USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
Tbilisi
კოკი ლორთქიფანიძე- ამერიკაში მცხოვრები კომპოზიტორი
Date:  493
4-5 წლის ვიყავი, როდესაც რამდენიმე მცირე ზომის საფორტეპიანო ნაწარმოები დავწერე. ეს, ოჯახში დიდი ამბავი იყო, როგორც მახსოვს, ჩემმა ბიძაშვილმა ფირზეც კი ჩაწერა. ამან განაპირობა ის, რომ მამაჩემმა, გურამ (აგული) ლორთქიფანიძემ, ადრეულ ასაკში კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ სკოლაში მიმიყვანა.
 
აქედან დაიწყო მუსიკასთან ჩემი კავშირი . თბილისის სამოქალაქო ომის დაწყების დღეს გამოცდა მქონდა სოლფეჯიოში. მაშინ დამთავრდა ჩემი მუსიკალური განათლების პირველი ეტაპი. ფიზიკურად შეუძლებელი იყო მუსიკალურ სასწავლებელში მისვლა, ომი იყო გაჩაღებული… გავიდა წლები და დადგა უმაღლესში ჩაბარების დრო. მთელი წელი ისტორიულზე ჩასაბარებლად ვემზადებოდი. გამოცდების წინ კი, უეცრად, მშობლებს განვუცხადე, რომ არ შემეძლო მუსიკის გარეშე. სახლში დამთანხმდნენ და დავიწყე კონსერვატორიისთვის მზადება. 1996 წელს გავხდი კონსერვატორიის სტუდენტი კომპოზიციის განხრით. 2000 წელს ბაკალავრიატი დავასრულე ( ბიძინა კვერნაძის კლასი), ხოლო 2002 წელს — მაგისტრატურა, კომპოზიციასა და თანამედროვე მუსიკის თეორიაში( ნოდარ მამისაშვილთან და ლია დოლიძესთან).
 
ამავე წლებში, კახა ბაკურაძესთან ერთად, ვმონაწილეობდი მოძრაობის თეატრის დაარსებაში. 2002 წელს ამსტერდამში, ყოველწლიურ თანამედროვე მუსიკის ფესტივალზე, კავკასიის რეგიონიდან შესასრულებლად აირჩიეს ჩემი ელექტრონულის ნაწარმოები “Density 0.0”.
2005-2006 წლებში აქტიური თანამშრომლობა დავიწყე ჩემს ბიძაშვილთან (რომელმაც ბავშვობაში ფირზე ჩამწერა), სინეტიკის თეატრის დირექტორ— პაატა ციქურიშვილთან, ამერიკაში. საქართველოდან ინტერნეტით ვუგზავნიდი ჩემს მუსიკას და ამ მუსიკით აფორმებდნენ სინეტიკის სპექტაკლებს. 2006 წლის სეზონზე ერთად ვიმუშავეთ (თბილისი - ვაშინგტონი). თეატრმა ჯილდოებიც კი აიღო მუსიკალურ გაფორმებაში. მაშინ თეატრის ბორდმა გადაწყვიტა ჩემი მოწვევა და 2007 წლის ივლისიდან სინეტიკის რეზიდენტი კომპოზიტორი გახლავართ.
სინეტიკის თეატრის საშუალებით გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავავრცელოთ ინფორმაცია ვაშინგტონში ჩვენი სამშობლოს შესახებ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის შტატების დედაქალაქში.
 
ამჟამად რამდენიმე პროექტზე ვმუშაობ.
 
პირველი პროექტი “საკუთარი თავის პოვნაა” ელექტრონულ მუსიკაში ( სახლის სტუდიაში). ასევე, 9 დეკემბერს, ნიუ იორკში გაიმართება ამერიკაში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორების კონცერტი, სადაც ჩემი ნაწარმოებებიც შესრულდება. 2023 წლის 1 მარტს გვექნება მსოფლიო პრემიერა “ომის სამყარო” ჰ.ჯ. ვაილის ნოველის მიხედვით.
 
დღეს ტექნოლოგიის ბუმი დიდ ზეგავლენას ახდენს მუსიკის განვითარებაზე და, ამავე დროს, დიდ გამოწვევებსაც წარმოშობს. კლასიკური მუსიკა უკანა პლანზე გადადის და წინა პლანს ელექტრონული მუსიკა იკავებს. ეს ისევ და ისევ ტექნოლოგიის განვითარების “ბრალია”. ხელოვნება ყოველთვის ანარეკლია ცივილიზაციის.
 
ქართველებს, მსოფლიოში, ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეულად ორიგინალური მუსიკის ისტორია გვაქვს, რასაც ქვეყნის გეო-პოლიტიკური მდებარეობაც განაპირობებს. ქართული ფოლკლორი ერთგვარი ნაზავია ევროპული და შუა-აზიური მუსიკისა. ამას ემატება ქართული ორიგინალობა, რომელიც არსად სხვაგან არ მოიპოვება. მარტო “კრიმანჭულის” ხსენება რად ღირს, რომ არაფერი ვთქვათ ქართულ საგალობლებზე, რომლებიც ოდითგანვე მრავალხმიანი იყო.
 
მუსიკა და მუსიკოსის პროფესია ემოციებთან დაკავშირებული ხელოვნებაა. მას ვერ ხედავ, ზუსტ შინაარს ვერ იგებ, თუ ტექსტი არ გაქვს, მხოლოდ გესმის და გრძნობ.
 
კომპოზიტორს ბევრი რამ მოეთხოვება, განსაკუთრებით ტექნოლოგიური ევოლუციის თუ რევოლუციის ეპოქაში. დედამიწის სხვადასხვა წერტილშიახალი საშუალებები ყოველდღიურად იქმნება . შემოქმედი ადამიანის მთელი ცხოვრება საკუთარი თავის ძიებაა… ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ საკუთარი თავი და ხელწერა იპოვო. რაც უფრო დიდია გამოცდილება, მით უფრო ახლოს ხარ პროფესიონალიზმთან. ამიტომ, არ ჩამორჩეთ დღევანდელობას!
analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way