გამოკითხული ახალგაზრდების 46% ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით არ არის დაინტერესებული, 45% კი - პოლიტიკური პროცესებით დაინტერესებულია, - ამის შესახებ ნათქვამია სსიპ "ახალგაზრდობის სააგენტოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომლის ფარგლებშიც 10 მუნიციპალიტეტში ( დმანისი, გორი, ქობულეთი, ქუთაისი, მესტია, ონი, ოზურგეთი, სიღნაღი, თიანეთი, ბოლნისი) ახალგაზრდების საჭიროებების თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა. კვლევა სამ ასაკობრივ კატეგორიაში განხორციელდა: 14-17 წწ, 18-25 წწ და 26-29 წწ;
ამასთან, გამოკითხული ახალგაზრდების 34%-ის განცხადებით, სამოქალაქო აქტიურობის თვალსაზრისით აქტიური ან ძალიან აქტიურია, მეტ-ნაკლებად აქტიურად ახასიათებს თავს გამოკითხული ახალგაზრდების 41%, ხოლო 25% მიიჩნევს, რომ არ არის აქტიური.
„მათგან, ვინც აცხადებს რომ სამოქალაქო ჩართულობის მიმართულებით არის აქტიური ან მეტ-ნაკლებად აქტიური, 37% ამბობს, რომ მონაწილეობა სოციალურ ქსელში გამართულ აქტივობებსა და ფორუმებში მიიღო, დაახლოებით მეხუთედი - 21% ამბობს, რომ მოისმინა მერის მომზადებული ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ, 17% აცხადებს, რომ არის საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრი, 15%-მა გამოხატა აზრი მედიის (ტელევიზია, რადიო, ჟურნალ-გაზეთი) საშუალებით, 14% ამბობს, რომ მონაწილეობა მიიღო დასახლების საერთო კრებაში, 13-13% აცხადებს, რომ მიიღო მონაწილეობა საპროტესტო დემონსტრაციებში და ხელი მოაწერა პეტიციას.
- გამოკითხული ახალგაზრდების 46% ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით არ არის დაინტერესებული. 45% კი ამბობს, რომ პოლიტიკური პროცესებით დაინტერესებულია.
- დაახლოებით ყოველი მესამე გამოკითხული ახალგაზრდა (36%) ფიქრობს, რომ მათი მუნიციპალიტეტის პოლიტიკაში ახალგაზრდების ინტერესები გათვალისწინებული არ არის. რესპონდენტების იგივე რაოდენობა;
- 36% ფიქრობს, რომ მათი ინტერესები გათვალისწინებულია, 28%-მა კი არ იცის, რამდენად გათვალისწინებულია ახალგაზრდების ინტერესები მათი მუნიციპალიტეტის პოლიტიკაში“, - ნათქვამია კვლევაში.