კომაროვის მე-12 კლასის მოსწავლე, ლუკა ბუსკივაძე, მომავალი სასწავლო წლიდან, ამერიკაში, Vanderbilt-ის უნივერსიტეტში ისწავლის. ამისთვის, რამდენიმე საგამოცდო ეტაპი გაიარა. საბოლოოდ კი, წელიწადში $80 500-იანი დაფინანსება მოიპოვა. ამბობს, რომ ამ ბედნიერებისთვის ორი წელი იბრძოდა, ყველაფერი გვერდზე გადადო და მხოლოდ ამ მიზანზე კონცენტრირდა. ასეთ უნივერსიტეტში და ამხელა დაფინანსებით სწავლა, მისთვის, ლატარიის მოგების ტოლფასია – „ამხელა მოგების გაფლანგვას არ აპირებ. ახლა კიდევ უფრო მოტივირებული ვარ, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო“.
ლუკა ბუსიკვაძე: ვფიქრობ, ახლა, ისე როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება განათლებული თაობა. ხშირ შემთხვევაში, ეს თემა არა არის ისეთი აქტუალური, როგორიც უნდა იყოს. ამიტომ მოხარული ვარ, რომ ჩემი გამოცდილების გაზიარებისა და სხვების დახმარების საშუალება მაქვს. ამჟამად, კომაროვის სკოლის მე-12 კლასელი ვარ. იმის და მიუხედავად, რომ უკვე მიღებული ვარ უნივერსიტეტში, ვცდილობ, შევინარჩუნო მაღალი ნიშნები, რომ წლის ბოლოს მედალი ავიღო. როგორც სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტი, დიდ გამოცდილებას ვიღებ მრჩეველთა, დისციპლინარულ და სამეურნეო საბჭოში. ვცდილობ სკოლას, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ბედნიერებაში, რითიც შემიძლია, დავეხმარო. რაც შეეხება სკოლის გარეთ ჩემ აქტივობას, მყავს მოსწავლეები – სამ მოსწავლეს ვამზადებ მათემატიკაში. ორ მესამე კლასელს და ერთ მე-12 კლასელს, საერთაშორისო გამოცდისთვის. ამავდროულად, ვიღებ სიამოვნებას და მცირე ჯიბის ფულს“.
ამბობს, რომ უკვე ემზადება იმ რთული სასწავლო პროგრამისთვის, რაც ამერიკაში დახვდება. წასვლამდე კი მისი პრიორიტეტი საყვარელ ადამიანებთან დროის გატარებაა.
„სანამ წავალ, მინდა, რაც შეიძლება ახლოს ვიყო ოჯახთან, შეყვარებულთან და მეგობრებთან. აგვისტოში მივდივარ, მაგრამ მგონია, რომ ეს 6 თვე მალე გავა.
როგორ მოხვდი Vanderbilt-ში?
ლ.ბ. : ორი წლის წინ, ოჯახში ხშირად მქონდა დავა იმაზე, სად გავაგრძელებდი სწავლას. ჩემებმა არ იცოდნენ ამერიკაში წასვლის კონკრეტულ შესაძლებლობაზე. თუმცა, სულ მიბიძგებდნენ ამერიკაში წასვლისკენ. მაშინ მტკიცედ ვამბობდი, რომ საქართველოში დარჩენა და აქ სწავლა მინოდოდა. 2018 წლის სექტემბერში, ტურნირზე, კომაროველი ლუკა გურგენიძე გავიცანი, რომელიც ახლა Vanderbilt-ში, პირველ კურსზეა და პირველი ქართველია ისტორიაში, ვინც ამ უნივერსიტეტში ბაკალავრიატზე სასწავლებლად წავიდა. მაშინ მე და ლუკა ძალიან ახლოს არ ვიყავით, მაგრამ მან რამდენიმე საათი დამითმო და ყველაფერს მომიყვა ამერიკის შესახებ. არ დაიზარა და გამაცნო ყველა ეტაპი. იმ დღეს სახლში რომ მივედი, ოჯახი შევკრიბე და ვუთხარი, რომ ამერიკაში ვაპირებდი წასვლას. რაც შეეხება დაფინანსებას, სწავლა ამერიკის ასეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში 74,000$ ღირს, წელიწადში. რა თქმა უნდა, ჩემ ოჯახს არ შეეძლო ამხელა თანხის გადახდა. ვიცოდი, ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც აფინანსებდნენ ბავშვებს, თან სრულად და უცხოელებს. თუმცა, ამან არ შემაჩერა. ოჯახიც მალევე გვერდით დამიდგა და ერთად დავიწყეთ თავგადასავალი.
რა ეტაპები გაიარე Vanderbilt-ში ჩასაბარებლად?
ლ.ბ. : ამერიკის უნივერსიტეტებში მოსახვედრად უნდა გაიგზავნოს აპლიკაცია, რომელშიც ეწერება SAT-ის( უნარები ინგლისურად) და TOEFL-ის( ინგლისური ენის ცოდნის ტესტი) ქულები, ჩვენი აქტივობები, მასწავლებლების რეკომენდაციები, ესეები და ა.შ. გამოცდებში მაღალი ქულები ავიღე. ესეებზე ბევრი ვიმუშავე და საბოლოოდ ჩემი აპლიკაცია გავაგზავნე. ძალიან დამეხმარნენ EducationUSA-ში და კომაროვის სკოლის ქაუნსელორი – მაია ოთიაშვილი.
რა პროგრამაზე ისწავლი Vanderbilt-ში და როგორ მიიღეთ დაფინანსება?
ლ.ბ. : სწავლა (ცხოვრების და კვების ჩათვლით) $74 000 ღირს, წელიწადში. მე აპლიკაციის გაგზავნისას ოჯახის ყველა ფინანსური დოკუმენტი გავუგზავნე და დავწერე, რომ მხოლოდ $1 700-ის გადახდას შევძლებდი, რაც კიდე უფრო ამცირებდა ჩემი მიღების შანსებს. საბოლოოდ, უნივერსიტეტს იმდენად მოვეწონე, რომ უამრავ უცხოელ და მათ შორის ქართველ აპლიკანტებს შორის მე ამირჩიეს. [წელიწადში] $80 500-ით დამაფინანსეს, რაც იმას ნიშნავს რომ, არც იმ $1 700-ს მახდევინებენ. პირიქით, ჯანმრთელობის დაზღვევის და ორჯერ მგზავრობის ფულსაც კი მაძლევენ ზედმეტად. სწავლა 4-წლიანია, რაც ნიშნავს, რომ ჯამური დაფინანსება $320 000 დოლარი გამოდის. წარმოუდგენლად დიდი თანხაა. ამიტომ, ასეთი შანსის მერე კიდე უფრო მოტივირებული ვარ. დიდი ალბათობით, ვისწავლი Math & Computer Science (Major) და Business (Minor). სწავლა ძალიან რთული იქნება, თუმცა მზად ვარ ენერგია არ დავზოგო და ყველაფერი გავაკეთო, რაც კი შემიძლია.
რატომ Vanderbilt -ის უნივერსიტეტი?
ლ.ბ. : ამერიკაში ათასობით უნივერსიტეტია. თუმცა, ძალიან ცოტა მათგანია თანახმა, უცხოელი სტუდენტი დააფინანსოს. Vanderbilt ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და პრესტიჟული უნივერსიტეტია. ულამაზეს ქალაქშია და სავსეა მონდომებული სტუდენტებით. ძლიერი პროგრამები აქვთ და თან იქ, ახლა უკვე ჩემი ძალიან ახლო მეგობარი ლუკა გურგენიძე სწავლობს. ისიც იმ ფაკულტეტზეა, რაზეც მე მინდა სწავლა. ძალიან დამეხმარება მაღალი ნიშნების აღებაში.
რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ეს წარმატება?
ლ.ბ. : ამ ბედნიერებისთვის ორი წელია ვიბრძვი. არაფერი დამზარებია, ყველაფერი სხვა გვერდზე გადავდე და მხოლოდ ამ მიზანზე ვკოცენტრირდი. ასეთი ფინანსური შესაძლებლობით, ასეთ უნივერსიტეტში სწავლა, ლატარიის მოგების ტოლფასია. და მე ამხელა მოგების გაფლანგვას არ ვაპირებ. ახლა კიდე უფრო მოტივირებული ვარ, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო.
რას ურჩევ სხვა მოსწავლეებს, ვისაც სურს, საზღვარგარეთ, ამ ან სხვა უნივერსიტეტში ისწავლოს?
ლ.ბ. : ხშირ შემთხვევაში, მოსწავლეებს გონიათ, რომ ისინი ჩამორჩნენ სხვა ბავშვებს და შანსი არ აქვთ, ან ფინანსური შესაძლებლობა არ უწყობთ ხელს. მე იდეალური მაგალით ვარ იმისა, რომ მონდომებით ყველაფერი არის შესაძლებელი. მეათე კლასამდე არ მქონდა მაღალი ნიშნები. გამორჩეულ მოსწავლედ არასდროს ვითვლებოდი და არც არავის ეგონა, ასეთ რამეს შევძლებდი. თუმცა, ეს არასდროს მაჩერებდა. ვიყავი თავდაჯერებული და საბოლოოდ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქულები ავიღე და რამდენიმე უნივერსიტეტმა სრული დაფინანსებაც მომცა. ყველას ვურჩევ, სჯეროდეს საკუთარი თავის. თუ მე შევძელი, გულით მჯერა, რომ ყველა შეძლებს. მთავარია მონდომება და შრომა. მე კი მზად ვარ, რომ გამოცდილება ყველას დეტალურად გავუზიარო. იმედია, არავის მოერიდება ჩემთან დაკონტაქტება და საუბარი.