USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ლელა ზარნაძის ხატწერა
дата:  1215

“ხატზე მუშაობა დიდი სიამოვნებაა. სრული სიმშვიდე გეუფლება და თითქოს გარეგნულადაც იცვლები…

ლელა ზარნაძე პროფესიით მხატვარია. მან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა. ხატწერა მოგვიანებით, 2004 წლიდან დაიწყო. მის მიერ დაწერილი ხატები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, აშშ-ში და თბილისში, წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. “ნამდვილად არ ვიცი, ვიმსახურებ კი ამ დიდ პასუხისმგებლობას?” – აღნიშნა “ამბიონთან” საუბრისას ხატმწერმა, რომელიც შემოქმედების შესახებ გვესაუბრა.

ლელა ზარნაძე: „ჩემი პირველი ნამუშევარი, პანტანასას ღვთისმშობლის ხატი იყო, რომელიც ჩემი მოძღვრის, წმ. პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ დავით შენგელიას კურთხევით დაიწერა. სურვილი მქონდა, ღვთისმშობლის ხატი ტაძრისთვის შემეწირა და მამა დავითს ვთხოვე, ჩვენი ტაძრის ხატმწერთან დავეკავშირებინე. ჩემმა უსაყვარლესმა მოძღვარმა კი თითქმის „მიბრძანა“ (რა თქმა უნდა, ხუმრობით), თავად შემესრულებინა ხატი და ამ ფორმით შემეწირა ტაძრისთვის. ძალიან შევშინდი. ვფიქრობდი, მხოლოდ კურთხევა შემესრულებინა, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, ხატი სრულყოფილი გამომივიდოდა. შევისწავლე ხატის შესაქმნელად საჭირო მასალები, მოვიძიე ღვთისმშობლის ხატები და შევუდექი მუშაობას. საოცარი იყო ის განწყობა, რომელიც მაშინ დამეუფლა და დღესაც თან მდევს.

მუშაობის პროცესში თითქოს წმინდანი, რომლის ხატსაც ვასრულებ უკან მიდგას და მეხმარება, თითქოს მას როგორც სურს, ისე გამომდის. მახსოვს წმ. მამა გაბრიელის ხატზე მუშაობის დროს, 3-ჯერ შევეცადე ისეთი მომღიმარი თვალები დამეხატა როგორიც ცხოვრებაში (ფოტოებზე) ჰქონდა, სამჯერვე ერთი და იგივე სევდიანი თვალი გამოვიდა…

დღეს დაფიდან დაწყებული ყველაფერს თავად ვამზადებ. ვშოულობ ფიცარს, სასურველია ცაცხვის ხის, ვაჭრევინებ სასურველ ზომაზე, ვაშრობ, ვგრუნტავ და ვიწყებ მუშაობას. მუშაობის დაწყების წინ ვეცნობი წმინდანის ცხოვრებას, ვლოცულობ და ვითხოვ შეწევნას, თითქოს ხატის დასრულებამდე მის უშუალო თანადგომას ვგრძნობ.“

როგორ ქმნით ხატს?

საღებავად ვიყენებ პიგმენტს (დაფქვილი ქვა), ეს უძველესი ტექნოლოგიაა, იგი იხსნება კვერცხის გულში და სპეციალური დამზადება სჭირდება. თითოეულ ფერს საკუთარი სიმბოლური დატვირთვა აქვს: თეთრი – სიწმინდის სიმბოლოა, მეწამული – მსხვერპლშეწირვის, ოქროსფერი-სასუფევლის და ასე შემდეგ. ღვთისმშობლის სამოსი იწერება მეწამული ან ლურჯი ფერით. ხატზე განსაკუთრებით მეტყველი თვალები და ხელები უნდა იყოს. ის შეიძლება უტრირებულიც იყოს, მაგრამ დამახასიათებელი თავისი – სითბოთი, სიყვარულით, სიმშვიდით და ცოდვათა სინანულისა და ლოცვისათვის უნდა განგვაწყობდეს. სწორედ ეს განასხვავებს ხატს – ნახატისაგან.

ხატის წარწერა დამაგვირგვინებელი ეტაპია. იგი კეთდება ძველი ასომთავრული ასოებითა და ქარაგმებით. წარწერა თითქოს ასრულებს და კრავს, აერთიანებს ხატს- აწმყოსა და წარსულს შორის. წარწერის გაკეთების შემდეგ, პირადად მე მიუცხოვდება თითქოს ხატი. ის, რომელიც იყო მხოლოდ ჩემი (პირობითად) ხდება საზოგადო.

ხატის დაწერისთვის განსაზღვრული დრო არ არსებობს. ხატის წერას რომ ვიწყებ, დაღამებამდე შეუსვენებლად ვმუშაობ. ღამის განათებაზე ფერები იცვლება და მხოლოდ ამიტომ ვჩერდები.
ხატზე მუშაობა დიდი სიამოვნებაა. სრული სიმშვიდე გეუფლება და თითქოს გარეგნულადაც იცვლები.

როგორ ვისწავლოთ ხატწერა?

ხატის დაწერა სულიერი მდგომარეობაა და მას არ სჭირდება განსაკუთრებული ნიჭი. ძველი ხატები და ფრესკები ხომ თვითნასწავლი ოსტატების მიერ იყო შექმნილი და საკმაოდ კარგადაც შესრულებული. აუცილებელია რწმენა, დიდი სიყვარული, მონდომება, ხატვის საფუძვლების შესწავლა და ცოდნა იმისა, როდესაც დიდ სიწმინდეს ვეხებით, სიწმინდითვე უნდა განვიმსჭვალოთ. მთავარია, საკუთარ ნიჭსა და შემოქმედებაზე ამბიცია არ გაგვიჩნდეს.

“შენს გაკეთებულ ჯვარსა და ხატზე რომ სხვა ილოცებს, ნახევარი მადლი შენზე გადმოდის” – ამბობდა მამა გაბრიელი და ამაზე დიდი ჯილდო და სტიმული რა უნდა არსებობდეს?!

თეონა ნოზაძე

http://www.ambioni.ge

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати