USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
თბილისი
ლადო ალექსი-მესხიშვილი – კარდიოქირურგიის ქართველი ვირტუოზი, რომელიც უცხოეთის მიწაზე გარდაიცვალა
თარიღი:  1075

"ძვირფასო ბ-ნო ლადო! უსაზღვროდ მადლიერი ვარ ჩემი შვილის გადარჩენისთვის. ჩემი ნამცეცა გოგო, რომელიც მაშინ 4,5 თვის იყო, იხსნა თქვენ მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ! მეორე ოპერაციის შემდეგ ფეხშიშველი ბავშვი უკვე ეზოში დარბოდა. არავის, მათ შორის არც ექიმებს, არ სჯეროდა, რომ ამ იასამნისფერი არსების განკურნება შეიძლებოდა. ქედს ვიხრი დედათქვენის წინაშე ამქვეყნად თქვენი მოვლენისთვის!"

ლადო ალექსი-მესხიშვილის არქივში ორმოცდაათწლიანი პრაქტიკის განმავლობაში მიღებული უამრავი ასეთი წერილი ინახება. მისმა ქირურგიულმა ოსტატობამ სასიკვდილოდ განწირულ ასეულობით ბავშვს მეორე სიცოცხლე აჩუქა.

ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილი 1941 წლის 2 მარტს თბილისში, ცნობილი არქიტექტორების თინათინ ფანიაშვილისა და ლადო ალექსი-მესხიშვილის ოჯახში დაიბადა. მისმა ტყუპისცალმა ძმამ, მსოფლიოში აღიარებულმა მხატვარმა და სცენოგრაფმა გოგი ალექსი-მესხიშვილმა, ბატონი ლადოს შესახებ საინტერესო მოგონებები გაგვიზიარა.

ფესვები

ალექსი-მესხიშვილების გვარი მესხეთიდან იღებს სათავეს. სწორედ იქიდან ჩამოვიდნენ XVII საუკუნეში დიდი ექიმის წინაპრები და თბილისში დამკვიდრდნენ. XVIII საუკუნის შუა ხანებში ანჩისხატის დეკანოზი ყოფილა ალექსი მესხი, კალიგრაფთა სახელგანთქმული დინასტიის ფუძემდებელი, რომლის პატივსაცემადაც მესხიშვილების გვარი ალექსი-მესხიშვილებად იწოდება. ამ დინასტიის წარმომადგენელთა მიერ გადაწერილი მრავალი წიგნი დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.

როცა აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი ააოხრა, ტაძრის უკანასკნელმა დეკანოზმა დიმიტრიმ ანანურში გადააბრძანა და ასე გადაარჩინა ანჩის ხატი, რისთვისაც მესხიშვილებს აზნაურობა უბოძეს.

გოგი ალექსი-მესხიშვილი:

– ბაბუაჩემის ბაბუა უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირველი თბილისელი ექიმი გახლდათ. მოსკოვის სამედიცინო-ქირურგიული აკადემიის დასრულების შემდეგ მუშაობდა თელავში, სიღნაღსა და თბილისში. 1848 წელს დოქტორის ხარისხი მიენიჭა. მისი ვაჟი სარდიონი სამხედრო ექიმი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო. ჩვენი ბაბუა, შალვა ალექსი-მესხიშვილი, მსახიობისა და რეჟისორის, რესპუბლიკის სახალხო არტისტის ლადო მესხიშვილის ვაჟი, პროფესიით იურისტი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი და 1918-1919 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ სამშობლოში დარჩა და სხვებსაც მოუწოდებდა, ემიგრაციაში არ წასულიყვნენ.

სკოლამდე დუშეთში, ქეთუსია ბებიასთან ვცხოვრობდით. ბებია დუშეთის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი იყო. უკიდურესი გაჭირვების წლები მისმა კუთვნილმა "პაიოკმა" გადაგვატანინა. ის პერიოდი სამუდამოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში: ბუნება, სახლი, ჩვენ და ალერსიანი ქეთო ბებია.

კითხვაც ბებიამ შეგვაყვარა. მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა და საკითხავ ლიტერატურას თავად გვირჩევდა. მამისა და ბიძისგან მემკვიდრეობად გვერგო არანორმალური შრომისმოყვარეობა, დედისგან კი მკაცრი ზნეობრივი პრინციპებით ცხოვრება ვისწავლეთ.

თავიდან, როცა საცხოვრებლად თბილისში გადმოვედით, ლაპარაკში მთის კილოს ვურევდით და თანაკლასელები დაგვცინოდნენ. ერთ კლასში ვსწავლობდით. მე ვზარმაცობდი, ლადო უფრო მონდომებული იყო. განათლება ორივემ მეტწილად სახლში მივიღეთ, სკოლა ჩვენს ინტერესებს ვერ აკმაყოფილებდა, თანაც საკმაოდ ცელქები ვიყავით. იმდენად ძნელი აღსაზრდელები აღმოვჩნდით, რომ ბებიას ჩვენი ბიძაშვილი ნინკასთვის საგანგებოდ მოუწერია, მაგ ბავშვებს მიხედეთ, არა მგონია, რომელიმესგან რამე გამოვიდესო.

ვერაზე, თარხნიშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდით. ჭრელი სამეგობრო წრე გვქონდა, რამაც ადამიანების შეცნობა გვასწავლა. სკოლის დამთავრების შემდეგ მე სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, ლადომ კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა. სტუდენტობის პერიოდში სამი წელი სასწრაფო დახმარების ღამის მორიგეობის ბრიგადაში მუშაობდა. ინსტიტუტის შემდეგ განაწილებით ერთი წელი თეთრ წყაროში გაატარა, რის შემდეგაც სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგიის განყოფილების ექიმად დაიწყო მუშაობა.

პროფესიაში

1969 წელს ლადო ალექსი-მესხიშვილმა მოსკოვში, ალექსანდრ ბაკულევის სახელობის გულისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის ორდინატურაში ჩააბარა და აკადემიკოს ბურაკოვსკის ერთ-ერთი საუკეთესო მოწაფე გახდა. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 1972 წელს, საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა, ხოლო 1977 წელს – სადოქტორო.

იმხანად გულის თანდაყოლილი მანკით დაბადებულთა უმეტესობა იღუპებოდა, რადგან ჩვილებს ოპერაციას ვერ უკეთებდნენ, მოგვიანებით წარმოებული ოპერაციები კი ხშირად უშედეგო იყო, დარღვეული სისხლის მიმოქცევის გამო ბავშვის ორგანიზმი სუსტდებოდა და სხვა ორგანოებიც ავადდებოდა. ლადო ალექსი-მესხიშვილი ამ პრობლემით დაინტერესდა და გულის თანდაყოლილი მანკების დიაგნოსტიკისა და ქირურგიის, ოპერაციის შემდგომი ინტენსიური თერაპიის, სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის პათოფიზიოლოგიის საკითხებს ჩაუღრმავდა. 1980 წელს ის სათავეში ჩაუდგა საბჭოთა კავშირში პირველ ჩვილ ბავშვთა გულის თანდაყოლილი მანკების სასწრაფო ქირურგიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებას ბაკულევის სახელობის ინსტიტუტში. მისივე თაოსნობით 1984 წელს ჩატარდა საბჭოთა კავშირში პირველი სიმპოზიუმი კრიზისული მდგომარეობის მქონე ჩვილთა მკურნალობის შესახებ, რომელზეც ლადო ალექსი-მესხიშვილი ამ დარგის უდიდეს სპეციალისტად ცნეს. 1986 წელს მას სახელმწიფო პრემია მიენიჭა ახალშობილი და ჩვილი ბავშვების ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის მეთოდების დამუშავებისა და კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვისთვის, 1989 წელს კი პროფესორის წოდება მიიღო.

შტრიხები პორტრეტისთვის

ლადო ალექსი-მესხიშვილის ცხოვრების სტილი რამდენადმე ეწინააღმდეგებოდა იმდროინდელ რეალობას. მას მიაჩნდა, რომ ტრადიციული, დაუსრულებელი თავყრილობები ვერაფრით წაადგებოდა იმ საქმიანობას, რომელსაც მთელ დროსა და ენერგიას უთმობდა. სტუმრებს გულთბილად ეგებებოდა, თუმცა შეეძლო, შუა წვეულების დროს სუფრიდან ამდგარიყო და სარბენად წასულიყო. გულუბრყვილობით და გულწრფელობით ხშირად ისეთ რამეს ამბობდა, რასაც სხვები ვერ ბედავდნენ.

1989 წელს დასავლეთ ბერლინში, ევროპის უდიდეს გულის ცენტრში მივლინებით ჩასულს, თვალწინ მედიცინის ახალი შესაძლებლობები გადაეშალა. ხელმძღვანელს დაუკავშირდა და ერთი წლით სტაჟირებისთვის დარჩენის ნებართვა სთხოვა, რათა დაწვრილებით შეესწავლა კარდიოქირურგიის უახლესი მიმართულებები, მაგრამ პასუხად უკმეხი უარი მიიღო. ამ პასუხის გამო რუსულმა მედიცინამ, ბაკულევის ინსტიტუტმა და პაციენტებმა დაკარგეს უდიდესი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელიც ვირტუოზულად ატარებდა მთელ საბჭოთა კავშირში ყველაზე რთულ ოპერაციებს.

კითხვაზე, რატომ დატოვა რუსეთი, მუდამ ერთსა და იმავეს პასუხობდა: "მოსკოვში უფრო მეტის გაკეთება შემეძლო, ვიდრე თბილისში. ბერლინში ასპარეზი კიდევ უფრო ფართოა. საქმე ის არის, რომ მე მიყვარს ჩემი პროფესია. ვცდილობ მასში შეღწევას, ყველაფრის ათვისებას, რაც შესაძლებელია. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილებით ბევრი რამ შემიძლია ვასწავლო ახალგაზრდებს. სამწუხაროდ, მსურველი ცოტაა..."

კოლეგები და მეგობრები ლადოს მედიცინით შეპყრობილს და ღვთით ბოძებული ნიჭის პატრონს უწოდებდნენ. კარგად იცნობდა კლასიკურ და თანამედროვე მუსიკას, უყვარდა ჯაზი, რარიტეტული წიგნები და ფოტოები. იშვიათად სვამდა, თუმცა შესანიშნავად ერკვეოდა ღვინოებში (როგორც ჩანს, ეს ბიძის დამსახურება იყო, რომელმაც პარიზში დაამთავრა ღვინის აკადემია, რისთვისაც მოგვიანებით რეპრესირებულთა სიაში აღმოჩნდა). დღე-ღამეში 14-15 საათს კლინიკაში ატარებდა, დანარჩენ დროს კი ძილს და ოჯახს უთმობდა. მისმა მეუღლემ, ფილოლოგმა და მსახიობმა ნანა ქავთარაძემ, საკუთარ კარიერაზე ზრუნვას ქმრის ქარტეხილებით აღსავსე პროფესიული ცხოვრების გაზიარება ამჯობინა. მათი ვაჟი, უმცროსი ლადო ალექსი-მესხიშვილი, სამოდელო ბიზნესში მოღვაწეობს და გერმანიაში ცნობილი ფოტოგრაფია. მართალია, მედიცინას არ გაჰყვა, მაგრამ მამის ჰობი საკუთარ პროფესიად აქცია.

სახელგანთქმულ ექიმს საკმაოდ მოკრძალებული კაბინეტი ჰქონდა. კედლებს მისივე გადაღებული სურათები ამშვენებდა. იქვე ეკიდა სოხუმსა და მოსკოვში მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები. თაროებზე ეწყო ასეულობით სამეცნიერო ჟურნალი მისი სტატიებით და ქირურგიული ხელსაწყოებით სავსე ყუთი – ამ ხელსაწყოებს მასთან სასწავლებლად ჩასულ  თანამემამულეებს ჩუქნიდა.

გერმანიაში ყველაზე მეტად უაღრესად ორგანიზებული სამუშაო პროცესი, წესრიგი და დისციპლინა იზიდავდა, თუმცა მუდამ აღნიშნავდა, რომ ბოლომდე ვერასდროს შეერწყმებოდა იქაურ გარემოს. მეგობრებისა და ახლობლების უმეტესობა თბილისსა და მოსკოვში ჰყავდა, ბერლინში კი სიამოვნებას უმთავრესად მუშაობისგან იღებდა.         

საერთაშორისო კარიერა

1990 წელს, გერმანიის გულის ქირურგიის ცენტრის დირექტორის რ. პეტცერის თხოვნით, ლადო ალექსი-მესხიშვილი სათავეში ჩაუდგა ბავშვთა თანდაყოლილი მანკების ქირურგიის პროგრამას. შემდეგ ცენტრის დირექტორის მოადგილე გახდა.

თავისი პრაქტიკული და სამეცნიერო კარიერის განმავლობაში ლადო ალექსი-მესხიშვილმა ჩაატარა ოთხი ათასზე მეტი ოპერაცია, გამოაქვეყნა შვიდასამდე ნაშრომი საბჭოთა, ევროპულ და ამერიკულ სამეცნიერო გამოცემებში. მის გვერდით ოსტატდებოდნენ ექიმები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. ხშირად უკითხავდა ლექციებს სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებს, მათ შორის – ქართველებს, სამშობლოში ჩამოჰქონდა სამედიცინო აპარატურა. 2010 წლის 7 ივლისს მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში წაიკითხა მოხსენება ბავშვთა კარდიოქირურგიის პრობლემებზე, მიღწევებსა და პერსპექტივებზე და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა რამდენიმე ათეული ძვირად ღირებული წიგნი, რათა სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ინფორმაცია კარდიოქირურგიის თანამედროვე მიღწევების შესახებ. 

ჯო ენის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებმა სიყვარულით და მადლიერებით გაიხსენეს სახელგანთქმული ქართველი დასტაქარი:

– 1970-იან წლებში სწორედ ბატონი ლადოს თაოსნობით ჩაეყარა საფუძველი ახალშობილთა გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობას და ამ დარგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნას ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. მისი ძალისხმევით დაინერგა გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობისადმი ინოვაციური მიდგომები. ბატონი ლადოს უნიკალური ლექციები კარგად ახსოვთ გულის ქირურგიის დარგში მოღვაწე პროფესიონალებს. პროფესორი აქტიურად მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გულის თანდაყოლილი მანკების შესახებ ცოდნის ამაღლების პროცესში. მისი, როგორც დარგის ერთ-ერთი პიონერის გამოცდილებამ დიდი წვლილი შეიტანა მთელ მსოფლიოში გულის თანდაყოლილი მანკების მქონე პაციენტების გადარჩენასა და სიცოცხლის გახანგრძლივებაში.

დახმარება, რომელიც ლადო ალექსი-მესხიშვილმა ჯო ენის სამედიცინო ცენტრს გაუწია, ფასდაუდებელია. ამერიკელ კოლეგებთან ერთად ის აქტიურად იყო ჩართული ჩვენი დაწესებულების განვითარებაში როგორც პროფესიული კუთხით, ისე ფინანსურადაც, ჰუმანიტარული დახმარების სახით. ჩვენთვის, ჯო ენის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებისთვის, დიდი პატივია, რომ ბატონ ლადოსთან ურთიერთობის შესაძლებლობა მოგვეცა. საქართველოში გულის თანდაყოლილი მანკებისა და ჯო ენის სამედიცინო ცენტრის განვითარებაში მის მიერ შეტანილი წვლილის უკვდავსაყოფად ჩვენს დაწესებულებაში ლადო ალექსი-მესხიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა.

ლადო ალექსი-მესხიშვილი ოთხწლიანი ავადმყოფობის შემდეგ, 2021 წლის 21 ივლისს, ბერლინში გარდაიცვალა.

ბატონ ლადოს პირადად იცნობდა და მისი მეთვალყურეობით ბერლინში მკურნალობის კურსს გადიოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სწორედ მისი ლოცვა-კურთხევით აღევლინა გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

ლადო ალექსი-მესხიშვილს გამორჩევით ჰყვარებია ერთი გამონათქვამი ბალზაკის ნოველიდან "ათეისტის წირვა". დიდი ქირურგის გახსენებას ჩვენც ამ ციტატით დავასრულებთ:

"ქირურგთა დიდება ჰგავს მსახიობთა დიდებას. ისინი მხოლოდ მანამდე არსებობენ, სანამ ცოცხალნი არიან, სიკვდილის შემდეგ კი მათი ნიჭის შეფასება ძნელია. მსახიობები და ქირურგები, აგრეთვე დიდი მომღერლებიცა და ვირტუოზი მუსიკოსებიც – ყველა წუთიერი გმირია".

მარი მარღანია

წყარო: ჟურნალი ავერსი

ანალიტიკა
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.