USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
კრიპტოვალუტის ისტორია და ევოლუცია
Date:  698

კრიპტოვალუტის შესახებ უკვე ყველგან გვესმის: ვიღაც გვირჩევს, რომ „მომავლის ფულია“ და დანაზოგი კრიპტოვალუტაში უნდა გავაკეთოთ; მეგობარი წლების წინ „ხელიდან გაშვებულ“ ბიტკოინს მისტირის; დაბნეულები ვართ და არ ვიცით, რა ვიფიქროთ.

მაინც, რა არის კრიპტოვალუტა?

კრიპტოვალუტა ფულის სახეობაა — იმ ფულის, რომლის ისტორია დასაბამს უძველესი დროიდან იღებს და რომელმაც არაერთი ტრანსფორმაცია განიცადა. ბარტერული გაცვლის, ძვირფასი ქვების, ლითონების, მონეტების, ქაღალდის კუპიურებისა თუ საკრედიტო ბარათების ფორმით, ფული მუდამ თან სდევდა კაცობრიობის ეკონომიკურ და სოციალურ ურთიერთობებს. ბოლო დროს ფულმა კიდევ ერთი ძირეული ტრანსფორმაცია განიცადა და „გაციფრულდა“. ამ ბლოგში მოკლედ მოგითხრობთ ციფრული ფულის — კრიპტოვალუტის — ისტორიისა და მისი ძირითადი მახასიათებლების შესახებ.

რა არის კრიპტოვალუტა

კრიპტოვალუტა კრიპტოგრაფით დაცული ციფრული ვალუტაა, რომელიც ეფუძნება ბლოკჩეინ ტექნოლოგიას — „ბლოკების ჯაჭვს“, განაწილებულ მონაცემთა ციფრულ ჟურნალს, რომელიც კომპიუტერული ქსელის კვანძების მეშვეობით ზიარდება. კრიპტოვალუტაში განხორციელებული ტრანზაქციები ციფრულ რეესტრში ინახება და მოწმდება არა რომელიმე ცენტრალიზებული ორგანოს, არამედ დეცენტრალიზებული სისტემის მიერ. ეს ემსახურება მის ავტონომიურობას სახელწიფო ორგანოების ჩარევისაგან.

ამასთან, ბლოკჩეინი P2P ქსელია, რაც მხარეთა თანაბარუფლებიანობას გულისხმობს. გამომდინარე აქედან და იმის გათვალისწინებით, რომ ქსელის ციფრულ რეესტრში ასახული მონაცემები უნიკალური და ყველასთვის საჯაროა, კრიპტოვალუტის გადარიცხვა შუამავალს არ საჭიროებს და შესაბამისად, არც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. გადარიცხვის საკომისიო მინიმალურია.

კრიპტოვალუტის საწყისები

შეიძლება ითქვას, რომ კრიპტოვალუტის „წელთაღრიცხვა“ ბიტკოინით იწყება. პირველი კრიპტოვალუტა — Bitcoin — 2009 წელს გამოჩნდა. მის შემქმნელად მიიჩნევა სატოში ნაკამოტო — ამ ფსევდონიმის უკან მდგარი, დღემდე უცნობი, ანონიმური პიროვნება ან ჯგუფი. 2008 წელს სატოში ნაკამოტოს სახელით გამოქვეყნდა დოკუმენტი „ბიტკოინი: თანაბარუფლებიანი ელექტრონული ფულის სისტემა“, რომელშიც საუბარი იყო დეცენტრალიზებული ვალუტის შექმნაზე, რომელიც მთავრობებისა და ფინანსური ინსტიტუციების კონტროლს არ დაექვემდებარებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტექნოლოგიური მოვლენა უპრეცედენტო იყო (ან, იქნებ, სწორედ ამიტომაც), ბიტკოინს მომენტალური წარმატება არ მოჰყოლია. თავდაპირველად მის შესახებ ძირითადად დეველოპერებისა და ენთუზიასტი ტრეიდერებისთვის იყო ცნობილი. რეალურად, ბლოკჩეინზე პირველი ეკონომიკური ტრანზაქცია ბიტკოინის შექმნიდან ერთი წლის თავზე განხორციელდა: 2010 წლის 22 მაისს ფლორიდის შტატის მაცხოვრებელმა $25 დოლარის ღირებულების პიცაში 10 000 ბიტკოინი გადაიხადა. ეს დღე კრიპტოს ისტორიაში „ბიტკოინის პიცის დღის“ სახელით შევიდა.

ბიტკოინის პოპულარულობისა და ფასის ზრდასთან ერთად გამოჩნდა ალტერნატიული კრიპტოვალუტებიც — ალტკოინები. Litecoin, Namecoin და Swiftcoin პირველი ალტკოინები იყო, რომელიც ბიტკოინის შემდეგ შეიქმნა და წინამორბედის გარკვეული ნაკლოვანებების გაუმჯობესებას ემსახურებოდა. ბიტკოინის მომხმარებლების მატებასთან ერთად შეიქმნა მეტი ციფრული ვალუტა, ალტერნატიული ბლოკჩეინები (როგორიცაა Ethereum), დეცენტრალიზებული ფინანსური სისტემები (DeFi), დეცენტრალიზებული აპლიკაციები (DApps), ე.წ. „ჭკვიანი კონტრაქტები“ (Smart Contract), NFT-ები და სხვა.

ბიტკოინის საბაზისო პრინციპი

როგორც აღვნიშნეთ, Bitcoin (BTC) დამოუკიდებელი ვალუტაა, რომელიც ბლოკჩეინს ეფუძნება. ბლოკჩეინი ურთიერთდაკავშირებული ბლოკებისგან შემდგარი მონაცემთა ერთეულია, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თითოეული ტრანზაქციის შესახებ, როგორიცაა: გამგზავნი და ადრესატი, დრო და თარიღი, ჯამური ღირებულება და უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი. ჩანაწერები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ლაგდება და ბლოკების ციფრული ჯაჭვად იქცევა.

ბლოკჩეინში ატვირთული ბლოკი ხელმისაწვდომი ხდება ყველასთვის, რაც კრიპტოვალუტაში განხორციელებული ტრანზაქციების ჩანაწერთა საჯაროობას უზრუნველყოფს. ბლოკების ციფრული ჯაჭვი არავის ეკუთვნის, ქსელის ყველა მონაწილისათვის ხელმისაწვდომია და განახლებები მომენტალურად და საჯაროდ აისახება. იმისთვის, რომ ქსელმა ტრანზაქცია დაადასტუროს და ბლოკი ასახოს, დამოწმებული უნდა იყოს ბიტკოინის მაინერების (გამომთვლელი კომპიუტერების სისტემა, რომლებიც საკომისიოს სანაცვლოდ ქსელში ტრანზაქციებს ამოწმებს და ბლოკს ადასტურებს) უმრავლესობის მიერ.

ბიტკონში (ისევე, როგორც სხვა კრიპტოვალუტაში) განხორციელებული ტრანზაქცია ხდება შემთხვევითად გენერირებული შიფრის მისამართებს შორის, რომელიც დაცულია უნიკალური კოდით. ტრანზაქციის მიღება და გადარიცხვა ციფრული საფულით ხდება. რადგან უნიკალური კოდები გრძელი შემთხვევითი რიცხვებია, მათი გაყალბება უკიდურესად რთულია, რაც ქსელის სანდოობას უწყობს ხელს.

ბიტკოინი დეფლაციური ვალუტაა, ანუ მისი მთლიანი მოცულობა შეზღუდული და წინასწარ განსაზღვრულია. ბიტკოინის ჯამური ოდენობა 21 მილიონია, საიდანაც 19 მილიონი უკვე მოპოვებულია.

ეთერიუმის გამოჩენა და ბლოკჩეინის შემდეგი თაობა

Ethereum-ის დეცენტრალიზებული ბლოკჩეინი 2015 წელს გამოჩნდა, რომლის თეთრი წიგნიც (whitepaper) 2013 წელს მისმა შემქმნელმა ვიტალიკ ბუტერინმა გამოაქვეყნა. 2014 წელს თანადამფუძნებელებმა ქსელის ადგილობრივი კრიპტოვალუტა — Ether (ETH) გაყიდეს, რათა ბლოკჩეინის გასავითარებლად თანხები მოეზიდათ.

გარდა იმ მახასიათებლებისა, რომელსაც ბიტკოინთან იზიარებს, ეთერიუმის ბლოკჩეინმა დეველოპერებს შესაძლებლობების ახალი კარი გაუღო და პლატფორმაზე დეცენტრალიზებული აპლიკაციების შექმნის საშუალება მისცა. ეს ხდება ჭკვიანი კონტრაქტების — თვითაღსრულებადი შეთანხმებების — მეშვეობით, რომლის გამოყენებაც არა მხოლოდ ფინანსურ და სავაჭრო, არამედ ბევრ სხვა ინდუსტრიაშიც არის შესაძლებელი, როგორიცაა უძრავი ქონება, ჯანდაცვა, სათამაშო ინდუსტრია და სხვ.

დღეს ბიტკონი და ეთერიუმი ორი წამყვანი კრიპტოვალუტაა, საბაზრო კაპიტალიზაციის, საფულის უნიკალური მისამართების, ბირჟებზე ვაჭრობის მოცულობის, ფასისა და შეფასების სხვა პარამეტრების მიხედვით. ეთერიუმმა ბლოკჩეინის შესაძლებლობები მეტად გააფართოვა და შექმნა საფუძველი მეტი ინოვაციურობისთვის. მაგალითად, სწორედ ეთერიუმის ბლოკჩეინზე შეიქმნა პირველი NFT ტექნოლოგია.

კრიპტოვალუტა დღეს და პერსპექტივები

კრიპტოვალუტამ მცირე დროში დიდი გზა განვლო. მას პოპულარობა ბიტკოინმა მოუტანა, ეთერიუმის და ჭკვიანი კონტრაქტების დანერგვამ კი დეცენტრალიზებული აპლიკაციების სამყაროს გაუღო კარი.

2014 წლიდან 2015 წლამდე კრიპტოვალუტების რაოდენობა თითქმის ათჯერ გაიზარდა და 500-ს გადააჭარბა. მას შემდეგ ტენდენცია მზარდია. CoinMarketCap-ის მონაცემებით, 2022 წლის ივლისისთვის მიმოქცევაში 20 000-ზე მეტი კრიპტოვალუტა იყო. ამავე წყაროზე დაყრდნობით, დღეისთვის მიმოქცევაში 22 900-ზე მეტი კრიპტოვალუტაა, რომელთა ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია 1.1 ტრილიონი აშშ დოლარია.

წყარო: CoinMarketCap

ბლოკჩეინტექნოლოგია რევოლუციურია და არაერთ დარგში მოახდენს გადატრიალებას. კრიპტოთი დაინტერესებული ადმიანების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და უფრო მეტი ორგანიზაცია ნერგავს ყოველდღიურ საქმიანობაში ბლოკჩეინტექნოლოგიას. კრიპტოვალუტისა და ზოგადად, ბლოკჩეინტენქოლოგიის შესაძლებლობები უსაზღვროა და ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოვიყენებთ მას.

შენიშვნა: აუცილებელია აღინიშნოს, რომ ისევე, როგორც ნებისმიერი ინვესტიციის შემთხვევაში, კრიპტობიზნესშიც არსებობს რისკები, ამიტომ როგორც დარგის ექსპერტები გვირჩევენ, მოიძიეთ ინფორმაცია, გაანალიზეთ და ისე მიიღეთ ფინანსური გადაწყვეტილებები.

https://medium.com/

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way