USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
ლალი ღლონტი-შვეიცარიაში მცხოვრები ინჟინერ-გეოფიზიკოსი
Date:  789
დავიბადე და გავიზარდე თბილისში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე. ეს იყო 90-იანი წლების საქართველოს უმძიმესი პერიოდი, როცა არ იყო დენი, გაზი, გათბობა, როცა სწავლა გაყინულ ოთახში სანთლის შუქზე გიწევდა. როცა არ იყო სამუშაო და არც მისი შოვნის პერსპექტივა. ეს იყო დრო, როცა გქონდა მიზნები და ოცნებები, წარმოუდგენელი იყო სპეციალისტად ჩამოყალიბება და ცხოვრებაში საკუთარი გზის პოვნა.
 
მე გამიმართლა და 1997 წელს მუშაობა დავიწყე დუბნის (მოსკოვის ოლქი, რუსეთი) ბირთვული კვლევის გაერთიანებულ ინსტიტუტში, სადაც მონაწილეობა მივიღე ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან- ცერნთან კოლაბორაციაში, ატლას დეტექტორისთვის მიონური კამერების შექმნაში, აწყობასა და ტესტირებაში.
 
მოგვიანებით მუშაობა გავაგრძელე ცერნში, ატლას დეტექტორის უსაფრთხოების სამსახურის ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე. სადაც 5 წლის განმავლობაში პასუხისმგებელი ვიყავი დეტექტორისა და ხალხის უსაფრთხოებაზე. სამუშაო ძალიან საინტერესო, საპასუხისმგებლო და მრავალფეროვანი იყო. ვმუშაობდი საკმაოდ დატვირთული განრიგით. ჩემს მოვალეობებში შედიოდა: ატლას დეტექტორის პარამეტრების კონტროლი, ცერნის ამაჩქარებლის ცენტრალურ მაკონტროლებელ სისტემებთან კავშირი და მართვა, ცვლების ორგანიზება, ვიზიტების ორგანიზაცია და მართვა, სამუშაოების კონტროლი დეტექტორის ექსპერიმენტულ სივრცეში (მომუშავე პერსონალის უსაფრთხო შესვლა-გამოსვლის პროცედურების კონტროლი და ა.შ.), მასალებისა და ხელსაწყოების რადიაციულ არეში გადაადგილების კონტროლი და ბევრი სხვა.
შემდეგ მუშაობა გავაგრძელე ცერნის ამაჩქარებლის 25-კილომეტრიან გვირაბში (LHC Tunnel), სადაც მსოფლიოს წამყვან ინჟინრებთან და ფიზიკოსებთან ერთად ვაკეთებდი ამაჩქარებლის მაგნიტების ელექტრულ ტესტებს.
 
ორი წელი ვიმუშავე High Luminosity LHC პროექტის ლიდერის ასისტენტად. ჩემი მოვალეობა იყო ამ პროექტში მომუშავე მეცნიერების პუბლიკაციების მონაცემთა ბაზების შექმნა და ატვირთვა ცერნის დოკუმენტების სერვერზე. გავაკეთე პუბლიკაციების საძიებო სისტემა EXCEL-ში და ვიმუშავე ისეთ სისტემებთან, როგორებიცაა CDS, EDMS და INDICO. ასევე მონაწილეობა მივიღე ცერნის ისეთ პროექტებში, როგორიც არის: SMACC (Superconducting Magnets And Circuits Consolidation), ARIES (Accelerator Research and Innovation for European Science and Society), EuCARD-2 (Enhanced European Coordination for Accelerator Research & Development) და NSW (Muon New Small Wheels).
CERN-ი მსოფლიოში უდიდესი ბირთვული ფიზიკის ლაბორატორია, საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე მდებარეობს, რაც თავის თანამშრომლებს საშუალებას აძლევს იცხოვრონ ამ ორი ქვეყნიდან ნებისმიერში. ის არის ორენოვანი ორგანიზაცია, რომლის ოფიციალური სამუშაო ენებია ინგლისური და ფრანგული.
 
მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების შეთანხმების საფუძველზე, CERN-ი ფინანსდება 22 ქვეყნის მიერ, მათი ბიუჯეტების პროპორციულად. სამწუხაროდ, საქართველო არ არის მისი არც დამფინანსებელი ქვეყანა და არც ასოცირებული წევრი, ამიტომ მის მოქალაქეებს არ აქვთ უფლება, გახდნენ CERN-ის პირდაპირი თანამშრომლები (მიიღოს პოზიცია), თუმცა სხვადასხვა ქვეყნის სახელით ცერნში ყოველწლიურად ათობით ქართველი მეცნიერი მუშაობს.
 
 
საერთაშორისო ინსტიტუტებში მუშაობამ მასწავლა, რომ თუ რაღაც ძალიან გინდა, ის აუცილებლად მოვა შენთან. ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია, მთავარია იყო შრომისმოყვარე, გქონდეს მიზანი, გიყვარდეს შენი საქმე და გქონდეს სურვილი, რომ იყო წარმატებული!
analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way