USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ლაზარე კომახიძე, რომელიც 9–10 წლის ასაკში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი მეკლდეურობაში
თარიღი:  1161

დღეს ლაზარე კომახიძეს გაგაცნობთ. იგი 9–10 წლის ასაკში მისდევდა მეკლდეურობას და სწორედ მაშინ, პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი.

მალე სოფელში საცხოვრებლად გადასვლა მოუწია და სპორტს თავი დაანება, რაც მისთვის დიდი დანაკლისი იყო. ახლა იგი სხვა ბავშვებისთვის ცდილობს მსგავსი დანაკლისის თავიდან აცილებას.

 „ზუსტად ვიცი რას ნიშნავს, იცხოვრო სოფელში და არ გქონდეს წვდომა და ხელშეწყობა არცერთ სპორტულ აქტივობაზე.  მითუმეტეს, დღევანდელ სამყაროში, სადაც სოფელში მცხოვრები ბავშვები ტელევიზიით უამრავ საოცარ შესაძლებლობას ნახულობენ და მათი რეალური ცხოვრება კი, მოკლებულია ამ ყველაფერს.  ეს სერიოზული ტრავმაა მოზარდებისთვის“- ამბობს ლაზარე.

პირველი მეკლდეურთა კლუბი 2015 წელს დაარსა ნიქოზში.  პანდემიის დროს კი, როდესაც ყველაფერი გაჩერდა, ბედიანის მეკლდეურთა კლუბს ჩაუყარა საფუძველი.  „დღეს კი, თეთრიწყაროს ახალგაზრდებისთვის, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით,  თეთრიწყაროს მეკლდეურთა კლუბის შექმნაზე ვმუშაობთ“.

ყველაფერი 2008 წლის 8 აგვისტოს ნიქოზში, ომის მძიმე დღეებში დაიწყო, როცა ლაზარე ნიქოზის მონასტერში, მეუფე ისაიასთან ჩავიდა. სოფელი თითქმის დაცლილი დახვდა, იქ მხოლოდ მოხუცები იყვნენ, რომლებიც უარს ამბობდნენ სახლის დატოვებაზე.

ეხმარებოდა მოხუცებს და უვლიდა მარტოსულ ცხოველებს. რუსეთის საჰაერო იერიშების გამო ადგილზე ვეღარ გაჩერდნენ, თუმცა ნიქოზთან კავშირი არ გაუწყვეტია.

გარკვეული დროის შემდგომ, ადგილობრივი ბავშვებისთვის, მეუფე ისაიამ ხელოვნების სკოლა გახსნა, სადაც ბავშვებს სხვადასხვა წრეზე (ქარგვა, ხატვა, კერამიკა, მუსიკა, უცხო ენები, ჩრდილების თეატრი) სიარულის შესაძლებლობა ჰქონდათ. სწორედ აქ დაუახლოვდა ნიქოზელ ბავშვებს.

„პირველად მქონდა ველო ტურების პროექტი, ნიქოზელი ბავშვები დამყავდა ველოსიპედებით ლაშქრობებში. სოფელში არ არსებობდა არანაირი სპორტული წრე. გამიჩნდა  იდეა, რომ ბავშვებისთვის გამეკეთებინა პატარა საცოცი კედელი, რომელზეც შეძლებდნენ ყოველდღიურ სპორტულ აქტივობას.  ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის მხარდაჭერით გავაკეთეთ პირველი საცოცი კედელი, რომელმაც 30–ზე მეტი მოზარდი გააერთიანა, დავიწყეთ ყოველდღიური ვარჯიშები და 2 წელში, ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი ერთ-ერთ მოწინავე გუნდად იქცა  საქართევლოს ჩემპიონატებზე”. 

ზამთარში და ცუდი ამინდების დროს ბავშვებს ვარჯიშის შეწყვეტა უწევდათ, რადგან საცოცი კედელი ღია ცის ქვეშ იყო. ყოველ გაზაფხულს ბავშვები სულმოუთქმელად ელოდნენ. ლაზარეს არაერთი მცდელობის შემდეგ, ნიქოზის კლუბს ერთი უფუნქციო შენობა გადასცეს, სადაც ორგანიზაციების „ორბელიანი მეტის“, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით სარემონტო სამუშაოები დაიწყო და წელს პირველად შეძლებენ ახალგაზრდა მეკლდეურები ზამთარში ვარჯიშს.

ამ ყველაფრის უკან კი დიდი შრომა, წვალება და ზოგჯერ იმედგაცრუებაც იდგა. „თუმცა დღეს ძალიან ბევრი კეთილი ადამიანის მხარდაჭერით, ნიქოზში ბავშვებს მალე ძალიან კარგი სავარჯიშო სივრცე ექნებათ“. 

მეკლდეურობა მოზარდებისთვის, როგორც ფიზიკური, ისე მენტალური განვითარებისთვის საუკეთესო სპორტული აქტივობაა. ამიტომ გადაწყვიტა, რომ ნიქოზის შემდეგ ბედიანის კლუბი დაეარსებინა, ახლა კი, თეთრიწყაროს ახალგაზრდებისთვის მუშაობს.

 „თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის“ სივრცეში, პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში, ახალგაზრდა მეკლდეურები დაიწყებენ ვარჯიშსს.

ლაზარე კომახიძე გეგმავს და დარწმუნებულია, რომ კიდევ ბევრ სოფელში შეძლებს ბავშვების გახარებას.

მიყევით ბმულს - ეს ქვეყანა შენია • This country is yours

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის