USD 2.6950
EUR 3.1550
RUB 3.4742
Тбилиси
კორონავირუსი- საქმე გვაქვს პლანეტარული მასშტაბის მედია პროექტთან
дата:  1701

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელის ირაკლი გოგავას შეფასებით, ვირუსი განგებ გაუშვეს თუ შემთხვევით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია რას მიაღწიეს? მისი თქმით, მიაღწიეს შიშს მოსახლეობაში, პანიკას, ეკონომიკის შეჩერებას მსოფლიო მასშტაბით, რასაც აუცილებლად მოყვება ხალხის ცხოვრების დონის გაუარესება. გოგავა არ გამოვრიცხავს, რომ ამით მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისიც შეინიღბა, თუმცა მთავარი სამიზნე: „რა თქმა უნდა, აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებია“.

ირაკლი გოგავა: გლობალიზაციის ტექნოლოგიას ეგვიპტე ათასობით წლის წინ იყენებდა. ეგვიპტელებმა შექმნეს ისეთი სისტემა, რომელიც მაშინდელი სამყაროს კონტროლის საშუალებას იძლეოდა დიდი ომების გარეშე. გლობალიზაციის თანამედროვე ტალღა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიწყო, როცა გაერო შეიქმნა, პოტსდამის ახალი მსოფლიო წესრიგი დამყარდა და ჰეგემონები ვაშინგტონი, ლონდონი და მოსკოვი გახდნენ, თუმცა ავანსად ჩინეთი და საფრანგეთიც დაპატიჟეს მსოფლიოს მთავარ მაგიდასთან, რომელსაც ჩვენ გაეროს უშიშროების საბჭოს ვუწოდებთ.

ტრადიციული ისტორიული პროცესები, რომლებიც პერიოდულად დიდი ომებით იყო გამორჩეული, ბირთვული იარაღის გამოჩენამ შეცვალა. ბირთვული იარაღის პირობებში ქვეყნები იძულებულნი გახდნენ დიდი ომი გამოერიცხათ, რასაც ტეტჩერმა „ბირთვული შეკავების დოქტრინა“ უწოდა და ფოკუსირება შედარებით პატარა, ლოკალურ ომებზე გადაიტანეს, სადაც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. კორეა, ვიეტნამი, ანგოლა, ავღანეთი, იემენი და კიდევ 140–მდე სამხედრო კონფლიქტი, აჯანყება, ომი თუ ინტერვენცია მოხდა მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე. სამწუხაროდ, რამდენიმე საქართველოშიც გვქონდა.

გლობალიზაციის იდეოლოგიური საფუძვლების მომზადება 60–იან წლებში დაიწყო, როდესაც შეიქმნა რომის კლუბი, სადაც ქართველი მეცნიერები ჯერმენ გვიშიანი და გელოვანიც მონაწილეობდნენ. რომის კლუბი მეცნიერულად ამუშავებდა პლანეტის განვითარების სცენარებს. მაშინ მთავარ გამოწვევად მსოფლიო მოსახლეობის სწრაფი ზრდა, სიღარიბე, უთანასწორო განვითარება, ეკოლოგია და პლანეტის რესურსების ამოწურვადობა დასახელდა.

70–იან და 80–იან წლებში რომის კლუბმა მოხსენებების მთელი სერია დადო, რომელთაგან გამოვყოფდი მედოუზის „ზრდის ზღვარი“, მესაროვიჩის და პესტელის „კაცობრიობა გზაგასაყარზე“, იან ტინბერგენის „მსოფლიო წესრიგის გადახედვა“ და რომის კლუბის პრეზიდენტის აურელიო პეჩეის „ადამიანური თვისებები“. ორპოლუსიანი სისტემის რღვევის შემდეგ კი მნიშვნელოვანი იყო 1991 წელს კინგის და შნაიდერის „პირველი გლობალური რევოლუცია“, ასევე 1997 წელს ლოვინსების და ვაიცზეკერის „მეოთხე ფაქტორი“. ამ მოხსენებებში ბევრი კარგი იდეაა, სასარგებლო კაცობრიობისთვის, რასაც აქ დეტალურად ვერ მოვყვები.

მაგრამ მოხდა ისე, რომ მმართველმა ელიტებმა ამოკრიბეს ისეთი იდეები, რომელიც მათ აწყობდათ თავისი გავლენების კიდევ უფრო განსამტკიცებლად. ერების სამართლიანი განვითარების და რესურსების გადანაწილების პრინციპები კი ნეოკონოლონიალურმა მიდგომებმა შთანთქეს. შრომის გეოგრაფიულმა დანაწილებამ, რეგიონების მიხედვით, გარკვეული შედეგი გამოიღო, მაგრამ მსოფლიო სისტემის კრიზისი გააღრმავა.

შობადობის შემცირების სანაცვლოდ მრეწველობის ჩინეთში კონცენტრაციამ ჩინეთს კი უშველა, მაგრამ აშშ–ში და სხვა ქვეყნებში მოსახლეობის გაღარიბება დაიწყო. იან ტინბერგენი ახსენებს მსოფლიო მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას და ამბობს, რომ მის ჩამოყალიბებას დააჩქარებს რამდენიმე ფაქტორი: პლანეტარული მასშტაბის პანდემია, პლანეტის ეკოლოგიური კატასტროფა, დედამიწისკენ მომავალი ასტეროიდი ან სხვა საფრთხე კოსმოსიდან.

ახალი კორონავირუსის პანდემია სახეზეა, ეკოლოგიაზეც ხშირად საუბრობენ…

– დიახ, ტელევიზორს თუ მოვუსმენთ პანდემია გვაქვს. გლობალისტები ამბობენ შემდეგს – ეკოლოგია საფრთხეშია, ოზონის ხვრელი დიდი ხანია ჩამოგვიკიდეს დამოკლეს მახვილივით, თანაც ისეთ ადგილას, რომ ვერც შეამოწმებს დაინტერესებული ადამიანი – ოზონის ხვრელი ანტარქტიდის თავზე არისო. ცოტა ხანში შეიძლება გამოგვიცხადონ, რომ დიდი ზომის ასტეროიდი მოფრინავს დედამიწისკენ და პლანეტა უნდა გაერთიანდეს. მხუთავი აირის ემისია სათბურის ეფექტს ქმნის, რაც გლობალურ დათბობას იწვევს. ტყეები იჩეხება და ჟანგბადი აღარ გვექნება.

მოსახლეობა იზრდება გეომეტრიული პროგრესიით, არსებობის საშუალებები კი არითმეტიკული პროგრესიით. ეს ყველაფერი მიჰყავთ იქითკენ, დაგვარწმუნონ, რომ საჭიროა ჩვენი უფლებები დავთმოთ – გადავცეთ ერთიან მმართველობის ცენტრს, რათა მათ უზრუნველყონ ჩვენი უსაფრთხოება იმ საფრთხეებისგან, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე და რომელსაც ტელეყუთიდან თითქმის ყოველდღე გვამცნობენ.

ამისათვის ხდება განათლების მასშტაბური დეგრადაცია, საინფორმაციო სივრცის მონოპოლიზაცია, ტრადიციული კულტურის და ხელოვნების დეკადენსი, მარტივი ბიოლოგიური ინსტინქტების მაამებელი კვაზიკულტურის კვაზირელიგიების დამკვიდრება. ამ პრობლემებს ბევრ დროს დავოსის ეკონომიკურ ფორუმებზე უთმობენ, სადაც 3000–ზე მეტი მილიარდერი და მილიონერი იკრიბება.

პრობლემები უდავოდ არის, თუმცა ყველა მათგანი მოგვარებადია. მაგალითად, მხუთავი აირების ატმოსფეროში ემისიას დავოსში მდიდრების ტირილი კი არ სჭირდება, არამედ მათ საკუთარ მეტალურგიულ თუ ქიმიურ ქარხნებს ძვირადღირებული ფილტრები უნდა დაუყენონ. ტყეების გაჩეხვას გრეტა ტუნბერგის გაპიარება კი არ სჭირდება, არამედ ახალი ხეების დასარგავად მდიდრების დაბეგვრა. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ პლანეტაზე ჟანგბადის 75%–ს ოკეანის ფიტოპლანქტონები იძლევა და არა მცენარეები, თუმცა ტყე რომ მოსავლელია, ამას კამათი არ სჭირდება.

ოკეანეში ნაგვის გროვების პრობლემის მოგვარებას კი სპეციალური ფლოტილიის შექმნა სჭირდება, რომელიც რეგიონის სახელმწიფოებმა უნდა გაწმინდონ და არა ინტერნეტში გრაფიკული ანიმაციის კლიპების განთავსება. დღეს მოსახლეობის 10% ფლობს მთელი სიმდიდრეების 70%–ს. ეს 10% რაღაცეებით გვაშინებს, რომ მიიღონ აბსოლუტური კონტროლი. აქ გამოსავალი მარტივია: 90%–მა უნდა შეაშინოს ეს 10%, რომ გადასახადები გადაახდევინონ და ბევრი პრობლემა მოგვარდება, მათ შორის სოციალურ–ეკონომიკურიც და ეს გაკეთდება პლანეტარული მასშტაბით.

რაც შეეხება ახალი კორონავირუსის პანდემიას, აშშ და ჩინეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ ვირუსის გავრცელებაში. შესაძლოა, ვირუსის ამ სახით გავრცელების უკან, დიდი პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობდეს და ამ მოვლენის ხარჯზე ბევრმა სცადოს თავისი მიზნების მიღწევა? კორონავირუსი, ეს არის ვირუსული ეპიდემია, თუ გლობალური მოვლენა, რომელსაც ჰყავს მოქმედი პირები?

– ავიღოთ ეს ახალი კორონავირუსი და გავიხსენოთ როგორ დაიწყო. მეცნიერებისგან ვიცით, რომ ვირუსის ეს შტამი ოქტომბერში გაჩნდა, ჩინეთმა კი მხოლოდ დეკემბერში გამოაცხადა უხანში გავრცელების შესახებ. მეცნიერების აზრით, ვირუსი არ არის ხელოვნურად შექმნილი, რადგან მის გენომს არ ეტყობა მოლეკულარული მაკრატელის კვალი. თუმცა ეს არ გამორიცხავს მისი გავრცელების ხელოვნურობას, რადგან თეორიულად, შესაძლებელია, ბუნებრივი ვირუსის შენახვა ლაბორატორიაში, თუმცა ისიც არ არის გამორიცხული, რომ ცხოველისგან გავრცელდა. აქ მთავარი კი მედიის და ჩინეთის ხელისუფლების ქმედებაა.

რას გულისხმობთ?

– გავიხსენოთ, გადმოსცემდნენ სკაფანდრებიანი ხალხის კადრებს, კორდონებს, იყო კადრები ქუჩაში გვამების, ქალაქების, მთელი რეგიონის ბლოკირების, ადამიანების ძალით გაქაჩვის ვარჯიშების კადრები და ა.შ. სიტუაციის ხელოვნურად გაბუქვა ხდებოდა და ხდება. „იუტუბზეც“, რომელიც ტრანსნაციონალურ კორპორაცია „ალფაბეტს“ ეკუთვნის იგივე სურათია დღესაც – თუ აკრიფავთ „კორონავირუსს“ ამოაგდებს ვიდეოებს, სადაც ქუჩაში გვამები, ლაზარეთის კადრებია, თუმცა, როცა შედიხარ და ვიდეოს უყურებ მსგავსი კადრი ვიდეოში არ ჩანს. ეს ხომ ტექნოლოგიაა, თანაც აშკარა.

ვინც დაგეგმა „პანდემიის“ სცენარი, ასევე გათვალა ეროვნული მთავრობების მოქმედების ალგორითმიც, რომლებიც ოპოზიციის და ხალხის რისხვის შიშით მაქსიმალურად შეუწყობდნენ ხელს ბლოკირების რეჟიმის ამოქმედებას. ტრამპი თავიდან შეეცადა არ მიეღო რადიკალური ზომები, თუმცა სცენარის ალგორითმმა მასაც არ მისცა საშუალება სხვაგვარად ემოქმედა.

შევეცადოთ ემოციების გარეშე შევხდეოთ სტატისტიკას – ოქტომბრიდან დღემდე ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა 285,000 ადამიანი, გარდაიცვალა 12,000 ანუ 4,2%, რაც ნიშნავს დღეში საშუალოდ 80 ადამიანის გარდაცვალებას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებეით ჰაერის დაბინძურებისგან ყოველწლიურად 7,000,0000 ადამიანი კვდება ანუ დღეში 19,000-ზე მეტი ადამიანი. რატომ არავინ ხურავს ქარხნებს და არ აჩერებს ავტოტრანსპორტს?!

სიკვდილიანობა სხვა ვირუსებისგან შედარებისთვის – ებოლა 72% (11,310), ქათმის გრიპი 52.8% (455), რესპირატორული სინდრომი 34,4% (858), ატიპიური პნევმონია 10,5% (908), ღორის გრიპი 4,5% (18,500). ჩვეულებრივი გრიპით ყოველწლიურად ავადდება 3–5 მილიონი ადამიანი, საიდანაც 290,000–650,000 შემთხვევა ლეტალურია, რაც დღეში 1200–ზე მეტია. ტუბერკულოზით დაავადებულია 10 მილიონზე მეტი ადამიანი და ყოვეწლიურად 1,4 მილიონი ადამიანი კვდება ანუ დღეში 3800 ადამიანი.

სიგარეტის მოწევისგან ყოველწლიურად 8 მილიონი მწეველი და 1,2 მილიონი პასიური მწეველი კვდება ანუ დღეში 25,000. ალკოჰოლისგან კი 3 მილიონი ადამიანი ყოველწლიურად კვდება. არავინ არ ითხოვს თამბაქოს ქარხნების ან სპირტის ქარხნების აკრძალვას და უფრო მეტიც, მედია მათ რეკლამაში ფულსაც იღებს ხშირ შემთხვევაში.

ანუ, თქვენ ფიქრობთ რომ ახალი კორონავირუსი საშიში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა არის კატასტროფული?

– საშიში ნებისმიერი ვირუსია, განსაკუთრებით ასაკოვანი ხალხისთვის. თუმცა ეს ვირუსები იყო, არის და იქნება. სრულად სტერილურ გარემოში ადამიანი ვერ იქნება. ეს ცხოველებზე სცადეს და ვერც ერთმა ვერ იცოცხლა. ადამიანს 1,5–2 კგ ბაქტერია ყავს სხეულში, რომელთაგან უმრავლესობა აუცილებელიც კი არის ჩვენი არსებობისთვის. ეს ვირუსი ადვილად გადადის, ასე ჩანს, თუმცა, თუ ვნახავთ ჩინეთის მაგალითს – მათ შეძლეს 81,000 ინფიცირებულისგან 71,000 უკვე განკურნება და რაც საინტერესოა 60,000–ზე მეტ პაციენტს ხალხური მედიცინის მეშვეობით უმკურნალეს, სადაც ძირითადი კომპონენტი ძირტკბილას ფესვი იყო, იხმარეს დარიჩინი, ეფედრაც (ჩვენებურად მგლისმუხლა ან ჯორის ძუა). ძირტკბილა ლიმფურ სისტემას აჩქარებს და ორგანიზმის წმენდა ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, სოკოებისგან, ტოქსინებისგან და მძიმე მეტალებისგან უფრო სწრაფად ხდება, რადგან ჩქარდება ნივთიერებათა ცვლა და იმუნიტეტიც იმატებს. ჩვენთან იზრდება ძირტკბილა და წარმოებაც არის.

მაგრამ იტალიაში უფრო მეტი მსხვერპლია ვიდრე ჩინეთში, რატომ?

– ჩინეთში მოსახლეობის საშუალო ასაკი 37 წელია, იტალიაში კი 45 წელი. ამიტომაც ლეტალური შედეგი იტალიაში მეტია. ცნობისთვის: საქართველოში საშუალო ასაკი 38 წელია. იტალიაში ვირუსის ასეთ სწრაფ გავრცელებას უკავშირებენ იმას, რომ ხელისუფლებამ არ გააუქმა მილანის მოდის კვირეული თებერვლის თვეში, სადაც ათასამდე ჩინელი იმყოფებოდა და ძალიან ბევრი სხვა ქვეყნის წარმომადგენელიც.

რასთან გვაქვს საქმე?

– საქმე გვაქვს პლანეტარული მასშტაბის მედია პროექტთან, რომელიც დაიგეგმა და ხორციელდება. ვირუსი განგებ გაუშვეს თუ შემთხვევით ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია რას მიაღწიეს? მიაღწიეს შიშს მოსახლეობაში, პანიკას, ეკონომიკის შეჩერებას მსოფლიო მასშტაბით, რასაც აუცილებლად მოყვება ხალხის ცხოვრების დონის გაუარესება. ვისაც ფინანსური რესურსი, ძლიერი მრეწველობა, სურსათის წარმოება ან მყარი ფულის საბეჭდი დაზგა აქვს, მეტ–ნაკლებად გამოასწორებს სიტუაციას, ვისაც არა – მოუწევს ახალი ვალების აღება კაბალური პირობებით. ვფიქრობ, სამიზნე სწორედ ეკონომიკა იყო. აუცილებლად იქნება მსოფლიო ეკონომიკის შენელება. არ გამოვრიცხავ, რომ ამით მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისიც შეინიღბა. თუმცა მთავარი სამიზნე კი, რა თქმა უნდა, აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებია.

აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნები როგორ არის სამიზნე?

– აშშ–ში მიმდინარეობს უკომპრომისო ბრძოლა გლობალისტებს და ტრამპის გუნდს შორის. ტრამპის მთავარი მიღწევები იყო ამერიკის ეკონომიკის არნახული ზრდა, უმუშევრობის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან ახალი, ამერიკისთვის უფრო ხელსაყრელი ახალი სავაჭრო შეთანხმებები, არალეგალური მიგრაციის შეჩერება, ეროვნული სახელმწიფოს შენარჩუნება და გაძლიერება… ამ ყველაფრით ტრამპის გამარჯვება გარდაუვალი იყო. დღევანდელი სიტუაცია კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ტრამპის მიღწევებს, რადგან უარყოფითი ეკონომიკური ეფექტი აუცილებლად ექნება შექმნილ ხელოვნურ აჟიოტაჟს.

შეიძლება ითქვას გლობალისტები ვა–ბანკზე წავიდნენ?

– რა თქმა უნდა. დღეს ისინი აკონტროლებენ მასმედიას მსოფლიო მასშტაბით და ისინი ქმნიან დღის წესრიგს პლანეტის საინფორმაციო ველზე. ამ მედიაქსელში შედის სხვადასხვა ქვეყნის მედიაც, მათ შორის საქართველოშიც. ახლა ყველაფერი დამოკიდებული იქნება, როდის მოხერხდება ამ აჟიოტაჟის შეჩერება და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება. აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბერშია. ტრამპმა კრიზისის დაძლევის უპრეცენდენტოდ დიდი გეგმა უკვე წარმოადგინა: ტრილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯება ეკონომიკის მხარდასაჭერად.

დაბალშემოსავლიან ფენებს პირდაპირ გადაეცემათ 1200 დოლარიანი ჩეკები ყოველ ზრდასრულზე და 500 დოლარი ყოველ ბავშვზე, მცირე ბიზნესს 300 მილიარდი შეღავათიანი კრედიტი, 500 მილიარდის საშემოსავლო გადასახადს აღარ გადაიხდის ქვედა ფენები, ბევრი გადსახადი გადავადდა 15 ოქტომბრამდე, განსაკუთრებით დაზარალებულ დარგებს გადაეცემა 258 მილიარდი, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ისტორიულ მინიმუმამდე დაიყვანა საბანკო პროცენტი და ის წლიური 0,25-0,5% გახდა. ბრძოლა თეთრი სახლისთვის უკომპრომისო იქნება და მის შედეგს დიდი გავლენა ექნება პლანეტის მომავალზე.

საქართველომ შემოიღო საგანგებო მდგომარეობა, იყო ამის შესაძლებლობა?

– „პანდემიის“ სცენარის ალგორითმი მთავრობებს არ უტოვებდა სხვა არჩევანს, გარდა საზღვრების ჩაკეტვისა და ეკონომიკის შენელებისა. ერთი მხრივ, ცუდ დღეში აღმოვჩნდით, თუმცა აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება სულაც არ ყოფილა უნიათო და ძალზედ ეფექტურად იმოქმედა მსოფლიო მედია აჟიოტაჟის პირველი ფაზის ფონზე. ახლა დგება პოსტკრიზისული აღორძინების სცენარის შემუშავების დრო, ეს უკვე ფაქიზი სამუშაოა და თუ საზოგადოებასაც ჩართავენ განხილვებში, ურიგო არ იქნება.

ჩვენ არ ვიცით მსოფლიო ელიტების ომი რამდენად შორს წავა, ამიტომ, პირველი რიგის ამოცანა არის ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. დღეს საკუთარი პროდუქტით მხოლოდ მილიონი ადამიანის გამოკვება შეგვიძლია. მნიშვნელოვანია ადგილზე შეიქმნას სოფლის მეურნეობის პროდუქტი და გადამუშავდეს.

ანუ დაიხვნას და დაითესოს 800,000 ჰექტარი ნაცვლად დღევანდელი 207 ათასისა და შეიქმნას მიღებული მოსავლის გადამუშავებისთვის აუცილებელი კვების მრეწველობის სიმძლავრეები. დღეს ბაზრის კონიუნქტურა ისეთია, რომ კვების მრეწველობის ხაზების გერმანიიდან და იტალიიდან შემოტანა შედარებით იაფად შეიძლება. ცოცხალი საქონლის ექსპორტი კი უნდა აიკრძალოს (ცხვრის გარდა) და ნებადართული მხოლოდ ხორცპროდუქტების გატანა უნდა გახდეს.

სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სათბურის გაზის შეღავათიანი ტარიფის შემოღება და სასათბურე კონსტრუქციების განვადების დაკრედიტება ბანკების მიერ მისაღები პროცენტით. 30 წელი ხალხი და ქვეყანა ვიყავით ბანკების სამსახურში. დროა, ბანკები ჩადგნენ ქვეყნის სამსახურში და დააკრედიტონ ეკონომიკის რეალური სექტორი ანუ მრეწველობა. კომუნალური ტარიფები (გაზი, დენი, წყალი) ბიზნესისთვის უნდა გაიაფდეს – სხვაგვარად ეკონომიკა ვერ განვითარდება.

წყარო: For.ge

мир
კანადის პრემიერის მარკ კარნის ისტორიული გამოსვლა დავოსში
,, სასიამოვნოც არის და ვალდებულებაც — თქვენთან ყოფნა ამ გარდამტეხ მომენტში, როგორც კანადისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.
დღეს ვისაუბრებ მსოფლიო წესრიგის რღვევაზე, „ლამაზი ისტორიის“ დასრულებაზე და იმ მკაცრი რეალობის დასაწყისზე, სადაც გეოპოლიტიკა აღარ ექვემდებარება არანაირ შეზღუდვას.
მაგრამ ამავე დროს გეუბნებით: სხვა ქვეყნები — განსაკუთრებით საშუალო ძალის სახელმწიფოები, როგორიცაა კანადა — უძლურნი არ არიან. მათ აქვთ უნარი, შექმნან ახალი წესრიგი, რომელიც გააცოცხლებს ჩვენს ღირებულებებს: ადამიანის უფლებების პატივისცემას, მდგრად განვითარებას, სოლიდარობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობას.
ნაკლებად ძლიერთა ძალა იწყება სიმართლით.
ყოველდღე გვახსენებენ, რომ ვცხოვრობთ დიდი ძალების დაპირისპირების ეპოქაში. რომ წესებზე დაფუძნებული წესრიგი ქრება. რომ ძლიერები აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ, ხოლო სუსტები იტანენ იმას, რაც უწევთ.
დიდეს ეს აფორიზმი თითქოს გარდაუვალობადაა წარმოდგენილი — საერთაშორისო ურთიერთობების ბუნებრივი ლოგიკა, რომელიც კვლავ იჩენს თავს. და ამ ლოგიკის წინაშე ქვეყნებს ხშირად უჩნდებათ ცდუნება „შეუერთდნენ დინებას“: მოერგონ, თავი აარიდონ პრობლემებს, იფიქრონ, რომ მორჩილება უსაფრთხოებას მოუტანთ.
არ მოუტანს.
მაშ, რა არჩევანი გვაქვს?
1978 წელს ჩეხმა დისიდენტმა ვაცლავ ჰაველმა დაწერა ესსე სახელწოდებით „უძლურთა ძალა“. მან მარტივი კითხვა დასვა: როგორ ახერხებდა კომუნისტური სისტემა არსებობას?
მისი პასუხი იწყებოდა ბოსტნეულის გამყიდველით. ყოველ დილით ის მაღაზიის ვიტრინაში აკრავს პლაკატს: „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ მას არ სჯერა ამის. არავის სჯერა. მაგრამ მაინც აკრავს — პრობლემების თავიდან ასაცილებლად, მორჩილების საჩვენებლად, „რათა საქმე მშვიდად წავიდეს“. და რადგან ყველა ქუჩაზე ყველა მაღაზია იგივეს აკეთებს, სისტემა გრძელდება.
არა მხოლოდ ძალადობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ჩვეულებრივი ადამიანები მონაწილეობენ რიტუალებში, რომლებიც თავადაც იციან, რომ სიცრუეა.
ჰაველმა ამას უწოდა „ცხოვრება სიცრუეში“. სისტემის ძალა მოდის არა მისი სიმართლისგან, არამედ ყველას მზადყოფნისგან, მოიქცეს ისე, თითქოს ის მართალია. და მისი მყიფეობაც აქედან მოდის: როგორც კი ერთი ადამიანი შეწყვეტს ამ თამაშს — როგორც კი ბოსტნეულის გამყიდველი ჩამოხსნის პლაკატს — ილუზია იწყებს ბზარვას.
დროა კომპანიებმა და ქვეყნებმა ჩამოხსნან თავიანთი პლაკატები.
ათწლეულების განმავლობაში ქვეყნები, როგორიცაა კანადა, სარგებლობდნენ იმით, რასაც წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ვუწოდებდით. ჩვენ შევედით მის ინსტიტუტებში, ვაქებდით მის პრინციპებს და ვიღებდით სარგებელს მისი პროგნოზირებადობისგან. მისი დაცვის ქვეშ შეგვეძლო ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოება.
ვიცოდით, რომ ეს ისტორია ნაწილობრივ მცდარი იყო. რომ ძლიერები საჭიროებისამებრ თავს ითავისუფლებდნენ წესებისგან. რომ სავაჭრო წესები ასიმეტრიულად სრულდებოდა. და რომ საერთაშორისო სამართალი სხვადასხვა სიმკაცრით ვრცელდებოდა — იმის მიხედვით, ვინ იყო ბრალდებული ან მსხვერპლი.
ეს ფიქცია სასარგებლო იყო, და განსაკუთრებით ამერიკული ჰეგემონია უზრუნველყოფდა საზოგადოებრივ სიკეთეებს: ღია საზღვაო გზებს, სტაბილურ ფინანსურ სისტემას, კოლექტიურ უსაფრთხოებას და დავების გადაწყვეტის ჩარჩოებს.
ამიტომაც დავკიდეთ პლაკატი. ჩავერთეთ რიტუალებში. და უმეტესად თავი ავარიდეთ რიტორიკასა და რეალობას შორის არსებული უფსკრულის გამოძახილს.
ეს შეთანხმება აღარ მუშაობს.
პირდაპირ ვიტყვი: ჩვენ ვცხოვრობთ რღვევის და არა გარდამავალი ეტაპის ეპოქაში.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ფინანსურმა, ჯანდაცვის, ენერგეტიკულმა და გეოპოლიტიკურმა კრიზისებმა გამოავლინა უკიდურესი გლობალური ინტეგრაციის რისკები.
ახლახან კი დიდმა ძალებმა ინტეგრაცია იარაღად აქციეს: ტარიფები — ბერკეტად, ფინანსური ინფრასტრუქტურა — ზეწოლის საშუალებად, მიწოდების ჯაჭვები — სისუსტედ, რომელსაც ექსპლუატაციას უკეთებენ.
შეუძლებელია „იცხოვრო სიცრუეში“ ურთიერთსასარგებლო ინტეგრაციის შესახებ, როდესაც ინტეგრაცია შენი დაქვემდებარების წყაროდ იქცევა.
მრავალმხრივი ინსტიტუტები, რომელზეც საშუალო ძალები ეყრდნობოდნენ — WTO, გაერო, COP — მნიშვნელოვნად დასუსტებულია.
შედეგად, ბევრი ქვეყანა ერთსა და იმავე დასკვნამდე მიდის: საჭიროა მეტი სტრატეგიული ავტონომია — ენერგიაში, საკვებში, კრიტიკულ მინერალებში, ფინანსებში და მიწოდების ჯაჭვებში.
ეს იმპულსი გასაგებია. ქვეყანას, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი თავის გამოკვება, ენერგიით უზრუნველყოფა ან დაცვა, არჩევანი თითქმის არ აქვს. როცა წესები აღარ გიცავს, თავად უნდა დაიცვა თავი.
მაგრამ ნათლად დავინახოთ, სად მივყავართ ამას: ციხე-სიმაგრეების სამყარო უფრო ღარიბი, უფრო მყიფე და ნაკლებად მდგრადი იქნება.
და კიდევ ერთი სიმართლე არსებობს: თუ დიდი ძალები საბოლოოდ უარს იტყვიან წესებისა და ღირებულებების თუნდაც ფორმალურ შენარჩუნებაზე და დაუბრკოლებლად მიჰყვებიან ძალასა და ინტერესებს, „ტრანზაქციონალიზმის“ სარგებელი სულ უფრო რთული გასამეორებელი გახდება. ჰეგემონები ვერ შეძლებენ უსასრულოდურთიერთობების მონეტიზაციას.
მოკავშირეები დაიწყებენ დივერსიფიკაციას, გაურკვევლობისგან დაზღვევას, არჩევანის გაზრდას. ეს აღადგენს სუვერენიტეტს — სუვერენიტეტს, რომელიც ადრე წესებზე იყო დაფუძნებული, ხოლო ახლა უფრო მეტად უნარზე იქნება დამყარებული, გაუძლოს ზეწოლას.
როგორც ვთქვი, ეს კლასიკური რისკმენეჯმენტი ფასიანი სიამოვნებაა, მაგრამ სტრატეგიული ავტონომიის, სუვერენიტეტის ეს ფასი შეიძლება გაზიარებული იყოს. კოლექტიური ინვესტიციები მდგრადობაში იაფია, ვიდრე ყველასთვის საკუთარი ციხის აშენება. საერთო სტანდარტები ამცირებს ფრაგმენტაციას. ურთიერთშემავსებლობა დადებითი ჯამია.
საშუალო ძალებისთვის, როგორიცაა კანადა, კითხვა არ არის — მოვერგოთ თუ არა ახალ რეალობას. უნდა მოვერგოთ. კითხვა ის არის: მოვერგებით მხოლოდ კედლების ამაღლებით, თუ შევძლებთ უფრო ამბიციურს?
კანადა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გამოფხიზლების ზარს მოუსმინა და საფუძვლიანად შეცვალა სტრატეგიული პოზიცია.
კანადელებმა იციან, რომ ძველი, კომფორტული დაშვება — თითქოს გეოგრაფია და ალიანსები ავტომატურად გვაძლევდა კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას — აღარ არის მართებული.
ჩვენი ახალი მიდგომა ეფუძნება იმას, რასაც ალექსანდერ სტუბი „ღირებულებებზე დაფუძნებულ რეალიზმს“ უწოდებს — სხვაგვარად რომ ვთქვათ, გვინდა ვიყოთ პრინციპულიც და პრაგმატულიც.
პრინციპულები — ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ ერთგულებაში: სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ძალის გამოყენების აკრძალვა გაეროს ქარტიის ფარგლებს გარეთ, ადამიანის უფლებების პატივისცემა.
პრაგმატულები — იმ რეალობის აღიარებაში, რომ პროგრესი ხშირად ეტაპობრივია, ინტერესები განსხვავდება და ყველა პარტნიორი ჩვენს ღირებულებებს არ იზიარებს. ჩვენ ფართოდ და სტრატეგიულად ვურთიერთობთ, გახელილი თვალებით. ვმოქმედებთ სამყაროში ისეთად, როგორიც არის — და არ ველოდებით ისეთ სამყაროს, როგორიც გვინდა რომ იყოს.
კანადა აკალიბრებს ურთიერთობებს ისე, რომ მათი სიღრმე ასახავდეს ჩვენს ღირებულებებს. ჩვენ ვანიჭებთ პრიორიტეტს ფართო ჩართულობას, რათა მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი გავლენა — მსოფლიო წესრიგის რისკებისა და მომავალი ფსონების გათვალისწინებით.
ჩვენ აღარ ვეყრდნობით მხოლოდ ჩვენი ღირებულებების ძალას — არამედ ჩვენი ძალის ღირებულებასაც.
ჩვენ ვაშენებთ ამ ძალას შინ.
ჩემი მთავრობის მოსვლის შემდეგ შევამცირეთ გადასახადები შემოსავლებზე, კაპიტალურ მოგებაზე და ბიზნესინვესტიციებზე; მოვხსენით ყველა ფედერალური ბარიერი შიდაპროვინციულ ვაჭრობაში; დაჩქარებული წესით ვახორციელებთ ტრილიონი დოლარის ინვესტიციებს ენერგეტიკაში, ხელოვნურ ინტელექტში, კრიტიკულ მინერალებში, ახალ სავაჭრო დერეფნებსა და სხვა სფეროებში.
2030 წლამდე ვაორმაგებთ თავდაცვის ხარჯებს და ამას ვაკეთებთ ისე, რომ გავაძლიეროთ შიდა ინდუსტრიები.
ჩვენ სწრაფად ვახდენთ დივერსიფიკაციას საერთაშორისო ასპარეზზე. გავაფორმეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ევროკავშირთან, მათ შორის შევუერთდით SAFE-ს — ევროპის თავდაცვის შესყიდვების სისტემას.
ბოლო ექვს თვეში ოთხ კონტინენტზე თორმეტი სხვა სავაჭრო და უსაფრთხოების შეთანხმება გავაფორმეთ.
ბოლო დღეებში კი ახალი სტრატეგიული პარტნიორობები დავამყარეთ ჩინეთთან და ყატართან.
ვაწარმოებთ თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებებს ინდოეთთან, ASEAN-თან, ტაილანდთან, ფილიპინებთან, მერკოსურთან.
გლობალური პრობლემების გადასაჭრელად ვიყენებთ „ცვლად გეომეტრიას“ — სხვადასხვა საკითხზე სხვადასხვა კოალიციებს, ღირებულებებსა და ინტერესებზე დაყრდნობით.
უკრაინასთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ მსურველთა კოალიციის ბირთვული წევრი და ერთ-ერთი უდიდესი ერთ სულ მოსახლეზე დამცველი და უსაფრთხოების მხარდამჭერი.
არქტიკის სუვერენიტეტზე ჩვენ მტკიცედ ვდგავართ გრენლანდიასა და დანიასთან ერთად და სრულად ვუჭერთ მხარს გრენლანდიის უნიკალურ უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ჩვენი ერთგულება მეხუთე მუხლის მიმართ ურყევია.
ჩვენ ვმუშაობთ ნატოს მოკავშირეებთან (მათ შორის სკანდინავიურ-ბალტიურ ქვეყნებთან ), რათა კიდევ უფრო გავამაგროთ ალიანსის ჩრდილოეთი და დასავლეთი ფლანგები — მათ შორის უპრეცედენტო ინვესტიციებით ზეჰორიზონტულ რადარებში, წყალქვეშა ნავებში, ავიაციაში და ადგილზე განლაგებულ ძალებში. კანადა მკაცრად ეწინააღმდეგება გრენლანდიასთან დაკავშირებულ ტარიფებს და მოითხოვს მიზნობრივ მოლაპარაკებებს არქტიკის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საერთო მიზნების მისაღწევად.
პლურილატერალურ ვაჭრობაში ჩვენ ვუჭერთ მხარს ძალისხმევას, შეიქმნას ხიდი ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობასა და ევროკავშირს შორის — ახალი სავაჭრო ბლოკი 1.5 მილიარდი ადამიანისთვის.
კრიტიკულ მინერალებზე ვქმნით მყიდველთა კლუბებს G7-ის ფარგლებში, რათა მსოფლიო გათავისუფლდეს კონცენტრირებული მიწოდებისგან.
ხელოვნურ ინტელექტში ვთანამშრომლობთ თანამოაზრე დემოკრატიებთან, რათა საბოლოოდ არ დაგვჭირდეს არჩევანი ჰეგემონებსა და ჰიპერსკეილერებს შორის.
ეს არ არის გულუბრყვილო მულტილატერალიზმი. არც დასუსტებულ ინსტიტუტებზე დაყრდნობა. ეს არის მოქმედი კოალიციების აშენება — საკითხიდან საკითხამდე — პარტნიორებთან, ვისთანაც საკმარისი საერთო გვაქვს ერთობლივი მოქმედებისთვის. ზოგ შემთხვევაში ეს იქნება ქვეყნების დიდი უმრავლესობა.
და ეს არის ვაჭრობის, ინვესტიციისა და კულტურის მჭიდრო ქსელის შექმნა, რომელზეც მომავალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებში დავეყრდნობით.
საშუალო ძალებმა ერთად უნდა იმოქმედონ, რადგან თუ მაგიდასთან არ ხარ, მენიუში ხარ.
დიდ ძალებს შეუძლიათ მარტო თამაში — მათ აქვთ ბაზრის ზომა, სამხედრო შესაძლებლობები და ბერკეტები პირობების დასაწესებლად. საშუალო ძალებს — არა.
და როცა ჰეგემონთან მხოლოდ ორმხრივად ვლაპარაკობთ, სუსტ პოზიციაში ვიმყოფებით, ვიღებთ იმას, რასაც გვთავაზობენ. ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ იქნება უფრო დამყოლი.
ეს არ არის სუვერენიტეტი. ეს არის სუვერენიტეტის თამაში დაქვემდებარების მიღებით.
დიდ ძალათა კონკურენციის სამყაროში შუაში მყოფ ქვეყნებს არჩევანი აქვთ: ერთმანეთს შეეჯიბრონ კეთილგანწყობისთვის, თუ გაერთიანდნენ და შექმნან მესამე გზა — გავლენიანი გზა.
მყარ ძალაზე ზრდამ არ უნდა დაგვაბრმავოს იმ ფაქტის მიმართ, რომ ლეგიტიმურობის, მთლიანობისა და წესების ძალა კვლავ ძლიერი დარჩება — თუ ერთად ავამოქმედებთ.
და აქ ვუბრუნდები ჰაველს.
რას ნიშნავს საშუალო ძალებისთვის „ცხოვრება სიმართლეში“?
ეს ნიშნავს რეალობის სახელის დარქმევას. შეწყვიტეთ „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის“ მოხმობა ისე, თითქოს ის კვლავ მუშაობს ისე, როგორც აღწერილია. უწოდეთ სისტემას ის, რაც არის: დიდი ძალების მზარდი კონკურენციის პერიოდი, სადაც ყველაზე ძლიერები ეკონომიკურ ინტეგრაციას ზეწოლის იარაღად იყენებენ.
ეს ნიშნავს თანმიმდევრულ მოქმედებას. ერთნაირი სტანდარტების გამოყენებას მოკავშირეებსა და მეტოქეებზე. როცა საშუალო ძალები აკრიტიკებენ ეკონომიკურ ზეწოლას ერთი მხრიდან და დუმილს ინარჩუნებენ მეორეზე — ისინი კვლავ ტოვებენ პლაკატს ფანჯარაში.
ეს ნიშნავს იმის აშენებას, რისიც გვჯერა. ძველი წესრიგის დაბრუნების მოლოდინის ნაცვლად — ისეთი ინსტიტუტებისა და შეთანხმებების შექმნას, რომლებიც რეალურად მუშაობს.
და ეს ნიშნავს ზეწოლის ბერკეტების შემცირებას. ძლიერი შიდა ეკონომიკის აშენება ყოველთვის უნდა იყოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. საერთაშორისო დივერსიფიკაცია არა მხოლოდ ეკონომიკური წინდახედულობაა — ეს არის გულწრფელი საგარეო პოლიტიკის მატერიალური საფუძველი. ქვეყნები იმსახურებენ პრინციპულ პოზიციებს მაშინ, როცა ამცირებენ საკუთარ მოწყვლადობას შურისძიების მიმართ.
კანადას აქვს ის, რაც მსოფლიოს სჭირდება. ჩვენ ენერგეტიკული ზესახელმწიფო ვართ. გვაქვს კრიტიკული მინერალების უზარმაზარი მარაგი. გვყავს მსოფლიოში ყველაზე განათლებული მოსახლეობა. ჩვენი საპენსიო ფონდები მსოფლიოში ყველაზე მსხვილი და დახვეწილია. გვაქვს კაპიტალი, ტალანტი და მთავრობა, რომელსაც აქვს უზარმაზარი ფისკალური შესაძლებლობები გადამწყვეტი მოქმედებისთვის.
და გვაქვს ღირებულებები, რომელთა მიმართ სხვები ისწრაფვიან.
კანადა არის პლურალისტური საზოგადოება, რომელიც მუშაობს. ჩვენი საჯარო სივრცე ხმაურიანი, მრავალფეროვანი და თავისუფალია. კანადელები კვლავ ერთგულნი არიან მდგრადობის.
ჩვენ ვართ სტაბილური, სანდო პარტნიორი — სამყაროში, რომელიც ასეთად აღარ არის — პარტნიორი, რომელიც ურთიერთობებს აშენებს და აფასებს გრძელვადიან პერსპექტივაში.
კანადას აქვს კიდევ რაღაც: გააზრება იმისა, რაც ხდება, და გადაწყვეტილება, იმოქმედოს შესაბამისად.
ჩვენ გვესმის, რომ ეს რღვევა უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე ადაპტაციას. ის მოითხოვს გულწრფელობას სამყაროს მიმართ — ისეთად, როგორიც არის.
ჩვენ ვიღებთ პლაკატს ფანჯრიდან.
ძველი წესრიგი აღარ დაბრუნდება. არ უნდა ვიგლოვოთ იგი. ნოსტალგია არ არის სტრატეგია.
მაგრამ ბზარიდან შეგვიძლია ავაშენოთ რაღაც უკეთესი, ძლიერი და უფრო სამართლიანი.
ეს არის საშუალო ძალების ამოცანა — მათ აქვთ ყველაზე მეტი დასაკარგი ციხე-სიმაგრეების სამყაროში და ყველაზე მეტი მოსაპოვებელი ნამდვილი თანამშრომლობის სამყაროში.
ძლიერებს აქვთ თავიანთი ძალა. მაგრამ ჩვენც გვაქვს რაღაც — უნარი, შევწყვიტოთ მოჩვენება, დავარქვათ სახელი რეალობას, გავაძლიეროთ საკუთარი თავი შინ და ვიმოქმედოთ ერთად.
ეს არის კანადის გზა. ჩვენ მას ღიად და თავდაჯერებულად ვირჩევთ.
და ეს არის გზა, რომელიც ღიაა ნებისმიერი ქვეყნისთვის, ვინც მზად არის, მას ჩვენთან ერთად დაადგეს.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати