USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
«El Mundo» (ესპანეთი): „ან ყველაფერი, ან არაფერი: კიტ კელოგი ვლადიმერ პუტინსაც ემუქრება და ვოლოდიმირ ზელენსკისაც“
თარიღი:  852

ესპანური გაზეთის „ელ მუნდოს“ (El Mundo) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ან მეტი იარაღი, ან არაფერი: კიტ კელოგი ვლადიმერ პუტინსაც ემუქრება და ვოლოდიმირ ზელენსკისაც“ (ავტორი - ალებრტო როხასი) განხილულია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ერთ-ერთი ვერსია, რომელიც დონალდ ტრამპის თანამოაზრემ, გადამდგარმა გენერალმა კიტ კელოგმა შეიმუშავა და რომელიც თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლად უნდა დაინიშნოს რუსეთ-უკრაინის საკითხებში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

კიევის დიპლომატიურ წრეებში უკვე ორი კვირაა ხმები დადის, რომ დასავლეთი ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „ოქროს გადასახლებას“ უმზადებს ლონდონში მანამ, სანამ უკრაინაში 2023 წელს გადადებული საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ასეთი ნაბიჯს მოჰყვება უკრაინის სწრაფი მიღება ევროკავშირში, ეკონომიკური დახმარება და ქვეყნის ტერიტორიაზე ევროპული სამშვიდობო ძალების განლაგება. ეს იქნება ძირითადად ბრიტანული და ფრანგული სამხედრო ქვედანაყოფები, რომელთა დისლოცირება ფრონტის ხაზის გასწვრივ მოხდება დაზავებისა და კონფლიქტის გაყინვის შემდეგ. მათი ფუნქცია იქნება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვა და ინციდენტების პრევენცია.

ამერიკელი გადამდგარმა გენერალმა კიტ კელოგმა, რომელსაც არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის დავალება მისცა, უკვე წერილობითი სახით მიანიშნა მოლაპარაკების დაწყების განზრახვის შესახებ: „აშშ გააგრძელებს უკრაინისათვის იარაღით უზრუნველყოფას და გააძლიერებს მის თავდაცვისუნარიანობას, რათა კიევს გარანტია ჰქონდეს - ცეცხლის შეწყვეტის (დაზავების) შემდეგ რუსეთი არ შეეცდება შემტევითი ოპერაციების განხორციელებას და თავს აღარ დაესხმება უკრაინას სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ“.

რაც შეეხება რუსეთის იძულებას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის თაობაზე, თავის ახლო გარემოცვას ქცევის მკაფიო სტრატეგია ვლადიმერ პუტინთან მიმართებით თვითონ დონალდ ტრამპმა მოუნიშნა: „თუ რუსეთი არ დათანხმდება სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობას, ჩვენ უკრაინას იმდენ ყველანაირ იარაღს გავუგზავნით, რამდენსაც თვით ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია არ უგზავნიდა“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დონალდ ტრამპი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებზე ისეთი ზეწოლისათვის ემზადება, რომ ორივე მხარე მოლაპარაკებაზე დათანხმდეს.

ამის შემდეგ უნდა განისაზღვროს ზავის პირობები, მაგრამ აქ უკვე დონალდ ტრამპისა და კიტ კელოგის პოზიციები ერთმანეთს შორდება. გენერლის გეგმის მიხედვით, ურთიერთშეხების (ან ურთიერთდაშორების) ხაზი იმ მდგომარეობით დარეგისტრირდება, როგორითაც ამჟამად არის შექმნილი და ამაზე კიევი უცილობლად უნდა დათანხმდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინა იძულებული ხდება რუსეთს მისცეს თავისი ტერიტორიის 18% (დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთლიანად, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები კი - ნაწილობრივ), რაც თეორიულად მოსკოვისათვის მომგებიანია. თუმცა ასეთ შემთხვევაში ვლადიმერ პუტინს მოუწევს შეურიგდეს დამამცირებელ მდგომარეობასაც: უკრაინის კონტროლის ქვეშ დარჩება რუსეთის კურსკის ოლქის ნაწილი, ანუ 800 კვადრატული კილომეტრი, რომლის დაბრუნება რუსებმა ვერ შეძლეს.

უკრაინამ წერილობითი სახით უნდა ივალდებულოს, რომ უარს აცხადებს ნატოში გაწევრიანებაზე მინიმუმ 20 წლის განმავლობაში, მშვიდობის განსაზღვრული გარანტიების სანაცვლოდ. პარალელურად, აშშ გააგრძელებს უკრაინის არმიისათვის იარაღის მიცემას, რომ მისი ძლიერება რუსების შემკავებელი ფაქტორი გახდეს, სამომავლო თავდასხმის თავიდან აცილების თვალსაზრისით. კიევი ვალდებულობს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის მხოლოდ დიპლომატიურ მეთოდებს გამოიყენებს. ასეთი სახის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებით უკრაინას არ მოუწევს ღიად თქვას უარი თავის ტერიტორიებზე.

დონალდ ტრამპმა, რა თქმა უნდა, კარგად იცის საქმიანი მოლაპარაკების წარმართვა, მაგრამ არაფერი არ იცის კრემლის სპეციფიკური ამბიციების თაობაზე. ძალზე პრობლემატურად მოჩანს მისი რწმენა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, საჭირო მომენტში, აიღებს ტელეფონს, დაურეკავს ორივე ვლადიმერს და ეტყვის - „აბა, ახლა დასხედით მაგიდასთან და მოილაპარაკეთო“. შეიძლება ვოლოდიმირ ზელენსკი იოლად დათანხმდეს, მაგრამ ვლადიმერ პუტინი და მისი გარემოცვა დღეს ამგვარ დიალოგში ვერანაირ სარგებელს ვერ ხედავენ.

წყარო: https://www.elmundo.es/internacional/2024/12/05/67508f5a21efa019558b45eb.html

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის