USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
თბილისი
ლაგუნა ვერე - ღია ჭრილობა თბილისის გულში
თარიღი:  2250

ლაგუნა ვერეს მშენებლობა მშენებლობა დაიწყო 1959 წელს თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, “სატივის უბანში”, მაშინდელი ფიზკულტურელის პარკის ტერიტორიაზე. მაგრამ მალე შეწყდა და მხოლოდ 1976 წელს განახლდა.

არქიტექტორები: რამაზ კიკნაძე, შოთა ყავლაშვილი), მშენებელი: რ. ღუდუშაური, მხატვარი: კოკა იგნატოვი; საპროექტო ორგანიზაცია: „თბილქალაქპროექტი“, #4 სახელოსნო; სამშენებლო ორგანიზაცია: „ინჟმშენი“.

შენობის სეისმურობა გათვლილი იყო 7 ბალზე.

1978 წლის 13 ოქტომბერს კომპლექსი საზეიმოდ გაიხსნა და მიენიჭა ლენინური კომკავშირის სახელი. ბაზა ყველა საერთაშორისო სტანდარტს უპასუხებდა და ყოფილ სსრკ-ში ანალოგი არ მოეძებნებოდა. აქ ემზადებოდნენ ცურვის, წყალბურთის, წყალში ხტომისა და სინქრონული ცურვის ნაკრები გუნდები.

კომპლექსი განლაგებული იყო 12665 კვ.მ-ზე.

კომპლექსის ძირითადი არენები იყო: საცურაო აუზი 50X20 მ, აუზი წყალში მხტომელთათვის 25X20 მ, სასწავლო საცურაო აუზი 25X10 მ. სახტომი აუზის თავზე აღმართული 5-, 7- და 10-მეტრიანი სახტომი კოშკურები, 1- და 3-მეტრიანი ტრამპლინები.

მთავარი სპორტული სარბიელის ტრიბუნები 5 000 მაყურებელს იტევდა. ტრიბუნებ ქვეშა სივრცე სამ სართულს მოიცავდა. პირველ სართულზე განთავსებული იყო სასწავლო-საჭყუმპალაო აბაზანა 12X8 მ, წყალში მხტომელთა სავარჯიშო სპეციალური დარბაზი, საგამოფენო, საპრესკონფერენციო და საპრეზენტაციო დარბაზები; მეორე სართულზე – საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ოფისი, სამედიცინო და რეაბილიტაციის კაბინეტები, საუნა; მესამე სართული მთლიანად სპორტთამაშების, ტრენაჟორების, ათლეტიზმისა და შეიპინგის დარბაზებს  ეკავა. 1992 წელს კომპლექსს ეწოდა “ვერე”, 1997 წელს კი – “ლაგუნა ვერე”.

აღნიშნული კომპლექსი გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მის მხატვრული იერ-სახის განმსაზღვრელი მხატვრულ-დეკორატიული პანოები მონუმენტური ხელოვნების ღირსშესანიშნავი და უნიკალური ნიმუშებია.

კომპლექსი გამორჩეულია არქიტექტურული გაფორმების თვალსაზრისითაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია შენობის მთავარ ფასადზე განთავსებული კოკა იგნატოვის მოზაიკური პანო და ინტერიერში შესრულებული ფერწერული მოხატულობა. ისინი თითქმის დაუზიანებლად, ძალიან კარგ მდგომარეობაშია შემონახული. მოზაიკური პანო შესრულებულია სმალტის შუშის ტექნიკით, რომელიც აღარ გამოიყენება ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მონუმენტურ-დეკორატიული ელემენტის შენარჩუნება და დაცვა პირველად მდგომარეობაში.

2000 წლიდან შენობა კერძო საკუთრებაშია. ლაგუნა ვერემ ფუნქციონირება გახსნიდან 35 წლის შემდეგ, 2013 წლის 28 დეკემბრს დაიხურა. ამის მიზეზად სიძველე, ამორტიზებულობა და არამომგებიანობა სახელდებოდა. დაახლოებით 8000 იქ მოვარჯიშე ადამიანი და ასზე მეტი თანამშრომელი გარეთ დარჩა.

კომპლექსის დახურვის ბოლო დღემდე “ლაგუნა ვერეს” ქალაქ თბილისის მაცხოვრებლებისათვის გააჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი რეკრეაციული ფუნქცია. ეს იყო ამ ზომის და მასშტაბის ერთადერთი ღია საცურაო კომპლექსი ქალაქში

2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად კომპლექსი საკმაოდ დაზარალდა, იგი სრულად დაფარული იყო ნაგვით და შლამით, მას შემდეგ იგი კაპიტალურად არ გაწმენდილა და დღემდე კომპლექსს სარეაბილიტაციო სამუშაო არ ჩატარებია და არც მის გახსნაზეა საუბარი.

2015 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში შევიდა ბარათი ლაგუნა ვერესათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. დღემდე ამ ბარათზე წერილობითი პასუხი არ არსებობს.

სამეწარმეო რეესტრის 2021 წლის 10 დეკემბრის ამონაწერით მიხედვით „ლაგუნა ვერეს“ მესაკუთრე გახლავთ შპს  „ლაგუნა ვერე“, რომლის 100%-იანი წილის მეპატრონეა ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“. შპს „ლაგუნა ვერეს“ დირექტორი კახა კობიაშვილი, გახლავთ ბიძინა ივანიშვილის დისშვილი. კახა კობიაშვილი ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია და ოფიციალურ დოკუმენტებში მისი გვარი ხშირად გვხვდება, როგორც ივანიშვილის ოფშორში დარეგისტრირებული ქონების განმკარგავი.

ბოლო განცხადება „ლაგუნა ვერეს“ მომავლის შესახებ 2021 წლის 12 სექტემბერს გაკეთდა ქალაქის მესვეურებისაგან. მაშინ  თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ : „ლაგუნა-ვერეს ტერიტორია არის კომერციული ზონა, სადაც კომერციული ინფრასტრუქტურა იყო და უნდა მოხდეს ისევ კომერციული ინფრასტრუქტურის მოწყობა-მოწესრიგება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტერიტორიის მესაკუთრე თავად სწორად გადაწყვეტილებას მიიღებს საჭირო დროს.

ჩვენ დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს ეკონომიკაში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ეკონომიკური მდგომარეობა და არა მხოლოდ ლაგუნა-ვერეს ტერიტორია, არამედ რამდენიმე ასეთი ადგილი, რომელიც არის ქალაქში და გააჩნია ეკონომიკური პოტენციალი, არ არის ათვისებული, რადგან პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის ეკონომიკა. მე მჯერა, რომ ეს ტერიტორია ძალიან მალე დაიწყებს მოწესრიგებას და ამისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“.

დრო გადის, მაგრამ ლაგუნა ვერე, ისევ რჩება დედაქალაქის მოუშუშებელ იარად. დღეს ლაგუნა ვერე, ღია ჭრილობაა თბილისის გულში.

 

 

 

 

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის