USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
ლაზეთის ისტორია - 1921 წელს ერთა ლიგამ არ მიიღო მოთხოვნა, ლაზისტანის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაწილად აღიარების შესახებ
дата:  2963

ვახუშტის საისტორიო ნაშრომში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" ვკითხულობთ: "ხოლო ბაიბურდისა და ფორჩხის სამხრით, ჭანეთის მთას იქით, არს ჭანეთი, და ან უწოდებენ ლაზსავე. არს ესე შავის ზღვის კიდის წადევნებით, გონიიდამ ტრაპიზონის სამზღვრამდე" (ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 689).

ძველი კოლხეთის ბინადარი ორი მონათესავე ტომიდან ჭან-ლაზებს მთელი ჭოროხის ხეობა ეჭირათ ტრაპიზონამდე, მანლარ-მეგრელებს (ეგრისელებს) კი რიონის ხეობა.

კოლხეთში თავდაპირველად ჰეგემონია მანრალ-მეგრელებს ჰქონიათ, ძველი წელთააღრიცხვის პირველ საუკუნეში რომაელების შემოსევის შემდეგ ლაზები წამოწეულან წინა პლანზე. რომალებს კოლხეთისათვის სახელწოდებაც შეუცვლიათ და ლაზიკა ან ლაზიკი შეურქმევიათ.

ლაზებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ საქართველოს ისტორიაში. ლაზეთი ძველი საქართველოა, მისი მიწა შესაძლოა უფრო ქართულია, ვიდრე დანარჩენი საქართველო, რადგან ამ მიწიდან წამოვიდნენ ბაგრატიონები, აქ ჩაეყარა გრიგოლ ხანძთელის ეპოქაში საფუძველი საქართველოს გაერთიანებს, აქედან იყო შოთა რუსთაველი და პირველად ამ მიწაზე დაადგა ფეხი წმინდა ნინომ…

ასე რომ ტაო-კლარჯეთი და ლაზიკა მარტო ქართული მიწა კი არა, მისი გულია…

აი როგორ ახასიათებს ლაზებს ანტიკური ეპოქის მოაზროვნე აგათია სქოლასტიკოსი: "იმ ტომებს შორის, სხვა სახელმწიფოს რომ ემორჩილებიან, არ მეგულება არც ერთი სახელგანთქმული და დიდებული ტომი, რომელსაც შეეძლოს შეედაროს მას (ე.ი.  ლაზებს - გ. მ.) როგორც ბარაქა-სიმდიდრით, ისე ქვეშევრდომთა მრავალრიცხოვნობით, როგორც ვრცელი მიწებითა და უხვი მოსავლით, ისე ხასიათის სილამაზითა და სიცქვიტით..."

ლაზიკის სატახტო ქალაქი არქეოპოლისი (დღევანდელი ნაქალაქევი ცხაკაიას რაიონში) ყოფილა, ხილო ლაზთა ციხეებს შორის ისტორიულ წყაროებში უპირველესად ქალაქ პეტრას (პეტრას ციხე, დღევანდელი ციხისძირი) იხსენიებენ.

ლაზები წყაროებში პირველად ძვ. წ. I საუკუნეში იხსენიებიან. ძვ. წ. I საუკუნის ბოლო პერიოდიდან ლაზები მნიშვნელოვან ეთნიკურ და პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდნენ. ამ პერიოდში, როდესაც კოლხეთის სამეფოს რომაელები შემოესივნენ, კოლხებმა ნდობა დაკარგეს რომის წინაშე და სამეფოს ხელისუფლების ჰეგემონია კოლხების მონათესავე ტომის ლაზების ხელში გადავიდა, რომელნიც რომის ბატონობის პერიოდში დაწინაურდნენ და მეფეებსაც ამ ტომიდან ირჩევდნენ.

პოლიტიკური მესვეურობის კოლხებიდან ლაზების ხელში გადასვლას თვით სახელმწიფოებრივი სახელწოდების შეცვლაც მოჰყვა და ამიერიდან რომაელებმა მას, ნაცვლად კოლხეთისა, ლაზიკა ან ლაზიკე დაარქვეს. იოანე ლიდე (V-VI ს.) წერს: “კოლხიდას ამჟამად ლაზიკეს ეძახიან ჰეგემონისაგან”. აქედან გამომდინარე, “კოლხიდას” იმიტომ ჰქვია ამჟამად “ლაზიკე”, რომ ამ ქვეყანაში ჰეგემონობა ლაზებს მოუპოვებიათ.

ამგვარად, IV-V საუკუნეებში ჩამოაყალიბდა ლაზიკეს სამეფო, რომელიც დღევანდელ მთელ დასავლეთ საქართველოს და მის მიმდებარე ტერიტორიებსაც მოიცავდა.

VII-VIII საუკუნის მიჯნაზე ლაზეთმა დაკარგა პოლიტიკური ძალაუფლება და აფხაზთა ერისთავების ხელში გადავიდა. ამასთან ერთად, ლაზიკამ ტერიტორიული მთლიანობაც დაკარგა, ორ ნაწილად გაიყო: სამხრეთ-დასავლეთით მოექცნენ დასავლეთის ქართული მოდგმის ტომები - ჭან-ლაზები, ჩრდილო-დასავლეთით - ჩრდილოეთის ქართული მოდგმის ტომები - მეგრელები.

არაბების მიერ შევიწროებულმა და დევნილმა ქართულ ენაზე მოლაპარაკე ტომებმა ქართლიდან თავშესაფარი ლაზიკაში პოვეს. მათ დაუკავებიათ ლაზიკის ტერიტორიის შუა ნაწილი, ჭოროხისა და რიონის ხეობა.

სამართლიანად აღნიშნავს აკად. ნ. ბერძენიშვილი: “VI საუკუნის ლაზიკაში აღარ ჩანდა აგრე რიგად ტომობრივი გამოკვეთილობა (არც პოლიტიკური და არც ეთნიკური) რომ ლაზიკა ერთი მთლიანი ხალხი იყო და ძველი ტომობრივობის კვალი გაქრობის გზაზედ იდგა. თორემ ძველად რომ ეს ტომობრივობა აშკარად ჩანდა, ამას ხომ ძველი ბერძნული წყაროები მოწმობენ (ეკრიკტიკე, მონრალოი) ჩანს, ამ ხნის განმავლობაში ეს უახლოესი მონათესავე ტომები (ლაზები, ეგრები და სხვ.) ერთიმეორეს ისე დაახლოებიან, ერთიმეორეს ისე შერწყმიან, რომ მათი სხვადასხვაობა ჩვეულებრივი მიმომხილველისათვის შეუმჩნეველია. ამასვე მოწმობს ის გარემოება, რომ პროკოპი მათ ყველას ერთი სახელით იცნობს – ლაზი – და ისიც, რომ ეს “ლაზები”, თავისი ძველი ტომობრივი წარმომავლობის მიუხედავად, ყველანი თავიანთ თავს კოლხთა ჩამომავლად სთვლიან”

ლაზეთი შავი ზღვის სანაპიროს საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული - ჭოროხის ხეობიდან ტრაპიზონამდე, მაგრამ მისი მხოლოდ მცირე ნაწილი (ვიწე-ხოფა-გონიოს ფარგლებში) სამცხის საერისთავოს შემადგენლობაში შერჩა საქართველოს, ხოლო ლაზეთის უდიდესი ნაწილი, ტრაპიზონის ჩათვლით, ბიზანტიის მფლობელობაში მოექცა. (ქალაქის სახელწოდებასთან დაკავშირებით საინტერესო განმარტება აქვს მოცემული ინგლისელ დენის სესილ ჰილზს, რომელმაც ჩვენი საუკუნის 60-იან წლებში (1959 და 1962 წლებში) ორჯერ იმოგზაურა ლაზეთში: "ძველი ქალაქი (ტრაპიზონი, - გ. მ.) აშენებულია პლატოს კონუსისებურად წაგრძელებულ ენაზე, რომელიც ციცაბოდ ეშვება ზღვაში (აქედან მისი სახელწოდება ტრაპეზუს - სასადილო მაგიდა)".

ლაზეთს უხდებოდა თავგანწირული ბრძოლა რომის, ბიზანტიისა და ირანის წინააღმდეგ. მტრებს აინტერესებდათ თავისი პოლიტიკური გავლენის სფეროში მოექციათ ლაზიკა. პოლიტიკურ ბრძოლას თან სდევდა რელიგიური დაპირისპირება. პირველსავე საუკუნეში ლაზეთში დამკვიდრებულ ქრისტიანობას რომი ებრძოდა თავისი წარმართული რწმენით. იმავდროულად სპარსეთი მაზდეანობის (ცეცხლთაყვანისმცემლობის) დამკვიდრებას უშედეგოდ ცდილობდა.

