კვიპროსის სამხრეთ ნაწილში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და ასობით ადამიანი ევაკუირებულია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დამწვარ ავტომობილში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.
ხანძარმა, რომელიც ოთხშაბათს, შუადღისას, სამხრეთ ქალაქ ლიმასოლის ჩრდილოეთით, მთიან რელიეფზე გაჩნდა, სახლები გაანადგურა და ძლიერი სიცხის ფონზე საფრთხე შეუქმნა თემებს. ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა.
ხელისუფლება სოფელ ლოფუში ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციას ცდილობს. სამაშველო ბრიგადის ცნობით, გამთენიისას სახანძრო თვითმფრინავებს ხელახლა განალაგებენ.
„სიტუაცია ძალიან რთულია და ხანძრის ფრონტი უზარმაზარია. ყველა ძალა მობილიზებულია“, - განუცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ქრისტოდულიდისმა ჟურნალისტებს.
კუნძულზე ტემპერატურამ გუშინ 43 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. მოსალოდნელია, რომ დღეს მაქსიმალური ტემპერატურა 44 გრადუსს მიაღწევს.
კვიპროსმა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მეშვეობით დახმარება ითხოვა. ესპანეთი ხუთშაბათს კუნძულზე ორ თვითმფრინავს გააგზავნის. კვიპროსს დახმარება აღუთქვა იორდანიამაც.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.
პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.