USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
კომპანია "მაგთიკომი" - კახა ბექაურმა საკუთარი არაკომპეტენტურობა ნათლად დაადასტურა
Date:  822

"კახა ბექაურმა საკუთარი არაკომპეტენტურობა ნათლად დაადასტურა" - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც „მაგთიკომი“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურის 2021 წლის 23 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება.

საქმე ის არის, რომ ბექაურმა ინტერვიუში თქვა: „ვერანაირი უსაფუძვლო ბრალდება და ცილისწამება ვერ მოახდენს გავლენას კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებზე. მითუმეტეს მაშინ, როდესაც, კომუნიკაციების კომისიის ყველა ნაბიჯი დამყარებულია კანონის მოთხოვნებსა და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკაზე“.

„კახა ბექაურმა 2021 წლის 23 ივნისის ინტერვიუში, კიდევ ერთხელ, ნათლად დაადასტურა როგორც საკუთარი არაკომპეტენტურობა, ასევე „მაგთიკომის“ საჯარო განცხადებებში დაფიქსირებული საკითხების მართებულობა.

პირველ რიგში, ბატონ ბექაურს მოვუწოდებთ კონკრეტულად მიუთითოს „მაგთიკომის“ საჯარო განცხადების ის ნაწილი, რომელიც შეიცავს „დაუსაბუთებელ ბრალდებებს“ და მის „პერსონალურ ცილისწამებას“. მისი მხრიდან ამ მოწოდების იგნორირების შემთხვევაში, საზოგადოებისათვის ნათელი გახდება თუ ვინ არის დაკავებული „დაუსაბუთებელი ბრალდებებით“.

რაც შეეხება ინტერვიუში ბატონი ბექაურის მიერ „მაგთიკომის“ მიმართ დაფიქსირებული ბრალდებების ძირითად პათოსს, მისი სიტყვებით:

• „მაგთიკომს“ არ მოსწონს კომისიის მიერ ისეთი გარემოს შექმნა, რომ ბაზარზე გაჩნდნენ ახალი მოთამაშეები და წახალისდეს კონკურენცია“ (ვთხოვთ ბატონ ბექაურს მიგვითითოს „მაგთიკომის“ საჯარო განცხადებაში ან მაგთიკომის ქმედებებში ასეთი სად/როდის დაფიქსირდა?);

• „ის (გულისხმობს „მაგთიკომს“) ცდილობს, თავისი დომინანტური მდგომარეობა გამოიყენოს და საკუთარი ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა არ მისცეს ბაზარზე შემოსვლის მსურველებს“ (ბატონმა ბექაურმა მიგვითითოს „მაგთიკომის“ საჯარო განცხადებაში ან მაგთიკომის ქმედებებში ასეთი სად/როდის დაფიქსირდა?);

• „ჩვენ მოვუწოდებთ „მაგთიკომს“ დაუსაბუთებელი განცხადებებიდან კონსტრუქციულ, საქმიან თანამშრომლობის რეჟიმზე გადმოვიდეს“ - მაგთიკომის თითოეული განცხადება გამყარებულია შესაბამისი არგუმენტებით, დასაბუთებით და დეტალური წყაროების მითითებით ანუ დოკუმენტებით. სწორედ ეს არის კონსტრუქციულობა და საქმიანი მიდგომა!

„მაგთიკომისთვის“ ნაწილობრივ გასაგებია ბატონი ბექაურის „პიარული ხრიკების“ უსუსური მცდელობები. თუმცა, გვინდა იგი დავარწმუნოთ, რომ მსგავსი მიდგომები ვერ ფარავს მის არაკომპეტენტურობას და დარგის მუშაობის ელემენტარული პრინციპების არ ცოდნას. სწორედ მის პირად შეუვალობას მიყავს სატელეკომუნიკაციო დარგი და დარგის ეკონომიკა განადგურებისაკენ.

ის, რასაც და როგორც ბატონი ბექაური აკეთებს, არის დაშორება ევროპის საუკეთესო პრაქტიკებთან და არა სწრაფვა მათთან დაახლოებისკენ. ცინიზმის ნათელი მაგალითია ევროპული პრაქტიკის მოშველიება საკუთარი უკანონო გადაწყვეტილებების გასამართლებლად, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო წარმატებულ ევროპულ პრაქტიკასთან. „მაგთიკომის“ საჯარო განცხადებები და ღიად, კონსტრუქციულად საუბარი დარგში არსებულ პრობლემებზე განპირობებულია იმით, რომ კომუნიკაციების კომისია არსებითად შორდება ევროპულ ოჯახს და მოქმედებს მათი საუკეთესო პრაქტიკის საპირისპიროდ.

„მაგთიკომისთვის“ ბაზრის ლიდერობა, პირველ რიგში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა და ჯანსაღი კონკურენცია არის ის, რაც მუდმივად ავითარებს კომპანიას, არ აძლევს მას მოდუნების საშუალებას. ის რასაც „მაგთიკომი“ ეწინააღმდეგება არის:

არაჯანსაღი კონკურენცია და მსგავსი გარემოს შექმნა ან წახალისება; კომუნიკაციების კომისიის მხრიდან - კანონის მოთხოვნების იგნორირება, შერჩევითი სამართალი, არაკომპეტენტურობა, დარგის გამოწვევების არ ცოდნა და ბევრი სხვა სუბიექტური ფაქტორი, თუ ქმედება, რაც დარგში არსებულ, ისედაც მყიფე ბიზნესგარემოს და მის მოთამაშეებს სხვა გამოწვევების/რისკების წინაშე აყენებს. როგორც მაგთიკომის საჯარო განცხადებაშია აღნიშნული, „მაგთიკომი“ არ ეწინააღმდეგება ვირტუალური ოპერატორების (MVNO) არსებობას საქართველოში, თუ ეს ურთიერთობა დაფუძნებული იქნება ბიზნესი ბიზნესთან ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობაზე, სადაც ხელოვნურად და სუბიექტურად არ ერევა მესამე მხარე (კომუნიკაციების კომისია). მაგთიკომი წინააღმდეგია კომისიის უკანონო გადაწყვეტილების - ვირტუალური ოპერატორების (MVNO) სავალდებულო (იძულებითი) დაშვების რეგულაციის, რომლის მსგავსიც არ არსებობს და არ მოქმედებს არცერთ ევროკავშირის ქვეყანაში.

დანარჩენზე კი მომავალში...“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კომპანია ავრცელებს.

მაგთიკომი

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way