USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
Тбилиси
ლელა ბექაური - ესპანეთში მცხოვრები იურისტი
дата:  1492

მადრიდში 2010 წელს ჩამოვედი. ამ დროისთვის, საქართველოში სხვადასხვა ორგანიზაციასა და კომპანიაში იურისტად მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება მქონდა. ყველაზე მეტად იმას განვიცდიდი, რომ ჩემს ასაკთან შედარებით, კარიერული თვალსაზრისით უკან დაწევა იყო, საქართველოში კი სამუშაო გამოცდილება ჩემს ასაკს რამდენიმე წლით წინ უსწრებდა. ესპანეთში 6 წელი უნდა ამენაზღაურებინა და ძალიან მეჩქარებოდა, აქაურ პროფესიულ ბაზარზე ჩემი თავის დროულად დამკვიდრება.


იურისტის კარიერა ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე. ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში მონაწილეობას ვიღებდი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებში სამართლისა და ადამიანის უფლებების თემებზე. პირველად ასე აღმოვჩნდი საუკეთესო იურისტების გარემოცვაში. შემდეგ ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და იმავე წელს დავიწყე სტაჟირება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. ვუძღვებოდი სხვადასხვა პროექტს ამავე ორგანიზაციაში. ვიყავი კერძო კომპანიაში იურისტი. ვმუშაობდი 2008 წლის ომის შემდეგ დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვისთვის შექმნილ პროექტებზე. ასევე UNWOMEN საქართველოს წარმომადგენლობაში დევნილ ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით.


ესპანეთში ბაკალავრიატი თავიდან გავიარე 2 სხვადასხვა უნივერსიტეტში. შემდეგ 6 თვით შეერთებულ შტატებში წავედი, სამართლის სფეროში საზაფხულო კურსის გავლის მიზნით, რასაც მოყვა მაგისტრატურაზე ჩაბარება. ორმაგი დიპლომი მივიღე: სამართლის ზოგადი პროფილის და საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მიმართულებით. მაგისტრატურის ერთი ნაწილი მადრიდში გავიარე სამართლის სკოლაში, მეორე ნაწილი კი — ნიუ-იორკში, Fordham University-ში. როდესაც მაგისტრატურა დავამთავრე, მუშაობა დავიწყე ფრანგული საერთაშორისო კომპანიების ჯგუფ ATOS-ში, სადაც ამჟამად ვარ იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი და დირექტორთა საბჭოს წევრი (ესპანეთსა და პორტუგალიაში). ATOS -ი არის მსოფლიოში ცნობილი ახალი ტექნოლოგიების კომპანია, 100 ათასზე მეტი თანამშრომლით და ბიზნესით მთელს მსოფლიოში. ესპანეთსა და პორტუგალიაში 6000 თანამშრომელი გვყავს და ორივე ქვეყანაში 9 კომპანიას ვმართავთ.


მე პირველი ქართველი ვარ, რომელიც ნომინირებულია ესპანეთის 100 ლიდერ ქალს შორის (დირექტორი).


იურისტები მუდმივად სწავლის და თვითგანვითარების რეჟიმში უნდა ვიყოთ. მნიშვნელოვანია სწრაფი ადაპტაციის უნარი, მითუმეტეს, როდესაც უცხოელი ხარ. იურისტებს მუდმივ სტრესში გვიწევს მუშაობა, ყველა ვერ ახერხებს ასეთ რიტმთან გამკლავებას, თუმცა ეს შესაძლებელია, როდესაც მოტივაცია მაღალია. არსებობს საქმის კეთება მექანიკურადაც, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მექანიკურად არაფერი ვაკეთოთ, არამედ თითოეული საქმიდან ცოდნა შევიძინოთ და შეცდომებზეც ვისწავლოთ. ასევე ფუნდამენტურია ემოციური ინტელექტი ჩვენს პროფესიაში, ამის გარეშე მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებ წარმატებით და ჩვენი სამუშაო იმის მიხედვით არის რთული ან ადვილი, რამდენად გვაქვს მოპოვებული ნდობა იმ ადამიანების, ვინც ჩვენთან მუშაობენ.


დამწყებმა იურისტებმა იმაზე ბევრად მეტი უნდა იშრომონ, ვიდრე ეს სტანდარტია, უნდა გაუსწრონ დროს, რათა გადაწონონ ის უთანასწორობა, რაც მათ აქვთ დასაწყისში ადგილობრივ პროფესიონალებთან შედარებით და დაუმტკიცონ ყველას, რომ ისინი არიან საუკეთესონი.

მნიშვნელოვანია იკონტაქტონ იმ პროფესიონალებთან, ვისგანაც შეუძლიათ მიიღონ საჭირო ინფორმაცია და გამოცდილება. სწამდეთ , რომ ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. აუცილებელია სასწავლებლის და სპეციალიზაციის სწორად შერჩევა, განსაკუთრებით მაგისტრატურისთვის. მნიშვნელოვანია პრესტიჟული მაგისტრატურის გავლა, რადგან ისეთი პრაქტიკული პროგრამით არის დატვირთული, რომ პირდაპირ ამზადებს სტუდენტებს საერთაშორისო კომპანიების დონის სამსახურებისთვის. პროფესორებიც, როგორც წესი, არიან პრაქტიკოსი იურისტები და მათგან ბევრი სასარგებლო რჩევის მიღება შეიძლება. გარდა იურიდიული ცოდნისა, ასეთი სასწავლებლები არიან წამყვანი კომპანიების სამიზნეები, რათა მათი სტუდენტები დაასაქმონ. როგორც წესი, ასეთი სასწავლებლები ძვირია და ძნელია იქ მოხვედრა. რთულია იქ სწავლა, მაგრამ გაძლევს საფუძველს იმისთვის, რომ კარიერაში გზა გაიკვალო. დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს გამოცდილება საქართველოში ახალგაზრდებს გავუზიარო.

Speech • სფიჩი

Тбилиси
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

более
голосование
Кстати