USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
კომუნისტების მიერ დანგრეული თბილისის ეკლესიები - ტფილისის სამხედრო ტაძარი
 405

ტფილისის სამხედრო ტაძარი (Тифлисский Александро-Невский военный собор)

ტფილისის სამხედრო ტაძარი, ტფილისის ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძარი (რუს. Тифлисский Александро-Невский военный собор) — მართლმადიდებლური ქრისტიანული საკათედრო ტაძარი რუსეთის კავკასიის ომში ჩრდილოეთ კავკასიის მთიელ ხალხთან გამარჯვების აღსანიშნავად აღიმართა და შუასაუკუნეების რუსი წმინდანი ალექსანდრე ნეველის სახელობისა იყო. ნეობიზანტიური სტილის ნაგებობის პროექტი დ. გრიმს ეკუთვნის. მის აშენებაზე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ს.ა. შერემეტიევს, რომელიც ტაძრის აშენებას ვერ მოესწრო.

1865 წლის 4 სექტემბერს იმპერატორმა ხელი მოაწერა განკარგულებას ტაძრის მშენებლობაზე. გეგმის მიხედვით ტაძარს უნდა დაეტია 2000-მდე მომლოცველი და უნდა ღირებულიყო 300-500 ათასი რუბლი. 1866 წლის 1 მაისს ღუნიბის მოედანზე სამხედრო ტაძრის ასაშენებლად ჩატარდა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდა 16-მდე პროექტი. პირველი პრემია 2000 რუბლი ერგო აკადემიკოს შრეტერს და მხატვარს ღუნის. მეორე ადგილის პრემია 800 რუბ. შეხვდა პროფ. გრიმსა და გედიკეს. სწორედ ამ უკანასკნელთა მიერ შემოთავაზებული პროექტის ხორცშესხმა იქნა მიღებული მისი უდიდებულესობის ბრძანებით რომელიც მართალია უფრო იაფი ჯდებოდა, მაგრამ მშვენიერებით გაცილებით ჩამორჩებოდა შრატერის პროექტს.

1871 წლის 16 აპრილს ალექსანდრეს ბაღის ზემო ნაწილში ღუნიბის მოედანზე (მოგვიანებით „სობორნი“ მოედანი დაერქვა, ამჟამად რუსთაველის გამზირის ნაწილი), კათედრალის მშენებლობისათვის გაჭრეს საძირკველი, თუმცაღა ტაძრის თავდაპირველი სახე თავიდანვე შეიცვალა. 1877 წელს რუსეთ-თურქეთის ომთან დაკავშირებულმა ფინანსურმა პრობლემებმა გამოიწვია ტაძრის მშენებლობის შეჩერება, რომელიც მოგვიანებით 1890 წელს განახლდა, ხოლო განახლებასთან ერთად ასევე შეირჩა ტაძრის მშენებლობისათვის ახალი ადგილი იმავე ტერიტორიაზე და 1891 წლის 13 აპრილს ჩაეყარა ტაძრის საბოლოო ვარიანტს საფუძველი.

ტაძარი ააგეს ალექსანდროვის ბაღის ზემო ნაწილში გუნიბსკის (ღუნიბის) მოედანზე (მოგვიანებით სობორნი მოედანი დაერქვა, ამჟამად რუსთაველის გამზირის ნაწილი). 1897 წლის 21 მაისს ტაძარი აკურთხა საქართველოს ეგზარხოსმა ვლადიმირმა.

ტაძრის კურთხევა

ასე აღწერდა იმ დროინდელი პრესა ტაძრის კურთხევას - „გუშინ, 1897 წლის 21 მაისს, აკურთხეს წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობაზე აგებული ახალი სამხედრო ტაძარი. ეკლესია კარგა მოზრდილია და თითქმის 200 ოთხ-კუთხი საჟენი ალაგი უჭირავს. აშენებულია ვიზანტიურ გემოვნებაზე და მშვენივრად არის მორთული როგორც შიგნით, აგრეთვე გარედ. საკურთხეველში ასვენია მოსკოვიდან საგანგებოდ გამოწერილი ძვირფასი ხატები, კედლებზე წმინდანების სურათებია დახატული. შუა ადგილას ხომლია ჩამოშვებული, რომელსაც 218 სანთლის მინაგვარი ელექტრონის ლამფა აქვს ჩამოკიდებული. შანდლები მთლად ბრინჯაოსაგან არის დამზადებული. ეკლესია აკურთხა ეგზარხოსმა ვლადიმირმა ადგილობრივი სამღვდელოების თანდასწრებით. კურთხევას დაესწრო დიდი მთავარი ნიკოლოზ მიხეილის ძე, მთავარ-მართებელი ტ. გოლიცინი მეუღლით, თანაშემწე მისი ა.ა.ფრეზე, კორპუსის კომანდირი ტ.ი.გ. ამილახვარი, კომენდანტი რეიტერი, გუბერნატორი ტ. შერვაშიძე, შტაბის უფროსი, პოლიცმეისტერი და მრავალი სხვა. კურთხევის შემდეგ ყველანი მთავარმალთებელთან იყვნენ მიწვეულნი სასაუზმედ.“

ტაძრის აღწერილობა

ტაძარი გეგმაში ტოლგვერდა ჯვარს წარმოადგენდა, რომლზეც იდგა 16 წახნაგა გუმბათის ყელი. ტაძრის სიმაღლე - 18 საჟ. შიგნით 13 საჟენი და 1 არშ. სიგრძე ისევე როგორც სიგანე - 14 საჟ. 2 არშ. ფუნდამენტი ჩამოსხმული იყო ბეტონისა და სოლოლაკის ქვის ნაზავისაგან. აგურის კედლები მოპირკეთდა ქუთაისის (ვარდისფერი) და ძეგამის (თეთრი) ქვებით. სამრეკლოს გვერდით მდებარე ნაგებობები აგებული იყო სოლოლაკისა და ძეგამის ქვებით. ტაძარში შესასვლელი კიბეები, რელიეფური ორნამენტები, შესრულებულდა ქუთაისის ქვაში. გუმბათი აეწყო შბედლერის გეგმის მიხედვით. ჯვრები ტაძარზე იყო მოოქროვილი ბრინჯაოსი. ოთხიარუსიანი სამრეკლო რამდენიმე ზარისაგან შედგებოდა რომელთა საერთო წონა 600 ფუთამდე იყო. ტაძარი რკინის ჯებირით იყო შემოფარგლული რომელსაც სამი შესასვლელი ჰქონდა. ცენტრალური შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს ტაძარძე აღმართული იყო ალექსანდერე ნეველის ხატი, რომლის წინაც მუდამ ბჟუტავდა მოოქროვილი ბრინჯაოს კანდელი, რომელსაც სამეფო გვირგვინის ფორმა ჰქონდა. ტაძარს ერთი მთავარი შესასვლელი ჰქონდა სადაც იდგა მუხის მასიური ხისგან გამოჭრილი კარი, რომელსაც ამშვენებდა ხეზე ნაკვეთი ჩუქურთმები და ბრინჯაოს ორნამენტები. ამის გარდა იყო კიდევ ორი შესასვლელი: ერთი საკურთხეველში და მეორე სამკვეთლოში. ტაძარს ასევე ჰქონდა სარდაფი რომლისთვისაც ცალკე შესასვლელი იყო განკუთვნილი.

ტაძარი ნათდებოდა 81 სარკმელით და ტაძრის ცენტრში დაკიდული 218 ელექტრონათურიანი ჭაღით, რომელიც 1838 სანთლის ექვივალენტი სიკაშკაშე ჰქონდა. ასევე განთავსებული იყო სხვადასხვა ადგილას 56 ელექტრონათურა. ჰაერის ცირკულაციას უზრუნველყოფდა 8 ელექტრო ვენტილიატორი, რომელთაც შეეძლოთ 1500 კუბური საჟენი მოცულობის ჰაერის ამოქაჩვა საათში. გათბობის საჰაერო-წყლის სისტემა განთავსებული იყო სარდაფში.

ტაძარი მოხატული იყო პეტრე კოლჩინისა და ლუდვიგ ლონგოს მიერ. მარმარილოთი მოწყობილი კანკელი ერთიარუისანი იყო, შიგადაშიგ მოოქროვილი. მარმარილოს ამშვენებდა ზედვე ამოკვეთილი ჩუქურთმები. ბიზანტიურ სტილში შესრულებული მასიური ბრინჯაოს აღსავლის კარი მოოქროვილი იყო. ტაძარს ოთხივე მხარეს, ინტერიერში რუსული წარწერა ჰქონია:

ჩრდილოეთით - „რუს. Да будут очи Твои отверсты на храм сей день и нощь. - Храм сей начат сооружением осенью 1889 г. при Главнокомандующем князе А. М. Дондукове- Корсакове и начальнике инженеров Генерал-лейтенанте А. Д. Подышове; окончен при Главноначальствующем Генерал-адъютанте С. Л. Шереметьеве, освящен 21 мая 1897 г. Строитель храма инженер полковник В. П. Герасимов“

აღმოსავლეთით -„რუს. Хвалите Господа вси языцы. Сей храм во имя Св. Благоверного князя Александра Невского сооружен во славу Божию и в память окончания Кавказской войны, повелением в Бозе почивающего Императора Александра II. Да будет память Его в роды родов“

სამხრეთით -„რუს. От востока солнца до запада имя Мое прославися во языцех. Кавказская война началась в 1567 г., окончипась в царствование Императора Александра II при Наместнике Его Великом князе Михаиле Николаевиче 21 мая 1864 г.“

დასავლეთით - „რუს. Блаженни миротворцы, яко тии сынове Божии нарекутся“

ტაძარს გააჩნდა საკუთარი ინდივიდუალური გათბობის ცენტრალური სისტემა რომლის გამათბობელი იდგა სარდაფში. ტაძარში თავს იწონებდა ასევე ძველი ტაძრიდან გადმოტანილი ძველი ხატები.

ტაძარში შიგნით უკანა მხარე თავს იწონებდა ფარები, რომლებზეც ეწერა თუ რამდენი ჯარისკაცი და არმიის ქვედანაყოფი მონაწილეობდა კავკასიის დაპყრობაში. ტაძარი ოთხიარუსიანი მაგრამ მონოტონურია, სამრეკლოს კოშკი ტაძრის სამხრეთით იდგა და გარს ეკვრა რკინის ღობე რომელსაც სამი ჭიშკარი ჰქონდა. ტაძრის ირგვლივ ჩამწკრივებული იყო ქვემეხები, რომლებიც ომის დროს დამარცხებულ მხარეებს (სპარსეთი, თურქეთი და შამილი) ჩამოართვეს. ტაძარი სამეკლესიანი ყოფილა, შუა - ალექსანდრე ნეველის, მარჯვენა - მიქაელ მთავარანგელოზის და მარცხენა - წმინდა ნიკოლოზის სახელობის.

ტაძარს განაგებდა საქართველოს ეგზარქატი 1917 წლამდე, რის შემდეგაც იგი გადაეცა ავტოკეფალია მინიჭებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს. 1921 წლის თებერვალში ტაძრის ეზოში დაასაფლავეს საქართველოს სამხედრო სკოლის სტუდენტები (იუნკრები), რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის წითელ არმიასთან ბრძოლაში დაიღუპნენ.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1930 წელს კომუნისტურმა მთავრობამ დაანგრია ტაძარი, რომლის ადგილას აშენდა საბჭოთა საქართველოს მთავრობის სასახლე (ახლანდელი პარლამენტის შენობა).

ხშირად გაიგებთ, რომ სწორედ ამ ფაქტის გამო ხდება ათასი უბედურება ამ ადგილას. ამ ფაქტთან დაკავშირებით არსებობს მამა გაბრიელის გადმოცემაც, რომლის თანახმადაც ამ ადგილებზე წესრიგი არასდროს იქნება, და რომ ამ ეკლესიის ქვები ფუნიკულიორზეც არის ატანილი: "რუსთაველს არ გაეკაროთ ისეთი ამბავი იქნება... სანამ ის ქვები თავის ადგილს არ დაუბრუნდება, არასდროს დაწყნარდება იქაურობა, სულ არეულობა იქნება. ის ქვები თავის ადგილს დაუბრუნდება. ვინც ამ არეულობაში და ომში მოჰყვება, მაგათთვის კარგია სულის ცხონებისათვის. ნუ შეგეშინდებათ, ღმერთი ყველგანაა, გული განიწმინდეთ და ისე ილოცეთ, დაგიფარავთ მაცხოვარი. სუსტებს ადრე გაიყვანს უფალი, ძლიერებს დატოვებს, ბოლო ჟამისთვის, რომ შეებრძოლონ ანტიქრისტეს საცდურებს. რომ იტყვიან უკვე, საქართველო აღარ არისო, აი მაშინ შეიწყალებს ღვთისმშობელი ჩვენს ქვეყანას და ისეთი სასწაული მოხდება, რომ მალე იქნება საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდის."  წმინდა მამა გაბრიელი (ურგებაძე) 1993 წელი

სასახლის ეზოს ტერიტორიაზე შემორჩენილ სასულიერო პირთა საკნებში (კელიებში), 2007 წლის 26 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით ხარების სახელობის სამლოცველო გაიხსნა.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати