USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
თბილისი
«Al Jazeera» (კატარი): „დაბერებული ევროპელები: გადაიტანს თუ არა ევროპა ლიდერობის კრიზისს? რატომ უჭერს მოსახლეობა მხარს ულტრამემარჯვენეებს“
თარიღი:  520

კატარის ტელეარხის „ალ ჯაზირას“ (Al Jazeera) არაბულენოვან ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დაბერებული ევროპელები: გადაიტანს თუ არა ევროპა ლიდერობის კრიზისს? რატომ უჭერს მოსახლეობა მხარს ულტრამემარჯვენეებს“ (ავტორი -  ჰალიბ აზაბი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ბოლო წლებში ევროპა უკიდურესად მემარჯვენე პარტიების აღზევების მოწმე გახდა, განსაკუთრებით 2024 წელს. ამას ადასტურებს პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ გამარჯვება რეგიონულ არჩევნებში: ტიურინგიაში ალტერნატივამ“ მიღებული ხმების რაოდენობით მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო საქსონიაში - მეორე.

ევროპაში ულტრამემარჯვენეთა პოპულარობის ფენომენი ყურადღებით განხილვას საჭიროებს.

ერთ-ერთი ფაქტორი, რომელსაც მკვლევარები არასაკმარის ყურადღებას აქცევენ, არის ის, რომ ლიბერალიზმი, განვითარებული საბაზრო ეკონომიკის პირობებში, გარკვეულ ხაფანგში მოექცა, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მსხვილი ევროპული პარტიები „ქედმაღლობის ვირუსით დაინფიცირდნენ“ და რეალობას მოწყდნენ - სინამდვილეს არასწორად აღიქვამდნენ. სწორედ ამ ფაქტორმა მიიყვანა ისინი თავიანთი იდეოლოგიისა და პოლიტიკური დისკურსის ჩამოყალიბების კრახამდე - ვერ შეძლეს მოსახლეობის ფართო მასების დარწმუნება.

ასეთმა სიტუაციამ ბევრი არაკომპეტენტური პოლიტიკოსი გააჩინა: ემანუელ მაკრონს ბევრად უფრო ნაკლები უნარი აქვს ქვეყნის მართვისათვის, ვიდრე, მაგალითად, ფრანსუა მიტერანს, ვალერი ჟისკარ დ’ესტენს ან თუნდაც ჟაკ შირაკს ჰქონდა. საფრანგეთში პრეზიდენტობის პრესტიჟი ბევრად ადრე დაეცა, ვიდრე პოლიტიკურ არენაზე მარინ ლე პენი გამოვიდოდა, რომლის შედეგად ქვეყანა უპრეცედენტო პოლიტიკური კრიზისების ეპიცენტრში მოექცა.

შესაბამისად, ევროპაში ლიდერების კრიზისი გაჩნდა. სწორედ ამ გარემოებამ მისცა ბიძგი ჰენრი კისინჯერს დაწერა წიგნი „ლიდერობა: ექვსი გამოკვლევა მსოფლიო სტრატეგიის სფეროში“, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია პოლიტიკური ლიდერის დანიშნულებაზე, როგორი უნდა იყოს მისი მუშაობის დინამიკა, რომელიც საკმაოდ ხშირად მისსავე პოლიტიკურ ხედვებს და ტალანტს ეფუძნება. უკიდურესი მემარჯვენეების რიტორიკა ევროპაში სულ უფრო ხისტი ხდება  და, შესაბამისად, სულ უფრო მეტ ტერიტორიებს იკავებს.

ენერგომატარებლებზე ფასების ზრდამ და ინფლაციამ, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის ბუნებრივი შედეგი გახდა, ევროპის ქვეყნებში - გერმანიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, უნგრეთში და ავსტრიაში - ჩატარებულ ადგილობრივ და ევროპარლამენტის არჩევნებში საქმე ულტრამემარჯვენეების გამარჯვებამდე მიიყვანა. ასე რომ, 2024 წელი შეიძლება ევროპელი ულტრამემარჯვნეების ზეობის წლად ჩავთვალოთ.

თუ სიტუაციას ყურადღებით დავაკვირდებით, უკიდურესი მემარჯვენეების აღზევება უფრო დასავლეთ ევროპაში ხდება, ვიდრე აღმოსავლეთში, მაგრამ სწორედ აღმოსავლეთი ევროპა  აძლევს ბიძგს დასავლელ მემარჯვენეთა ხელისუფლებაში მოსვლას: დასავლელები ვერ აცნობიერებდნენ იმას, რომ კომუნიზმის გაქრობის შედეგად დარჩენილ ინტელექტუალურ ვაკუუმს შევსება ჭირდებოდა. სამაგიეროდ, ვაკუუმი იდეალური გარემო გახდა უნგრელი მემარჯვენეებისთვის: უნგრეთმა პირველ და მეორე მსოფლიო ომებში მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაკარგა, რაც კარგად გამოიყენეს დღევანდელმა პოპულისტურმა პოლიტიკურმა ძალებმა. ნოსტალგია „დიდი უნგრეთზე“ დღემდე შეიმჩნევა.

როგორ შეიძლება ამ მხრივ სიტუაცია შეფასდეს „მდიდარ და მაძღარ“ ჩრდილოეთ ევროპაში? განხილვისათვის ავიღოთ შვედეთის მაგალითი. საერთოდ, სკანდინავიის ქვეყნები ზოგადად ცნობილნი არიან თავიანთი შემწყნარებლობითა და ტოლერანტობით, თუმცა, ამის მიუხედავად, შვედეთში საკმაოდ დიდი ხანია არსებობს „წინააღმდეგობის ჩრდილოური მოძრაობა“ - ტრანსნაციონალური ნეინაცისტური ორგანიზაცია, რომელსაც თავისი ფილიალები ფინეთში და ნორვეგიაშიც აქვს, მას მხარს უჭერენ დანიელი და ისლანდიელი ნეონაცისტებიც.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპამ ნაციზმი და ნაცისტები აკრძალა, მაგრამ გაჩნდნენ ნეონაცისტები სხვადასხვა ფორმით, რომლებიც თავდაპირველად ფარულად, ღრმა „იატაკქვეშ“ მოქმედებდნენ, შემდეგ თანდათან თავიანთი იდეები სააშკარაოზე გამოიტანეს. ნაციზმისაგან განსხვავებით, იტალიაში ფაშიზმი არ აკრძალულა (არადა, სწორედ იტალიაა ფაშიზმის სამშობლო, ცნობილი დუჩეს  - ბენიტო მუსლონის - ხელმძღვანელობით).

დღეს იტალიური ფაშიზმის მოქმედება საკმაოდ საგრძნობია - ფაშიზმზე და რასიზმზე ბევრი პოლიტიკური პარტია და დაჯგუფებაა ორიენტირებული. მათგან ყველაზე გავლენიანები არიან:

„ახალი ძალა“ - ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტია, რომლის ლოზუნგია „იტალიელები უპირველეს ყოვლისა“. პარტია ესწრაფვის და სტიმულირებს ძირძველი იტალიელების რაოდენობის ზრდას, კათოლიკური ეკლესიის როლის აღდგენა-გაძლიერებას, გამოდის ერთქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ, მოითხოვს მიგრანტების დეპორტაციას.

„ბოლო თაობა“ - რადიკალური ორგანიზაცია, რომელიც მიგრანტებს ემუქრება. 2021 წელს პოლიციამ „თაობის“ წევრთა საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა ჩაატარა და უამრავ იარაღს და სააგიტაციო მასალებს მიაკვლია, რომლებიც მიგრანტთა მიმართ ძალადობის მოწოდებას გამოხატავდნენ.

„ჩრდილოეთის ლიგა“ - პოლიტიკური პარტია, რომელიც იტალიის მდიდარ ჩრდილოეთს დამოუკიდებლობისაკენ მოუწოდებს ღარიბი სამხრეთისაგან. ქვეყნის ხელისუფლებაში ჯორჯა მელონისა და მისი პარტიის „იტალიელი ძმების“ მოსვლა 2022 წელს ევროპაში უკიდურესი მემარჯვენეების აღზევების სიმბოლოდ იქცა. ისინი იტალიას იმიტომ მართავენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში 400 ადგილიდან 237 მიიღეს.

ევროპაში უკიდურესი მემარჯვენეების ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები შემდეგში გამოიხატება:

ა) აკვიატებული ანტიმიგრანტულობა. დემოგრაფიული პრობლემების კვალობაზე, რომ ევროპელები თანდათან ბერდებიან და ეს სამუშაო ძალის უკმარისობას იწვევს მნიშვნელოვან საკვანძო დარგებში, მემარჯვენეებმა გააცნობიერეს, რომ ევროპა  თავის ტრადიციებს სცილდება და სულ სხვა კონტინენტი ხდება. ეს რეალობა „კვებავს“ ევროპულ რასიზმს და „თეთრი რასის“ უპირატესობის იდეას, შესაბამისად, მიგრანტთა გაძევება პოპულისტურ მოთხოვნად იქცა. მაგრამ წარმოიქმნა დილემაც, რომელზედაც ევროპას ჯერ პასუხი არ გაუცია: შეუძლია თუ არა კონტინენტს მიგრანტების გარეშე ცხოვრება?

ბ) ბრძოლა ჰომოსექსუალიზმთან. ულტრამემარჯვენეების აზრით, ჰომოსექსუალიზმი ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას, ხელს უშლის მოსახლეობის ტრადიციულ მატებას. შესაბამისად, მემარჯვენეები პოპულარულები არიან პატარა ევროპული ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობაში, რომლებიც რელიგიური კონსერვატიულობით გამოირჩევიან და ჰომოსექსუალიზმს მძიმე ცოდვად თვლიან.

გ) ეკლესიის როლის აღდგენა-განმტკიცება. იქიდან გამომდინარე, რომ ეკლესია ხშირად ნაციონალიზმის, რელიგიური შეუწყნარებლობისა და ფანატიზმის წყაროს წარმოადგენს, გასაგებია, რომ ულტრამემარჯვენეები ეკლესიის როლის გაფართოებას დიდ ყურადღებას აქცევენ.

დ) პოლიტიკური პოპულიზმი და ავტორიტარიზმი. ევროპამ დაკარგა ტრადიციული იდეოლოგია. ზედმეტი თავისუფლება და დემოკრატიულობა საზოგადოებას ზიანს აყენებს, სესაბამისად, აუცილებელია ხელისუფლების გამკაცრება და ძალადობის მაქსიმალური გამოყენება.

ე) „შემობრუნება შიგნით, ანუ მეტი ყურადღება საკუთარ თავს“. იგულისხმება ევროკავშირის უარყოფა, თუნდაც მისი დროებითი არსებობის სახით. გამოიხატება მოწოდებით უკიდურესი ნაციონალიზმის გამოვლინებისათვის. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლაში (ანუ ბრეკსიტში) დამოუკიდებლობის პარტიის მოწოდებებემა და პროპაგანდამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გერმანიაში ბოლო არჩევნების შემდეგ სასაზღვრო კონტროლი გაძლიერდა.

წყარო: https://www.aljazeera.net/opinions/2024/9/24

 

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.