულად რუსეთის ხელში ექცევა, თან ისეთნაირად, რომ ვერც ერთი მომავალი სომხური ხელისუფლება რაიმე მცდელობასაც კი ვეღარ განახორციელებს დასავლეთთან დაახლოებისთვის და სრულად რუსეთის გავლენაში აღმოჩნდება.

შესაბამისად, ამ გადაჯგუფებას არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ ევრაზიული მასშტაბის გავლენა ექნება. კერძოდ, მიმდინარე თურქეთ-ამერიკის, რბილად რომ ვთქვათ, კინკლაობითი ურთიერთობები, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის სრულად დამოუკიდებელი თამაშის პირობებში, თავისუფლად შეიძლება დაპირისპირებაში გადაიზარდოს, მით უმეტეს თუ ამერიკა გადაწყვეტს რუსული საჰაერო სისტემების გამოყენების გამო რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდეს, ნატო-ს გავლენის პოტენციური მექანიზმი ჩვენს რეგიონში რადიკალურად დასუსტდება.

სწორედ ამიტომ, არის რომ ბევრის გასაკვირად რუსეთი მეტწილად აზერბაიჯანის მხარეს იჭერს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ ფაშინიანის დასჯა სურს. თურქეთიც და რუსეთიც ამ კონფლიქტში სტრატეგიულად მოგებული რჩება, მცირედი სხვაობით, ხოლო დასავლეთი და საქართველო წაგებული.

- სამხედრო დაპირისპირებაში რომ აზერბაიჯანს აშკარა უპირატესობა აქვს გასაკვირი ნადვილად არაა, ვინაიდან აზერბაიჯანს სომხეთთან შედარებით ბევრად მეტი რესურსები აქვს როგორც სამხედრო ტექნიკის, ისე ადამიანური რესურსების თვლსაზრისით.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ამ მორიგ დაპირისპირებაში ალბათ ყველაზე დიდი სიახლე ისაა, რომ ამჯერად მოსკოვის პოზიცია უფრო ბაქოს სასარგებლოდაა, ვიდრე ერევნის.

მეტიც, რუსეთს იმაზეც არ ჰქონია ხისტი რეაქცია, როცა აზერბაიჯანულმა ძალებმა სომხეთის ტერიტორია დაბომბა. არადა, მანამდე მოსკოვი ამბობდა, რომ მას არ ჰქონდა საბაბი თუნდაც ოდბკ-ს ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების გამო სამხედრო ძლებით ჩარეულიყო და დაეცვა სომხეთი.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ახლა რაც ხდება, რუსეთსაც აწყობს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ომის შედეგებით, იგულისხმება სომხეთის დამარცხება, მოიშორებს დასავლეთზე ორიენტირებულ ფაშინიანს, არამედ თავისივე მომავალი გეგმებისთვის ევრაზიულ სივრცეზე ბაქოს გულს მოიგებს.

როგორ შეაფასებდით აზერბაიჯან-სომხეთს შორის მორიგ დაპირისპირებაში რუსეთის მოქმედებას? შეიძლება ითქვას, უმოქმედობასაც კი, რაც რეალურად აზერბაიჯანის სასარგებლოდ პოზიციის დაჭერასაც გულისხმობს?

- რუსეთმა ფსონი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გააკეთა, როდესაც თურქეთისგან ნატოში „ტროას ცხენის“ გამოძერწას შეუდგა. თურქეთ-ევროპული უთანხმოება, უთანხმოება აშშ-სთან გულენის საკითხზე, სირიის თემაზე, ასევე თურქეთის მიზანზე - ის ყოფილიყო ფართო შავი ზღვის აუზის მთავარი „მენეჯერი“ და რომ მის გარეშე აქ დასავლეთმა არაფერი უნდა ქნას, ბუნებრივია, დასავლეთის თვალში მინიმუმ კოლექტიურობას ეწინააღმდეგებოდა.

ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბოსფორზე ამერიკული გემების გატარებაზე თურქეთი სპეციალურ რევერანსებს ითხოვდა ამერიკისგან. ამიტომაც, უკვე წლებია, რომ რუსეთი ამ თურქული „ინდივიდუალიზმისგან“ პოლიტიკურ კაპიტალიზირებას ცდილობს და მათი ლოკალური რეგიონალური ინტერსებიც მეტნაკლებად დაემთხვა.

რა თქმა უნდა, თურქეთიცა და რუსეთიც ცდილობს საკუთარი დიდი მიზნები განახორციელოს და აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტი ამ ჯაჭვში ერთი გადახლართული კვანძია, თუმცა ეს დიდი მიზნები რუსეთისთვის სცილდება სამხრეთ კავკასიას. ის მინიმუმ გულისხმობს საქართველოს საკითხის ერთი ხელის დასმით გადაჭრას, კერძოდ იმას, რომ სომხეთივით ჩვენც ჩრდილოეთზე სწორების გარდა სხვა არჩევანი აღარ დაგვრჩეს თურქული პოზიციების ძალიან გაზრდის გამო.

მეორე მხრივ, სტრატეგიული, თუნდაც დროებითი, შეთანხმება თურქეთთან კავკასიაზე, საკმაოდ ამცირებს დასავლეთის გავლენის გაძლიერების შესაძლებლობას კავკასიაში. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ეს ომის გახლავთ თურქეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის მიერ კარგად გათამაშებული სტრატეგიული პარტია, რომელიდანაც სამივე მოგებული რჩება.

დიდი ალბათობით, როგორც არ უნდა დასრულდეს კონფლიქტი ტერიტორიული თვალსაზრისით, ფაშინიანის ხელისუფლებაში ყოფნა ვეღარ გაგრძელდება, რაც ავტომატურად პრორუსული ძალების კვლავ აღზევებას გულისხმობს სომხეთში.

- დამკვირვებელთა ნაწილი რუსეთის პოზიციასა და სიფრთხილეს იმასაც უკავშირებს, რომ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ომში საკმაოდ ხისტი პოზიცია აქვს ანკარას. მიუხედავად იმისა, რომ ერევანი ბევრს საუბრობს ამ ომში თურქეთის როლზე, ისეთი პირი უჩანს, რომ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ესეც გათვლილი აქვს.

აზერბაიჯანის ძალები საომარი თეატრის მახლობლად კი არიან მობილიზებული, მეტიც ამერიკული ფ-16-ები მზაყოფნაში არიან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ომში ჩართვას აპირებენ.

ამჯერად მათ, ყოველი შემთხვევისათვის რუსეთის შეკავების ფუნქცია აკისრიათ, რაც უნდა ითქვას, რომ მეტ-ნაკლები წარმატებით ხორციელდება კიდეც.

ახლა აზერბაიჯანულ-სომხურ სამხედრო დაპირისპირებას ისეთი მასშტაბები აქვს ძნელი წარმოსადგენია საომარი მოქმედებები მალე, ანაც აზერბაიჯანისათვის მნიშვნელოვანი წარმატების გარეშე დასრულდეს.

შექმნილ ვითარებაში გასაკვირი სულაც არაა ბაქოს განცხადებები, რომ აზერბაიჯანის შემადგენლობაში მყოფ ყარაბაღს ფართო ავტონომია ექნება, რომ სომეხი ეროვნების მოქალაქეებს, ვისაც ექნება სურვილი იცხოვრონ აზერბაიჯანში, ამის შესაძლებლობა ექნებათ. მაგრამ, ახლა ყველაზე აქტუალურ თემად ჩანს, მისცემს თუ არა მოსკოვი ბაქოს საშუალებას აიღოს ყარაბაღის დედაქალაქი სტეპანოკერტი.

პრეზიდენტმა ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ „კონფლიქტი კომპრომისების საფუძველზე უნდა გადაწყდეს“, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ ამავე თემაზე ის აცხადებდა - „ყარაბაღი სომხეთია და წერტილი“.

აზერბაიჯანს მიეცემა თუ არა საშუალება აიღოს ყარაბაღის დედაქალაქი სტეპანოკერტი? და კიდევ, თუ რაა, სავარაუდოდ, ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად როგორი კომპრომისული ვარიანტი შეიძლება იქნას მოძებნილი?

- ფაშინიანი ტაქტიკურად შეცდა. იგი პირიქით უნდა მოქცეულიყო და მას თავიდანვე აქცენტი კომპრომისზე გაეკეთებინა, ამით მოიგებდა დროს და აზერბაიჯანს სამხედრო წინსვლის საფუძველს გამოაცლიდა მინიმუმ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. ახლა ვფიქრობ გვიან არის და არ მგონია, რომ ფარულმა ფრანგულმა „შატლის“ დიპლომატიამ პირადად მას უშველოს.

შესაბამისად, ახლა პრეზიდენტ ფაშინიანის მოწოდებები კომპრომისზე მხოლოდ ჰაერში გასროლილი სიტყვებია უკვე ამ ეტაპზე და თუ არა კონფლიქტის სამხედრო ინტერნაციონალიზაცია, სხვა გამოსავალი სომხურ მხარეს უბრალოდ აღარ აქვს, რათა შეაჩეროს აზერბაიჯანული წინსვლა.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ აზრებაიჯანული მხარე არ გაჩერდება და სტეპანაკერტსაც მიადგება. მთავარი კითხვა აქ არის ის, თუ რა ეტაპზე გამოვა რუსეთი ასპარეზზე და შეაჩერებს ამ სამხედრო სვლას. ჯერჯერობით, ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ მეტყველებს.

- გასაგებია, რომ აზერბაიჯან-სომხეთს შორის მიმდინარე ომის დასრულებასა და მის შედეგებზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რაც დღეისათვის მეტ-ნაკლებად ჩანს, გარკვეული დასკვნების გაკეთენა უკვე შესაძლებელია, მათ შორის იმაზეც შესაძლებელია საუბარი, თუ როგორ აისახება ეს პროცესები საქართველოზე.

რა დასკვნების შესაძლებლობას იძლევა ის, რაც ჩვენგან ახლოს ხდება და სავარაუდოდ როგორ აისახება ეს პროცესები საქართველოზე? აზერბაიჯან-სომხეთს შორის ომის დასრულების შემდეგ საქართველოს რა მიზეზებით შეიძლება დაუვიწროვდეს არჩევანი?

- ბუნებრივია მშვიდობა რეგიონში და ჩვენს მეზობლებსა და პარტნიორობს შორის საქართველოს უკიდურეს ინტერესშია. თუმცა, ახლა სიტუაცია იმდენად შეიცვალა, რომ ჩვენი ამოცანა ერთის მხრივ დანაკარგების გარეშე ამ სიტუაციიდან გამოსვლა, ხოლო მეორე მხრივ იმ ფანჯარის გამოყენებაა, რომელიც გაჩნდა.

დეტალურად ეს ყველაფერი შემდეგნაირადაა:

ა) ჩვენთვის ახლა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს სრული პოლიტიკური და ინსტიტუციონალური სტაბილურობა. კერძოდ არჩევნების მშვიდად ჩატარება და ქმედუნარიანი პარლამენტის შექმნა.

ჩვენ ზედმეტად ვართ გადართული შიდა პოლიტიკანურ საკითხებზე და გვეპარება დიდი გლობალური ძვრები რომელიც მიმდინარეობს და რომელთაც ისტორიული გავლენა შეიძლება ჰქონდეთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე.

კერძოდ, ის რაზეც ვისაუბრე, რომ ჩვენი არჩევანი კიდევ უფრო დავიწროვდება ამ კონფლიქტის შედეგად, გაიზრდება რუსეთის სრული გავლენის ქვეშ საქართველოს მოხვედრის რისკი, ხოლო ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა შემცირდება.

ჩვენ კიდევ უფრო დამოკიდებული აღმოვჩნდებით თურქეთ-ევროპულ და თურქეთ-ამერიკულ ურთიერთბებზე, ეს კიდევ უფრო დიდ გაურკვევლობას შეიტანს ჩვენს დასავლურ მისწრაფებებში.

ბ) გაგიკვირდებათ და გეტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილის, როგორც დამაბალანსებელი ფაქტორის მნიშვნელობა და საჭიროება კიდევ უფრო გაიზრდება. ახლა ხელისუფლების ცვლილება, მით უმეტეს კოალიციური მთავრობით, საკმაოდ რისკიანია.

ფაშინიანის მაგალითი არ არის შემთხვევითი, სასწორზე მარტივად დგას საკითხი შემდეგნაირად - ან ყველაფერი ან არაფერი - ან ხელისუფლება, ან არაფერი.

შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით ეს საკმაოდ დიდი რისკის შემცველი ფაქტორია, რისგანაც ქვეყანამ თავი უნდა დაიზღვიოს სწორედ სწორი გეოპოლიტიკური პოზიციონირებით. გავითვალისწინოთ, რომ 3 ნოემბერს ამერიკაში არჩევნებია და ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში ზუსტად ვერავინ გათვლის ამერიკის პოლიტიკას კავკასიის მიმართ.

ევროპის მიმართ ბუნებრვია ტრამპის დამოკიდებულების პოლიტიკა გადაიხედება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევროპის, კერძოდ გერმანიის პოლიტიკა გადაიხედება რუსეთისა და ავტონომიური ევროპული თამაშის მიმართ. გავითვალისწინოთ, რომ აღარც ბრიტანეთია ევროკავშირში და ევროპის ნატოსეული პოლიტიკა ცვლილებების პროცესშია. შესაბამისად მარტო დარჩენის რისკი დიდია.

გ) ამავედ დროს, საგარეო პოლიტიკურ ჭრილში ეროვნულ ამოცანას წარმოადგენს ხელისუფლების დაბალასება. დიახ, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ეს არის აუცილებლობა.

შეუძლებელია ახორციელებდე სწორ და დინამიურ საგარეო პოლიტიკას და ხელისუფლებაში მთლიანად შენ იყო, ყოველგვარი შიდაპოლიტიკური „გადამისამართების“ მექანიზმების გარეშე. ძლიერი ოპოზიციის არსებობას აქ განსაკუთრებული როლი ეკისრება.

ამიტომაც, პარლამენტის სიჭრელე ამ სიტუაციაში პლიუსიც კი იქნება. ჩვენ უნდა გავცდეთ იმ მცდარ სტერეოტიპს, რომ ხელისუფლების ერთი ხელის დაკვრით სრულად შეცვლით ყველაფერი შეიცვლება, ეს მცდარია, ყველაფერი შეიცვლება დაბალანსებული ხელისუფლებით მხოლოდ, რომელიც საერთო ეროვნული თანამშრომლობის ფორმატს აჩენს.

ეს ფორმატი ჩვენ გარდაუვალი საგარეო პოლიტიკური ტურბულენტობიდან თავის დასაცავად უახლოეს მომავალში დაგვჭირდება.

დ) ახლა კი იმ შანსის შესახებ, რომელსაც ეს კონფლიქტი აჩენს. ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაზეც ვისაუბრე, ჩვენთვის 2 არჩევანი რჩება და ეს არჩევანი კონკრეტდება მხოლოდ 2 რამეზე - ამერიკული ბაზა ან ევრაზიული კოლექტიური უსაფრთხოება. ეს უკანასკნელი რა უსაფრთხოებაცაა ეს ჩვენს ტერიტორიებზე და ოკუპაციაზე ვიწვნიეთ.

ამიტომ, სურვილისმიერი არჩევანი ამერიკის გარდა უბრალოდ არ გვაქვს. სხვა საქმეა, რამდენად თავად ამერიკის ინტერესებში შედის ეს. ამის გარეშე ევროკავშირში ჩვენი წევრობა ვერ მოხდება.

შესაბამისად, თუ „ქართულ ოცნებას“ მართლაც სურს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთოს, მანამდე, ეს 4 წელი სწორედ ამერიკული ბაზის გახსნაზე უნდა იმუშავოს.

რაც შეეხება ამერიკულ ინტერესს, თურქულ-რუსული მზარდი რეგიონალური ტანდემისთვის კავკასიის დატოვება, ნიშნავს ფართო რეგიონალური, ირანული, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის პოლიტიკაზე გავლენის შესუსტებას და რეგიონში სტრატეგიულ მარცხს ამერიკისთვის.

ნებისმიერი შემდგომი ამერიკის ადმინისტრაცია ამ მოცემულობას კარგად დაინახავს და ხედავს.

სწორედ აქ იხსნება ჩვენთვის ის ფანჯარა რომელზეც მოგახსენებთ. ეს არის შანსი, რომელიც მხოლოდ საერთო ეროვნული თანხმობის გარეშე ვერ განხორციელდება.

სხვა ალტერნატივა მყიფე ნეიტრალიტეტია, რომელიც მოგეხსენებათ კიდევ უფრო ვერ განხორციელდება, მით უმეტეს ახლა, აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტის შემდეგ.

- ჩვენს სამეზობლოში სტრატეგიული ბალანსი იცვლება და საქართველოს არჩევანიც ვიწროვდება, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესები, ეს უკვე ფაქტობრივი მოცემულობაა და ეს საქართველოს შიდა პოლიტიკაზეც აისახება.

აზერბაიჯანი სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობს ნატოსთან, მაგრამ პრეზიდენტ ალიევს არასდროს უთქვამს, რომ აზერბაიჯანი ნატოსკენ მიისწრაფვის. საომარი მოქმედებების ფონზე რუსეთის ბაქოს მიმართ ფრთხილი პოზიცია იმაზეც მიანიშნებს, რომ სულაც არაა გამორიცხული პრეზიდენტ ალიევს პრეზიდენტ პუტინისათვის პირობაც ჰქონდეს მიცემული, რომ აზერბაიჯანის ტერირორიაზე არც ნატოს და არც თურქეთის სამხედრო ბაზები არ განთავსდებიან.

- აზერბაიჯანისთვის ნატო არარელევანტურია, მას უბრალოდ მისი საჭიროება არ აქვს, მისთვის სრულიად საკმარისია თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობა.

ამავე დროს, არც თვითშეზღუდვის ინტერესი აქვს პრეზიდენტ ალიევს, რადგან ნატო მხოლოდ სამხედრო წევრობა არაა, არამედ მთელ რიგ ინსტიტუციონალურ ცვლილებებს მოითხოვს, მათ შორის დემოკრატიის კუთხით.

ამას გარდა, რუსეთთან დაპირისპირების საბაბი ამ ეტაზე აზერბაიჯანს არ აქვს. პრეზიდენტ ალიევის მიმართვა რუსი ხალხისადმი ამის ნათელი დადასტურებაა."- ესაუბრა კობა ბენდელიანი

წყარო:https://www.interpressnews.ge/

 

 

ანალიტიკა
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.