USD 2.7401
EUR 3.0815
RUB 3.3971
თბილისი
«Sky News» (დიდი ბრიტანეთი): „საქართველო - ქვეყანა, რომელიც არეულობით არის მოცული და სადაც ორი სამყარო ერთმანეთის მეტოქეა“
თარიღი:  576

ბრიტანული ტელეარხის „სქაი ნიუსის“ (Sky News) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია რეპორტაჟი თბილისიდან სათაურით „საქართველო - ქვეყანა, რომელიც არეულობით არის მოცული და სადაც ორი სამყარო ერთმანეთის მეტოქეა“ (ავტორი - ადამ პარსონსი)

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

თბილისში ყოფნით მძიმე შთაბეჭდილება მრჩება. შესაძლოა ამის მიზეზია იმ ასობით პოლიციელის ნახვა, რომლებიც ჯგუფად არიან შეკრებილნი და რაღაცას ელოდებიან... ან კიდევ წვიმიანი ამინდი მოქუფრული ღრუბლებით... მაგრამ უფრო მეტად, ეს იყო შეგრძნება, რომ ქალაქი და მთლიანად მოსახლეობა თავს არაკომფორტულად მიიჩნევს. საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი თვე გავიდა, მაგრამ აღშფოთება გრძელდება. საქართველო ქვეყანაა, რომელიც არეულობით არის მოცული. საქართველოში ორი ხედვა, ორი პოზიცია, ორი „სამყარო“ ერთმანეთს ებრძვის.

მართალია, „ქართული ოცნება“ გამარჯვებულ პარტიად გამოცხადდა, მაგრამ ეს გამარჯვება ამომრჩეველთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაგმო - უკანონოდ, არალეგიტიმურად ჩათვალა. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი ხმები დაიკარგა და ახლა, მათი აზრით, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში კორუფციონერები, თაღლითები და თვითმარქვიები სხედან. საბჭოური ეპოქის არქტიქტურით აგებულ სამთავრობო შენობაში „ქართული ოცნების“ დეპუტატები პირველ სხდომაზე პარტიის დამაარსებელთან, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან ერთად შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ მსოფლიოსაგან განსხვავებით, საქართველოში საქმე ნორმალურად მიდის.

ოპოზიციის აზრით კი, რომელიც იმავე შენობასთან საპროტესტო აქციებს მართავს, არჩევნები ფიქტიურია, მთავრობა უკანონო, ახალი პარლამენტი კი არაკონსტიტუციური. ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად ათასობით მომიტინგე დგას, რომლებიც აცხადებენ, რომ არჩევნების ნამდვილი შედეგები მოპარულია, გაყალბებულია, შეცვლილია და ამ ყველაფრის ცენტრში ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელსაც მხარს რუსეთი უჭერს. ზოგიერთების მტკიცებით, საქართველოში პრორუსული სახელმწიფო გადატრიალება მოხდა.

იმ დროს, როცა ერთ-ერთი მომიტინგის მიერ ნასროლი პეტარდა პარლამენტის რკინის მესრის მიღმა გადავარდა, მოულოდნელად ერთ-ერთს ახალგაზრდას შევეჯახე - სახელად ლუკას, რომელმაც პარიზში სამუშაო მიატოვა და სამშობლოში სიმართლისათვის ბრძოლის მიზნით დაბრუნდა. იგი ჰყვება, რომ ერთხელ უკვე იყო დაპატიმრებული საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო - იგი სცემეს და ციხეში ჩააგდეს. ლუკა აქციებში მონაწილეობას არ ნანობს და რისხვას არ მალავს.

„ეს რეჟიმი დიქტატურაა“ - ამბობს იგი, - ისინი პატივს არ სცემენ ადამანთა სიცოცხლეს. ყურადრებას არ აქცევენ ადამიანურ წესიერებას. ისინი მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებაზე და ფულის მოხვეჭაზე ფიქრობენ... რუსეთის ზეწოლა უფრო ძლიერია, ვიდრე ველოდებოდით. ეს უნდა გახდეს სიგნალი ევროპისათვის“.

ლუკა ამაყობს იმით, რომ საპროტესრო აქციები მშვიდობიანად მიმდინარეობს, თუმცა იმედგაცრუებულიც არის, რომ მათი ბრძოლა ჯერ-ჯერობით უშედეგოა: „ალბათ, გარკვეულ მომენტში ჩვენ ფიზიკური ზეწოლითაც ვისარგებლებთ“.

პარლამენტის შენობის წინ მოწყობილია სცენა და უამრავი ხმამაღლა მოლაპარაკეა (რეპროდუქტორებია) დადგმული.

გიორგი ვაშაძე, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მეტად ცნობილი პოლიტიკოსი, რომელიც ოპოზიციური მოძრაობა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთაგანია, აუდიტორიას მოუწოდებს, რომ მაღალი სულისკვეთება და ნებისყოფა შეინარჩუნონ და რომ საბოლოოდ ოპოზიცია გაიმარჯვებს.

გიორგი ვაშაძე სცენაზე ხმამაღლა და შეუპოვრად ლაპარაკობს, მაგრამ როცა მას ვესაუბრები, მშვიდად და ჩაფიქრებული მელაპარაკება. ზოგჯერ კი თვალები აენთება ხოლმე, განსაკუთრებით არჩევნებთან დაკავშირებით:

„ეს არის გადატრიალება, რაც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ქართველი ხალხის ნებას. ეს არის რუსეთის სპეცოპერაცია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს. „ოცნება თავის თავს ხელისუფლებას და მთავრობად მიიჩნევს, მაგრამ დღეიდან ჩვენ მას მთავრობად აღარ ვთვლით. ჩვენ აქ, პარლამენტის წინ, რუსეთის ინტერესებს ვებრძვით. აი, ამიტომ გვჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა“, - ამბობს გიორგი ვაშაძე. იგი ჩერდება და თვალებში მიყურებს. ალბათ, მაგრძნობინებს, რომ მისი პოზიცია დასავლელმა პოლიტიკოსებმა ჩვენი საუბრის მეშვეობით უნდა შეიტყონ.

ვეკითხები, რის მიღწევა სურს დასავლეთისაგან.

„სანქციების დაწესება, იმ პირების პასუხისმგებლობაში მიცემა, რომლებიც თავიანთი მოქმედებით  კონსტიტუციას და კანონებს არღვევენ...“, ამბობს გიორგი ვაშაძე. მისი პასუხი მოწოდებაა [დასავლეთისათვის], რაც უნდა გაკეთდეს.

ხალხი, რომელიც თავსხმა წვიმაში დგას, თავს მოტყუებულად გრძნობს არჩევნების შედეგად. ისინი იმასაც გრძნობენ, რომ მათ დასავლეთი ვერ ამჩნევს. ისინი დახმარებას ითხოვენ, რადგან მომავლის ეშინიათ. ასეთ სიტუაციაში ძნელია ოპტიმიზმის შენარჩუნება.

წყარო: https://news.sky.com/story/georgia-is-a-nation-in-turmoil-where-two-worlds-are-being-played-out-in-the-capital-13260631

შენიშვნა: საქართველოში შექმნილი სიტუაცია მიმოხილულია აგრეთვე გერმანულ პრესაშიც: მაგალითად, გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საპროტესტო აქციები საქართველოში: პრეზიდენტი აცხადებს, რომ ახალი პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია“ (ავტორი - რეინჰარდ ვეზერი) და „ფრანკფურტერ რუნდშაუში“ (Frankfurter Rundschau) - სათაურით „სადაო არჩევნები საქართველოში: პრორუსულმა მმართველმა პარტიამ ახალი პარლამენტის სხდომა ოპოზიციის გარეშე ჩაატარა“ (ავტორი - პაულა ფელკნერი).

თბილისი
ვაკის რაიონში უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბი გაიხსნა
ვაკის რაიონში უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა დასრულდა. გვირაბი თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გახსნა.
ახალი გვირაბი იწყება უნივერსიტეტის ქუჩაზე, სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარედ და მიხეილ შავიშვილის ქუჩის გავლით, პეტრე ქავთარაძის ქუჩას უკავშირდება. გვირაბში გათვალისწინებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა - თითო ზოლი თითოეული მიმართულებით.
დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის თანადგომით, ქალაქში კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.
„დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დავასრულეთ. სამუშაოების პირველი ეტაპი იყო საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩასა და ბაგების დასახლებას ერთმანეთთან დააკავშირებდა. მეორე ეტაპი იყო გვირაბის მშენებლობა, რომელიც უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსიდან იწყება და შავიშვილის ქუჩის გავლით, უკავშირდება ქავთარაძის ქუჩას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პროექტში იღებდა მონაწილეობას - სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს; ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობდა აღნიშნულ სამუშაოებს; ვინც დააპროექტა და ა.შ. მომავალში კიდევ ბევრი სამუშაო, ახალი პროექტები გვაქვს დაგეგმილი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო მოწესრიგებული, გამწვანებული და ლამაზი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ, ცხადია, ჯერ კიდევ გვაქვს გამოწვევები, მაგრამ მათ არ ვუშინდებით - ძალიან დიდი მხარდაჭერაა გუნდის მხრიდან, რომ ჩატარდეს ისეთი სამუშაოები, რაც ქალაქს უკეთესობისკენ შეცვლის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო მისასვლელი და გამოსასვლელი პანდუსები, ტროტუარი, სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემები, ასევე, დამონტაჟდა გარე და გვირაბის შიდა განათების თანამედროვე LED სისტემა. უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, გვირაბის მიმდებარედ აშენდა ფერდის დამცავი რკინაბეტონის კედლები.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა მიხეილ შავიშვილის ქუჩაზეც, რომელიც სრულად რეაბილიტირდა. შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები - წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები. ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდა, განახლდა გზის საფარი, მოეწყო ტროტუარი, საპარკინგე სივრცეები და საგზაო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, დამონტაჟდა შუქნიშნები, საგზაო ნიშნები და დაიხაზა გზის სავალი ნაწილი. ტერიტორიაზე ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის.
გვირაბის მშენებლობა და შავიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარით დაფინანსდა. პროექტი ხელს შეუწყობს დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელის განვითარების დინამიკას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების ხარისხს.
ვაკისა და საბურთალოს რაიონების დაკავშირება თანამედროვე ინფრასტრუქტურული სტანდარტების შესაბამისი გვირაბითა და განახლებული ქუჩით, მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაადგილების დროს და საგზაო დატვირთვას, ასევე, უზრუნველყოფს ტრანსპორტის შეუფერხებელ მოძრაობას.
აღსანიშნავია ისიც, რომ გვირაბის მიმდებარედ ხორციელდება უკუშევსების სამუშაოები, რის შემდეგაც გვირაბის თავზე მოეწყობა ე.წ. მაღლივ კორპუსთან მისასვლელი გზა და ტერიტორია აღდგება პირვანდელი სახით. აღნიშნული სამუშაოები ივნისის დასაწყისში დასრულდება.
ახლად გახსნილი გვირაბი დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილეებმა - ირაკლი ბენდელიანმა და ანდრია ბასილაიამ, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.