დამპყრობლებთან ბრძოლაში, ბრძნული, მომგებიანი პოლიტიკის გატარებაში თავი ისახელეს ლაზთა მეფეებმა: წათე I, წათე II, გუბაზი, ოფსიტე…

ბიზანტიის ძლიერების ხანაში ლაზიკის მეფეს ამტკიცებდა ბიზანტიის კეისარი, მაგრამ ლაზიკა ბიზანტიას არც ხარკს უხდიდა და არც ჯარს უგზავნიდა. ლაზეთის მეფე ვალდებული იყო მხოლოდ ჩრდილოეთის საზღვრები გაემაგრებინა და მტრებისგან დაეცვა ბიზანტიის სამფლობელო.

საჭირო ოყო მომენტის შერჩევა და ასეთი მომენტიც დაუდგა XIII საუკუნის დასაწყისშივე: როცა ჯვაროსნებმა 1204 წელს კონსტანტინოპოლს ალყა შემოარტყეს, თამარ მეფემ შეურაცხმყოფელი საქციელი საბაბად გამოიყენა (ბერძენთა მეფემ ქართველ ბერებს თამარ მეფის ნაჩუქარი ოქრო ჩამოართვა), გაათავისუფლა ლაზეთი, ცალკე სამეფო - ტრაპიზონის სამეფო შექმნა და მეფედ თავისი ახლობელი ნათესავი, საქართველოში გაზრდილი ბერძენი უფლისწული, ალექსი კომნენოსი დასვა.

თამარის მეფის გაერთიანებულ საქართველოში ლაზეთი ტრაპიზონის იმპერიის სახით ერთიანი ქართული სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილად მოიაზრებოდა. ცხადია, ტრაპიზონის სამეფოს მოსახლეობის უძირითადეს ნაწილს ლაზები შეადგენდნენ. ისინი ასევე დიდ როლს თამაშობდნენ თამარის დროს ქვეყანაში. ცნობილია, რომ თამარის მიერ დაარსებულ ტრაპიზონის იმპერიაში წამყვანი ადგილი ლაზებს იჭირათ.

ასე გრძელდებოდა 1461 წლამდე, ვინაიდან ამ წელს ოსმალებმა ტრაპიზონის სამეფო დაიკავეს; იქ მეფის ინსტიტუტი გააუქმეს და ამ დროიდან ლაზეთში თავიანთი ბატონობის განმტკიცებას შეუდგნენ.

ლაზური გადმოცემით, ოსმალებთან უთანასწორო ბრძოლაში სახელი გაითქვა ლაზეთის მმართველმა კახაბერმა, რომელმაც არაერთხელ განდევნა შემოჭრილი დამპყრობელი. ბოლოს ოსმალები დიდი ჯარით ხელახლა შემოესივნენ ქვეყანას, მათ მოახერხეს კახაბერის მოკვლა და სამეფოს დაპყრობა. ლაზი ხალხი გმირ კახაბერს დღესაც დიდი პატივით იგონებს და ამაყად ამბობს: “ყველა კაცი კაცია, ხოლო კახაბერი სულ სხვა კაციაო”. ამიტომაც ლაზეთის ერთ სოფელს კახაბერი დაერქვა.

წინააღმდეგობის ფრონტი ლაზეთში 1820-იან წლებამდე გაგრძელდა, მაგრამ ამ დროისთვის ოსმალეთის მთავრობამ ლაზი მთავრების მედგარი წინააღმდეგობა გასტეხა და იავარჰყო მათი თავისუფლება.

1801 წელს ქართლ-კახეთი რუსეთს შეუერთდა. დაიწყო შავი ზღვის სანაპიროდან ოსმალების განდევნა - 1809 წლის ბოლოს რუსეთის ჯარმა ფოთის ციხე აიღო, 1810 წელს კი იმერეთის სამეფოც შემოიერთა.

1828 წლის აგვისტოში რუსთა ჯარმა გენერალ პასკევიჩის სარდლობით, ახალციხის მახლობლად, სოფელ კლდესთან დაამარცხა ოსმალები და სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიის (ახალციხის საფაშო) განთავისუფლების ჯერიც დადგა - 1829 წელს ადრიანოპოლის ხელშეკრულებით ოსმალეთმა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრა რუსეთს დაუთმო.

უფრო მოგვიანებით მსგავსი ენთუზიაზმით იბრძოდნენ ლაზეთის პატრიოტები რუსი ოკუპანტების წინააღმდეგაც, რამაც რუსის მეთაურს საანგარიშო მოხსენებაში ათქმევინა: ლაზები გულადი ხალხია, მათი შიშით ოსმალთა ლაშქარიც კი ვერ ბედავს ლაზურ სოფლებში შესვლას და იქ გაჩერებას.

1877 წელს ახალი ძალით იფეთქა სამხედრო კონფლიქტმა რუსეთსა და ოსმალეთს შორის. სამშობლოს განთავისუფლებისათვის გაჩაღებულ ცხარე ბრძოლებში ქართველთა ლაშქარიც მონაწილეობდა.

ომის დამთავრებას, 1878 წელს, ბერლინის ტრაქტატი მოჰყვა, რომლის ძალითაც რუსეთს გადაეცა ყარსი, არტაანი და ბათუმი. ამგვარად, სამაჰმადიანო საქართველოს დიდი ნაწილი, კერძოდ აჭარა, საქართველოს შემოუერთდა.

1878 წლის ბერლინის ხელშეკრულებეით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა ლაზეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, 16 სოფელი დღევანდელი გონიოდან ქ. ხოფამდე. ცარიზმმა აქ მშობლიური ქართულის ნაცვლად რუსული ენის დაკანონება სცადა, ამავდროულად ლაზეთის მედრესეებში სწავლება ჩვეულებრივ, თურქულად მიმდინარეობდა.

1910 წელს ამის საპასუხოდ ლაზებმა აბდულაჰ აშიქ ჰასანოღლუს ხელმძღვანელობითა და ინიციატივით შეადგინეს წერილი სწავლა-განათლების ქართულ ენაზე შემოღების მოთხოვნით, რასაც ქართული საზოგადოება დიდი მხარდაჭერით შეხვდა, მასწავლებლებიც მზად იყვნენ ლაზეთში სამუშაოდ, მაგრამ ლაზთა ამ სამომავლო წამოწყებას 1914 წელს დაწყებულმა პირველმა მსოფლიო ომმა შეუშალა ხელი. ბრესტის ზავის შედეგად ლაზეთი თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში აღმოჩნდა.

1921 წელს ერთა ლიგამ ქართული მხარისგან მიიღო მოთხოვნა, სადაც ლაზისტანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაწილად აღიარებას ითხოვდა, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ ქაღალდზე დარჩა და საქართველოს გავლენა რეგიონზე ნულოვანი აღმოჩნდა. 1921 წლიდან რეგიონის უმეტესი ნაწილი თურქეთის შემადგენლობაში მოექცა, მცირე ნაწილი (სოფელი სარფი) საქართველოს შემადგენლობაში დარჩა.

ლაზეთის ტერიტორიას მდ. ჭოროხიდან ქ. ტრაპიზონის ჩათვლით 1925 წლამდე თურქეთის რუკაზე ლაზისტანად წერდნენ. ტერიტორიულად ემორჩილებოდა ტრაპიზონის ფაშას (გუბერნატორს). ტრაპიზონი საგუბერნიო ქალაქი იყო. თურქეთის მფლობელობაში მყოფი ლაზური მოსახლეობა, იმ დროისთვის არაღემატებოდა 240 000 სულს. მათ შორის ლაზურ ენაზე მეტყველებდა არა უმეტეს 160 000 სულისა.

მოსახლეობის 1960 წლის აღწერის, ან უფრო ზუსტად - დაყოფის  მიხედვით, 42 ათასი ლაზი აღირიცხება, რაც ისევე არასრული და არაზუსტია, როგორც ქართველთა (ლაზთა ჩათვლით) რიცხვი - 104 ათასი. აკად. პ. გუგუშვილი წერს, რომ პირველი მსოფლიო ომისდროინდელ მონაცემების მიხედვით, თურქეთის სამფლობელოებში მცხოვრებ ქართველთა საერთო რიცხვი 700 ათასს შეადგენდა. მასვე მოჰყავს ბ. დანციგის მიერ შესწავლილი ცნობები იმის შესახებ, რომ 1945 წელს თურქეთში ცხოვრობდა არანაკლებ 200 000 ლაზისა.

1931 წლიდან თურქეთის ხელისუფლებამ, როგორც სხვა ხალხებს, ასევე ლაზებსაც ლაზური გვარების ტარება აუკრძალა. ისინი დღეს თავიანთ ტერიტორიაზე, საკუთარ ქალაქებსა და სოფლებში ვერ იღებენ მშობლიურ ენაზე განათლებას. ის ფაქტი, რომ თურქეთის რესპუბლიკაში საშუალო განათლების მიღება მხოლოდ თურქულ ენაზეა შესაძლებელი, ლაზურს უპირატესად სოფლის ენად აქცევს. 2014 წლიდან თურქეთის რესპუბლიკაში მიღებულმა კანონმა ლაზურ ენას მიანიჭა სახელმწიფო სკოლებში შესასწავლი უცხო ენის სტატუსი, შედეგად ტრაპიზონში, ათინასა და რიზეში ლაზ ბავშვებს სკოლებში მშობლიური ენის შესწავლის საშუალება მიეცათ.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати