კოვიდ-19-ის პანდემიამ უძლიერესი დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკონომიკას, თუმცა თავი შეგვიძლია ცოტათი იმით დავიმშვიდოთ, რომ ამ გასაჭირში მარტონი არა ვართ და ეს პრობლემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დადგა დღის წესრიგში. ყველა ქვეყანას საკუთარი პოლიტიკა აქვს შემუშავებული ამ საკითხის გადასაჭრელად და არც საქართველოს მთავრობაა ამ მხრივ გამონაკლისი.
ამ შემთხვევაში, ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს გასული წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ წარმოებული ე.წ. კოვიდშეზღუდვების და ბიზნესისთვის დახმარების პოლიტიკის რევიზია და ანალიზი.
ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი და ქართული ბიზნესიც გაგებით ეკიდებოდა ამ შეზღუდვებს და მიუხედავად უკიდურესი გასაჭირისა მორჩილად ასრულებდა ყველა კოვიდშემზღუდველ მითითებას. კანონმორჩილების მიუხედავდ გულისწყრომა და პროტესტიც არ აკლდა ამ პროცეს, მაგრამ ყველა მაინც იმედით ელოდებოდა 2021 წლის 22 იანვარს, როცა საქართველოს მთავრობა „ლოქდაუნის მოხსნის“ ახალ პირობებს გამოაცხადებდა.
დადაგა 22 იანვარი, გაცხადდა შეზღუდვების ეტაპობრივად გახსნის გეგმა და აქ უკვე ვეღარ გაუძლო ქართული ბიზნესის დიდ ნაწილს მოთმინებამ. ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, მთავრობა 1 თებერვლიდან სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების გახსნას გეგმავს, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა 1 მარტიდან იგეგმება. რაც შეეხება რესტორნებისთვის და სხვა ბიზნესებისთვის შეზღუდვების მოხსნას, ეს ჯერ არ იგეგმება.
მოსახლეობის დიდ ნაწილთან ერთად, უსამართლობის განცდამ და უკიდურესმა ეკონომიკურმა გაჭირვებამ, თავისი ქნა და მე მგონი საქართველოს ისტორიაში ასე მრავლად პირველად ისმის ბიზნესი მხრიდან საპროტესტო განცხადებები და არა მარტო განცხადებები, ბიზნესი საპროტესო აქციებსაც მართავს და უფრო მასშტაბური ქმედებებისთვისაც ემზადება.
რესტორან “Z 10”-ის დამფუძნებელი ნიკა მანჯგალაძე - “არასოდეს არ გვაქვს წინასწარი ინფორმაცია არაფრის შესახებ. მე არ ვიცი, ეკონომიკური გუნდი როგორ არის დაკომპლექტებული, მაგრამ თუ ყოფილი ბიზნესმენები შედიან, უნდა იცოდნენ, რომ, როცა ხუთშაბათს გეუბნებიან – შაბათს იხურებიო, უკვე ზარალში ხარ, იმიტომ რომ სარესტორნე ბიზნესი სხვანაირად მუშაობს. არსებულ მდგომარეობაში ვცდილობთ მხოლოდ თანამშრომლების შენარჩუნებას, მაგრამ ტრანსპორტი რომ არ არის, ძალიან დიდი დარტყმაა ჩვენთვის, კომუნალურებზე კი ზედმეტია ლაპარაკი”-ამბობს
რესტორან „შავი ლომის“ დამფუძნებლის მერიკო გუბელაძე: „ბოლო ერთი კვირაა უკვე ისეთი სიტუაციაა, რომ დღიურად შეიძლება შეკვეთა იყოს 150 ლარი, რაც ნიშნავს, რომ ალბათ თვის ბოლომდე გავქაჩავთ და მერე ალბათ დახურვა მოგვიწევს. ჩვენ ვიხრჩობით. არსებობს არაფრისმომცემი რეგულაციები, თუმცა საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადებული არ არის. რთული, მიუღებელი სიტუაციაა“
ტურიზმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, ალექსანდრე გიორგიძე: „საკითხი არის ძალიან მარტივი. სფერო, რომელიც არის ერთი წელი გაჩერებული და მთავარი შემომტანი იყო ქვეყნის ბიუჯეტის, დაახლოებით 25-27 პროცენტამდე ავსებდა ჩვენი ქვეყნის დოვლათს, ეს სფერო არის სრულიად გაჩერებული. ზარალი ძალიან მარტივად დათვლადია და ყველაზე ცუდი ის არის, რომ პერსპექტივაც არ ჩანს, როგორ გავიხსნებით. მხოლოდ ნოემბერ-დეკემბერში დაახლოებით 1200 კომპანია გაკოტრდა, ხოლო 350 000-მდე ადამიანი, რომლებიც ტურიზმში იყვნენ დასაქმებული, უმუშევრად არიან დარჩენილი.
„მილიონზე მეტი ადამიანია ქვეყანაში შიმშილობის ზღვარზე და ამის ფონზე სახელმწიფო არ გვაძლევს გამომუშავების საშუალებას. უნდა გაიხსნას, სხვა გამოსავალი არ არის, თორემ ჩვენ გაზაფხული გვექნება ძალიან მძიმე და კიდევ რამდენიმე თვე რომ არ იმუშაოს სფერომ, ეს ნიშნავს დიდ სოციალურ აფეთქებას, აქამდე მივდივართ“
სამთო-სათხილამურო სექტორის წარმომადგენელი გეგა სალუქვაძემ: ,,ჩვენი მოთხოვნაა სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნა, იმ უტოპიური შეზღუდვების მოხსნა, რომელიც ყველას აზარალებს. ახლა ვმუშაობთ იმ საკითხზე, თუ რა იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები, თუ ხელისუფლებამ არ შეისმინა ეს ყველაფერი. პიკეტირება ერთ-ერთ ვერსიად განიხილება და 48 საათში დაანონსდება ყველაფერი”
„მეგასპორტის“ დამფუძნებელი დავით ჩხეიძე: „საიდან უნდა ვუქირავო თანამშრომელს ტრანსპორტი. 8 დღე რომ ვიყავით წინასაახალწლოდ გახსნილები ხან ტაქსით და ხან ჩემი მანქანით დამყავდა და
ახლა როდესაც გაიხსნება, ამას ხომ სისტემატიზირებული მიდგომა სჭირდება. არც ერთ კომპანიას არ აქვს ახლა ამხელა ხარჯების გაღების საშუალება.“
ტურიზმის ინდუსტრიის საინიციატივო ჯგუფი „ტურიზმის ინდუსტრიის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას” ავრცელებს: “გახანგრძლივებული მასშტაბური შეზღუდვები, ჩაკეტილი ზამთრის კურორტები, კვების ინდუსტრია და გიდები, რომლებიც უკვე ერთი წელია ყოველგვარი შემოსავლისა და საარსებოს გარეშე არიან დარჩენილები, სასიკვდილო დარტყმას აყენებს ტურიზმის ინდუსტრიას! დაიწყოს ფუნქციონირება სარესტორნო ბიზნესმა; სასწრაფოდ ამუშავდეს ტრანსპორტი, როგორც საქალაქო, ასევე საქალაქთაშორისო, საამტომობილო, მეტრო და რკინიგზა,საერთაშორისო საავიაციო კომუნიკაციის აღდგენა და დაბალბიუჯეტიანი ავიახაზებისთვის ფრენების უფლების მიცემა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან!", -
„ლილო მოლის“ მოვაჭრეები აქციას მართავენ და ამ აქციას სავჭარო ცენტრის ადმინისტრაციაც უერთდება.
"ლილო მოლის" დირექტორი, გიორგი კვარაცხელია: „ვეთანხმებით მოვაჭრეებს, რომ მიდგომა არის დისკრიმინაციული მათ მიმართ და გადაწყვეტილება არის უსამართლო. ქუჩაშია გადასული ვაჭრობა
და ორგანიზებული სავაჭშრო ცენტრი არის გადასული. ყველაფერზე შეთანხმებული ვიყავით. გუშინწინაც გვქონდა ტექნიკური შეხვედრა და აბსოლუტურად ყველა ელოდა გახსნას. ვწუხვართ, რომ ასე შეუძლიათ გადაიტანონ გახსნა ორი კვირით, მერე კიდევ ორი კვირით და ა.შ. აქ ყოველ დღეს აქვს მნიშვნელობა. ბიზნესი დღეს გადარჩენის ზღვარზე დგას. უნდა გავხსნილიყავით, გადაიდო, მერე კიდევ გადაიდო, მერე კიდევ და ყველაფერს ვიგებთ ტელევიზიით, რაც ძალიან სამწუხაროა“.
დამეთანხმებით, რომ ეს განცხადებები „ფრონტის წინა ხაზზე“ მდგომი ბიზნესის განცხადებებს უფრო გავს, რომელიიც მიატოვა იმ მთავრობამ, რომლის არჩევაში და ხელისუფლებაში მოყვანაში ბიზნეს არც თუ უკანასკნელი როლი მიუძღვის.
ელიავას ბაზრობა და გამოუცხადებელი „ომის ქრონიკები“
სხვისი არ ვიცი, მაგრამ პირადად ჩემში ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ კოვიდ შეზღუდვების საფარქვეშ, ხელისუფლება და დაინტერესებული წრეები, შიგადაშიგ პირად ბიზნეს ინტერესებსაც აპარებენ.
ამის ნათელი მაგალითია - ელიავას ბაზრობა, რომელიც ამ პანდემიის პერიოდში აშკარად დისკრიმინაციულ მგომარეობაში იმყოფება, სხვა ბიზნეს სუბიექტებთან შედარებით.
უწყებათაშორის კომისიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში 1 თებერვლიდან ფუნქციონირებას იწყებს ყველა არსებული სავაჭრო ცენტრი, ყველა სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი და მაღაზია, ყველა სამშენებლო მასალის ე.წ. ბაზრობები, მეორადი ავტო-ნაწილებით მოვაჭრე ბაზრობები, ავეჯის ცენტრები და მაღაზიები, გარდა „ელიავას ბაზრობისა“, რომელიც მუსაობას განაახლებს 15 თებერვლიდან.
წინა საყოველთაო ლოკდაუნების დროსაც ზუსტად ანალოგიურად ხდებოდა - „ელიავას ბაზრობას“ ადრე ხურავდნენ და გვიან ხსნიდნენ. და თან მისი უშუალო კონკურენტების დიდი ნაწილი არც კი წყვეტდა მუშაობას.
და რაც მთავარია კოვიდ მოთხოვნების მხრივ ელიავას ბაზრობა სხვა ობიექტებზე უკეთ არის დაცული, აქ სავაჭრო პროცესის ნაწილი მიმდინარეობს ღია სივრცეში. ბაზრობას უკავია 15 ჰა ფართობი და მისი ყველაზე გადატვირთული მუშაობის დროსაც კი, მომხმარებლის სიმჭიდროვე ამ სივრცეში, ბუნებრივად ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამას საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაცია ითვალისწინებს. გარდა ამისა მთლიანად ამ სივრცეში ფუნქციონირებს 30.000 კვ.მ-ზე მეტი, თანამედროვე სტანდარით აშენებული, „მოლის“ ტიპის სავაჭრო ცენტრები.
ვერანაირად ვერ ვხვდები, რა ლოგიკით უნდა აუხსნას ხელისუფლებამ იქ დასაქმებული ათასობით ადამიანის თუ რატომ არის შესაძლებელი მუშაობის უფლება მიეცეთ, ზუსტად მსგავსი ფორმატის ისეთი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტებს, ხოლო ისინი მოკლებული იყვნენ ამ უფლებას და იმყოფებოდნენ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში თავიანთ უშუალო კონკურენტებთან მიმართებით.
არ გახსნის მიზეზად, მხოლოდ ერთი „ჟარგონული“ გამონათქვამი მომდის თავში - "ქუდი რატომ არ გახურავს".
თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ელიავას ბაზრობას“ წინ ხვდება „ხელოვნურად“ შექმნილი ბარიერი ბიზნესის განვითარების საქმეში და უკვე 5-6 წელზე მეტია ქალაქის მერია მიზანმიმართულად არ აძლევს აქაურობის მეპატრონეებს განვითარების საშუალებას ( უკვე დამტკიცებულ გრგ-ს აჩერებს საკრებულო და სხვა მიზეზები), ცხადი ხდება, რომ ვიღაცა მიზანმიმართულად ცდილობს ხელი შეუშალოს აქაურობის განვითარებას და ნელ-ნელა გააკოტროს აქ არსებული ბიზნესი...
ბევრს გონია, რომ ბაზრობის დღევანდელი უსახური სახე, ამ ბაზრობის მეპატრონეების დაუდევრობის და უპასუხისმგებლობის ბრალია, თუმცა, რეალურად მათი არაერთგზის მცდელობა, რომ აქაურობას თანამედროვე და ცივილიზებული ბიზნეს გარემოდ აქციონ, ყოველთვის გადაულახავ დაბრკოლებას ეხეთქება.
დღესაც გენგეგმის და ამ ტერიტორიის რევიტალიზაციის კონცეფციის შემუშავების მომიზეზებით, მინიმუმ კიდევ 3 წელი აქ კედელზე ლურსმნის მიჭედების უფლებაც კი არ ექნება აქ არავის.... ეს კი იმას ნიშნავს. რომ ბიზნესის ხელისუფლების მხრიდან „გამოუცხადებელი ომის“ პირობებში იმყოფება, ხოლო ეს უკანასკნელი მოქმედებს ფორმულით - მხოლოდ ბიზნესი არაფერი პირადუილი.
გენგეგმა, რევიტალიზაციის კონცეფცია, ხელისუფლების და მეპატრონეების ინტერესები იქეთ იყოს და „ელიავას ბაზრობაზე“ მომუშავე ათასობით მეწარმეს მხოლოდ ერთი თხოვნა აქვს მთავრობასთან - გთხოვთ მოგვცეთ მუშაობის განახლების უფლება იმ რეჟიმით და იმ ვადიდან, რომლითაც ფუნქციონირებს დაიწყებენ სავაჭრო ცენტრების აბსოლიტური უმრავლესობა და ნუ გვამყოფებთ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩვენს უშუალო კონკურენტებთან მიმართებაში, და ნუ დაგვიკარგავთ, ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს და ბიზნესის წარმომადგენელებს სამართლიანობის განცდას.
ჯერ მხოლოდ სიტყვიერად ითხოვენ და ჩვენც სხვა რა დაგვრჩენია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
გოგი ლორთქიფანიძე
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.