ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 2.5 მილიარდი ტონა საკვები ფუჭდება. ამ რაოდენობის დაახლოებით ნახევარი კი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ ფერმებზე მოდის. ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კლიმატზე.
Tesco-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გაფუჭებული საკვების რაოდენობა 2011 წელს გაეროს სურსათისა და აგრონომიის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ანალიზის შემდეგ გაორმაგდა.
ფერმებში გაფუჭებული საკვების ზუსტი რაოდენობა 1.2 მილიარდ ტონას შეადგენს. 931 მილიონი ტონა კი მომხმარებლებისა და საცალო მოვაჭრეების მიერ ნადგურდება. საინტერესოა, რომ საკვების გაფუჭების ძირითად მიზეზს მისი ტრანსპორტირება, დასაწყობება და წარმოება წარმოადგენს.
კვლევის შედეგების თანახმად, წარმოებული საკვების 40% სრულიად ხელშეუხებელი რჩება. მათი სრული უმრავლესობა კი ევროკავშირისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიებზე არსებულ ფერმებზე მოდის.
საინტერესოა ისიც, რომ,კვლევის თანახმად, გაფუჭებული საკვების მიერ გამოყოფილი სასათბურე გაზების რაოდენობა წინა შედეგთან შედარებით გაზრდილია და 10%-ს უდრის. ეს მაჩვენებელი კი დაახლოებით 2-ჯერ მეტია შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ავტომობილების მიერ გამოყოფილ გამონაბოლქვზე.
იმისდა მიუხედავად, რომ ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის ყველაზე მდიდარ სახელმწიფოებში დედამიწის საერთო მოსახლეობის 37% ცხოვრობს, გაფუჭებული საკვების 58% სწორედ ამ სახელმწიფოებზე მოდის.
გარდა ამისა, კვლევა მსოფლიოს მთავრობებს მოუწოდებს, რომ საკვების ნარჩენების შემცირება მიზნად დაისახონ და მის შესასრულებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგან.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/