USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
კორონავირუსი და ლიტერატურა: ინტერვიუ სიბილე ბერგთან
Date:  1695

(დაიბ.  02.06.1962 ვაიმარში) გერმანელ-შვეიცარელი მწერალი და დრამატურგი. წერს რომანებს, ესსეებს, მცირე პროზას, თეატრალურ პიესებს და რადიოპიესებს. მიყავს აგრეთვე სხვადასხვა გამოცემის სვეტი. მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული პრემია, მათ შორის უმნიშვნელოვანესია შვეიცარიის წიგნის პრემია რომანისათვის “GRM. Brainfuck” (2019).

https://www.derstandard.at 

ესაუბრა მია აიდჰუბერი Mia Eidlhuber

STANDARD:

თქვენი ბოლო რომანი „ახირებულები იხსნიან სამყაროს“ ესაა ინტერვიუ სამყაროს მდგომარეობის შესახებ, რომლებიც თქვენ ვითომ 17 სხვადასხვა მეცნიერთან ჩაწერეთ. ამ წიგნის პუბლიკაცია დაემთხვა კორონას კრიზისის გაჩენას. თითოეული ამ საუბართაგანი იწყება შეკითხვით: აბა, დღეს იფიქრეთ უკვე მსოფლიოს მდგომარეობაზე? მეც ეს მინდა გკითხოთ თავიდან!

Sibylle Berg:

დაფიქრებულობა უკვე კარგი მდგომარეობაა, რაც ადამიანს მზრუნველს ხდის. უბრალოდ, ყურადღება უნდა მიაქციო, რომ ამ ყველაფერმა არ დაგადამბლავოს ან პანიკაში არ ჩაგაგდოს, რადგან სამყაროს შენი შფოთვა არ ესმის, მისთვის სულ ერთია. ჯერ კიდევ პანდემიამდე გაოცებით ვაკვირდებოდი, რას უშვება კაცობრიობას კაპიტალიზმი, რომელსაც სამყარო მკლავებში მოუქცევია და ნეოლიბერალიზმში სულ უფრო და უფრო  მეტად გადავარდნილა. დღესაც არაფერი შეცვლილა. ამ მომენტისათვის არც ერთი ქვეყნის მდგომარეობა არ გამოირჩევა ორიგინალობით.  ყოველი მათგანი თავისთვის იკეტება და  გლობალური პრობლემის გადაწყვეტას ნაციონალურად ცდილობს. ხოლო ბანკები და მსხვილი კომპანიები, მილიარდერები და კორპორაციები – ყველანი მზად არიან, რომ საერთო მასიდან გამოეყვნენ და თავიანთი დივიდენდები პირველებმა გადაარჩინონ.   ასე რომ, ახალი არაფერია, უბრალოდ, ეს უამრავ მცირე მეწარმეს და თვითდასაქმებულს კრიზისის გამო ბაზრიდან გაქრობას უქადის, რაც, რა თქმა უნდა, ასევე გლობალიზაციის ნეგატიური შედეგია. ამავე დროს, ზოგიერთ დასავლურ ქვეყნებში ისმის დემოკრატიული საზოგადოების თვითკმაყოფილ-რომანტიკული  ღუღუნი.  ბევრს უხარია, რომ სახელმწიფო შესანიშნავად ფუნქციონირებს. თუმცა ამ სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელიც მაქსიმალურ დაზოგვასა და მინიმალურ წინდახედულობას ეფუძნებოდა, ხომ, სამწუხაროდ, ამ პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია,   რის გამოც ჩვენ ახლა  თავისუფლების უფლებათა სრული გაუქმება კმაყოფილებით უნდა ავიტანოთ.

STANDARD:

ამას წინათ ტვიტერში დაწერეთ: კიდევ რამდენ ხანს ავიტანთ ამას? თქვენ თვითონ გაქვთ პასუხი ამაზე?

Berg: 

ჰო, რა ვიცი, დიდი ხნით ალბათ ვეღარა. უკვე ერთ კვირაში ფრთები ჩამოყარა სოლიდარობამ, რომელიც გამოიხატებოდა აივნებზე კონცერტების გამართვასა და რისკის ჯგუფისათვის შესყიდვების სამსახურის მუშაობაში. ახლა უკვე საზოგადოება მთელი სერიოზულობით მსჯელობს ადამიანთა გადარჩევის შესახებ იმ შემთხვევებში, როცა ინტენსიურ მედიცინას ადგილები თვლით აქვს. ასე რომ, ეს პრობლემა მედიცინაში მათ მიერვე შეიქმნა რესურსების დაზოგვის ღონისძიებების, ნაწილობრივი პრივატიზაციის, უყაირათობის შედეგად, მერე ექთნებსა და ექიმებზე გადავიდა და 45 წლამდე ასაკის საზოგადოებისათვის  ისე ბუნებრივად ჩაითვალა, თითქოს სიცოცხლეთა შორის რაიმე თვისებრივი განსხვავება არსებობდეს.

STANDARD:

“Spiegel”-ის სვეტში თქვენ წერთ: კაპიტალიზმი და ანაზღაურების სისტემა დაპაუზდა.  თითქოს ჩვენი თავის ანაბარად მიგვაგდეს.“ საერთოდ არა ხართ მადლობელი იმისათვის, რომ შეგასვენეს?

Berg: 

მე მადლობელი ვარ, რომ პრივილიგირებულ მდგომარეობაში ვარ, მშვენიერ ბინაში ვცხოვრობ, ხეებს გავყურებ და ჭამა-სმის პრობლემა არა მაქვს. მაგრამ ვისი მადლობელი უნდა ვიყო? ჰო, სხვამხრივ ყველაფერი ცუდადა, თანაც ჩემს თავზე ლაპარაკი ისედაც არ მიყვარს. ჩემი ცხოვრება დიდად არ შეცვლილა, გარედან თუ შევხედავთ, ისედაც სულ მოსაწყენი იყო.

STANDARD:

ყველა ამბობს, რომ ბოლოს და ბოლოს მოიცალეს წიგნების წასაკითხად. ამ დროს ყველა თავის მობილურს ან ნოუტბუკს ჩაკირკიტებს, აწყობენ ვიდეოკონფერენციებს, ონლაინწვეულებებს ან უყურებენ ნეტფლიქსის სერიალებს. ამ კორონა-პანდემიამ საბოლოოდ ხომ არ გვაქცია სატელევიზიო თუ ციფრულ საზოგადოებად?

Berg: 

მე ამას მთლად ასე არ ვხედავ, რადგან ის ადამიანები, რომლებსაც სოციალურ მედიაში ვუყურებ – უდავოდ, რომ ეს მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილია – , გიჟებივით კითხულობენ. ამ საყოველთაო განსაცდელის ჟამს დიდი სიხარულით ეფლობიან ჩემს დიდტანიან წიგნში. მეორე კითხვაზე გპასუხობთ: დიახ, ჩვენ უკვე ციფრული საზოგადოება ვართ და ეს ნორმალურია.  არა მგონია, წიგნები გაქრეს და თუკი მათ  ნაკლებად კითხულობენ, მაშინ საჭიროა წიგნის ინდუსტრიის გააქტიურება. ამ  დროისათვის ყველა ხვდება, რა დაუჯერებელად სისულელე იყო გაყიდვის გზების მთლიანად ამაზონზე ჩამოკიდება, რომელიც ახლა წიგნებს აღარ ყიდის და მიტანაც გადაავადეს, რადგან სხვა პროდუქტებს ვეღარ აუდიან. ალბათ გერმანული ბაზარი აამუშავებს  ალტერნატიულ საზოგადოებრივ პლატფორმას.

STANDARD:

თქვენ ჩაბმული იყავით ევროკავშირის ფუნდამენტური ციფრული უფლებების ქარტიის კამპანიაში. ე.წ. ‘თვალყურის მიდევნების აპლიკაციები’ (Tracking-Apps), რაც ჩინეთში უკვე რეალობაა ( იხ. მოქალაქეთა შეფასება Citizen Score) და ჩვენთანაც დიდი მონდომებით განიხილება, არის თუ არა საფრთხე მონაცემთა დაცვისა და ჩვენი ფუნდამენტური უფლებებისათვის, თუ ეს არის  გზა ამ პანდემიური არეულობიდან გამოსასვლელად?

Berg: 

ერთი მხრივ, კონტროლი ევროპაში უკვე რეალობაა. არ ვიცი, რა მდგომარეობაა ავსტრიაში, მაგრამ ჩვენი დიდი ქალაქების უმეტესობას უკვე აკვირდებიან ბიომეტრიული კამერით, ამას ქვია სახის ამოცნობა. სმარტფონი თუ გაქვს, ეს ნიშნავს, რომ თან ატარებ პორტატულ სათვალთვალო აპარატს, ზოგიერთ ქვეყანაში კი ე.წ.  ‘ტროიანის’ სახელმწიფო პროგრამის ინსტალაცია ნებადართულია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშეც. მოკლედ: ჩვენ უკვე კონტროლის ქვეშ ვართ და მე ნამდვილად ვერ ვხედავ  თავისუფლების შანსს  პირად სივრცეში – რაც ოდესღაც ადამიანის ფუნდამენტური უფლება იყო -, გარდა იმ შემთხვევისა, თუ უარს იტყვი ყველანაირი გაჯეტის მოხმარებაზე.  ამ პანიკასა და მკაფიო ინსტრუქციების სურვილში, რა თქმა უნდა, არსებობს დიდი საფრთხე დემოკრატიისათვის, რომელიც, ერთი მხრივ, კიდევ უფრო მეტ პოპულარობას იძენს, რადგან პოპულისტები და დიქტატორები ფარჩაკდებიან, და მათთან ერთად ნეოლიბერალიზმიც, რომელსაც ისინი წარმოადგენენ და რომელმაც  ამ  სიტუაციაში, რაც ახლა გვაქვს, თავად მოგვაქცია. მეორე მხრივ, მსოფლიოს არც ერთი მთავრობა არ იტყვის უარს  გაკონტროლების შესაძლებლობაზე, მით უმეტეს, თუ ამის განხორციელება კრიზისის დროს ასე ადვილია. „ჩვენი უსაფრთხოებისთვის“ სათვალთვალო ტექნოლოგია ბოლოს ხომ  ტერორიზმთან ბრძოლის სახელით გამოიყენეს. ვშიშობ, რომ გამოსავალი თითქმის არ არსებობს. აქტივისტებს არ გააჩნიათ ფინანსური რესურსები ხარისხიანი კოდირების პროგრამებისა და სხვა დაცული პროდუქტების შესაქმნელად, ხოლო რამდენად დაცული  ვართ ამჟამად ამ ვითომ ყველაზე მეგობრულ სისტემაში, ამას კი ვამჩნევთ. ალბათ, ამ სათვალთვალო აპლიკაციების გარეშე,  მალე სუპერმარკეტებშიც ვეღარ წავალთ. გამოსავალი მხოლოდ მაშინ შეიძლება მოინახოს, თუ ამ სათვალთვალო აპლიკაციების შექმნაში აქტივისტებიც ჩაერთვებიან.

STANDARD:

დააჩქარებს კორონა უნაღდო ანგარიშსწორებას?

Berg:

დიახ.

STANDARD:

წიგნში თქვენ საუბრობთ ბევრს „ნაგრძნობ მსოფლიოს დასასრულზე“, რადგან მსოფლიო არასდროს ყოფილა  de facto ისე კარგად, როგორც დღეს არის.  კორონასთან ერთად მოხდა რამდენიმე დისტოპიის კონკრეტიზაცია. არის კიდევ იმედი? 

Berg: 

სწორედაც, ნაგრძნობი. ვფიქრობ, ყოველი თაობა დარწმუნებული იყო, რომ ყველაზე საშინელ დროში ცხოვრობდა. ნეგატივი, შიში, სიბრაზე უბრალოდ უფრო დასამახსოვრებელი შეგრძნებაა, ვიდრე რაიმე მშვიდი, მაგალითად, კმაყოფილება. ყველაფერი იცვლება და ეს შემაშფოთებელია, რადგან ადამიანთა უმეტესობას არ სურს შეჩვეულთან გამოთხოვება. ჩვენ სწორედ ახლა ვიმყოფებით თითქმის ყველანაირი საზოგადოებრივი პროცესების ციფრული გადატრიალების საფეხურზე, პროცესები გიჟური სისწრაფით ჩქარდება, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მიმართულებით. გადატვირთულობა ბევრ ადამიანს ავიწყებს, რომ გლობალურ ჩრდილოეთის მოსახლეობის უმეტესობა, ანუ ჩვენ, უზრუნელყოფილნი ვართ ბინით, საკვებით, ჯანმრთელობის პროფილაქტიკით და ვცხოვრობთ ისეთ დემოკრატიულ სისტემებში, რომლებშიც ყველას შეუძლია ჩართვა, თუკი მხოლოდ სიძულვილის დაპოსტვით არ იქნებიან დაკავებულნი.

STANDARD:

თქვენ საუბრობდით ინტერვიუს სარგებლიანობაზე ექსპერტთა ფართო სპექტრთან, მათ შორის  ნეიროფსიქოლოგიის, სისტემების ბიოლოგიის, საზღვაო ეკოლოგიის ან კონფლიქტისა და ძალადობის კვლევების სფეროებიდან. შეგიძლიათ სწრაფად გაიხსენოთ სამი შემოთავაზება  ამ საუბრებიდან, რასაც მსოფლიო ამ მომენტში გამოიყენებდა? მოკლედ, რა გამოდგება ახლა ყველაზე მეტად კაცობრიობის გადასარჩენად?

Berg: 

რაც ახლა უცბად აზრად მომდის: 1) აუცილებელი საბაზისო შემოსავალი; 2) უფრო   პირდაპირი ტიპის დემოკრატია, რომელიც იმდენად ძველი ტიპის მრავალრიცხოვან პარტიებს კი აღარ დაეყრდნობა, არამედ ექსპერტებსა და თემებში მოქალაქეთა მეტ თანამონაწილეობას.  3) ცენტრალიზირებული და რესურსების ღია წვდომაზე დაფუძნებული პლატფორმები ცოდნის გლობალურად გასაცვლელად და საშიშროების შესახებ გაფრთხილების გასავრცელებლად; საერთოდ, არსებობს არა მხოლოდ სამი კარგი კონცეფცია, არამედ ათასობით, რომლებიც ნამდვილად კარგია სხვადასხვა კრიზისების დროს  კაცობრიობის სამართავად. პრობლემა ის არის, რომ მთავრობები ძალიან იშვიათად უსმენენ მეცნიერებს, ხოლო ეკონომიკური ინტერესები სამეცნიერო ფაქტებზე უფრო მაღლა დგას.

STANDARD:

წიგნში საუბარია აგრეთვე სცენარებით აზროვნებაზე, ე.წ. scenario planning. მსგავსი სცენარი, რასაც ჩვენ ახლა კორონასთან დაკავშირებით ვუყურებთ, როდესმე გაგიხილავთ?

Berg:

რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ჩემს ბოლო წიგნს (GRM Brainfuck) რომ ვწერდი, თავიდან ვფიქრობდი ვირუსის გამოგონებაზე, რომელიც ციფრული დიქტატურის შემოღებას მოემსახურებოდა. თუმცა, ეს სიუჟეტი ტრივიალური მეჩვენა და ‘მხეცი’ ვირუსიც სიუჟეტში ჩაიკარგა. უფრო საინტერესოდ მეჩვენა ხალხის მზადყოფნა  დამორჩილებოდა დიქტატურას  საბაზისო შემოსავლის მიღების პირობით.

STANDARD:

როგორ ატარებთ ახლა დღეებს?

Berg: 

ჩემი ყოველდღიური დღის წესრიგი თითქმის არ შეცვლილა. ყოველდღე ძალიან ადრე ვდგები და 10-11 საათი ვმუშაობ. რაც მიცდება, ესაა ჩემი შოუები ციურიხის დრამატულ თეატრში, ყოველ ორ თვეში ერთხელ რომ ვმართავდი და, რა თქმა უნდა,  ჩემი სპექტაკლები. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ჩემი ახალი წიგნი ისეთ დროს გამოდის, როცა წიგნის მაღაზიები დაკეტილია და ამაზონმა წიგნების მიტანა თავისი ინტერესების ჩამონათვალში ბოლო საფეხურზე განათავსა. Fuck Amazon! მაგრამ ამ სიტუაციაში მარტო მე არა ვარ. და კიდევ,  ყოველდღიურად ვკარგავ თავის წამახალისებელ ისეთ საჩუქრებს, როგორებიცაა: გარეთ ჩაის დალევა, ადამიანების ყურება, ან სადმე საჭმელად წასვლა.  გამიმართლა, რომ დიდი ხანია ასე ვცხოვრობ, რომ კარგად ვარ და ცვლილებები დიდად არ შემხებია, თუ არ ჩავთვლით გამუდმებულ შოთიან  ზუზუნს, რაც თითქოს ჰაერიდან ისმის.

STANDARD:

უნდა გკითხოთ, თუმცა თქვენი წიგნიდან უკვე ვიცი, რომ ამ შეკითხვას ვერ იტანთ: რაზე მუშაობთ ამჟამად?

Berg: 

სწორედ ახლა ვამთავრებ პიესას გორკის სახელობის თეატრისთვის, რომელიც სეზონის გახსნას შემოდგომაზე – ყურადღება მიაქციეთ! – აპირებს. მერე დავჯდები და ცას ავაშტერდები, თუ კიდევ იარსებებს.

 

 

გერმანულიდან თარგმნა შორენა შამანაძემ

 

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way