USD 2.7276
EUR 3.1373
RUB 3.4814
Tbilisi
ლეგენდა სახელად ჯორჯ კობი (გრიგოლ კობახიძე)
Date:  5269

გრიგოლ კობახიძე, იგივე ჯორჯ კობი, 1883 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში რაჭველი გლეხის, დავით კობახიძის ოჯახში დაიბადა. დაწყებითი განათლება სახლში მიიღო, შემდეგ - სოფლის მღვდელთან. დიდ ნიჭთან ერთად კარგი ხმა და მუსიკალური სმენა აღმოაჩნდა, თუმცა სწავლის გაგრძელების ნაცვლად 10 წლის ასაკში თავგადასავლების საძებრად სახლიდან გაიპარა.

კითხვა–კითხვით ჩავიდა ჯერ ოკრიბასა და ქუთაისში, შემდეგ - ბორჯომში, სადაც ახლდგახსნილ მინის ქარხანაში მისი უფროსი ძმა ლევანი (ლეონტი) უფროს მემანქანედ მუშაობდა. ბორჯომში ოთხი წელი დაჰყო და თავისი შრომისმოყვარეობით მალე მოიპოვა ავტორიტეტი. დაეუფლა ყველა ტექნოლოგიას, რაც ქარხანაში იყო და შეიმუშავა პროდუქციის გაზრდის მეთოდი.

ქარხნის გამგებელმა, გერმანელმა შუმანმა ბიჭი ბორჯომის მეპატრონეს, დიდ მთავარ მიხეილსა და მის მეგობარ კონსტანტინე მუხრან-ბატონს წარუდგინა. ქებითა და ფულადი ჯილდოთი წახალისებული გიგო ჯერ თბილისის, 1902 წელს კი ოდესის მინის ქარხანაში გადავიდა სამუშაოდ.

1903 წლიდან მუშაობდა კრასნოდარის გუბერნიაში, დომბასის სამრეწველო ცენტრ კონსტანტინოვკის მინის ქარხანაში, რომელსაც ფრანგი გამანი ხელმძღვანელობდა. გამანმა გადაარჩინა, როგორც საუკეთესო სპეციალისტი 1905-07 წლების რევოლუციის დროს, როცა რევოლუციური განწყობის გამო დააპატიმრეს და გასახლებას უპირებდნენ. გამანის ყურადღება გრიგოლის ფიზიკურმა ძალამაც მიიქცია და ჭიდაობის შესასწავლად მწვრთნელთან მიიყვანა. გიგომ აქაც წარმატებას მიაღწია, მალე გამანის ფალავნად დ იქცა და გამარჯვებისთვის აღებული ფულადი ჯილდოები მისი შემოსავლის დამატებითი წყარო გახდა. ამ პერიოდშივე გაიცნო მომავალი მეუღლე წარმოშობით შვედი დაშა ნოდვიკოვა და დაუმეგობრდა ევგენი იგნატიევს, შემდგომში მის პარტნიორს ამერიკაში.

1907 წელს გრიგოლ კობახიძე პოლონეთის გავლით გერმანიაში ჩავიდა, მიუნხენში დასახლდა და გერმანელი სპციალისტების დახმარებით შექმნა შუშის პროდუქციის დამამზადებელი პატარა საწარმო, თუმცა 1908 წლის დასაწყისში ლონდონში გადავიდა. 1909 წელს მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გაემგზავრა. იმ დროს ამერიკაში საკმაოდ იყვნენ ქართველები, მათ შორის რაჭველები, რომელთა ნაწილს ჩვეული ხელობისათვის, მეპურეობისათვის მოეკიდა ხელი. მათი დახმარებით გიგო ნიუ-იორკში მოეწყო და პურის ცხობით ირჩენდა თავს. 9 წელი მეუღლესთან ერთად იმუშავა „ჯენერალ ელექტრიკის“ ფირმაში და ფულს აგროვებდა საკუთარი საქმის წამოსაწყებად. გამომგონებლური ნიჭითაც გამოირჩეოდა. მისმა შექმნილმა ავტომატურმა საწერ–კალამმა რამოდენიმე პატენტი მიიღო. ვაჭრობდა საკანცელარიო ნივთებითაც.

1919 წელს გრიგოლ კობახიძემ მასაჩუსეტსის შტატში, ბოსტონთან, ეტლებოროში დიდი ქარხანა გამართა. 1922 წლიდან მისმა ფირმამ The Cobi Glass Produkrs Company-მ, რომელიც 45 დასახელების პროდუქციას უშვებდა (სამედიცინო, ქიმიური, ლაბორატორიული, ფანჯრის მინები, ოთახის გასატიხრი მინები და სხვა) სახეწლი გაითქვა აღმოსავლეთ შტატების სამრეწველო ცხოვრებაში. 1929 წელს წარმოების საქონელბრუნვა 15 მილიონ დოლარს აღწევდა, შემოსავალი 4 მილიონს. მილიონერის სტატუსის მიუხედავად გრიგოლ კობახიძე უსაქმოდ არასდროს მჯდარა - მისი 60-ზე მეტი პატენტი პრესტიჟს მატებდა წარმოებას.

მიუხედავად იმისა რომ გრიგოლ კობახიძე მთელ დროს ბიზნესს უთმობდა, არასდროს ჩამოშორებია პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას. იგი აღტაცებით შეხვდა საქართველოს დამოუკიდებლობას.

დიდი სურვილი ჰქონდა სამშობლოში დაბრუნებულიყო და იქ გაეგრძელებინა თავისი საქმე, მაგრამ 1918-21 წლებში მისი ბიზნესი ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ სურდა საქართველოში მინის დიდი ქარხნის აგება. მაგრამ ბოლშევიკებთან მოლაპარაკებები ჩაიშალა. 1924-28 წლებში ორჯერ ჩამოვიდა საქართველოში. აქტიურად ეხმარებოდა საკუთარ სოფელს: მხარში ედგა გაჭირვებულებს, ააშენა სკოლა, აფთიაქი, მდინარე შარეულაზე გადო ორი ხიდი, შეაკეთა ეკლესია, მღვდილის სახლი, გახსნა და საქონლით მოამარაგა სავაჭროები, მოაგვარა მრავალი წვრილმანი პრობლემა. მიუხედავად ყველეაფრისა, ბოლშევიკებმა მისი დაპატიმრება გადაწყვიტეს, ამიტომ გრიგოლ კობახიძე სასწრაფოდ გაეცალა სამშობლოს.

1929 წელს დაიწყო თავისი მასშტაბებითა და ხანგრძლივობით არნახული ეკონომიკური კრიზისი, რომელიც 1933 წლამდე გაგრძელდა. დიდი დეპრესიის პერიოდში ჯორჯ კობის საწარმომ მილიონები დაკარგა, რის გამოც 1930 წელს თავი მოიკლა მისმა კომპანიონმა იუჯინ (ევგენი) იგნატიევმა. კობი ფარ-ხმალს არ ყრიდა და თავდაუზოგავი შრომით კვლავ მოახერხა ფეხზე წამოდგომა. თავის სახლთან მოაწყო მინის წვრილმანი ნივთების პატარა ფაბრიკა და ბევრ რამეს თავისი ხელით აკეთებდა. გაიხსენა საწერ–კალმებისა და საკანცელარიო ნივთების დამზადების ხელობა და მუშტარიც გაიჩინა. მისი ბიზნესის გასაფართოებლად მნიშვნელოვან მოვლენად იქცა გიორგი მაჩაბლის შეკვეთა. ჯორჯ კობი ამზადებდა სუნამოს ფლაკონებს გიორგი მაჩაბლის ფირმისთვის Prince Matchabeli.

მიუხედავად ბიზნესის წინსვილის იგი უფრი დიდ სიმძლავრეებზე და სახელმწიფო შეკვეთებზე ოცნებობდა. 1941 წლის 7 დეკემბერს, როცა ამერიკის შეერთებული შტატები II მსოფლიო ომში ჩაება, ჯორჯ კობმა ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა ამერიკის მთავრობას და ფინანსური დახმარება ითხოვა, რათა მინის წარმოება აღედგინა საომარი შეკვეთებისათვის. მან სახელმწიფოსგან დაუყოვნებლივ მიიღო ლიცენზია და 2 მილიონი დოლარი. როდაილენდის შტატის ქ. პატაკეტში გახსნა ქარხანა, რომელიც უშვებდა პროდუქციას ქიმიური და სამედიცინო ლაბორატორიებისათვის, საველე ჰოსპიტალებისა და საავადმყოფოებისათვის. ჯორჯ კობის ნაწარმი მიეწოდებოდა როგორც კანადას ასევე მოკავშირეებს. მან მალევე გაისტუმრა მთვარობის ვალი და კაპიტალის დაგროვებას შეუდგა. მოგებას ძირითადად ხარისხის ხარჯზე იღებდა. თავის ქარხანაში გააუმჯობესა წარმოების ტექნიკური მხარე, მუშების ცხოვრების დონე, დააწესა წამახალისებელი ჯილდოები, დახმარებები მრავალშვილიანი თანამშრომლებისათვის და სხვ.

II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ჯორჯ კობმა სიახლე დანერგა თავის წარმოებაში - დაიწყო ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება. შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები ე.წ. „Babel Lamps,“ რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა. ფერადი მინისგან ამზადებდა სხვადასხვა ფორმის სათამაშოებს, რომელსაც „ორნამენტი“ უწოდა, შინდისფერ ყუთებში ჩაწყობილ 12 ან 24 ცალ სათამაშოს ეწერა „კობი. საშობაო ხის ორნამენტები, კობი - ეს შობაა.“ რადგანაც სათამაშოები კანადაშიც გადიოდა წარწერა ფრანგულ ენაზეც კეთდებოდა.

გრიგოლ კობახიძე მთელი ცხოვრების განმავლობაში ეწეოდა ქველმოქმედებას, განსაკუთრებით ეხმარებოდა ქართველ ემიგრამნტებს არამარტო ამერიკაში, არამედ ევროპაშიც. მას და დაშა ნოდვიკოვას შვილი არ ჰყავდათ და სურდათ კომპანიონად მინის წარმოების მცოდნე ქართველი მოეძებნათ. როგორც ჩანს ქართველთაგან ვერავინ დააინტერესეს წარმოებით. გრიგოლ კობახიძის წერილებიდან ირკვევა, რომ თავის დროზე ძმისშვილების, ან ახლო ნათესავების წაყვანა უნდოდა ამერიკაში, მაგრამ ვერ შეძლო და საბჭოთა კავშირში დაწყებული რეპრესიების გამო იძულებული იყო საერთოდ შეეწყვიტა ოჯახთან ურთიერთობა. საბოლოოდ გრიგოლმა კომპანიონებად იტალიური წარმოშობის ძმები ჯიმ და ჯული პაგლისები აიყვანა, რომლებმაც მისი საქმე გააგრძელეს.

1967 წელს გრიგოლ კობახიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. პაგლისებს მისი სახელი დავიწყებისთვის არ მიუციათ და არც წარმოებისთვის შეუცვლიათ სახელი.

analytics
«The Daily Telegraph» : „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 19 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“ (ავტორი - კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც კრემლისათვის ცუდი პერსპექტივის მომასწავებელია: რუსეთის ავტორიტეტი რეგიონში ეცემა.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ისრაელის ირანზე თავდასხმა არამარტო აიათოლებისათვის არის საზარალო: ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის დანგრევა ცუდი ამბავია სხვა დეპოტური რეჟიმებისათვის - ისეთებისათვის, როგორსაც, ვთქვათ, რუსეთი წარმოადგენს. მათ ყოველთვის ჰქონდათ იმედი, რომ ირანი ნებისმიერ შემთხვევაში სრულად თუ არა, ნაწილობრად მაინც გაუწევდა დახმარებას.

მას შემდეგ, როცა ვლადიმერ პუტინმა გააცნობიერა, რომ მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ორ კვირას კი არა (გახსოვთ მისი ტრაბახი?), უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც არ დასრულდებოდა, მოსკოვმა დიდი ძალისხმევა დახარჯა თეირანთან უფრო მჭიდრო კონტაქტების ჩამოსაყალიბებლად.

რუსეთი და ირანი ბუნებრივი მოკავშირეები არ არიან. ირანელი ხალხის ხსოვნაში შემონახულია მწარე მოგონებები საბჭოთა არმიის შეჭრის თაობაზე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მეორე მსოფლიო ომის დროს. იგივეს აკეთებდა მეფის რუსეთიც მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამის მიუხედავად, მოსკოვსა და თეირანს შორის მაინც ჩამოყალიბდა ურთიერთმომგებიანი კავშირი - რუსები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ირანის პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში, რომელიც ქალაქ ბუშერთან ახლოს მდებარეობს.

მაგრამ რუსეთისა და ირანის ურთიერთობა უფრო მტკიცე და მეგობრული გახადა 2022 წლის აგვისტოდან, უკრაინასთან ომის დროს, როცა ვლადიმერ პუტინი თეირანს ეწვია და ხელი მოაწერა შეთახმებას, რომ თეირანს მოსკოვისათვის დრონები, რაკეტები, ნაღმები  და სხვა საბრძოლო მასალები მიეწოდებინა. მოგვიანებით კრემლმა ეს იარაღი უკრაინის სამხედრო ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაბომბად გამოიყენა.

უფრო მეტიც - რუსეთის მზარდი დამოკიდებულება ირანის მხრიდან გაწეულ სამხედრო მხარდაჭერაზე იმდენად აშკარა გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა, თავისი ირანელი კოლეგის მასუდ პეზეშკიანის მოსკოვში ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის იანვარში, გააფორმა 20-წლიანი ხელშეკრულება „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ - სულ რაღაც სამი დღით ადრე დონალ ტრამპის ინაუგურაციამდე.

მოსკოვი დათანხმდა თეირანის თხოვნას - ირანული საბრძოლო ტექნიკითა და იარაღით (დრონებით, რაკეტებით...) კრემლისთვის მიწოდების სანაცვლოდ, რუსეთი დაეხმარებოდა ირანს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების გაძლიერებაში (თუმცა ისრაელისთვის ამ გარემოებას ირანზე თავდასხმაში ხელი არ შეუშლია).

სხვათა შორის, რუსეთ-ირანის სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს აგრეთვე საკმაოდ დაუკონკრეტებელ დებულებებს ორმხრივი ვალდებულებების შესახებ - მათ ერთმანეთს დახმარება უნდა გაუწიონ რომელიმე მესამე მხარის თავდასხმის დროს, მაგრამ საეჭვოა ეს პირობა ვლადიმერ პუტინმა შეასრულოს - ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თავისი ახლო კავშირების გამო.

 მაგრამ დღეისათვის ვლადიმერ პუტინის ყველაზე მთავარი საზრუნავი არის ის, თუ როგორ გავლენას მოახდენს ისრაელის თავდასხმა ირანზე - გააგრძელებს თუ არა თეირანი მოსკოვის პრაქტიკულ მხარდაჭერას უკრაინასთან ომში, ანუ ძველებურად ექნება თუ არა ირანს დრონებისა და რაკეტების წარმოების და მიწოდების შესაძლებლობა?

როგორც ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ჩანს, ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა საკმაო ზარალი განიცადა - დაიბომბა უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) ამწყობი და რაკეტმშენებელი ქარხნები. აქედან გამომდინარე, ირანის პოტენციალი სამხედრო მრეწველობის მხრივ მნიშვნელოვნად შესუსტდა - ირანს დრონები და რაკეტები ისრაელისაკენ გასაშვებადაც არ ჰყოფნის, არათუ რუსეთისათვის მისაწოდებლად.

კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ვლადიმერ პუტინზე ძლიერ ზეწოლას ახდენს - ეს არის პერსპექტივა იმისა, რომ რუსეთი კარგავს თავის კიდევ ერთ ახლოაღმოსავლელ მოკავშირეს - ირანს, თანაც ძალიან სწრაფად: კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი სირიის რეჟიმის დაცემის შემდეგ მხოლოდ ექვსი თვეა გასული.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის გლობალური ავტორიტეტის ზრდას სწორედ ახლო აღმოსავლეთში კრემლის გავლენის გაფართოებით ცდილობდა. მას ასევე სურდა ეჩვენებინა რეგიონის ქვეყნებისათვის, რომ რუსეთი მათთვის უფრო საიმედო მოკავშირე და პარტნიორია, ვიდრე აშშ.

2015 წელს, როცა ვლადმერ პუტინი სირიის მმართველს ბაშარ ალ-ასადს დაეხმარა და იგი აჯანყებული საკუტარი ხალხისგან და ისლამისტებისაგან დამხობას გადაარჩინა, ამით მოსკოვის რეპუტაცია განმტკიცდა. მოსკოვს შესაძლებლობა მიეცა მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზები შეექმნა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (ტარტუსი და ხმეიმიმი, სირიის ტერიტორიაზე).

იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტყოფილი ბაშარ ალ-ასადი დღეს მოსკოვში, დევნილობაში იმყოფება, ხოლო აიათოლები ისრაელთან ომში არიან ჩაბმულნი, ვლადიმერ პუტინის რეპუტაციასა და ავტორიტეტს, მის გავლენებს რეგიონში სწრაფი კრახი ემუქრება.

ირანის მძიმე მდგომარეობა კრემლს საკმაოდ რთულ სიტუაციაში აყენებს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირადი მჭიდრო კავშირების გამო. ადრე ვლადიმერ პუტინი ყურადღებას არ აქცევდა და თვალს ხუჭავდა ისრაელის ცალკეულ შეტევებზე ირანის წინააღმდეგ, როცა ეს მის ინტერესებში შედიოდა: იყო შემთხვევები, რომ როცა რუსული და ირანული სამხედრო ქვედანაყოფები სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას იცავდნენ, რუსები ჩუმად თიშავდნენ თავიანთ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს, რათა ისრაელს ირანელების პოზიციები დაებომბა.

რასაკვირველია, რუსეთის გარდა, ირანის მძიმე მდგომარეობას თვალს ადევნებენ „დესპოტური ქვეყნების ღერძის“ წევრი სხვა ქვეყნები - ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი.

ფხენიანს და თეირანს ერთმანეთთან დიდი ხნის წინ გაფორმებული ხელშეკრულება აკავშირებს: ორივე მხარე მჭიდროდ თანამშრომლობს ბირთვული კვლევების სფეროში, რაკეტმშენებლობაში და სხვა დარგებში. თავის მხრივ, პეკინსაც აქვს საკუთარი ინტერესები ირანში - ჩინეთი ცდილობს სრულყოფილად ისარგებლოს ირანის ბუნებრივი რესურსებით, თუმცა დღეს 2021 წელს დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება - ისრაელი განუწყვეტლივ ბომბავს ირანის ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ინფრასტრუქტურის ობიექტებს.

ისრაელის სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ არამარტო აიათოლების სიკვდილ-სიცოცხლის და მათი გადარჩენა-არდგადარცენის საკითხს ეხება. ისრაელის თავდასხმას ირანზე სერიოზული შედეგები ექნება ყველა სხვა დესპოტური რეჟიმისათვის, რომლებმაც მცდარი ნაბიჯი გადადგეს, ბედი ირანს დაუკავშირეს და იფიქრეს, რომ მათ, დასავლეთთან შედარებით, უფრო მეტ სარგებელს თეირანთან ურთიერთობა მოუტანდა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way