USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
თბილისი
კონდოლიზა რაისი და რობერ გეიტსი - დრო უკრაინის მხარეზე არ არის
თარიღი:  620

ამერიკულმა გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“ (The Washington Post) 7 იანვარს გამოაქვეყნა სტატია სათაურით „დრო უკრაინის მხარეზე არ არის“ (ავტორები - კონდოლიზა რაისი და რობერტ გეიტსი). მასში გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობა, მოცემულია გარკვეული შეფასებები, პროგნოზები, ასევე რეკომენდაციები, თუ რა უნდა გააკეთონ აშშ-მა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, უკრაინის დასახმარებლად და ვლადიმერ პუტინის დასამარცხებლად. აქვე შეგახსენებთ, რომ კონდოლიზა რაისი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იყო 2005 წლიდან 2009 წლამდე, ხოლო რობერტ გეითსი - აშშ-ის თავდაცვის მინისტრი 2006 წლიდან 2011 წლამდე.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის ომთან დაკავშირებით დღეს, ერთადერთი, რაშიც შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, ისაა, რომ საბრძოლო მოქმედებები და ნგრევა გაგრძელდება.

ვლადიმერ პუტინს თავისი მიზნები არ შეუცვლია - ის ძველებურად ფიქრობს უკრაინა რუსეთის კონტროლქეშ დააბრუნოს, ან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისე გაანადგუროს, რომ სიცოცხლის უნარი აღარ ჰქონდეს. პრეზიდენტს სჯერა, რომ თავის ისტორიულ, მესიანურ მისიას ასრულებს, რაც რუსეთის იმპერიის აღდგენით გამოიხატება. ამ მისიის შესრულება კი, როგორც მრავალი წლის წინ ზბიგნევ ბჟეზინსკიმ აღნიშნა,  უკრაინის გარეშე შეუძლებელია.

ჩვენ ორივეს არაერთხელ გვქონია საქმე ვლადიმერ პუტინთან და დარწმუნებულნი ვართ. რომ დრო მის მხარეზეა: მას შეუძლია დაქანცოს და წელში გატეხოს უკრაინა, მას სჯერა, რომ საბოლოოდ ევროპისა და აშშ-ის ერთიანობა უკრაინის დასახმარებლად შესუსტდება და ბზარები გაუჩნდება. რა თქმა უნდა, ომის გაგრძელებით რუსეთის ეკონომიკა და მოსახლეობაც დაზარალდება, მაგრამ რუსებს უარესიც ბევრჯერ უნახავთ და გადაუტანიათ.

ვლადიმერ პუტინისათვის დამარცხება არცერთი ვარიანტი არ არის. მას არ შეუძლია უკრაინას ოთხი ოლქი დაუბრუნოს, რომელიც მან რუსეთის კუთვნილებად გამოაცხადა. თუ იგი მიმდინარე წელს სამხედრო წარმატებას ვერ მიაღწევს, მაშინ მან უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეტ ნაწილებში ისეთი პოზიციები მაინც უნდა შეინარჩუნოს, რომლებიც სამომავლოდ შეტევითი მოქმედების განახლებისათვის დაჭირდება: ქვეყნის შავიზღვისპირა დარჩენილი ნაწილის ხელში ჩასაგდებად, დონბასის მთლიანად გასაკონტროლებლად, შემდეგ კი დასავლეთისკენ წინსვლის მიზნით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყირიმის მიტაცებიდან რუსეთის არმიის შეჭრამდე რვა წელი გავიდა, პუტინისათვის ომის ერთ წელს მნიშვნელობა არ აქვს. იგი კიდევ მოითმენს, რომ თავისი დანიშნულების შესრულებას მიაღწიოს.

ამასობაში კი, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა გმირულად უწევს წინააღმდეგობას რუსეთის არმიას და უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალედ გამოავლინეს საკუთარი შესაძლებლობები, ქვეყნის ეკონომიკა სულ უფრო და უფრო ინგრევა და ზარალდება. მილიონობით მცხოვრები საზღვარგარეთ არის გაქცეული, მისი ინფრასტრუქტურა იშლება და ნადგურდება, ხოლო ბუნებრივი სიმდიდრეების მნიშვნელოვანი ნაწილი, მთავარი სამრეწველო რეგიონები, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები რუსეთის კონტროლქვეშ არის მოქცეული. უკრაინის სამხედრო პოტენციალი და ეკონომიკა თითქმის მთლიანად დასავლურ მიწოდებებზეა დამოკიდებული, პირველ რიგში, აშშ-ის მიერ გაწეულ დახმარებაზე. და თუ უკრაინა რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში რაიმე მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებას ვერ მიაღწევს, თუ სიტუაცია ჩიხში მოექცევა, უეჭველია, დასავლეთის ზეწოლა კიევზე გაიზრდება - მოლაპარაკებისა და ცეცხლის შეწყვეტის მიზნით. ამასთან, რა თქმა უნდა, დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, ცეცხლის შეწყვეტას რუსეთის არმია თავისი გაძლიერებისთვის გამოიყენებს და სამომავლო შეტევისათვის მოემზადება. ეს მიუღებელია.

ერთადერთი შესაძლებლობა იმისა, რომ აშშ-სა და მისი მოკავშირეებისათვის ასეთი სცენარის განვითარება თავიდან იქნეს აცილებული, ისაა, რომ უკრაინას სასწრაფოდ და მკვეთრად უნდა გაეზარდოს იარაღისა და იმ ყველაფრის მიწოდება, რაც საკმარისი იქნება რუსეთის არმიის შეტევების შესაჩერებლად და რუსული ჯარის უკან დასახევად ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში. კონგრესმა უკვე საკმაო რაოდენობის ფული გამოყო კიევისათვის მისაცემი იარაღის ფასის გადასახდელად. ახლა მთავარია, რომ ამერიკამ [და მისმა ნატოელმა  მოკავშირეებმა] დროულად გაუგზავნონ უკრაინას ის, რაც მას ჭირდება - უპირველესად, მობილური ჯავშანტექნიკა. ამას წინათ [თეთრი სახლის მიერ] მიღებული გადაწყვეტილება კიევისათვის „ბრედლის“ საბრძოლო მანქანების მიწოდების თაობაზე, რასაკვირველია, ქებას იმსახურებს, თუმცა ცოტა დაგვიანებულია - კარგი იქნებოდა, რომ ეს უფრო ადრე მომხდარიყო. რადგან სერიოზული ლოჯისტიკური პრობლემები არსებობს კიევისათვის ამერიკული მძიმე ტანკების „აბრამსების“ მიწოდების საკითხში, ეს დანაკლისი გერმანიამ და სხვა მოკავშირეებმა უნდა შეავსონ. ნატოს წევრმა ქვეყნებმა უკრაინას ასევე უნდა მისცენ შორი მოქმედების რაკეტები, გაუმჯობესებული უპილოტო საფრენი აპარატები, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალები (საარტილერიო ჭურვების ჩათვლით), უკრაინას უნდა მიეცეს უფრო მეტი შესაძლებლობები და ტექნიკა, მეტი მოწყობილობა დაზვერვისა და თვალთვალის მიზნით. ეს აუცილებელია გაკეთდეს არა თვეების, არამედ უფრო სწრაფად, კვირეების განმავლობაში.

კონგრესის წევრები და ჩვენი საჯარო დისკურსის სხვა მონაწილეები სულ უფრო ხშირად სვამენ კითხვას: „რატომ უნდა გვაღელვებდეს ჩვენ უკრაინის საკითხი? ეს ხომ ჩვენი ომი არ არის“. მაგრამ გავიხსენოთ - ამერიკის შეერთებული შტატები თავის მწარე გამოცდილებაზე - 1914, 1941 და 2001 წლებში - დარწმუნდა, რომ საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო წესრიგის უზენაესობაზე არაპროვოცირებული აგრესიისა და თავდასხმის იგნორირება არ შეიძლება. ბოლოსდაბოლოს, ჩვენი უსაფრთხოებაც საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა და იძულებული გავხდით, ომებში ჩაბმვულიყავით. ამჯერად მსოფლიოს ეკონომიკაში, მათ შორის ჩვენშიც, უკვე იგრძნობა ინფლაციური გავლენა, დამუხრუჭდა წარმოების ზრდა, რაც ვლადიმერ პუტინის მიზანმიმართული აგრესიით არის გამოწვეული. უკეთესი იქნება, რომ იგი ახლა შევაჩეროთ, ვიდრე შემდეგ, როცა ამერიკას და მის მოკავშირეებს შეიძლება ბევრად მეტი ძალისხმევა დაჭირდეთ. ჩვენ უკრაინაში გვყვავს ისეთი პარტნიორი, რომელიც მზად არის ომის სიმძიმე საკუთარ ზურგზე გადაიტანოს ისე, რომ ჩვენ სამომავლოდ იგივეს გაგკეთება არ მოგვიწიოს.

გასულ თვეში კონგრესის წინაშე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლამ ჩვენ  უინსტონ ჩერჩილის  1941 წლის თებერვლის მოწოდება გაგვახსენა: „მოგვეცით ინსტრუმენტები და ჩვენ დავასრულებთ საქმეს". ვეთანხმებით ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციას რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად, თუმცა ამით გათამამებულმა ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, არჩევანი არ დაგვიტოვოს. შესაბამისად, მომავალში რომ რუსეთთან კონფრონტაცია თავიდან იქნეს აცილებული, უკრაინას დღეს უნდა დავეხმაროთ, რომ აგრესორს და ოკუპანტს საკადრისი პასუხი გასცეს, მტერს უკან დაახევინოს.

ეს არის ისტორიის ის გაკვეთილი, რითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ. ის გვიბიძგებს იმ გადაუდებელი მოქმედებისათვის, რომელიც დროულად უნდა განხორციელდეს, სანამ ძალიან არ დაგვიანებულა.

წყარო: https://www.washingtonpost.com/opinions/2023/01/07/condoleezza-rice-robert-gates-ukraine-repel-russia/

მოამზადა სიმონ კილაძემ

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის