USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
«Al Jazeera» (ყატარი): საქართველოს მთავრობა კომერციული სუროგატული დედობის აკრძალვას აპირებს // უკრაინელი ელენა: „ჩემთვის ეს გადაწყვეტილება ძალიან საწყენი იქნება“
Date:  327

ყატარის ტელეარხმა „ალ ჯაზერამ“ (Al Jazeera) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით „ჩემთვის ეს გადაწყვეტილება ძალიან საწყენი იქნება“: საქართველოს მთავრობა კომერციული სუროგატული დედობის აკრძალვას აპირებს“ (ავტორი - გური შარმა).

„ელენამ (სახელი შეცვლილია), რომელიც საქართველოს დედაქალაქ თბილისში ცხოვრობს, მეორედ გადაწყვიტა სუროგატული დედა გახდეს, შემოსავლის მიღების მიზნით.  „მე სუროგატული დედობის პროგრამა ძალიან დამეხმარა ჩემი ავადმყოფი გოგონას მკურნალობის მიზნით, თორემ სხვა შემოსავალი არ მაქვს. ძალიან ვემადლიერები სუროგატული დედობის პროგრამას“, - ამბობს ელენე „ალ ჯაზირასთან“ ინტერვიუში.

მაგრამ, როგორც ჩანს, შემოსავლების ეს წყარო ელენესათვის და საქართველოში მყოფი სხვა უკრაინელი სუროგატული დედებისათვის მალე დაიხურება, თუ საქართველოს მთავრობა თავის განზრახვას შეასრულებს - აკრძალოს უცხოელი წყვილებისათვის კომერციული მომსახურება სუროგატული დედობის სფეროში. კანონი ძალაში შესვლა მომავალი წლიდან არის დაგეგმილი.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სუროგატული დედობის სფეროში აუცილებელია ბავშვების დაცვა და ადამიანთა ვაჭრობის თავიდან აცილება. გარდა ამისა, უნდა მოხდეს იმის უზრუნველყოფა, რომ ბავშვების დაბადება-გაჩენა ერთსქესიანი წყვილებისათვის არ ხდებოდეს, რომელიც ქართულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. სუროგატული დედობა ლეგალური დარჩება მხოლოდ „ალტრუიზმის პრინციპით“ და მხოლოდ ქართველი წყვილებისათვის. კანონპროექტში გათვალისწინებულია სუროგატული დედების სამედიცინო მომსახურების ხარჯების კომპენსაცია, აიკრძალება რეკლამა და ა.შ.

უკრაინის ომი და სუროგატული დედობა

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ბოლო დროს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოში მნიშვნელოვნად იმატა სუროგატული დედების რაოდენობამ. საქმე იმაშია, რომ ომამდე უკრაინა ევროპაში სუროგატული დედობის უდიდეს ცენტრად ითვლებოდა, ომის დაწყების შემდეგ კი, უკრაინაში უსაფრთხოების დონის შემცირების გამო, ეს „ბიზნესი“ საქართველოშიც გაფართოვდა.

როგორც აშშ-ის ინდიანას უნივერსიტეტში რეპროდუქციის კვლევის ხელმძღვანელი პოლინა ვლასენკო ამბობს (იგი საქართველოში იმყოფებოდა პანდემიამდე) „ალ ჯაზირასთან“ ინტერვიუში, მოსალოდნელი აკრძალვა საქართველოს კონსერვატიული მთავრობის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილს წარმოადგენს“: „გარკვეულწილად ეს პოპულიზმიც არის. ხელისუფლება ცდილობს თავისი პოლიტიკა გრძნობიერ საკითხებზე ამომრჩეველთა სურვილს შეუთანხმოს, მაგალითად, სუროგატული დედობის შესახებ... მაგრამ იმის ნაცვლად, რომ სუროგატული დედების უფლებები უფრო მეტად იყოს დაცული, მთავრობა მას კრძალავს და საკუტარ მოქალაქეებს, ასე ვთქვათ, უმუშევრად ტოვებს“.

უკრაინის ომის გამო ბევრი სუროგატული უკრაინელი დედა საბერძნეთში, კვიპროსზე და საქართველოში წავიდნენ საცხოვრებლად. საერთაშიროსო დონეზე „ბიზნესის“ ამ სექტორზე საკმაო სამართლებრივი ზეწოლა ხორციელდება - იმიტომ, რომ იქ სადაც კანონმდებლობა სუსტია ან არ არსებობს, უნაყოფობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრები უბრალოდ, ქალთა ექსპლოატაციის ადგილებად გადაიქცნენ.

სუროგატული დედობის „სიღატაკე და ბრწყინვალება“

კომერციული სუროგატული დედობა 30 წლის წინ ჩაისახა აშშ-ში და მას შემდეგ სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. უკრაინა და საქართველო იმ სახელმწიფოების სიაში შედიან, სადაც კომერციულ კომპანიებს კანონიერ საფუძველზე მოქმედების ნება აქვთ დართული. ზუსტი ციფრები უცნობია, მაგრამ ომამდე, 2021 წელს, უკრაინაში იმ წყვილებისათვის, რომლებთაც ბუნებრივი გზით შვილის ყოლა არ შეუძლიათ, 2 ათასამდე ბავშვი დაიბადა.

სუროგატული დედობის მომსახურების პაკეტების მინიმალური ღირებულება 39 ათასი ევროდან (41,8  ათასი დოლარიდან) იწყება, ზრდის ტენდენციით.

ანალიტიკოსთა აზრით, საქართველომ დღეს უკრაინის კლიენტურის ნაწილი „შთანთქა“ და იმის მიუხედავად, რომ კიევში სუროგატული დედობა ნაწილობრივ აღდგა, თბილისში ჯერ კიდევ არიან სუროგატული დედობის სურვილის მქონე უკრაინელი ქალები. საერთაშორისო ტენდენციის შესაბამისად, ხელისუფლება ამ სფეროს სამართლებრივ რეგულირებას ცდილობს.

როგორც უკრაინელი ელენა ამბობს, ქართული კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, ალბათ, იგი საქართველოდან გაემგზავრება: „ეს ჩემთვის ძალიან საწყენი იქნება, მაგრამ სხვა გზა არ მრჩება... ახალი კანონით, უპირატესობით მხოლოდ ქართველები ისარგებლებენ. ჩემი აზრით, ასეთი გადაწყვეტილება უფრო დისკრიმინაციაა, ვიდრე სიტუაციის გაუმჯობესება. ყველას აქვს ბავშვის ყოლის უფლება და ეროვნებას ამ მხრივ მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ ხომ ადამიანებისთვის სიკეთეს ვთესავთ და ოცნებებს ვუსრულებთ“, - ამბობს ელენა.

წყარო: https://www.aljazeera.com/features/2023/9/6/georgia-plans-to-ban-commercial-surrogacy

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way