USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
კულტურის სამინისტრომ ანსამბლ „ერისიონს“ ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა
Date:  1334
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონს“ საჩუქრად ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა.
ანსამბლს გადაეცა ცეკვა „მთიულურის“ სასცენო კაბის 18 კომპლექტი, რისთვისაც კულტურის სამინისტრომ გამოყო 16 182 ლარი. ახალი სასცენო სამოსი შეკერა ტენდერით შერჩეულმა კომპანია „ფაფანაკმა“.
საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ 1885 წელს შეიქმნა და მესამე საუკუნეში შეაბიჯა, რის გამოც მას ანსამბლ-მუზეუმსაც კი უწოდებენ.
„ერისიონმა“ წლების განმავლობაში მსოფლიოს მრავალი ქვეყანა გააოცა. განსაკუთრებულია მისი ორსაათიანი პროგრამა, რომელიც წარმოაჩენს უნიკალურ ქართულ ხალხურ სიმღერასა და ცეკვას საქართველოს თითოეული კუთხისათვის დამახასიათებელი კოსტიუმებით, ეროვნული სულითა და ქართული ეთნოგრაფიული თავისებურებებით.
2002 წელს პარიზში „ერისიონს“ გადაეცა ოქროს დისკი. ასევე, კომპანია „უნივერსალმა“ შეარჩია და გამოსცა მსოფლიოს საუკეთესო შემსრულებლების - მონსერატ კაბალიეს, ფრედი მერკურის, ანდრეა ბოჩელის, ლუჩიანო პავაროტის, სარა ბრიტმანის, ხოსე კარერასის, პლასიდო დომინგოს, მარია კალასისა და სხვათა ჩანაწერები. მათ შორის არის ანსამბლ „ერისიონის“ შესრულებული „სამაია“ („შატილის ასულო“) პროგრამა-სანახაობიდან „ქართული ლეგენდა“.
ანსამბლის საერთაშორისო მიღწევები უპრეცედენტოა ქართული კულტურის ისტორიაში. 1977 წელს მსოფლიოს რამდენიმე მუსიკალურ შედევრთან ერთად NASA-ს მიერ გალაქტიკაში გაგზავნილი „ჩაკრულო“ „ერისიონის“ სოლისტებმა - როსტომ საგინაშვილმა და ილია ზაქაიძემ შეასრულეს.
137-წლიანი ისტორიის ანსამბლ „ერისიონს“ ქართველმა ხალხმა 2010 წელს დამსახურებულად გაუხსნა ვარსკვლავი.
აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს 2021 წელს ანსამბლ „ერისიონისთვის“ სახელმწიფოს მიერ გადაცემული შენობის რეაბილიტაცია, რომელიც 2024 წლის გაზაფხულამდე უნდა დასრულდეს. ამის შემდეგ ეტაპობრივად დაიწყება შენობის სათანადოდ აღჭურვა.
2022 წელს კულტურის სამინისტროსგან ანსამბლ „ერისიონს“ საჩუქრად გადაეცა 61 ერთეული ტრადიციული სასცენო სამოსი, კერძოდ, 15 კაბა „ოსურის“ მოცეკვავეებისთვის, 28 ჩოხა „ხევსურულის“ მოცეკვავეებისთვის და 18 ჩოხა-ახალუხი მომღერლებისთვის.
ინფორმაციისთვის: შესაფერისი ხარისხის, ინდივიდუალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის ნაკლებობა სახელმწიფო და კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე არსებული ერთ-ერთი აქტუალური გამოწვევაა.
დაახლოებით 15 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს ანსამბლებისთვის ახალი სამოსი არ ჰქონდა შეძენილი. სწორედ ამიტომ კულტურის სამინისტრომ 2021 წლის დეკემბერში გამოყო 197 999 ლარი და გამოაცხადა პირველი ტენდერი.
შედეგად 2022 წლის პირველ ნახევარში სასცენო სამოსი (70 კაბა და 277 ჩოხის კომპლექტი) შეიკერა 12 ანსამბლისა და ორი სოლისტისთვის, კერძოდ, ანსამბლების: „ბერმუხას“, „ბასიანის“, „დიდგორის“, „სახიობის“, „ძირიანის“, „შილდის“, „ჩვენებურების“, „რიჰოს“, „ერისიონის“, „რუსთავის“, „სუხიშვილების“, მესტიის სალოტბარო სკოლისა და სოლისტების - ტრისტან სიხარულიძისა და ლელა თათარაიძისთვის.
იმავე წელს სამინისტრომ გამოყო 133 360 ლარი, რის შედეგადაც მომდევნო წელს დამზადდა სასცენო სამოსი კიდევ რვა ფოლკლორული ანსამბლის: „შავნაბადას“, „ადილეის“, „იალონის“, „მარგალიტის“, „გურჯაანის“, „მთიების“, „სათანაოსა“ და ქ. ინეგოლის (თურქეთის რესპუბლიკა) ანსამბლისთვის.
2023 წელს სასცენო სამოსი დამზადდა (117 ჩოხა-ახალუხის კომპლექტი, ექვსი ხევსურული ჯუბა და 52 კაბის კომპლექტი) კიდევ ათი ანსამბლისთვის.
2023 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება სამინისტრომ დაიწყო 2024 წლის დასაწყისიდან.
მიმდინარე წელს სასცენო სამოსი უკვე გადაეცა: სსიპ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ დასს, კვინტეტ „ურმულს“ (ფიზიკური პირი ნუგზარ ქავთარაძე), სსიპ საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული და მსოფლიოს ხალხთა ცეკვების ქორეოგრაფიულ ანსამბლ „როკვას“.
დაგეგმილია სამოსის გადაცემა შემდეგი ანსამბლებისთვის: ა(ა)იპ სამეფო ნაციონალური ბალეტის დასი, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ა(ა)იპ ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ნართები“, ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის ფოლკლორის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, ა(ა)იპ „თუთარჩელა 2004“, ა(ა)იპ ანსამბლი „მე, რუსთველი“.
ეს ანსამბლები კულტურის სამინისტრომ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან თანამშრომლობით შეარჩია.
analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way