USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«El Pais» : „რობერტ ფიცო - სლოვაკი პოპულისტი, რომელიც მკვდრეთით აღსდგა: იგი ნატოში და ევროკავშირში ახალი ვიქტორ ორბანი გახდება“
თარიღი:  653

ესპანურ გაზეთ „ელ პაისში“ (El Pais) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რობერტ ფიცო - სლოვაკი პოპულისტი, რომელიც მკვდრეთით აღსდგა: იგი ნატოში და ევროკავშირში ახალი ვიქტორ ორბანი გახდება“ (ავტორი - გლორია როდრიგეს-პინა).

რობერტ ფიცოს სლოვაკეთში ყველა პოლიტიკურად მკვდრად თვლიდა. 2020 წელს მისმა პარტიამ „კურსი - სოციალური დემოკრატია“ (SMER) საპარლამენტო არჩევნები წააგო. მანამდე კი, ორი წლით ადრე, 2018 წელს, პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ თანამდებობა დატოვა იმ მასობრივი საპროტესტო დემონტრაციების შედეგად, რომლებიც ქვეყანაში ჟურნალისტ იან კუციაკასა და მისი მეგობარი ქალის მკვლელობის შემდეგ აგორდა.  

მაგრამ გავიდა სულ რაღაც ორიოდე წელი და რობერ ფიცო, რომელიც უკვე სამჯერ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ხელისუფლებაში ისევ დაბრუნდა... უფრო მეტად რადიკალური და რევანშის წყურვილით.

გასულ შაბათს რობერტ ფიცოს პარტიამ SMER-მა საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ ქვეყნის მართვის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, მას მოლაპარაკება მოუწევს იმ პარტიების ლიდერებთან, მმართველი სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად, რომლებმაც პარლამენტში თავიანთი დეპუტატების გაყვანა შეძლეს.

რობერტ ფიცომ იგრძნო, თუ რა აწუხებდათ სლოვაკებს, მათი შიშები კიდევ უფრო გააღრმავა და შემდეგ საკუთარი თავის მხსნელად შესთავაზა. ქვეყანამ გადაიტანა „კოვიდ-19“-ის პანდემია, გაიარა არასტაბილურობის პერიოდი, რომელიც არამარტო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტით იყო გამოწვეული, არამედ მმართველი მემარჯვენე ცენტრისტული კოალიციის ქაოსური და შეუთანხმებელი მოქმედებით. პოლიტიკური რყევებისა და ეკონომიკური სირთულეების ფონზე, როცა ცხოვრება ძვირდებოდა, ყოფილმა პრემიერმა თანამემამულეებს აღუთქვა როგორც სტაბილურობა და უსაფრთხოება, ასევე... უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტა.

59 წლის ვეტერანი პოლიტიკაში 1990-იანი წლებიდან ჩაერთო. იგი სწავლობდა აშშ-ში, ხოლო სამშობლოში დაბრუნებისას სლოვაკეთის დემოკრატიული პარტიის (ყოფილი  კომპარტიისაგან გამოყოფილი ჯგუფის) ლიდერი გახდა, შემდეგ კი, როგორც ამბობენ, იდეური უთანხმოების გამო მათ დაშორდა და საკუთარი ლიბერალური პარტია „სმერი“ ჩამოაყალიბა. 2006-2018 წლებში რობერტ ფიცო სამჯერ იყო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს რობერტ ფიცოს ნაციონალისტური, პოპულისტური, ქსენოფობიური და ანტიუკრაინული გამონათქვამები დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებში შეშფოთებას იწვევდა იმ რისკის გამოც, რომ რობერტ ფიცო  ევროკავშირში და ნატოში ახალი ვიქტორ ორბანი გახდებოდა. როგორც ცნობილია, რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრამდე და შეჭრის შემდეგაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ვლადიმერ პუტინის ყველაზე „ახლო მეგობრად“ ითვლება ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წევრი ქვეყნების ლიდერებს შორის. ახლა რობერტ ფიცოსაც შეუძლია რუსეთის პრეზიდენტის ევროპული გუნდის წევრი გახდეს.

სლოვაკეთის არჩევნებში გამარჯვებულ ლიდერს ულტრაკონსერვატიული პოზიცია აქვს „ლგბტ-საზოგადოების“ წევრთა მიმართ, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომში ბრალს სდებს კიევს. რობერტ ფიცო იზიარებს ქსენოფობიურ შეხედულებებს მიგრანტების მიმართ და თვლის, რომ ისლამური ქვეყნებიდან მიგრანტების შესვლა სლოვაკეთში (და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში) ტერორიზმის საფრთხეს აღრმავებს. იგი, ისევე როგორც მისი პოლონელი და უნგრელი კოლეგები, გამოდის უკრაინის ნატოში და ევროკავშირში მიღების წინააღმდეგ, არ ეთანხმება ბრიუსელის მიერ დადგენილ პრინციპს ევროკავშირის ქვეყნებში ლტოლვილთა განაწილების თაობაზე და არ სურს ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პრინციპის - კონსენსუსის შეცვლა, რასაც ბრიუსელი აპირებს.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანას წარმოადგენს და რომ მისი მმართველი რეჟიმი ძალიან შორს დგას დემოკრატიული პრინციპებიდან“, - ასე უპასუხა რამდენიმე დღის წინათ რობერტ ფიცომ სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უკრაინის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით. სლოვაკეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა კიევის იმედებს „ილუზიური“ უწოდა.

სრულიად შესაძლებელია, რომ პრემიერობის კანდიდატმა რობერტ ფიცომ სამტავრობო კოალიცია შექმნას პარლამენტში გასულ პარტია Hlas-თან („ხმა“), რომელიც იდეოლოგიურად SMER-თან ახლოს დგას. არ არის გამორიცხული ისიც, რომ რობერტ ფიცომ, პრემიერის ადგილის დაკავების შემდეგ, თავისი რადიკალიზმი შეარბილოს. სხვათა შორის, მან უკვე განაცხადა, რომ სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკა ნატოსა და ევროკავშირის მიმართ არ შეიცვლება, „თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კრიტიკისაგან თავს შევიკავებთ“.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკვე მიესალმა რობერტ ფიცოს გამარჯვებას: „ყოველთვის სასიამოვნოა სლოვაკ პატრიოტთან მუშაობა. ჩვენ ამას მოუთმენლად ველოდებით“, - დაწერა მან Х-სოცქსელში (ყოფილ Twitter-ში).

წყარო: https://elpais.com/internacional/2023-10-02/robert-fico-el-populista-que-resucito-cuando-todos-en-eslovaquia-lo-daban-por-muerto.html

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის