USD 2.6577
EUR 3.0768
RUB 3.6692
Tbilisi
კონკურსის „საქართველოს საუკეთესო სომელიე" გამარჯვებული საბა ქიტიაშვილი გახდა
Date:  1026

კონკურსი საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.
კონკურსში 10 სომელიე მონაწილეობდა, რომელთაგან სამი ფინალურ ეტაპზე გადავიდა. საკონკურსო დავალებების შედეგების შეჯამების შედეგად,  ჟიურის გადაწყვეტილებით, 2024 წლის საქართველოს საუკეთესო სომელიე  საბა ქიტიაშვილი გახდა.  
კონკურსის ჟიურის წევრმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ სომელიეს პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში ის ერთ-ერთ განსაკუთრებულ როლს თამაშობს.
„კონკურსი უკვე მეოთხედ გაიმართა, რაც ნიშნავს, რომ ის უკვე წარმატებით დამკვიდრდა საქართველოს ღვინის ინდუსტრიაში. სომელიეს პროფესია აქტიურად ვითარდება, რადგან სწორედ სომელიე წარუდგენს მომხმარებელს ღვინოს და გადასცემს ინფორმაციას ღვინის ხარისხზე, მის კულტურასა და ისტორიაზე. ამ პროფესიის ადამიანია უშუალო შუამავალი ღვინის მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის და საქართველოში ღვინის სწორი მოხმარების კულტურის დასანერგად, რაშიც სომელიეებს დიდი როლი აკისრიათ“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
„ღონისძიება საქართველოში სომელიეთა საუკეთესო უნარებისა და პროფესიონალიზმის წარმოჩენას ემსახურება. ის მიზნად ისახავს არა მხოლოდ საუკეთესო სომელიეს გამოვლენას, არამედ სომელიეების პროფესიული ზრდისა და განვითარების მხარდაჭერას, რაც ქართული ღვინის კულტურის პოზიციების გაძლიერებას უწყობს ხელს მსოფლიო ღვინის სცენაზე. გამარჯვებული 2026 წელს ლისაბონში დაგეგმილ მსოფლიო სომელიეთა კონკურსზე წარადგენს საქართველოს“, - აღნიშნა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმა. მან ხაზი გაუსვა მეღვინეობის დარგში იმ პროფესიული და საგანმანათლებლო პროგრამების აუცილებლობას, რომლებიც სწორედ საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ხორციელდება.
საქართველოს სომელიეთა ასოციაცია (GSA) 2003 წელს შეიქმნა; 2008 წლიდან არის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) წევრი, რომელიც აერთიანებს 63 ქვეყანას. GSA საქართველოში ღვინის რამდენიმე საგანმანათლებლო სასწავლო კურსის ინიციატორია, მათ შორის, „ქართული ღვინო“, „International Sommelier“, „WSET“ და სხვა. სომელიეთა ასოციაცია, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, არაერთ პროექტს ახორციელებს.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way