რუსეთი არ არის წინააღმდეგი ამიერკავკასიაში მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს რეგიონში დაძაბულობის შექმნას არ ისახავს მიზნად, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
„დარწმუნებულები ვართ, რომ აქ წარმოშობილი საკითხები, პირველ რიგში, აქ მდებარე ქვეყნებმა და უახლოესმა მეზობლებმა უნდა გადაჭრან. არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, რომ არარეგიონულმა ქვეყნებმა, როგორც ამას ამჟამინდელი მსოფლიო პრაქტიკა ითვალისწინებს, განავითარონ ურთიერთობები აქ მდებარე ქვეყნებთან“, - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, უცილებელია იმის გაგება, რომ ასეთი ურთიერთობა არ იყოს მიმართული რეგიონში დაძაბულობის შექმნაზე, გეოპოლიტიკური თამაშების მიზნით ამიერკავკასიაში მდებარე ქვეყნების ინტერესების იგნორირებაზე, რასაც „არასდროს არსად არაფერი კარგი არ გამოუწვევია“.
„ჩვენი პოზიციაა ღიაობა ყველასთან თანამშრომლობისთვის, ვინც მზადაა ამის გულწრფელად, ყოველგვარი ფარული დღის წესრიგის გარეშე გასაკეთებლად“, - აღნიშნა ლავროვმა.
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128