საქართველოს პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 3 სხვადასხვა დაწესებულებაში ოთხ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყება ამბობს, რომ ჯამში 46 PCR ტესტირება ჩატარდა.
ოფიციალური განცხადების თანახმად, პატიმრებს შორის, რომლებსაც 6 იანვარს კორონავირუსი დაუდასტურდათ, არიან როგორც საკარანტინო სივრცეში მყოფი ახალდაკავებულები, ასევე კლინიკის სპეციალიზებულ ნაწილში მყოფი, სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შედეგად გადაყვანილი მსჯავრდებულები.
„ყველა ინფიცირებული პირის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებენ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.
რაც შეეხება ინფიცირებული პირების კოტაქტებს, მოხდა მათი შემოწმება სწრაფი ანტიგენის ტესტებით და ყველა პასუხი იყო უარყოფითი. მიუხედავად ამისა, თითოეული ეს პირი პენიტენციური დაწესებულებების მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფება და საჭიროების შემთხვევაში მათაც სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული მომსახურება გაეწევათ,“ – ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი გამოვლინდა. მანამდე იუსტიციის მინისტრი, გოჩა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ქალთა დაწესებულებაში ინფექციის 23 შემთხვევა დადასტურდა.
მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით პატიმარი გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ქსნის (მე-15) დაწესებულებაში იხდიდა.