USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Tbilisi
«Sky news»//«The Daily Mirror»//«Le Figaro» (დიდი ბრიტანეთი//საფრანგეთი): ინტერვიუები მიხეილ სააკაშვილთან
Date:  276

ასავლეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქების გამო გამოწვეული რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ, კვლავ დაიწყეს ყურადღების გადატანა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე.

ასე, მაგალითად, 12 და 13 მარტს მასალები გამოქვეყნდა:

ინტერვიუ ბრიტანულ სამაუწყებლო კომპანია „სქაი ნიუსის“ (Sky news) ვებ-გვერდზე (წინასწარ მომზადებული კითხვების ხელნაწერი პასუხები), სტატიის სახით, სათაურით „საქართველოს ყოფილი პროდასავლური პრეზიდენტი, წინასწარგანზრახული მოწამვლის შემდეგ, „სიკვდილის პირას არის მიყვანილი“ (ავტორი - დომენიკ ვაგჰორნი), რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ჩივის თავისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე (პოლიორგანული უკმარისობა) და ამაში ქვეყნის მთავრობას ადანაშაულებს. იქვე ავტორის მიერ გადმოცემულია უცხოელი პოლიტიკოსების (პრეზიდენტების ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის მოწოდებები ავადმყოფი პატიმრის  გათავისუფლების მიზნით) და საქართველოს ხელისუფლების პოზიციაც („მისი მდგომარეობა ისეთი მძიმე არ არის, როგორც თვითონ ამბობს, ამის მიუხედავად, პატიმრის მკურნალობისთვის ყველაფერი კეთდება. მისი გათავისუფლება მიზანშეწონილი არაა, რადგან ქვეყანაში შეიძლება დესტაბილიზება გამოიწვიოს“). წყარო: https://news.sky.com/story/pro-western-former-georgian-president-mikheil-saakashvili-close-to-death-after-alleged-prison-poisoning-12832198.

ბრიტანულ გაზეთ „დეილი მირორში“ (The Daily Mirror) სტატია სათაურით „ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, იგი მოწამვლის შემდეგ სიკვდილის პირზეა მიყვანილი“ (ავტორი - მენჯამინ ლინჩი). როგორც Sky news-ის ინტერვიუს მიხედვით მომზადებული პუბლიკაციიდან ირკვევა, ექს-პრეზიდენტი ჩივის, რომ მას თბილისში ჯეროვნად ვერ მკურნალობენ, ხელისუფლება კი საზღვარგარეთ მკურნალობის ნება არ იძლევა: „ჩემი ძვლები იშლება, მტანჯველი ტკივილები მაქვს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი. მისი ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის თქმით კი, „ყოფილი პრეზიდენტი ნაცისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკის ტუსაღს დაემსგავსა“ (წყარო: https://www.mirror.co.uk/news/world-news/former-georgian-president-claims-near-29439863)

ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) ინტერვიუ სათაურით „მიხეილ სააკაშვილი „ფიგაროს“ კითხვებს პასუხობს: „საქართველოს ბედი უკრაინის რუსეთზე გამარჯვებას უკავშირდება“ (ავტორი - იზაბელ ლასერი). „ყოფილი რეფორმისტული და პროდასავლური პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2021 წლიდან პატიმარია. იგი მოკლებულია სამედიცინო დახმარებას და ამტკიცებს, რომ მას წამლავენ: ამას აკეთებს ქვეყნის პრორუსული მთავრობა, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს... ექს-პრეზიდენტი, რომელიც 2000-იან წლებში დასავლეთის ერთგული მოკავშირე იყო, ახლა საწოლში წევს და უსასოოდ გამოიყურება, გამხდარი და ფერმიხდილი... იგი „ფიგაროს“ კითხვებზე პასუხებს სუსტი და აკანკალებული ხელით წერს...“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

წყარო: https://www.lefigaro.fr/international/mikhail-saakachvili-l-ex-president-georgien-au-figaro-le-sort-de-la-georgie-est-lie-a-la-victoire-de-l-ukraine-face-a-la-russie-20230312

მოამზადა სიმონ კილაძემ

analytics
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way