USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
კონსტანტინე გამსახურდია: რუსული "რბილი ძალა" ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ ეროვნულ-ინდეპენდისტური მოძრაობა არ ღირდა
Date:  935

ავტორი: კონსტანტინე გამსახურდია

დღეს რუსული "რბილი ძალა" (ჯერჯერობით "რბილი", თორემ ვიცით, გამოგვიცდია მათი ხისტი მეთოდებიც) რომელიც მოსინჯვის რეპეტიციებს ატარებს ქართული სახელმწიფოს ჩამოსაშლელად - და ახლახანს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთ ასეთ მცდელობად უნდა შეფასდეს - ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ ეროვნულ-ინდეპენდისტური მოძრაობა არ ღირდა. რამდენ შარს და გაჭირვებას, რამდენ უსიამოვნებას აცდებოდით ქართველებო? თითქოს ცინიკურად გვეკითხებიან ისინი და იგივე აზრს უფრო მძიმე და შეურაცხმყოფელი ფორმით აწერინებენ თავიანთ ტროლებს.
როდესაც საქართველოს სტატუსზე და მის მდგომარეობაზე მსჯელობენ ჯერ ცარისტულ ეპოქაში, 1801-1917 წლებში, ასევე საბჭოთა სოციალიზმის დროს, 1921-1990 წლებში, ხშირად იყენებენ ტერმინს "კოლონიალიზმი". ეს ტერმინი ძირშივე მცდარია და უვარგისია რუსეთი იმპერიასთან - მის როგორც ცარისტულ, ისე ბოლშევიკურ სახესხვაობასთან მიმართებაში. ის არც პოსტოკომუნისტურ ანუ დღევანდელი რუსეთის ფორმაციასთან მიმართებაში ივარგებს.
კოლონიებში არც ბრიტანელები, არც ფრანგები, არც პორტუგალიელები, არც ჰოლანდიელები, არც გერმანელები არ ცდილობდნენ იმ ხალხების ასიმილირებას და მათი ტერიტორიების საბოლოო მიერთებას, რომლებიც ცხოვრობდნენ კოლონიებში. კოლონიზატორმა იცოდა, რომ კოლონიის დატოვება ადრე თუ გვიან მოუწევს. ის დადებითი თუ უარყოფითი კვალი, რომელიც კოლონისტებმა თავიანთი ადმინისტრირების ქვეშ მყოფ კოლონიებში დატოვეს, მოგვიანებით აღმოჩნდა ტრიგერი მიგრანტების უზარმაზარი ნაკადების გადასვლისთვის ევროპულ ქვეყნებში. დღეს გასაკვირი არ არის ბრიტანეთში ინდოელების, პაკისტანელების, აფრიკელების თუ სხვა ქვეყნებიდან წამოსული მიგრანტების დიდი რაოდენობა. საფრანგეთში ასევე ცხოვრობენ არაბული მაღრიბიდან, აფრიკიდან წამოსული ადამიანები და ა.შ.
რუსეთთან მიმართებაში სულ სხვა სიტუაციაა. რუსეთი კოლონიას არ ქმნიდა, იგი უბრალოდ ფართოვდებოდა. რუსეთი ან სრულ ასიმილაციას სთავაზობდა დაპყრობილ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხებს, ან გარკვეულ შეზღუდულ, უვნებელ ნაციონალიზმსაც კი დაუშვებდა, რომელიც რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს და ადგილობრივ სამხედრო-პოლიტიკურ ადმინისტრაციას საფრთხეს არ შეუქმნიდა. რა თქმა უნდა ასეთი კასტრირებული ნაციონალიზმი ადრე თუ გვიან სულს დაღაფავდა და ასიმილაციით დაგვირგვინდებოდა. და რა იყო ამ ასიმილაციის მიზანი? ამას პირდაპირ გვასწავლიდნენ: "საბჭოთა ხალხი, როგორც ახალი ისტორიული ერთობა", რაც სინამდვილეში რუსი, რუსულენოვანი ხალხი იყო.
დარწმუნებული ვარ, საქართველო რომელიმე აღნიშნული ევროპული ქვეყნის კოლონია რომ ყოფილიყო და არა რუსეთის ნადავლი ქვეყანა, მისი დეკოლონიზაცია დიდხანს გაგრძელდებოდა და წარმატებით დასრულდებოდა. მიჭირს თქმა როგორი იქნებოდა ორ გუბერნიად ქცეული საქართველოს ბედი იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის იმპერია გადალახავდა 1917 წლის კრიზისს და შედარებით დემოკრატიულ რელსებზე გადავიდოდა - რახან ისტორია სხვაგვარად განვითარდა და ჩვენ მხოლოდ ჰიპოთეტიკაში ვართ, აქაც ყველაფერი ღიაა. სრულიად შესაძლებელია, ეტაპობრივად მომხდარიყო ქართული სახელმწიფოს რესტავრაცია, თუმცა საპირისპირო ოფციაც შესაძლებელია.
საბჭოთა სინამდვილეს ჰქონდა თავისი მშვიდი და სტაბილური მხარე, თავისი ე.წ. წესრიგი. ასე თუ ისე ფუნქციონირებადი ერთპარტიული მმართველობითი სისტემა, მკაცრად ცენტრალიზებული, გეგმიური ეკონომიკა, სოცქვეყნების საერთო ბაზარი, ვარშავის ხელშეკრულებაზე დაფუძნებული თავდაცვის ორგანიზაცია. ის, რასაც "სოციალისტური სისტემა ერქვა" სინამდვილეში იყო ფეოდალიზმის დეკადენტური ფორმების და სახელმწიფო კაპიტალიზმის ცალკეული ელემენტების უცნაური სინთეზი, დაფუძნებული ტოტალურ მორჩილებაზე და იდეოლოგიზირებულ სიცრუეზე. ცხოვრების სტანდარტი დაახლოებით იყო განვითარებულ ევროპა-ამერიკა-იაპონიასა და აზია-აფრიკის "მესამე სამყაროს" ქვეყნებს შორის. ამიტომაც სსრკ-ს და სოცქვეყნებს "მეორე სამყარო" ერქვათ.
ამ ყოველივესთან ერთად პარალელურ სივრცეში არსებულ საბჭოურ კოშმარს არ ახსენებენ. საბჭოთა უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ორგანოები არეულობების, როგორც მოცემულობის ძირშივე პრევენციის და აღმოფხვრის მიზნით ხშირად მიმართავდნენ დრაკონულ ზომებს. ესვე იყო საზოგადოებრივი წესრიგის ანუ რეჟიმის ძირითადი მატრიცა. (როგორც ანეგდოტშია, მოლა ნასრედინი ბავშვს მხოლოდ იმიტომ სცემს, რომ ხეზე არ ავიდეს) ამასთან მათი ამოცანა იყო ადამიანების იმდენად იდეოლოგიზება, რომ მათში საერთოდ ჩაკლულიყო უნარი რაიმე აზრის ან შეხედულების წამოქმნისა. კულტურაში მოქმედებდა მკაცრი ცენზურა და ვისაც ამის უფლებას მიეცემოდა ზემოდან, მასვე შეეძლო რამდენადმე გასცდენოდა ცენზურის ჩარჩოს. თუკი ამას უნებართვოდ თავზე აიღებდა, მერე უკვე დაისჯებოდა. გაყალბებული იყო ისტორია, ტოტალურად მოთვინიერებული მწერლობა. რელიგიურ ინსტიტუციებში შეგზავნილი იყო აგენტურა და ისინი გამოიყენებოდა სსრკ-ს საგარეო-პოლიტიკური მიზნებისთვის.
ამის სიტუაციის შესახებ ზ. გამსახურდიას და მ. კოსტავას თვითგამოცემაში დაბეჭდილი აქვთ ვინმე დიდებულიძის (აშკარად ფსევდონიმია) ლექსი "ჩემი თაობა". ეს ტექსტი, რომელიც ბოლო ხანებში პეტრე გრუზინსკისაც კი მიეწერა, კარგად მოგვითხრობს საბჭოეთის ცხოვრებაზე და არა ისე, როგოროც "სოვკოების" ნარატივშია: იქ ყველაფერი კარგად იყო.
"ჩემი თაობა".
შიშში აღზრდილი,
უნდობლობით დაკაცებული,
ციხის მუქარით გამწარებული
მე მეცოდება კასტრირებული ჩემი თაობა,
ვისაც ღალატად უთვლიდნენ სინდისს
და უმეცრებად გამბედაობას.
სხვისი ბრძანებით ნამღერი ჰიმნით,
სხვისი კარნახით წაკითხულ წიგნით,
დობერმანივით ერთნაირი გარეთ თუ შიგნით
მე მეცოდება კასტრირებული ჩემი თაობა.
ან გაყიდული სულით ხორცამდე,
ან ციხე-ციხე ნათრევ-ნაცემი,
ან დარდით ღვინის კასრში ჩამხრჩვალი,
ან ჩინ-მედლებით სავსე, გამცემი.
რაც ჰქონდა წმინდა -
ყველაფერი ხალხში დაობდა,
თან მეზიზღება, თან მეცოდება
ჩემი თავიც და ჩემი თაობაც.
რა გააჩნია, რა დატოვოს, რა გაიხსენოს,
პირუტყვის შიში, გადამდები სენი - საზარი,
თუ თავის ლანდი ცისფერ ქუდით, რუხი მაზარით
და სასაკლაო უზარმაზარი,
თუ თავის ყოფის სირცხვილი და არარაობა?!
მე მეცოდება კასტრირებული ჩემი თაობა.
დღეს თამაშია ვნებათა ღელვის,
მხოლოდ თამაში,
გრძელი, გაბმული,
სურვილი იმის, რაც სულს აკლია,
ეს სპექტაკლია
ცუდად დადგმული
და ყალბი ასლი სინამდვილისა.

analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way