ბლოკჩეინის სამართალი, გონიერი კონტრაქტები და ტოკენიზაცია
ავტორი: ლევან ბოძაშვილი ევროკავშირის ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი
როგორც ჰარვარდის ლეგენდარული სამართლის პროფესორი, ლარი ლესიგი ამბობს, ის, ვისაც სიგიჟის შეთავაზება არ შეუძლია, ვერაფერს შექმნის ახალს. ამიტომაც, სტატიის დაწერა საკითხზე, რომელიც ჯერ კიდევ აღქმის თვალსაზრისით ჩანასახშია, როდესაც საზოგადოების მიდგომა ნდობის დაბალი ხარისხით სარგებლობს, მაღალი რისკის შემცველია. მიუხედავად იმისა, რომ სამართლის ამ ახალი დარგის დასახელება პირობითია,ის უკვე მოქმედებაშია. თითქმის ხუთივე კონტინენტზე შესაბამისი კანონმდებლობა მიღებულია და ხდება დავების გადაწყვეტა. მალე გამოვა ლონდონის იურიდიული საზოგადოების პირველი გამოცემა ბლოკჩეინის რეგულირებაზეც, რომლის ფასი ამ დროისათვის 1600 ლარზე მეტი იქნება.
წინამდებარე სტატიის მიზანი საკითხთან დაკავშირებით მკითხველისათვის ზოგადი წარმოდგენის შექმნა და ინფორმირებაა. იურისპრუდენცია ის სფეროა, რომელიც ყველაზე მეტად თუ არა,მნიშვნელოვნად, უკვე არის და კიდევ უფრო იქნება სახეცვლილი ტექნოლოგიების მეშვეობით.
შესაბამისი კანონმდებლობა უკვე მიღებულია ლიხტენშტაინიდან უზბეკეთამდე და რეგისტრაციის, რეგულირების, ლიცენზირების წესთა შესაბამისი პაკეტები მოქმედებს, ბიზნესი ვითარდება და ფინანსური ტექნოლოგიები აღწევს ცხოვრებისა და კორპორატიული საქმიანობის ყველა სფეროში. საქართველო ამ დრომდე რჩება ე.წ. ნაცრისფერ ზონად, სადაც არც არაფერია აკრძალული, მაგრამ არც რეგულირებული.
მალე გვექნება კიდევ ერთი ახალი სამართლის დარგიც, კოდირების სამართალი, რომლის რეგულირებაზე, ჯერ მხოლოდ პრინციპების დონეზე, უკვე მუშაობს ამერიკაც, ევროპაც და ჩინეთიც. იანვარში ამ პრინციპების ერთობლიობა გამოაქვეყნა ამერიკის მთავრობამ, ხოლო რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა. ტერმინი კოდირების სამართალი ხელოვნურ ინტელექტსა და ზოგადად, კომპიუტერულ მეცნიერებებს შეეხება, რომელიც, ინსპირირებულია რალესიგის კვლევებით, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შევთავაზე ევროპელ კოლეგებს ოქსფორდის უნივერსიტეტის მომავლის ინტიტუტში, რომელიც არსებითად იქნა გაზიარებული. გუგლიდან დაწყებული ილონ მასკით დამთავრებული, დღეს ყველა თანხმდება, რომ სამართლის ეს დარგი აუცილებლობას წარმოადგენს. თუმცა ამაზე სხვა დროს.
რა არის ბლოკჩეინი
ვიდრე სამართალზე გადავალთ, გავიგოთ რა არის სიტყვის მნიშვნელობა, რომელიც დღეს ხშირად გვესმის, მაგრამ რეალურად მისი არსი ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის. ხშირად მას კრიპტოვალუტებშიც ურევენ, რაც არასწორია. ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის შუამავლის გარეშე მოქმედი პროგრამა, რომელიც შედგება ინდივიდუალური ე.წ. ბლოკებისგან და ქმნის დეცენტრალიზებულ ქსელს, რომელშიც ყველას აქვს საშუალება მესამე პირის (მაგ.ბანკის) გარეშე მოახდინოს ტრანზაქცია ერთ ან რამდენიმე მომხმარებელთან. ბლოკჩეინის სხვადასხვა ტიპი არსებობს. მაგალითად, კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ბლოკჩეინი განსხვავდება ეთერიუმის ბლოკჩეინისგან იმით, რომ ეს უკანასკნელი ტრანზაქციებს გონიერი კონტრაქტების მეშვეობით ახორციელებს.
ტრანზაქციების განსახორციელებლად ბლოკჩეინი იყენებს ე.წ. ტოკენს, ანუ ციფრულ ერთეულს. ტოკენთა რამდენიმე სახე არსებობს–გადახდის ტოკენი, გამოყენებითი ტოკენი და სააქციო ტოკენი. მაგალითად, ბიტკოინი წარმოადგენს გადახდის ტოკენს და არაერთ იურისდიქციაში აღიარებულია, როგორც მხოლოდ ციფრული ქონება, რადგან სახელმწიფოები ჯერ შორს არიან იმ აზრისგან, რომ იგი ოფიციალურ ვალუტად იქნეს აღიარებული.
აქამდე არსებული მონაცემთა ქსელებიდან განსხვავებით, ბლოკჩეინი დამოუკიდებლად, ე.წ. ცენტრალური ხელისუფლების გარეშე, ერთი პირის მეორე პირთან პირდაპირი ურთიერთქმედების საფუძველზე მუშაობს. აქამდე არსებული ქსელები „სერვერი-კლიენტის“ პრინციპით მუშაობდა და მუშაობს, როგორც ამჟამინდელი კლასიკური ინტერნეტი (რაიტი, დეფილიპი, კოდირების წესები, 2019).მათ ვიღაც ფლობს, კონკრეტული ინტერნეტსერვისის მიმწოდებელი კომპანია, რომლის სერვერთა მეშვეობით გაედინება და შემოედინება მონაცემთა ტრაფიკი ელ.ფოსტის გზავნილიდან მესენჯერის ჩათვლით. ხოლო ბლოკჩეინში ამ პირებს პირობითად ნოდები, ბლოკები ეწოდება.
ამ ნოდებს თითოეული ინდივიდი ფლობს და სხვადასხვა ნოდებს შორის იქმნება ტრანზაქციის შესაძლებლობა, ისე, რომ გარიგების შუამავალი განმახორციელებელი საჭირო აღარ არის. მაგალითად, სანოტარო დამოწმების განსახორციელებლად აუცილებელია ავტორიზებული პირის, ნოტარიუსის მიერ ლიცენზირებული მოქმედების განსახორციელება, რათა დამოწმებული დოკუმენტი გახდეს აუთენტური. ბლოკჩეინის გამოყენებით, ასეთი შუამავალი საჭირო აღარ არის, რადგან არსებული ჩანაწერი იმდენად დაცული, შეუცვლადი და აუთენტურია, რომ მისი დამოწმების საჭიროება არ დგას. იგივე ეხება სისხლის სამართლის მტკიცებულებების აუდიო და ვიდეოჩანაწერებს, რომელთა ბლოკჩეინზე განთავსების შემდეგ დამატებითი ექპერტიზის საჭიროება აღარ დგება.
ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ თითეული ნოდის დადასტურებას ახდენს თავად გარიგებაში მყოფი ორი ან მეტი პირი და მაშინაც კი, როდესაც ერთი მხარის ჩანაწერი იკარგება ან უკიდურეს შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგოდ მოდიფიცირდება, პირველადი აუთენტური ორიგინალი ჩანაწერის აღდგენა მარტივია. შესაბამისად, ბლოკჩეინზე განთავსებული მონაცემების უსაფრთხოება იმდენად მედეგია, რომ დამატებითი ექსპერტიზის საჭიროება პრაქტიკულად ნულდება. ამავე დროს, ამ მონაცემთა მოწესრიგებულობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ბლოკჩეინი ემყარება ე.წ. კონსენსუსის მექანიზმს–წესთა უმკაცრეს ერთობლიობას, რომელიც ამ მონაცემების გაყალბებას იმდენად ძვირს ხდის, რომ მის განხორციელებას აზრი ეკარგება ნებისმიერი ტიპის ტრანზაქციისთვისაც კი.
კოდი არის კანონი
ეს რთული ტექნოლოგიური და სამართლებრივი სინთეზური ფილოსოფიური დასკვნა პირველად კონსტიტუციონალისტმა ლარი ლესიგმა 1999 წელს გააკეთა თავის წიგნში „კოდი და კიბერსივრცის სხვა წესები“. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი არის კოდირების სამართლის ფილოსოფიის მამამთავარი. პარადოქსალური და ნიშანდობლივია ისიც, რომ პირველი კრიპტოვალუტაც არა იდუმალმა სატოში ნაკამოტომ შექმნა 2009 წელს, როგორც ეს საყოველთაოდ ცნობილია, არამედ იურისტმა ნიკ ცაბომ, 1987 წელს. ბოლო წლების განმავლობაში, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში, ექსპონენციური ტექნოლოგიური განვითარების ფონზე, ტერმინი „კანონის უზენაესობა“ უპირობოდ ეჯახება ახალ ტერმინს „კოდის უზენაესობა“.
კიბერსივრცის რეგულირება ამ ორ პრინციპს შორის ურთიერთჰარმონიულ თავსებადობაში მდგომარეობს. კოდის მეშვეობით ადამიანებს შეუძლიათ ისეთი საკუთარი წესების სისტემა შექმნან, რომელიც მოქმედი იურისდიქციების გარეთ ფუნქციონირებს. ვინაიდან, კანონის უზენაესობა მატერიალური, ე.წ. ხორციელი სფეროს მარეგულირებელია, ხოლო კოდის უზენაესობა ვირტუალური, არამატერიალური და არაკონტროლირებადი სფეროს რეგულაციის საფუძველია, ისინი ურთიეთქმედებენ იმ ფარგლებში რამდენადაც ეს ორი სისტემა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ფორმირდება ახალი ნორმატიული სისტემა, რომლის ფარგლებში ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური, ავტონომიური, არარეგულირებადი ფორმაციები ჩნდება. ამის ნათელი მაგალითია დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციები (DAO) და ე.წ. ICO-ები, პირველადი ქოინ შეთავაზებები, რომელთა რეგულირება არ მომხდარა, თუმცა მათი მეშვეობით ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციები იქნა მოზიდული სხვადასხვა პროექტების მიერ, ისევე როგორც არანაკლები თანხები უკვალოდ გაქრა.
პროგრამული, კოდირებითი შესაძლებლობების ტექნოლოგიების განვითარებამ შესაბამისად დღის წესრიგში ავტომატურად დააყენა lex cryptographia-ს წარმოშობა. იგი არსობრივად ანარქიულია, მოქმედებს ტრადიციული რეგულირების ფარგლებს მიღმა და წარმოადგენს დამოუკიდებელ ეკოსისტემას, რომელიც არსებობს სხვა ტრადიციული ეკოსისტემების პარალელურად ან მათ ხარჯზე (რ. ნოზიკი. ანარქია, სახელმწიფო და უტოპია, 1974). მისი რეგულირება მხოლოდ კოდზეა დამოკიდებული და შესაბამისად, ანარქიული და ავტონომიურია რადგან ანგრევს, ან მინიმუმ გვერდს უვლის, სახელმწიფოს მონოპოლიას რეგულირებაზე. სახელმწიფოს ამ მონოპოლიურობის გამოწვევას ახდენს ბლოკჩეინი. კერძოდ, ერთი იმით, რომ თუ სახელმწიფოს სრული საშუალება აქვს აღასრულოს მართლმსაჯულება და დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ბლოკჩეინში ეს დიდ წილად შეუძლებელია. მაგალითად, გონიერი კონტრაქტის ამ დროისათვის არსებული პრინციპი – მისი წაუშლელობს ეწინააღმდეგება უფლებას დავიწყების თაობაზე (ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაცია).
შესაბამისად, ბლოკჩეინის ეკოსისტემაში რეგულირებას ახდენს კოდი. ანუ, კოდი არის კანონი. მეორეს მხრივ, არსებითად რასაც ბლოკჩეინი ახდენს, ეს არის რეგულირების საშუალების (და არა კომპეტენციის) გადაცემა სახელმწიფოდან მოქალაქეზე. ამაში მდგომარეობს დეცენტრალიზაციის არსი და ამიტომაც ბლოკჩეინს ეწოდება დეცენტრალიზებულ ჩანაწერთა ტექნოლოგია.
პრაქტიკაში, საკმაოდ რთულია განსხვავების დანახვა სახელმწიფო და ტექნოლოგიურ რეგულირებას შორის, კანონის უზენაესობასა და კოდის უზენაესობას შორის. ზოგადად, კიბერსივრცის რეგულირება ტრადიციული რეგულირებისგან მნიშვნელოვნად განისაზღვრება იმით, თუ რამდენად ახდენს ტექნოლოგია რეალური ცხოვრების რეგულირების სფეროში შეჭრას (ლესიგი, კიბერსივრცის ზონები, 1996). ამ პრაქტიკული განსხვავებითი საზღვრების დანახვა მომდევნო წლებში კიდევ უფრო ადვილად გახდება შესაძლებელი, იმის მიხედვით, თუ ვინ გაიმარჯვებს – კანონის უზენაესობის გამომყენებლები თუ ტექნოლოგისტები, რომელთა მთავარი მიზანი მოქალაქეთა სახელმწიფოსგან „გამოთავისუფლებაა“ (სხრეპელი, ბლოკჩეინის ანტიმონოპოლიური პარადოქსი. 2019).
განვიხილოთ უფრო კონკრეტულად. პირველ რიგში, ბლოკჩეინი არის ტექნოლოგია, რომელიც ანონიმურობას ეფუძნება. მისი მომხმარებლის რეალური იდენტობა არ არის ცნობილი მესამე პირთათვის, იგი ფლობს ვირტუალურ ე.წ. „საჯარო გასაღებს“, რომელიც არის სიმბოლოთა ერთობლიობა და ცნობადია ყველასთვის ბლოკჩეინში. ამას გარდა, მომხმარებელი ფლობს „პირად გასაღებს“, რომელიც მხოლოდ მისთვის არის ცნობილი. ტრანზაქცია ორ პირს შორის არის ღია, ხილული და ხორციელედება შეუცვლელი ჩანაწერით. თუმცა პირთა ვინაობა დაუდგენელია. დაუდგენელია ასევე ტრაზაქციის მიზანი და შინაარსი. შესაბამისად, მარეგულირებლის მოქმედება დაარეგულიროს ასეთი ტრანზაქცია რჩება არაეფექტიანად. ეს ანონიმურობა არ ეხება იმ ვითარებას, როდესაც ბლოკჩეინით ხორციელდება რეალური ქონების, მოქმედების ან შესყიდვის განხორციელება.
