USD 2.7070
EUR 3.1344
RUB 3.3058
Tbilisi
«الميادين»//«Al Mayadeen» (ლიბანი): „ერდოღანი და პუტინი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და... როდის დადგება ზამთარი?“
Date:  410

ლიბანის გაზეთ „ალ-მაიადენში“ («الميادين»//«Al Mayadeen») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ერდოღანი და პუტინი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და... როდის დადგება ზამთარი?“ (ავტორი - ჰოსნი მახალი), რომელშიც თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებია გაანალიზებული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

იქნებიან თუ არა ერთად ანკარა და მოსკოვი? დაგეგმილი ვიზიტის თარიღიდან (12 თებერვალი) თითქმის უკვე ერთი თვე გავიდა, მაგრამ არც ანკარიდან და არც მოსკოვიდან ჩამიჩუმი არ ისმის. დიპლომატიური წყაროები კონფიდენციალურად იუწყებიან, რომ კრემლმა ვიზიტი მოულოდნელად გააუქმაო, რამაც მითქმა-მოთქმა გამოიწვია რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაცივების თაობაზე. მართლაცდა, არ არის გამორიცხული, რომ რეჯეფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის წინა წლებში ფართოდ რეკლამირებული „ძმობა და მეგობრობა“ ამჟამად კრიზისს განიცდის, რის მიზეზიც, ალბათ, თურქეთის თანხმობა არის შვედეთისა და ფინეთის ნატოში მიღებაზე.

მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა გავრცელებულმა ხმებმა, რომ თურქეთი უკრაინაში მოდერნიზებული დრონების („ბაირაქტრების“) ქარხნის აშენებას აპირებს. გარდა ამისა, მხარეებს შორის ვერადავერ მოგვარდა გარკვეული უთანხმოება სირიის საკითხში. გავიხსენოთ, რომ ვლადიმერ პუტინი თავიდანვე მხარს უჭერდა ლიბიის ლიდერს ბაშარ ასადს, რეჯეფ ერდოღანი კი ყველაფერს აკეთებდა მის დასამხობად (არადა, ადრე ოჯახებით მეგობრობდნენ). თუმცა ეს ფაქტორი მოსკოვს და ანკარას ხელს მაინცდამაინც არ უშლიდა სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაში.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრამ რუს და თურქ პრეზიდენტებს შორის არსებული წინააღმდეგობრიობა გაამწვავა. თურქეთი ორ სკამზე ჯდომას შეეცადა: ერთი მხრივ, მართალია, თავდაპირველად ანკარამ მომრიგებლის როლის შესრულება იკისრა, მაგრამ საბოლოო ჯამში შუამავლობა არ შედგა. მეორე მხრივ, ანკარა ნატოს წევრი სახელმწიფოა და მას ალიანსის წინაშე გარკვეული ვალდებულებები აქვს. თურქეთში ათობით ნატოს სამხედრო ობიექტებია განთავსებული, მათგან ზოგიერთი კი შავი ზღვის ნაპირებთან ახლოს და ბოსფორ-დარდანელის სრუტეებთან მდებარეობს. მაგრამ, ამის მიუხედავად, ანკარამ არაშავიზღვისპირა სახელმწიფოებისათვის სრუტეები დახურა, რითაც აშშ-ისა და ალიანსის წევრი სხვა სახელმწიფოების უკმაყოფილება გამოიწვია. ვაშინგტონისა და ბრიუსელის უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტიც, რომ თურქეთი არღვევს ანტირუსულ სანქციებს. გარდა ამისა, მათ კარგად ახსოვს, რომ თურქეთს რუსული სარაკეტო კომპლექსი С-400 აქვს ნაყიდი.

თავის დროზე ვაშინგტონმა თურქეთი ამოიღო იმ პროგრამიდან, რომელიც „ფალკონის“ მარკის (F-16) ავიაგამანდგურებლების მოდერნიზებასა და ახალი F-35-ს წარმოებაში მონაწილეობას ითვალისწინებდა, თუმცა შემდეგ, როცა რეჯეფ ერდოღანი დაეთანხმა ფინეთისა და შვედეთის ნატოში მიღებას, ჯო ბაიდენმა ანკარას შეღავათები მისცა.

ვაშინგტონი თავის გეგმებში ყოველთვის ფსონს დებდა თურქეთზე რუსეთის წინააღმდეგ გეგმებში, მანამდე კი - საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. თურქეთს აქვს ფართო რელიგიური, ეროვნული და ემოციური კავშირები კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან, რომლებსაც მოსკოვი თავის „უკანა ეზოდ“ განიხილავს. ანკარა აღნიშნული რეგიონების ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას იღებს - მაგალითად, ანკარა აქტიურად ჩაერია სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტში, აზერბაიჯანის მხარეზე, რის შედეგადაც, საბოლოო ჯამში აზერბაიჯანმა გაიმარჯვა და მთიანი ყარაბაღი დაიბრუნა.

მოსკოვი შეშფოთებულია თურქეთის გააქტიურებული როლით და შესაძლებლობებით. რუსეთში დაახლოებით 100 მილიონი მუსლიმანი ცხოვრობს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი თურქეთისადმი სიმპათიებით არის განწყობილი, მაგალითად, ვოლგელი და ყირიმელი თათრები.

რეჯეფს ერდოღან არაერთხელ განუცხადებია, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის წინააღმდეგია. ამავე დროს თანამშრომლობს უკრაინასთან სამხერო სფეროში და ყირიმელი თათრების საკითხში. მათი ლიდერები ხშირად „დარბიან“ კიევსა და ანკარას შორის, თურქეთიდან მიემგზავრებიან ევროპასა და ამერიკაში, უკავშირდებიან ექსტრემისტულ დაჯგუფებებს. რასაკვირველია, რუსეთს ეს ყველაფერი არ სიამოვნებს.

თუმცა, ამ წინააღმდეგობრიობისა და სირთულეების მიუხედავად, ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ ერდოღანი იძულებულნი არიან ერთმანეთს შეხვდნენ და გარკვეულ საკითხებში იკონტაქტონ, ვთქვათ, ეკონომიკაში,  თავიანთი ქვეყნების ინტერესების შესაბამისად.

მოსკოვი ცდილობს, რომ ანკარამ ვაშინგტონისაგან თავი შორს დაიჭიროს და ამ საკითხში კრემლს არცთუ ცუდი შედეგები აქვს: თურქეთს ჭირდება რუსული გაზი, რომელიც მისი წლიური მოხმარების ნახევარს ფარავს. გარდა ამისა, რუსული კომპანიები თურქეთის სამხრეთში ატომურ ელექტროსადგურს აშენებენ, ხოლო შვიდი მილიონი რუსი ტურისტი თურქეთს ყოველწლიურად სტუმრობს. მათგან ბევრი უძრავ ქონებას ყიდულობს, რამდენიმე ათასმა კი თურქეთის მოქალაქეობაც მიიღო. თურქული სამშენებლო კომპანიები რუსეთში ათობით მილიარდი დოლარის პროექტების რეალიზებას ახორციელებნ. თურქები სერიოზულ მოგებას იღებენ რუსეტში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტით.

ისტორიულად რუსეთს და თურქეთს წინააღმდეგობრივი ურთიერთობა ჰქონდათ: თურქული ნაციონალისტური წრეები პერიოდულად იხსენებენ ხოლმე 16 დიდ ომს, რომლებიც რუსეტისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის არის მომხდარი. მათგან თურქეთმა 11 ომი წააგო, 5 კი მოიგო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებულ „ახალი თურქეთის“ ლიდერისთვის - მუსტაფა ქემალისათვის ბოლშევიკურ რუსეთთან და მის ხელმძღვანელთან ვლადიმერ ლენინთან მეგობრული ურთიერთობა დაემყარებინა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდში (1919-1923 წლებში), რაც საბოლოოდ თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადებით დასრულდა. მაგრამ მოსკოვ-ანკარას შორის იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა, მუსტაფა ქემალ ათა-თურქის სიკვდილის (1938 წ.) და განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თურქეთი კვლავ რუსეთთან ტრადიციულ მტრობას დაუბრუნდა.   

1952 წლიდან, როცა თურქეთი ნატოს წევრი გახდა, ანკარა ვაშინგტონს დაუახლოვდა და 1955 წლის ბაღდადის ხელშეკრულებით, მის ტერიტორიაზე 150-მდე ამერიკული სამხედრო ობიექტი განლაგდა. ვაშინგტონი დრემდე ახდენს გავლენას თურქეთის ეკონომიკაზე, მსხვილ ბიზნესმენებს და კომპანიებს დასავლურ ფინანსურ სამყაროსთან მჭიდრო კავშირები აქვთ.

ალბათ, ამითაც უნდა აიხსნას თურქეთის მიერ ვეტოს მოხსნა შვედეტისა და ფინეთის ნატოს წევრად მიღების საკითხში, მიუხედავად იმისა, რომ ანკარის მოთხოვნები ქურთებისადმი მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარების შეწყვეტის თაობაზე სტოკჰოლმსა და ჰელსინკს ბოლომდე არ შეუსრულებიათ.

თურქეთი თვალს ადევნებს აშშ-ში სიტუაციის განვითარებასაც. თუ თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდება, ეს რეჯეფ ერდოღანის „წისქვილზე წყალს დაასხამს“. თავის დროზე თურქეთის ლიდერს აშშ-ის პრეზიდენტთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმის მიუხედავად, რომ დონალდ ტრამპმა რამდენიმე მკვეთრი განცხადება გააკეთა რეჯეფ ერდოღანის მიმართ: 2018 წელს მან თურქ კოლეგას უხეშად მიმართა - „გააკეთე, რასაც გეუბნები“ - თურქეთში დაპატიმრებული ამერიკული პასტორის ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლების მიზნით, ხოლო შემდეგ ტრამპმა „ტვიტერში“ გამოაქვეყნა მიმართვა რეჯეფ ერდოღანისადმი - „ნუ სულელობ, ქურთებს დაელაპარაკე და შეუთანხმდი“.

რუსეთი ყურადღებით თვალს ადევნებს ანკარასა და ვაშინგტონის ურთიერთობას, თეთრ სახლს კი, თავის მხრივ, იმედი აქვს, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში „შემოდგომას ზამთრად გადააქცევს“. ასეა თუ ისე, ამჟამად რეჯეფ ერდოღანი უფრო აშშ-სკენ იხრება, ვიდრე რუსეთისაკენ. როგორც ჩანს, ამერიკას თურქეთზე გავლენის მოსახდენად უფრო ძლიერი ბერკეტები აქვს, ვიდრე რუსეთს.

ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუ რამდენ ხანს გასტანს რეჯეფ ერდოღანის ბალანსირება „ოს სკამს შორის“ - იგი ცდილობს მაქსიმალური მოგება მიიღოს შექმნილი სიტუაციიდან, რადგან იცის, რომ ანკარა მოსკოვსა და ვაშინგტონს უფრო მეტად ჭირდება, ვიდრე თურქეთს რუსეთი და ამერიკა. თურქეთს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არამარტო აშშ-სა და რუსეთისათვის, არამედ მათთან დაკავშირებული მოთამაშეებისთვისაც (სირია, ირანი, ერაყი). უფრო მეტიც - თურქეთმა მოახერხა და ტრიუმფით დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში, დაამყარა რა მეგობრული დამოკიდებულება არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, საუდის არაბეთთან, ყატართან და სულ ახლახანს - ეგვიპტესთან.

წყარო: https://www.almayadeen.net/analysis/

analytics
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way