USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
ლავრენტი ბერია და ჩელიუსკინელების ხიდი
Date:  11200

თბილისის პირველი გენერალური გეგმა 1933 წელს შემუშავდა და პირველი რაც ამ გეგმაში იყო გათვალისწინებული, იყო სანაპიროების კეთილმოწყობა და სატრანსპორტო მაგისტრალებად გადაქცევა. 1933-1939 წლებში გაიყვანეს სამკილომეტრიანი მარჯვენა სანაპირო (ბარათაშვილისა და თამარ მეფის ხიდებს შორის).

მისი მონაკვეთი ყოფილი ვორონცოვისა და ელბაქიძის ხიდებს შორის დამთავრდა 1935 წელს, ელბაქიძის ხიდიდან ფიზკულტურელთა პარკამდე; ხოლო ვორონცოვისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის 1939 წელს.

როგორ ააშენა ბერიამ თამარ მეფის ხიდი

მტკვრის კალაპოტში ჩასმას და სატრანსპორტო გზების გაყვანასთან ერთად მიმდინარეობდა მოსაზღვრე უბნების საფუძვლიანი რეკოსნტსრუქცია. ამოაშრეს მტკვრის მარჯვენა დაჭაობებული ტოტი და ყოფილი მადათოვის კუნძულზე გააშენეს პარკი, ხოლო სანაპირო მაგისტრალმა ე.წ. მშრალი ხიდის ქვეშ გაიარა.

დიდი სარეკონსტრუქციო სამუშაოები გაიშალა ახლანდელ გმირთა მოედნის მიდამოებში. 1932-1935 წლებში აიგო ჩელუსკინელების ხიდი (1989 წელს ჩელუსკინელების ხიდს თამარ მეფის სახელი დაერქვა) და გაიჭრა ხიდსა და მოედანს შორის დამაკავშირებელი გზა საბურთალოს პალატოს სამხრეთ აღმოსვლეთ ნაწილში.

საინტერესოა ჩელიუსკინელების ხიდის სახელის ისტორიაა. ხიდს სახელი ჩრდილოეთის მკვლევრის და ზღვაოს­ნის სემიონ ჩელუსკინის პატივსაცემად დაერქვა.  მისიივე საპატივცემულოდ "ჩელუსკინი" ერქვა არქტიკის ყინულებში 1934 წლის 13 თებერვალს გაუჩინარებულ ხომალდს. 2 თვე ეძებდნენ მის მგზავრებს - უკლებლივ ყველა, 104-ვე მგზავრი მფრინავებმა სამშვიდობოს გამოიყვანეს. მათი გადამრჩენელი მფრინავები პირველი საბჭოთა გმირები გახდნენ.

ჩელუსკინელების ევაკუაციის უმძიმეს ოპერაციას მსოფლიო ადევნებდა თვალს. მაშინ პრესაში ბერნარდ შოუს ცნობილი  სიტყვები გავრცელდა, - ეს რა ქვეყანა ხართ, პოლარული ტრაგედია ნაციონალურ დღესასწაულად აქციეთო!"

ხიდის არქიტექტორი გახლდათ ნიკოლოზ სევეროვი (ნორდმანი) (1887, თბილისი   –  1957,  კიევი), ხუროთმოძღვრების მკვლევარი, სსრკ არქიტექტურის აკადემიის აკადემიკოსი, დაამთავრა პეტროგრადის  სამოქალაქო-საინჟინრო ინსტიტუტი (1915). 1918-1948 წლებში მუშაობდა თბილისში (1935-1948 წლებში   –   საქართველოს არქიტექტურის კავშირის თავჯდომარე), 1948 წლიდან   -კიევში. თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პროფესორი (1922-1948). 1942 წლიდან ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ხელოვნების ისტორიის განყოფილების გამგე.
სევეროვი დიდ დროს ანდომებდა ძველი ქართული სატაძრო ხუროთმოძღვრების შესწავლასა და ფიქსაციას. დაწერილი აქვს გამოკვლევები რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ქართულ ტაძარზე (სამწევრისი, ქუთაისის “ბაგრატის ტაძარი”, სამთავისი), მასვე აქვს გამოცემული პირველი  დასურათებული წიგნი ძველ ქართულ არქიტექტურაზე.

დიდი ღვაწლი მიუძღვის სევეროვს  ძეგლთა აზომვა-ფიქსაციაში (ნეკრესი, შიომღვიმე, მცხეთის ჯვარი, წრომი, კუმურდო, მარტვილი, ალავერდი, ნიკორწმინდა და მრავალი  სხვ.). გაზომილი აქვს  აგრეთვე ძველი საერო არქიტექტურის ძეგლები, ძველი თბილისის საცხოვრებელი სახლები და სხვ. სევეროვის დამსახურება ისიც არის,  რომ მან პირველმა გამოიმუშავა ძეგლთა ანალიზური გრაფიკული ასახვა, მათი ისტორიული ფენების ჩვენებით.

ძალიან ინტენსიური იყო სევეროვის მოღვაწეობა როგორც შემოქმედი არქიტექტორისა. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში აგებული აქვს მრავალი საზოგადოებრივი და საცხოვრებელი შენობა.

მისი პროექტით განხორციელდა  თბილისში - ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის შენობის რეკონსტრუქცია (1929), ამიერკავკასიის ფედერაციის მთავრობის სახლი (შემდეგში - საქართველოს კპ. თბილისის კომიტეტი; 1929-1930წწ.); თამარ მეფის ხიდი (ყოფილი ჩელიუსკინელთა); კინოთეატრი "რუსთაველი" და სხვა; ავტორია ნაშრომებისა, რომლებშიც იხილავს ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვან საკითხებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ხუროთმოძღვრების მკვლევარი; თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პროფესორი (1922-1948)

იმ ადგილას, სადაც ახლა თამარ მეფის ხიდია, ადრე ხევი იყო და მტკვარი თავის ნებაზე მიედინებოდა.

როგორ ააშენა ბერიამ თამარ მეფის ხიდი

1931 წელს დაწყებული მშენებლობა ოთხი წელი გაგრძელდა და ის ლავრენტი ბერიას სახელს უკავშირდება. ის ქალაქის განაშენიანების საკითხებში ბევრ ქალაქის მერზე და ხელმძღვანელ პირებზე უკეთ ერკვეოდა.  ბერია იყო მისი აგების თაოსანიც და შემსრულებელიც. პარალელურად მიმდინარეობდა გმირთა მოედნის მოწყობაც - ტერიტორიაზე არსებული კლდოვანი ბორცვი გაიჭრა, მერე კლდის ერთ წვერზე ცირკის შენობა აიგო (1940 წ.), მეორე მხარეს კი - აკადემქალაქი. ვარაზისხევი­ 50-იანების ბოლოს ამოივსო. ასე რომ, ახალ მოედანს ერთი მხრიდან ზოოპარკი ეკრა (1927 წ.), მეორე მხრიდან კი - ოლღას ქუჩა ჩამოდიოდა და მოედანთან სრულდებოდა. ეს ქუჩა ესაზღვრებოდა ვერის სასაფლაოს, რომელიც დღევანდელი ვერის ბაღის ტერიტორიიდან დაახლოებით ლაგუნა ვერემდე ვრცელდებოდა. 1933 წელს მიღებული ქალაქის გენერალური გეგმის თანახმად, ბერიამ სასაფლაოს აღება მოინდომა. გამოაცხადა, მიცვალებულები გადაესვენებინათ. ვისაც ჭირისუფალი აღმოაჩნდა, გადაასვენეს, ვისაც არა - ის საფლავები გაუქმდა და ქვები გმირთა მოედნის კედლების მოსაპერანგებლად გამოიყენეს.

ხიდის მეორე მხარეს კუკიის ობსერვატორია იყო. ახლაც დგას ეს მრგვალი, გუმბათიანი შენობა. დანარჩენი ტერიტორია კი ბარაკებით იყო მოფენილი.

აღსანიშნავია, რომ ხიდის მშენებლობისას კლდო­ვანი ნაწილის გაჭრა წყლის ჭავლის გამოყენებით ხდებოდა და მშენებლობაში უამრავი ადამიანი მონაწილეობდა.

ჩელუსკინელების ხიდის ქვემოთ, მტკვრის ორივე მხარეს, სამანქანო გზა გაიჭრა და მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები მოეწყო. ეს სამუშაო მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე დასრულდა.

ჩელუსკინელების ხიდის ანალოგი ერევანშიც დგას, რომელიც 1945 წელს აუგიათ.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way