მეორეც, ბლოკჩეინი წარმოშობს გარედან აღსრულების თვალსაზრისით რეალურ ბარიერს. ეს გამოწვეულია მისი დეცენტრალიზებული ხასიათით და ვინაიდან მას არ ჰყავს/აქვს ცენტრალიზებული მმართველი ხელისუფლება, პასუხისმგებლობა მის შესრულებაზე მხოლოდ მომხმარებელთა ხელშია. თუმცა, შიგნით, თავად სისტემაშიც კი, მისი აღსრულება გარანტირებულია იმდენად, რამდენადაც, ერთი ჩანაწერის წაშლა ან შეცვლა არ ახდენს ამ ჩანაწერის მეორე ასლის წაშლას ან შეცვლას და შესაბამისად დადასტურებადია. გარედან ჩარევის შეუძლებლობა კი ვერ აღჭურავს სასამართლოს ან საჯარო ხელისუფლებას საშუალებით მოახდინოს რომელიმე ჩანაწერის შეცვლის ან წაშლის გზით აღსრულების იძულება. მესამე, ბლოკჩეინი დენადი, შეუჩერებელი კოდია, დაუსრულებელი. მისი ერთი დონე ერთის მხრივ წარმოადგენს მონაცემთა ბაზას, ხოლო მეორე დონე საშუალებას იძლევა აპლიკაციების მეშვეობით არა მხოლოდ ფინანსური ტრანზაქციები განხორციელდეს, არამედ მაგალითად, ორმა პირმა გაიყოს ტაქსის გამოძახება ან სასტუმროს დაჯავშნა. ამიტომაც, მისი მომხმარებლები ნდობას სწორედ პროგრამას უცხადებენ და არა სასამართლოს ან სააღსრულებო ბიუროს, რომელიც პოტენციურად, რეალურ ცხოვრებაში წარმოადგენს ლეგიტიმურ სანდო საბოლოო ინსტანციას გარიგების იძულებით აღსასრულებლად.
გონიერი კონტრაქტები
გონიერი კონტრაქტი არის კოდი, პროგრამა, რომელშიც მოცემულია გარიგება. მისი განხორციელება ხდება ეთერიუმის ბლოკჩეინის მეშვეობით და ეფუძნება პრინციპს „თუ ეს, მაშინ ასე“. ეს არის შეუცვლელი, არამოდიფიცირებადი კოდი, რომლის გასაუქმებლად, შესაცვლელად ან განსაახლებლად საჭიროა ახალი კონტრაქტის, კოდის შექმნა. მრავალი ევროპელი იურისტის აზრით, მასზე ვრცელდება ევროკავშირის რომი 1 რეგულაცია და ისეთივე ვალდებულებებს წარმოშობს, როგორსაც ჩვეულებრივი კონტრაქტი. შესაბამისად, გონიერი კონტრაქტის აღსრულება ეფუძნება მხარეთა ნებაყოფლობით და წინასწარ შეთანხმებას, დამატებული შესაბამისი ტექნოლოგიური უზრუნველყოფა თვით კონტრაქტის ასამოქმედებლად.
აქ წარმოიშობა მთავარი განმასხვავებელი ასპექტი – ექსტრატერიტორიულობის პრინციპი. ასეთი სახის ალგორითმული კონტრაქტი სცდება მხარეთა ტერიტორიულ იურისდიქციულ ჩარჩოს და შესაძლებელია განხორციელდეს კალიფორნიიდან ქუთაისამდე მარეგულირებლის გარეშე. კანონმდებელს რჩება ორი გზა: დაარეგულიროს აღსრულებისა და დავების გადაწყვეტის მექანიზმი. თუმცა ამ ვითარებაშიც კი ეს რეგულირება უნდა იყოს თავსებადი სხვა იურისდიქციულ რეგულირებასთან რათა მხარეებს არ შეექმნათ აღსრულების პრობლემები. ევროკავშირის კანონმდებლობაშიც კი, ვალდებულებითი სამართლის განხორციელება უმეტესად ქვეყნების მიერ კანონთა ინდივიდუალურ ინტერპრეტაციას ეფუძნება და ამ ინტერპრეტაციის ევროკანონმდებლობასთან განსხვავების შემთხვევაში ერთვება ევროკავშირის სასამართლო. შესაბამისად, გონიერი კონტრაქტების გამოყენება საერთაშორისო დონეზე, როგორც ჩვეულებრივი კონტრაქტისა ან ავტონომიურია და მოიცავს დავების გადაუწყვეტელობისა და არ აღსრულების რისკს, ან იგი უნდა დაექვემდებაროს საერთაშორისო წესთა ერთობლიობას, რომელთა უნიფიცირებული ჩარჩო ამჟამად არ არსებობს. მეორე, მნიშვნელოვანი ასპექტი გონიერი კონტრაქტებისა არის ის, რომ მათი საშუალებით შესაძლებელია დიდი, მრავალფუნქციური ხელშეკრულებების ნაწილთა განხორციელება. ასეთ შეთანხმებებს პირობითად დავარქვათ ჰიბრიდული გარიგებები და გულისხმობს ჩარჩო ხელშეკრულებების იმ ნაწილთა განხორციელებას, რომელთა ვადები და პირობები პარალელურად ხორციელდება ხელშეკრულების მთელი მოქმედების მანძილზე პერიოდულად. ამის კარგ მაგალითს წარმოადგენს გადამზიდავი კომპანიის ხელშეკრულება პორტთან, როდესაც ინდივიდუალური კონტეინერების დატვირთვა/მიმოქცევა ხორციელდება გონიერი კონტრაქტით სათითაოდ, ხოლო სრული პირობები მთლიანი, ჩვეულებრივი ხელშეკრულებით მხარეებს შორის. ასეთი პრაქტიკა უკვე დანერგა IBM-მა და Maersk-მა მსოფლიოს 100-ზე მეტ პორტში
ტოკენიზაცია
2017 წლიდან მოყოლებული, სწორედ ე.წ. ICO-ების ნეგატიური გამოცდილების შედეგად, ამერიკულმა და ევროპულმა რეგულატორებმა ინტენსიურად დაიწყეს სარეგულაციო ჩარჩოზე მუშაობა. დღეს უკვე ჩამოყალიბებული და შექმნილია შესაბამისი რეგულაციები ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში, აზიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში. არარეგულირებული შეთავაზებების რისკი იმდენად მაღალი იყო და პრაქტიკამაც აჩვენა თანხების უკანონო მითვისების შემთხვევები, რომ მასიურად მოხდა მათი რეგულირება. JP Morgan-ის შეფასებით, მომდევნო 4-5 წელიწადში ბლოკჩეინზე იქნება გადასული და მოხდება ტოკენიზაცია გადახდების სისტემის 90%, ხოლო ფინანსური და უძრავი ქონების ტოკენიზაცია სრულმასშტაბიან სახეს მიიღებს. ტოკენიზაცია პრაქტიკულად ყველაფრის შეიძლება.
ტოკენიზაცია პირველად TrustCommerce-მა განახორციელა 2001 წელს. ეს არ იყო ბლოკჩეინ ტოკენი, არამედ კოდირებული შემცვლელი საბანკო ბარათებისა და პერსონალური ინფორმაციისათვის. ბლოკჩეინის წარმოშობის შემდეგ, ტოკენიზაციამ დიდი ადგილი დაიკავა ნებისმიერი სახის ბიზნეს ქონების ელექტრონული და პროგრამული ჩამნაცვლებლის სახით. ტოკენიზაცია ბლოკჩეინზე ნიშნავს არსებული მატერიალური ან არამატერიალური, მოძრავი ან უძრავი ქონების ციფრული ტოკენის შექმნას, რომელსაც ფინანსურ ბაზარზე აქვს დადგენილი ფასი. ქონების მფლობელობა გამოხატულია ტოკენის მფლობელობით.
ტოკენიზაციას აქვს ამავე დროს აუთენტურობის გარანტირებული საშუალება, რომელის მიხედვით მარტივად დადგენადია წარმოებული პროდუქციის ხარისხი. დღეს მსოფლიოში ტოკენიზებულია საკმაოდ დიდი რაოდენობის პროდუქცია, ხელოვნების ნიმუშებიდან ღვინომდე. მაგალითად, შარშან ლუი ვიტონმა მაიკროსოფტთან ერთად დიორისა და გუჩის პროდუქციის ტოკენიზაცია მოახდინა. ამჟამად მიმდინარეობს ქართული ღვინის ტოკენიზაცია EY (Ernst&Young)-ის ბლოკჩეინ პლატფორმასთან ერთად, რომელზეც ინტენსიურად ვმუშაობთ ნორვეგიელ, ამერიკელ და ებრაელ პარტნიორებთან ერთად. ტოკენიზაციის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია სრულად დაადასტუროს პროდუქციის წარმომავლობა და ხარისხი და თავიდან აიცილოს გაყალბება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტრონული კომერციისა და ონლაინ შესყიდვების პირობებში. იგივე ეხება ინტელექტუალურ პროდუქციას. ბლოკჩეინზე დამყარებული საავტორო უფლებები პრაქტიკულად აღარ საჭიროებს დამატებით რეგისტრაციას. საკმაოდ დიდი ადგილი ტოკენიზაციაში უჭირავს მიწის, უძრავი ქონების ტოკენიზაციას. საქართველო იყო პირველი ქვეყანა რომელმაც კომპანია ბიტფურისთან ერთად მიწის რეგისტრაციის ბლოკჩეინ რეესტრი შექმნა, თუმცა ამის შემდგომ ბლოკჩეინის გამოყენება საჯარო სფეროში ძალიან ნელი ტემპით წავიდა.
ზემონახსენები პირველადი ქოინ შეთავაზებების შემდგომ, 2019 წლიდან მოყოლებული, გლობალურ საინვესტიციო ბაზარზე დიდი ადგილი დაიკავა სააქციო ტოკენების შეთავაზებებმა (STOs). განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ასეთი შეთავაზებები სრულად რეგულირებულია, ავტომატიზებულია, ახდენს ქონებრივი უფლებების ჰიბრიდიზაციას და მოქნილია, ექვემდებარება ფულის გათეთრებისა და მომხმარებლის/ინვესტორის ცოდნის მექანიზმებს და იძლევა მარტივ და განუსაზღვრელ შესაძლებლობებს დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად. ყველაზე რევოლუციური რაც ამ სისტემას აქვს, არის ის, რომ ყველაზე პატარა ქვეყნებიც კი, რომელთაც შეზღუდული ბუნებრივი და ადამიანური რესურსი აქვთ, და შესაბამისად ინვესტიციების მოზიდვის მცირე შანსები, იქმნიან პირობებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა და ადგილობრივი ბიზსნესის განვითარება.
ამიტომაც, ისეთი ქვეყნები, როგორიც არიან გიბრალტარი, მალტა, ლუქსემბურგი, ბერმუდა, ლიხტენშტაინი, ესტონეთი, შვეიცარია, თავიდანვე შეუდგნენ მიმზიდველი კანონდებლობისა და პირობების შექმნას. ამერიკის შეერთებული შტატების გადაცვლების კომისიამ ასევე დაადგინა შესაბამისი რეგულირებები. ამ რეგულირებების მიხედვით ხდება დივერსიფიკაცია სხვადასხვა ტიპის ტოკენიზაციისა. ნებისმიერი შეთავაზება, რომელიც მიზნად ისახავს დამატებითი თანხების მოზიდვას და ახდენს საკუთარ მომხმარებლებსა თუ პარტნიორებზე დივიდენდის განაწილებას, აუცილებლად უნდა გაიაროს რეგისტრაცია კომისიაში. შესაბამისი რეგულირება მოახდინა ევროკავშირმაც. განსხვავება მოსაზიდი საინვესტიციო პაკეტების რაოდენობაშია, თუ ამერიკაში ეს 50 მილიონის ფარგლებშია, ევროკავშირში წლიურად 8 მილიონამდე თანხის მოზიდვაა შესაძლებელი.
აღნიშნულის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია შესაბამისი იურიდიული უზრუნველყოფის გარეშე. გლობალური იურიდიული კომპანიები არათუ დაინეტერესებული არიან შესაბამისი იურიდიული მომსახურების გაწევით, არამედ დაინტერესებულნი არიან ბლოკჩეინ პროექტებში მონაწილეობით, რადგან ნებისმიერი ტოკენიზაციის პროექტი საჭიროებს იურიდიულ უზრუნველყოფას. მაგალითად, იმისათვის, რომ რომელიმე STO პროექტი განხორციელდეს საჭიროა: 1. შესაბამისი პროსპექტუსის შეთავაზების წარდგენა, 2. იურისდიქციის სწორედ შერჩევა პროექტიდან გამომდინარე, 3. რეგისტრაცია და სამართლებრივი უზრუნველყოფა, 4. პოტენციური დავებისთვის სისტემის მომზადება, 5. ტოკენიზაციით განსაზღვრული უფლებრივი გადანაწილების უზრუნველყოფა.
არბიტრაჟი
დავების მოგვარების ნაწილში სულ უფრო პოპულარული ხდება ბლოჩეინ საარბიტრაჟო სასამართლოების შექმნა. ასეთი საარბიტრაჟო სასამართლო პირველად 2018 წლის ბოლოს პოლონეთში შეიქმნა. არბიტრაჟის განხორციელების ორი გზა არსებობს: ე.წ. ქსელის გარე და ქსელის შიგნით. არბიტრაჟი გონიერი კონტრაქტების მეშვეობით ხორციელდება და მხარეებისთვის უამრავ დროსა და თანხებს ზოგავს. საარბიტრაჟო გადაწვეტილება ავტომატურად აღსრულდება გონიერი კონტრაქტის მეშვეობით. ეს საკმაოდ დამაინტრიგებელი გადაწყვეტაა, რადგან ავტომატიზებული აღსრულება აღარ საჭიროებს სახელმწიფო სასამართლოს მიერ დადგენილ აღსრულების კრიტერიუმების შესრულებას. ნიუ იორკის 1958 წლის კონვენცია საარბიტრაჟო გადაწვეტების აღსრულების თაობაზე მოითხოვს, რომ გადაწყვეტილება იყოს წერილობითი სახით წარმოდგენილი. შესაბამისად, იმისათვის, რომ გონიერი კონტრაქტით ავტომატიზებულად განხორციელებული გადაწყვეტილება აღსრულდეს, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან დეცენტრალიზებულ ჩანაწერთა აღიარება.
დასკვნითი კომენტარი
ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების სულ უფრო ზრდასთან ერთად იზრდება კომერციულ და საჯარო სფეროებში გონიერი კონტრაქტებისა და ტოკენიზაციის გამოყენება. ეს გარდაუვლად იწვევს შესაბამისი დავების გადაწყვეტის მექანიზმების წარმოშობასა და განვითარებას. სასამართლო და არასასამართლო დავებისათვის შესაბამისი კანონმდებლობა, კომპეტენცია, ცოდნა და აღსრულების მთელი ეკოსისტემაა საჭირო. იმისათვის, რომ ქართული იურისპრუდენცია მზად შეხვდეს ამ გამოწვევებს, სათანადო ტრენინგი და მომზადება აუცილებელია. ამავე დროს, ბლოკჩეინის სისტემები საჭიროებს დამატებით კველევებსა და მუდმივ განახლებულ მიდგომებს, მათ შორის, პირველ რიგში იურისპრუდენციის სფეროში, რათა მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიებს სამართლის საზოგადოებამაც ფეხი აუწყოს.
წყარო:https://gba.ge/